29 დეკემბერი 2021 - 13:03

აღმოსავლეთ ევროპა დასავლეთის წინააღმდეგ: არის თუ არა ევროკავშირი დაშლის პირას?

ფოტო: Facebook

კანონის უზენაესობის შესახებ დავა, ლგბტ თემზე ზეწოლა, მიგრაციის შეზღუდვა - აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკა ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს  ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ ამ ბოლო დროს ევროკავშირში მოსალოდნელი განხეთქილების შესახებ ალაპარაკდნენ. რამდენად რეალურია ეს საფრთხე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Deutsche Welle შეეცადა.

რა ხდება?

ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკური პრობლემები აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან  "ვიქტორ ორბანის პრობლემა არ არის (...). ეს რაღაც უფრო ღრმაა". მან ისაუბრა ევროპაში წარმოქმნილ ფუნდამენტურ „განხეთქილებაზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“. 

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ვარშავაში ბოლო ვიზიტის დროს, ეს დიაგნოზი, როგორც ჩანს, ხელახლა დადასტურდა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს პოლონეთის დედაქალაქში "თბილად" დახვდნენ პლაკატებით, რომლებზეც ანგელა მერკელი და სხვა გერმანელი პოლიტიკოსები ჰიტლერსა და ნაცისტური რეჟიმის პროპაგანდის მინისტრ გებელსთან ერთად იყვნენ გამოსახული.

ამავდროულად, ვარშავა ბერლინს "უკანონობაში" ადანაშაულებს, რადგან გერმანიის ხელისუფლებას, სავარაუდოდ, არ სურს პოლონეთისთვის ომის რეპარაციის (ომით მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხა, რომელსაც ომის დამწყებად შერაცხილი სახელმწიფო გამარჯვებულ ქვეყანას უხდის) ანაზღაურება. ამას დასავლეთში აშკარა და დაუფარავ პროვოკაციად მიიჩნევენ.

რამდენად ძლიერია ანტილიბერალური ფრონტი?

როდესაც 2021 წლის ივლისში სლოვენიის პრემიერმინისტრი, პოპულისტი იანეზ იანშა როტაციის პრინციპით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი გახდა, ზოგიერთი დამკვირვებელი კარგს არაფერს ელოდა. იანშა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს თავის მეგობარს უწოდებს, საჯაროდ შეურაცხყოფს ჟურნალისტებს და უყვარს პროვოკაციები. მაგალითად, ოქტომბერში მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე ევროპარლამენტის 13 წევრს "სოროსის თოჯინები" უწოდა. 

ევროკავშირსა და უნგრეთს შორის სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციის შემცველი კანონის გამო გაჩაღებულ კამათში იანშა ორბანის მხარეს დადგა. იმავენაირად მოიქცა სლოვენიის პრემიერმინისტრი, როდესაც ბრიუსელსა და ვარშავას შორის პოლონეთის ხელისუფლების მიერ ქვეყნის შიდა კანონმდებლობის უზენაესობის აღიარებასთან დაკავშირებით უთანხმოება იყო. "ვფიქრობ, რომ ამ ალიანსის მთელი პოზიცია ძალიან ანტიევროპულია. ეს მიუთითებს ერთგვარი ახალი რკინის ფარდის გაჩენაზე", - ამბობს ლუბლიანას უნივერსიტეტის მედიაკვლევების პროფესორი მარკო მილოსავლევიჩი. თუმცა იანშის უმცირესობის მთავრობას სლოვენიაში არც თუ ისე მყარი პოზიციები აქვს. გაზაფხულზე ქვეყანაში გაიმართება არჩევნები, რომელშიც გამარჯვების კარგი შანსი აქვს ოპოზიციას. 

ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩატარებულმა ბოლო არჩევნებმაც აჩვენა, რომ პოპულისტების ხელისუფლებიდან ჩამოშორება შესაძლებელია. აქ პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის მთავრობა პროევროპულმა კოალიციამ შეცვალა. იგივე მოხდა ბულგარეთშიც, ოღონდ მხოლოდ მესამე ცდაზე. Carnegie Europe-ის პოლიტიკური ექსპერტი შტეფან ლენე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის შიდა კრიზისი უმეტესწილად პოლონეთსა და უნგრეთთანაა დაკავშირებული და არ არის დამახასიათებელი მთელი რეგიონისთვის. „ამ კონკრეტული და რეგულარულად გამწვავებადი სიტუაციების გარდა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვითარების გაუარესებაზე საუბარი არ შეიძლება“, - აღნიშნავს ის.

უნგრეთი ლიბერალიზმთან ბრძოლის ავანგარდში

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დეკემბერში გამართულ „დემოკრატიის სამიტზე“ ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანა არ იყო მიწვეული და ესაა უნგრეთი. ჯო ბაიდენმა ის მსოფლიოს გარიყულ სახელმწიფოებს შორისაც კი დაასახელა. სწორედ ამ შეფასებას იყენებს ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ ოპოზიცია, რომელიც ქვეყანაში ახლახან ჩამოყალიბდა. მოქმედი პრემიერმინისტრის კონკურენტმა, პეტერ მარკი-ზაიმ განაცხადა, რომ „საერთაშორისო საზოგადოება ორბანს ისე ექცევა, როგორც ვირუსს“. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ისიც თქვა, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრმა ასეთი შეფასებისთვის დიდი ხნის განმავლობაში იმუშავა, რადგან ჩინეთთან, რუსეთსა და აზერბაიჯანთან განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობებისკენ მიისწრაფვოდა. 

ორბანი აღიარებს მმართველობის ფორმას, რომელსაც ის "არალიბერალურ დემოკრატიას"  უწოდებს. ის ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. „ჩვენ წარუმატებელი ლიბერალური დემოკრატია  ჩავანაცვლეთ 21-ე საუკუნის ქრისტიანული დემოკრატიით“, რომელიც ტრადიციასა და უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა. გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების სტრატეგიული შეცდომა იყო ის, რომ ისინი ვიქტორ ორბანს მრავალი წლის განმავლობაში აძლევდნენ საშუალებას, აეშენებინა თავისი ავტოკრატიული სახელმწიფო ევროპის სახალხო პარტიის ფრთის ქვეშ, რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი ფრაქცია ჰყავს. 

სწორედ ამ საფარქვეშ ორბანმა გაანადგურა მედიის თავისუფლება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ინსტიტუციური გარანტიები და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებები. სახელმწიფო პროპაგანდის უწყვეტი ნაკადი მიზნად ისახავდა მოსახლეობის იდეოლოგიურ დამუშავებასა და გარე სამყაროს წინაშე არსებული პოლიტიკის გამართლებას. უნგრეთი გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მემარჯვენე პოპულისტების მაგნიტი -  ფრანგი მარინ ლე პენით დაწყებული, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტით, მაიკ პენსით დამთავრებული.

მართალია თუ არა, რომ Polexit-ი  გვიახლოვდება?

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის დეფიციტზე ევროკავშირში ბევრს საუბრობდნენ, პრეზიდენტ ბაიდენის „დემოკრატიის სამიტში“ მონაწილეობის უფლება პოლონეთს მაინც მიეცა. შეიძლება იმიტომაც, რომ იქ სახელმწიფოს ავტოკრატიული რესტრუქტურიზაცია ჯერ ასე შორს არ წასულა. ნებისმიერ შემთხვევაში, 2015 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მმართველი კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უნგრეთის გამოცდილებას უდავოდ დაეყრდნო. მედიის თავისუფლების აღმოფხვრა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ძირის გამოთხრა, ლგბტ თემის წინააღმდეგ ბრძოლა და აბორტების აკრძალვა -  ეს ყველაფერი მძვინვარე ნაციონალიზმით არის გაჟღენთილი.

თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა გაჩნდა ოქტომბერში, როდესაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის შიდა კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებზე უპირატესია. გაჩნდა კითხვა, გეგმავდა თუ არა ვარშავა Polexit-ს - ევროკავშირიდან გამოსვლას. პარტია „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარემ იაროსლავ კაჩინსკიმ ეს ვარაუდი მაშინვე უარყო. ქვეყანაში დაწყებულმა მასობრივმა პროევროპულმა დემონსტრაციებმა კი აჩვენა, რომ პოლონეთში საზოგადოებრივი აზრი ჯერ არ არის ისეთი ზომბირებული, როგორც ამას მმართველი პარტია იმედოვნებს. 

ევროკავშირთან სამართლებრივ განხეთქილებას წინ უძღოდა ევროპის სასამართლოს მთელი რიგი გადაწყვეტილება ვარშავის წინააღმდეგ.  კერძოდ, ეს იყო გადაწყვეტილება მიმართული კანონმდებლობის იმ ცვლილებების წინააღმდეგ, რომლებიც პოლონეთის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა.

მუშაობს თუ არა ფინანსური ზეწოლა? შესაძლოა

„ილუზიაა იმის დაჯერება, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა შეიძლება ბრიუსელიდან გამოცხადდეს“, - ამბობს შტეფან ლენე და დასძენს, რომ ევროპულ ღირებულებებზე ორიენტაცია მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების გზით მიიღწევა. ექსპერტი იმედის ნაპერწკალს იმაში  ხედავს, რომ ორივე ქვეყნის დიდი ქალაქები ახლა ოპოზიციის კონტროლქვეშ არის. გარდა ამისა, ორბანს მარკი-ზაის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და გამოკითხვებიც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. 

ექსპერტის შეფასებით, ამავდროულად, ევროპამ ეფექტიანად უნდა გამოიყენოს არა მხოლოდ იურიდიული, არამედ - ფინანსური ინსტრუმენტები, მათ შორის, რეკონსტრუქციის ფონდის სახსრებზე ხელმისაწვდომობა. ამავდროულად, ფინანსური ზეწოლის ეფექტიანობისადმი გარკვეული ოპტიმიზმის მიუხედავად, პოლიტოლოგი ხედავს „მნიშვნელოვან საფრთხეს“, რომ კანონის უზენაესობისთვის ბრძოლაში სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს.

მაგალითად, თუ პოლონეთი დაიწყებს ევროპული კანონმდებლობის დაბლოკვას, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხებით დაწყებული, „ევროკავშირს ძალიან დიდი პრობლემა ექნება“. თუმცა ამ მომენტში ჩვენ ჯერ კიდევ "საინტერესო ფაზაში ვართ ესკალაციასა და გარკვეულ კომპრომისებს შორის, რომლებსაც სიტუაციის განმუხტვა შეუძლიათ“, - ამბობს ლენე. ექსპერტის შეფასებით, ნებისმიერ შემთხვევაში, შანტაჟის ალბათობა ორივე მხრიდან მაღალია. 

სხვა თემები