15 მარტი 2019 - 20:55

ბოლოს და ბოლოს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის თუ არა?

ლონდონი

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ფოტო: shutterstock.com

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის გადავადებას 2019 წლის 29 მარტიდან 30 ივნისამდე. მანამდე დეპუტატებმა ორი დღის განმავლობაში ორჯერ მისცეს ხმა - ჯერ ტერეზა მეის მთავრობის მიერ წარდგენილი „ბრექსიტის“ გეგმის, შემდეგ კი ეგრეთ წოდებული „no deal“-ის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ბლოკთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

რა მოხდა?

12 მარტს თემთა პალატა განიხილავდა ტერეზა მეის გეგმას, რომელიც მან ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან შეათანხმა. ქვაკუთხედი - ჩრდილოეთ ირლანდიის მომავალია. დიდი ბრიტანეთის ამ ნაწილის ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ევროკავშირში შემავალი ირლანდიის ეკონომიკასთან და იქ სრულფასოვანი საზღვრის განთავსებას რომ თავი აარიდოს, მეის მთავრობის წინადადებაა გარდამავალ პერიოდში მთელმა ქვეყანამ ევროკავშირთან საბაჟო კავშირი შეინარჩუნოს. „ბრექსიტის“ რადიკალ მომხრეთა აზრით, ასეთ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირზე დამოკიდებული დარჩება.     

მეორე დღეს დეპუტატები განიხილავდნენ „ბრექსიტს“ ევროკავშირთან გარიგების გარეშე. ეს ვარიანტი გულისხმობს იმას, რომ 29 მარტიდან დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირს შორის ურთიერთობა წარიმართება, როგორც ორ უცხოურ იურისდიქციას შორის, ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე. ამ ვარიანტის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ შედეგად ბრიტანულ ბაზარზე ფასები მკვეთრად გაიზრდება, ასევე გაჩნდება დეფიციტი, მათ შორის - წამლების. მომხრეები, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ ხანმოკლე ტურბულენტური პერიოდის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი შეძლებს სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობით სარგებლობას. და ეს იდეა საკმაოდ პოპულარულია, რასაც მოწმობს ის, რომ შეთანხმების გარეშე გასვლას მხარი არ დაუჭირა დეპუტატების მხოლოდ მცირე ნაწილმა - 321-მა 278-ის წინააღმდეგ.  

ასეა თუ ისე, როდესაც პალატამ მეის გეგმას უარი უთხრა, ხოლო შემდეგ - გარიგების გარეშე გასვლას ბლოკიდან, პრემიერმინისტრს სხვა გზა არ დარჩა, თუ არა „ბრექსიტის“ გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთს მაინც მოუწევდა ევროკავშირის დატოვება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, რადგან მთავრობას უბრალოდ არ ეყოფოდა დრო ევროკავშირთან ხელშეკრულების ახალი ვარიანტის შეთანხმებისა და პარლამენტში მასზე თანხმობის მისაღებად.

„ბრექსიტის“ გადადების პარალელურად, დეპუტატები მეორე რეფერენდუმის ჩატარების იდეას განიხილავდნენ, რომელიც მისი მომხრეების ჩანაფიქრით, ბევრ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობას მოხსნიდა. ახალ რეფერენდუმს 100-ზე ნაკლებმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

ამის შემდეგ რა მოხდება?

მთავრობის წინადადების თანახმად, რომელსაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, 20 მარტამდე ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის გეგმას ხელახლა წარადგენს კენჭისყრაზე. თეორიულად, უახლოესი დღეების განმავლობაში მან შეიძლება დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ ბლოკმა უნდა შეარბილოს თავსი პოზიცია ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართ - მაგალითად, დიდ ბრიტანეთს სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების ნება დართოს, იმ შემთხვევაშიც თუ ის ევროკავშირთან საბაჟო კავშირის რეჟიმს შეინარჩუნებს, ასევე უფლება მისცეს გაერთიანებულ სამეფოს, დატოვოს ის ნებისმიერ მომენტში. მაგრამ, როგორც ჩანს, პრინციპულ ცვლილებებს ის ვერ მიაღწევს.

მეის გათვლა ის არის, რომ მესამე ჯერზე დეპუტატები მის გეგმას მხარს დაუჭერენ იმის შიშით, რომ მთელი პროცესი არ გაჭიანურდეს. 14 მარტს მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებს იმას, რომ თუ პარლამენტი და მთავრობა კომპრომისს ვერ მიაღწევს, „ბრექსიტი“ კიდევ უფრო დიდი ხნით გადაიდება.

მაგრამ საკვანძო გადაწყვეტილებებს არა ლონდონში, არამედ ბრიუსელში მიიღებენ, სადაც 21 მარტს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან იმის გადასაწყვეტად, შეძლებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში დროებით დარჩენას. თუ ისინი უარს იტყვიან, ერთადერთ ვარიანტად „გარიგების გარეშე“ გასვლა რჩება. ამის ალბათობა მცირეა: ასეთ შემთხვევაში დაზარალდება არა მხოლოდ ბრიტანული ეკონომიკა, არამედ დიდ ბრიტანეთში მომუშავე ევროპული კომანიებიც, ასევე კონტინენტის ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც იქ მუდმივად ცხოვრობენ. 

მეტიც, დონალდ ტუსკმა - იმ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შედიან - განაცხადა, რომ შეეცდება კოლეგების დარწმუნებას კომპრომისის აუცილებლობაში. და ასეთ შემთხვევაში ბრიტანულ პარლამენტს ორი ვარიანტი დარჩება: ან მეის პირობების მოწონება, რომელიც დეპუტატებმა ორჯერ უარყვეს, ან იმაზე დათანხმება, რომ „ბრექსიტი“ უახლოეს მომავალში ვეღარ განხორციელდება.

სხვა თემები