29 მარტი 2019 - 22:00

ვის და როგორ შეზღუდავს ევროპარლამენტის ახალი კანონი ინტერნეტში. მოკლედ

ინტერნეტი

ფოტო: Shutterstock

მრავალი თვის განმავლობაში ევროკავშირში საავტორო უფლებების შესახებ კანონის შეცვლაზე დავობენ. საქმე ეხება ინტერნეტში საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების დარეგულირებას. ევროპარლამენტმა კანონში შესწორებები უკვე მიიღო. გერმანული Deutsche Welle განმარტავს იმას, თუ რა ცვლილებებზეა ლაპარაკი და რა შედეგი მოჰყვება მას.

ახალი რეგულაციები რას გულისხმობს?

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, Google და სხვა დიდი ინტერნეტ-პლატფორმები ვალდებულნი არიან წაშალონ ის კონტენტი, რომელიც საავტორო უფლებებს არღვევს. ეს ცვლილება არ ეხება კომპანიებს, რომლებიც არსებობის 3 წელზე ნაკლებს ითვლიან, მათი ყოველწლიური მოგება 10 მილიონ ევროზე ნაკლებია და ყოველთვიურად 5 მილიონზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავთ.

რატომ გახდა საჭირო ეს ცვლილება?

საავტორო უფლებების დაცვა ევროკავშირში 2001 წელს მიღებული წესებით რეგულირდება. იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა ისეთი ვიდეო-პორტალი, როგორიც არის Youtube, სადაც მომხმარებელს საავტორო უფლებების დარღვევით საყვარელი მუსიკალური ჯგუფის უახლესი ვიდეოკლიპის ატვირთვაც კი შეეძლოა. მაშინ არც ისეთი საძიებო სისტემა არსებობდა, როგორიც არის Google, სადაც ამა თუ იმ საგაზეთო სტატიის ცალკეული ფრაგმენტები (სნიპეტი - Snippet) იქნებოდა ხელმისაწვდომი.

ვინ ეწინააღმდეგება რეფორმას?

ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვის ახალი რეგულაციები ყველასთვის მისაღები ნამდვილად არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვთ ევროპარლამენტის დეპუტატებსაც. ნაწილს მიაჩნია, რომ რეფორმა ინტერნეტში საავტორო უფლებების სისტემატურ დარღვევებს აღმოფხვრის. ახალი რეგულაციის მოწინააღმდეგეთა აზრით კი ეს ცვლილება მიგვიყვანს იქამდე, რომ ინტერნეტი ტექნოლოგიური და ინტერნეტ-გიგანტების სრულ მონოპოლიაში მოექცევა.

ქსელის 5-მა მილიონმა მომხმარებელმა უკვე მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც ამ ცვლილების წინააღმდეგ არის მიმართული. მათ სოლიდარობა გამოუცხადა Google-მა, Wikipedia-მ და სხვა მსხვილმა ინტერნეტ-პორტალებმა, რომლებიც ამ რეფორმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. აღსანიშნავია, რომ საგამომცემლო სახლების უმრავლესობა რეფორმას მტკიცედ უჭერს მხარს.

რაზე დავობენ მხარეები?

აზრთა სხვადასხვაობა, პირველ რიგში, რეფორმის ორის მუხლის ფორმულირებამ გამოიწვია. პირველი არის მე-11 მუხლი, რომლის მიხედვითაც ინტერნეტ-პლატფორმამ გამომცემლობას იმ შემთხვევაშიც უნდა გადაუხადოს ფული, თუ მისი პუბლიკაცია მხოლოდ სნიპეტების ანუ ფრაგმენტების სახით იქნება გამოყენებული. და მეორეა მე-17 მუხლი, რომლის თანახმად, საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში ინტერნეტ-პლატფორმის მფლობელს პასუხისმგებლობა კონტენტის ატვირთვისთანავე ეკისრება. არალიცენზირებული მასალის ატვირთვის თავიდან ასარიდებლად კი სპეციალური ფილტრი (Upload Filter) გამოიყენება.

Upload Filter-ი რა არის?

Upload Filter-ი არის სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ნებისმიერი კონტენტის ატვირთვისას, იქნება ეს ფოტო, ვიდეო თუ მუსიკა, ამოწმებს არის თუ არა საავტორო უფლება დარღვეული. სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმაზე არალიცენზირებული მასალის გამოქვეყნებას სწორედ მან უნდა შეუშალოს ხელი. თუმცა კრიტიკოსები ბევრ სადავო მომენტზე მიუთითებენ.

პირველ რიგში, ამ ფილტრს არ შეუძლია ციტატის, მემის ან პაროდიის ამოცნობა. მეორე მხრივ, Upload Filter-ის დაყენება მხოლოდ მსხვილ კონცერნებს შეუძლიათ. შედეგად კი მცირე ორგანიზაციებს ქსელზე წვდომა, ფაქტობრივად, შეეზღუდებათ. და მესამე, ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს ფილტრი ცენზურისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. ევროპულმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ამის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წელს გასცა გაფრთხილება.

ვის აწყობს ეს რეფორმა?

ინტერნეტში საავტორო უფლებების შესახებ რეფორმა მომგებიანია მსხვილი საგამომცემლო სახლებისთვის. საავტორო უფლებების დაცვას დაჟინებით სწორედ ისინი ითხოვენ. მათი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ისეთი ონლაინ-პლატფორმა, როგორიცაა Google News-ი, ფულს ამ გამომცემლობების თანამშრომელთა ინტელექტუალური შრომის ხარჯზე გამოიმუშავებს, თანაც ისე, რომ მათ ამისთვის არაფერს უხდის. საგამომცემლო სახლებს სურთ, აიძულონ ონლაინ-აგრეგატორები ან სოციალური ქსელები (მაგალითად, Facebook-ი), მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს მასალების ხელახალი გამოყენებითვის გარკვეული თანხა გადაუხადონ. 

სიტუაციას განსხვავებულად აფასებენ შედარებით მცირე გამომცემლობები და საინფორმაციო სააგენტოები. მათ არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ამ ახალი რეგულაციების ფონზე ისინი გაცილებით ნაკლები აუდიტორიის მოზიდვას შეძლებენ. რეფორმის კრიტიკოსებს გერმანიის მაგალითიც მოჰყავთ. ინტერნეტში საავტორო უფლებები გერმანიაში 2013 წლიდან არის დაცული, მაგრამ დღემდე არცერთ გამომცემლობას ფული არ მიუღია იმისათვის, რომ მათი მასალები ინტერნეტში მასობრივად გავრცელდა.

რეგულაცია როდის ამოქმედდება?

საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირს ჯერ არ მიუღია. ევროპარლამენტის გარდა, ახალი რეგულაციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც უნდა დაამტკიცონ. თუ ყველა შეთანხმდება, სახელწიფოებს 2 წელი ექნებათ იმისთვის, რომ ახალი რეგულაციები ეროვნული კანონმდებლობის დონეზე გაითვალისწინონ.

სხვა თემები