24 აპრილი 2019 - 22:40

მაისში ევროპარლამენტის არჩევნებია. რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ევროპარლამენტის პლენარული სხდომების დარბაზი. სტრასბურგი, საფრანგეთი

ევროპარლამენტის პლენარული სხდომების დარბაზი. სტრასბურგი, საფრანგეთი

ფოტო: shutterstock.com

ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ევროკავშირის მოქალაქეები ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს ირჩევენ. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს წევრები პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე ხდებიან. მორიგი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23-26 მაისს იმართება. სანამ ევროკავშირის მოქალაქეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ, განსხვავებული პროგნოზები და ვარაუდები გამოითქმის. რატომ არის ეს არჩევნები ამდენად აქტუალური და როგორ აისახება ის საერთო ევროპულ პოლიტიკაზე?

რას წარმოადგენს ევროპარლამენტი?

ევროპის პარლამენტი (ევროპარლამენტი) ევროპის კავშირის (ევროკავშირი) ერთადერთი საკანონმდებლო ორგანოა. ამ ინსტიტუციის წარმომადგენლებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების 18 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეები ირჩევენ. საკანონმდებლო ორგანო ამჟამად 751 წევრისგან შედგება, თუმცა 2019-2024 წლების მოწვევის ევროპარლამენტში, Brexit-ის ამოქმედების შედეგად, 46 დეპუტატით ნაკლები იქნება.

ევროკავშირის წევრ 28 სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისი კვოტების თანახმად, ევროპარლამენტში დეპუტატების გარკვეული რაოდენობა აქვს გამოყოფილი. მაგალითისთვის, საკანონმდებლო ორგანოში გერმანიას 96 წარმომადგენელი ჰყავს, საფრანგეთს - 74, იტალიას - 73, გაერთიანებულ სამეფოს -73, ესპანეთს - 54, პოლინეთს - 51, რუმინეთს - 32, ჰოლანდიას - 26, ბელგიას - 21, ჩეხეთის რესპუბლიკას -21, საბერძნეთს - 21, უნგრეთს - 21, პორტუგალიას - 21,შვედეთს - 20, ავსტრიას -18, ბულგარეთს - 17, დანიას - 13, ფინეთს - 13, სლოვაკეთს -13, ხორვატიას -11, ირლანდიას -11, ლიტვას - 11, ლატვიას - 8, სლოვენიას - 8, კვიპროსს - 6, ესტონეთს - 6, ლუქსემბურგს - 6 და მალტას - 6.

ევროპარლამენტი თავის ფუნქციას სტრასბურგსა და ბრიუსელს შორის ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს წევრები 5 წლის განმავლობაში ამოწმებენ კანონებს, შეაქვთ ცვლილებები, რომლებსაც ევროკომისია სთავაზობს. თემები, რომლებზეც ევროკავშირი მუშაობს, მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს როგორც კლიმატის ცვლილება, ასევე შრომითი უფლებები და ა.შ.

ვინ და რას უყრის კენჭს?

ევროპარლამენტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს მომავალ არჩევნებში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ევროსკეპტიკოსები მეტ ხმას მიიღებენ, თუმცა ევროკავშირის მხარდამჭერი პარტიები უმრავლესობას მაინც შეინარჩუნებენ.

მაისში დაგეგმილ საარჩევნო მარათონში დაახლოებით 400 მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის თითქმის 50 მილიონი ბრიტანელია, რომელთაც გაერთიანება მარტში უნდა დაეტოვებინათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა ხმები ევროპარლამეტში წარმოდგენილია 73 დეპუტატით, რომლებსაც, შესაძლოა, მანდატის დატოვება რამდენიმე კვირაში მოუწიოთ. მათმა დარჩენამ კი გარკვეული პროგნოზები ყირაზე დააყენა, რასაც გასულ კვირას Brexit-ის გადადებ ამ შეუწყო ხელი.

მათ, ვისაც ევროკავშირის დაშლა უნდათ, მიაჩნიათ, რომ ისეთი რეფერენდუმი, რომელიც Brexit-თან დაკავშირებით ჩატარდა, იცავს ისტორიულ ფასეულობებზე დაყრდნობილ ეთნიკურ ღირებულებებსა და სუვერენიტეტს გლობალური კორპორაციების სამყაროში. ამ დავის ეპიცენტრში ლტოლვილებიც აღმოჩნდნენ. ნაციონალისტები ევროკავშირს 2015 წელს ლტოლვილთა გაზრდილი ნაკადის გამო ადანაშაულებენ. ფედერალისტები კი ამტკიცებენ, რომ მიგრაციის კონტროლი მხოლოდ თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი. ისეთი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, როგორებიცაა უნგრეთი და პოლონეთი, მიგრანტებთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო ბრიუსელს აკრიტიკებენ. თავის მხრივ ევროკავშირი ოფიციალურ ვარშავასა და ბუდაპეშტს დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაში ადანაშაულებს. ევროკავშირის სუბსიდიების შემცირებაზე ზოგიერთი დასავლური ქვეყანაც საუბრობს.

როგორია ევროკავშირის პოლიტიკური შემადგენლობა?

საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში 8 პარტიული ჯგუფის წარმომადგენლები სხედან. მემარჯვენე-ცენტრისტულ ევროპის სახალხო პარტიას (EDP) 29% აქვს. ის უმრავლესობას ქმნის მემარცხენე-ცენტრისტულ „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსსა“ (S&D - 25%) და ლიბერალებთან (ALDE - 9%) თანამშრომლობით. ორი მემარჯვენე ფრთა, რომელიც ანტიევროპულ ჯგუფს წარმოადგენს და რომლის სათავეშიც არიან ბრიტანული UKIP-ი და ფრანგული ნაციონალური პარტია, 10%-ს იყოფენ. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო მარათონში ყველა პარტია, განსაკუთრებით კი ნაციონალისტური გაერთიანებები, ერთმანეთს ამომრჩეველთა ინტერესების დაცვაში ეპაექრებიან.

ბრიტანეთი პრობლემაა?

ევროკავშირის ზოგიერთი ჩინოსანი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატები არ გადანაწილდეს მანამ, სანამ ევროპარლამენტის ბრიტანელი დეპუტატები თავიანთ პოსტებს არ დატოვებენ. ამას კი იმით ხსნიან, რომ გადაწყვეტილების არალეგიტიმურობის შესახებ ბრალდება თავიდან აირიდონ. კენჭისყრაში ბრიტანელების მონაწილეობა ხელს აძლევს ევროსკეპტიკოსებს, სოციალისტებსა და მწვანეებს, თუმცა აზიანებს მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ბრიტანელები არ არიან, რადგანაც კონსერვატორებმა ჯგუფი დატოვეს, რათა საკუთარი ბლოკი ჩამოეყალიბებინათ.

ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობით დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი აიძულა თავისი კუთვნილი 73 ადგილიდან 27-ის სხვა ქვეყნებზე გადანაწილება გადადებულიყო. მაგალითისთვის, საფრანგეთი ევროპარლამენტის 79 წევრს აირჩევს, რაც ხუთით მეტია, ვიდრე ახლა. თუმცა ეს დეპუტატები მანდატებს მანამდე ვერ მოიპოვებენ, ვიდრე დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან არ გავა და დეპუტატების რაოდენობა 46-ით არ შემცირდება.

რას მიიღებს გამარჯვებული? ევროკავშირის მმართველობას?

სინამდვილეში სულაც არა ან შესაძლოა, მიიღოს კიდეც. ევროპარლამენტის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი ევროპული დემოკრატიის გულს წარმოადგენენ. ევროკავშირის აღმასრულებელ მისიას ლუქსემბურგელი ჟან-კლოდ იუნკერი ხელმძღვანელობს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ არჩევნებზე ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს შორის ისტორიული შერკინება გამოჩნდება. საკანონმდებლო ორგანომ საბჭოს დააკისრა, გამარჯვებული პარტიიდან კენჭისყრის საფუძველზე იუნკერის მემკვიდრე დაასახელოს. ისეთმა ლიდერებმა, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, განაცხადეს, რომ ამ საქმეში მონაწილეობა არ სურთ. საინტერესოა ისიც, რომ პარლამენტს საბჭოს კომისიის კანდიდატურის ჩაგდება შეუძლია.

დავიბენი. ბოლოს და ბოლოს, ვინ მართავს ევროკავშირს?

ეს რთული სათქმელია. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს ლიდერობის მოსაპოვებლად ერთგვარი მარათონი აქვთ გამართული. თითოეულ მათგანს სურს, მაღალ თანამდებობებზე თავიანთი თანამემამულეები ან მოკავშირეები აღმოჩნდნენ და ეს ეხება არა მხოლოდ კომისიას ან საბჭოს, არამედ ევროპის ცენტრალურ ბანკსაც. ორ უდიდეს სახელმწიფოს, გერმანიასა და საფრანგეთს ევროკავშირში არც ისე დიდი გავლენა აქვთ. მაშინ როდესაც მნიშვნელოვან როლს ჯუჯა სახელმწიფოები ასრულებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჟან-კლოდ იუნკერი არის ევროკავშირის რიგით მესამე აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ლუქსმბურგიდანაა.

და მოჰყვება თუ არა არჩევნებს მნიშვნელოვანი ცვლილებები?

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროსკეპტიკოსებმა შეიძლება შექმნან უფრო შეკრული უმცირესობა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. თუმცა ოპტიმისტები იმასაც ამბობენ, რომ Brexit-ის შემდეგ წარმოებული აქტიური კამპანია ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნებას უფრო აქტუალურს გახდის. გამოკითხვების მიხედვით, უკიდურესი მემარჯვენეები თავიანთ წილს გაზრდიან, თუმცა ეს, შესაძლოა, გადამწყვეტი სულაც არ იყოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობის ზრდა და მეტი კონსოლიდაცია ან სულაც პირიქით მოხდეს.

სხვა თემები