01 აგვისტო 2017 - 13:54

რუსეთი მოერევა თუ ნატო?

30 ივლისს, საქართველოში სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" დაიწყო. წვრთნაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. სწავლება ამერიკის ვიცეპრეზიდენტის თბილისში ვიზიტს დაემთხვა. როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთს ეს არ მოსწონს, საქართველო და მისი პარტნიორები კმაყოფილები არიან.  

ნატო თავდაცვისთვისაა საჭირო თუ თავდასხმისთვის?

ნატო შეიქმნა, როგორც თავდაცვითი ორგანიზაცია: ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას, პირველ რიგში, საბჭოთა კავშირისგან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ შეთანხმებას აშშ-ც უნდა მიერთებოდა, რადგან მისი სამხედრო დახმარების გარეშე, ალიანსის ქვეყნებს საბჭოთა ინტერვენციასთან გამკლავება გაუჭირდებოდათ.   

შეთანხმებას საფუძვლად დაედო კოლექტიური თავდაცვის პრინციპი: ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ბლოკზე თავდასხმის ტოლფასია (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ცნობილი მე-5 მუხლი). ნატომ, თავისი 67-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს მუხლი მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ-იორკის ტერაქტების დროს აამოქმედა და ავღანეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ნატო ატარებდა ოპერაციებს ასევე ყოფილ იუგოსლავიაში, სომალიში, ლიბიაში - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალიანსის თავდაცვითი ხასიათი დიდი ხანია აღარ ნიშნავს იმას, რომ ნატოს იურისდიქცია ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება.

არც ის არის სწორი, თუ ალიანსის გაფართოებას მის თავდასხმით საქმიანობად მივიჩნევთ. ორგანიზაციაში ყველა ქვეყანა ნებაყოფლობით წევრიანდება. იმავდროულად, ნატოს, რა თქმა უნდა, აქვს თავდასხმითი ოპერაციების პოტენციალი. ამ პოტენციალის გამო სხვა ქვეყნები მის მიმართ აგრესიას ერიდებიან.

რატომ ჰქვია ალიანსს “ჩრდილოატლანტიკური”? მასში ხომ მხოლოდ ატლანტის ოკეანის მიმდებარე ქვეყნები არ შედიან?

“ჩრდილოტლანტიკური” მკაფიოდ გეოგრაფიული ტერმინი არ არის. თავდაპირველად ის ხაზს უსვამდა ნატოს პირველი წევრების (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ცხრა დასავლეთევროპული ქვეყანა) ერთობას. ახლა ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობაში იგულისხმება ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ქვეყნები მთლიანად. თეორიულად, ამ რეგიონებიდან ნებისმიერ ქვეყანას (მათ შორის რუსეთსაც) შეუძლია ალიანსში გაწევრიანება. ამისთვის პოტენციური წევრები, უბრალოდ, უნდა იზიარებდნენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპებს (შეთანხმების პირველ მუხლში აღიარებულია გაეროს ხელმძღვანელი როლი საერთშორისო საქმეებსა და კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის საქმეში) და შეესაბამებოდნენ ზოგიერთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მოთხოვნებს.

იმავდროულად, ნატოში ამა თუ იმ ქვეყნის მიღების გადაწყვეტილება, ხშირად სამხედრო და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღებოდა. მაგალითად, მიჩნეულია, რომ 1952 წელს ალიანსში თურქეთის და საბერძნეთის მიღება საბჭოთა კავშირთან წინააღმდეგობის ლოგიკამ განსაზღვრა: ამ ქვეყნებს ანტიკომუნისტური ხელისუფლებები ჰყავდათ, მათი ნატოში წევრობა კი შესაძლო საბჭოთა ექსპანსიისთვის მორიგი დაბრკოლება გახდებოდა. თუმცა, სიმართლეა ისიც, რომ თურქეთი, თავისი მძლავრი შეიარაღებული ძალებით ნატოსთვის, სუფთა სამხედრო თვალსაზრისითაც ღირებული მოკავშირე გახლდათ.      

ნატოს შემდგომი გაფართოება (1999-2009 წლებში ალიანსში 12 სახელმწიფო გაწევრიანდა, მათ შორის ყოფილი სსრკ-ს და აღმოსავლეთის ბლოკის რამდენიმე ქვეყანა) ყოველთვის აღიზიანებდა რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს ამოცანები გადაიხედა, მოსკოვში ბლოკის რუსეთის საზღვრებთან დაახლოებაში საფრთხეს ხედავენ.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ ნატო რატომ არ დაიშალა?

ცივი ომის დასრულების შემდეგ, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ნატომ მისი ფუნქცია შეასრულა და რომ ალიანსის არსებობის აუცილებლობა აღარ იყო. 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ნატოს ხელმღვანელობაში ორგანიზაციის რეფორმის განხილვა დაიწყო. მსჯელობის მთავარი ხაზი ასეთი იყო: მიუხედავად იმისა, რომ ბლოკის ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას სსრკ-ს დაშლის შემდეგ უშუალო საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ევროპასა და მის საზღვრებს მიღმა რჩებოდა არასტაბილურობის კერები, რომლებიც რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრებოდა. ნატო, როგორც მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მოქმედი საერთაშორისო სტრუქტურა, ამ პრობლემების გადაწყვეტაში დახმარებას შეძლებდა.

შედეგი ბოსნიის კონფლიქტში ინტერვენცია გახდა: 1993 წელს, ნატომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში არასაფრენი ზონის შექმნაზე გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი მიიღო. მას შემდეგ, ნატო მონაწილეობდა რამდენიმე მასშტაბურ ოპერაციაში - კოსოვოში, ავღანეთსა და ლიბიაში. დღეს, ალიანსის ამოცანებს შორის, მისი წევრების დაცვის გარდა, ოფიციალურად შედის კონფლიქტების მოგვარება და სამშვიდობო საქმიანობა.    

1990-2000-იანი წლების მიჯნაზე, ნატოს სტრუქტურის რეფორმა ჩატარდა: გაჩნდა ორი სარდლობა (ერთი პასუხისმგებელია ალიანსის “ტრანსფორმაციაზე”, მეორე - ოპერაციებზე), სამხედრო შტაბების რაოდენობა შემცირდა: ცივი ომის პიკზე ალიანსში 78 შტაბი მოქმედებდა, 2000-იანი წლებისთვის - 20, 2002-სთვის - 11. თუმცა მთლიანობაში, ბლოკის სტრუქტურა იმის მსგავსი დარჩა, როგორიც ცივი ომის დროს იყო, რის გამოც რუსეთი მასში საფრთხეს ხედავს. მართალია ალიანსი მუდმივად არწმუნებს მოსკოვს, რომ ბლოკი მისთვის საფრთხეს არ წარმოაგდენს, თუმცა კრემლის დარწმუნებას ისიც ართულებს, რომ რეალურად რუსეთის ფედერაციის გარდა არ არსებობს არცერთი სხვა ძალა, რომელსაც ნატოს ქვეყნების საზღვრებისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია.

ნატო რუსეთს მტრად მიიჩნევს?

დიდი ხნის განმავლობაში, ნატო რუსეთს მტრად კი არა პარტნიორად განიხილავდა. ამაზე მიუთითებს მოსკოვის და ალიანსის თანამშრომლობის მასშტაბები. 1991 წელს, რუსეთი შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (1997 წელს შეიქმნა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო); 1994 წელს - პროგრამას “პარტნიორობა მშვიდობისათვის”; 1997 წელს კი შეიქმნა ნატო-რუსეთის საბჭო - ყველა ეს ორგანიზაცია და პროგრამები მიმართულია ალიანსსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ.

2014 წლამდე ბრიუსელში, შეიარაღებული ძალების ცენტრალურ შტაბთან ყოველთვის მუშაობდნენ რუსი სამხედროები, თანაც მათი რაოდენობა ყოველთვის აჭარბებდა ალიანსის სხვა არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლობებს. 2004 წლიდან რუსეთი და ნატო მართავდნენ ერთობლივ წვრთნებს, რუსეთის გემები მონაწილეობდნენ  სომალიში ალიანსის ანტიმეკობრულ ოპერაციებში. 

2014 წელს, ყირიმის მიერთებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ნატოს და რუსეთის ფედერაციის თანამშრომლობა შეწყდა - ალიანსმა რუსეთის ქმედებები დაგმო და ის აგრესიად შეაფასა. მას შემდეგ, ბრიუსელში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს ბლოკის ქვეყნებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ; რამდენჯერმე გამოცხადდა ისიც, რომ რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ ნატო რეაგირების ძალთა რიცხოვნებას ზრდიდა. იმავდროულად, ნატოში ძველებურად აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ რუსეთის საზღვართან ახლოს მსხვილი სამხედრო დანაყოფების განთავსებას.

და რუსეთი ნატოს მტრად მიიჩნევს?

2014 წლის შემდეგ, შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთმა და ნატომ ერთმანეთი სამხედრო საფრთხეებად აღიარეს. თუმცა, ნატოს, როგორც მტრული ორგანიზაციის, მიმართ დამოკიდებულება ამა თუ იმ ფორმით რუსულ ოფიციალურ რიტორიკაში მანამდეც არსებობდა, მათ შორის იმ წლებშიც, როცა ისინი სხვადასხვა სფეროებში აქტიურად თანამშრომლობდნენ. განსაკუთრებით საგრძნობი ეს 1999 წლის იუგოსლავიის ოპერაციის დროს გახდა - მოსკოვში ბელგრადის დაბომბვას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდეს. მიჩნეულია, რომ სწორედ ამ დროიდან გამყარდა რუსულ საზოგადოებრივ აზრში ნატოს მიმართ მტრული დამოკიდებულება.

რუსეთი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ნატოს გაფართოებას და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანების პერსპექტივას. არსებობს ვერსია, რომ 1990 წელს, როდესაც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის გერმანიის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მიხეილ გორბაჩოვს ზეპირად დაჰპირდნენ, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. რუსეთში მიაჩნიათ, რომ ნატომ პირობა დაარღვია, ნატოში ამბობენ რომ არანაირი დაპირება არ ყოფილა. ურთიერთობების ყველაზე მასშტაბური გამწვავება საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების სურვილს უკავშირდება. მიჩნეულია, რომ ბლოკში ბალტიის ქვეყნების წევრობისგან განსხვავებით, რუსეთისთვის ეს პრინციპული საკითხია.

ნატოს თავისი არმია ჰყავს?

ნატოს შეიარაღებული ძალები შედგება ალიანსის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისგან, რომლებიც საკუთარი ქვეყნების სარდლობებს ექვემდებარებიან, მაგრამ ალიანსს უფლება აქვს ისინი კონკრეტულ ოპერაციაში მონაწილეობისთვის მოითხოვოს.

გარდა ამისა, ალიანსის განკარგულებაშია ნატოს რეაგირების ძალები (NRF, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. მათი საერთო რაოდენობა როტაციის საფუძველზე მოქმედი 35 ათასი სამხედროა). 2014 წელს, გამოცხადდა სწრაფი რეაგირების ძალთა (დაახლოებით 4000 ადამიანი) შექმნის შესახებ “რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად”. ამ ძალების ამოქმედება ალიანსმა 48 საათის განმავლობაში უნდა შეძლოს.

რაც შეეხება, რუსეთის საზღვრებთან ახლოს კონცენტრირებულ ნატოს ძალებს, რუსეთთან მოსაზღვრე ალიანსის წევრი ქვეყნების (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და ნორვეგია) შეიარაღებულ ძალებთან ერთად, 2017 წლისთვის განისაზღვრა ბალტიის ქვეყნებში დიდი ბრიტანეთის, კანადის და გერმანიის სარდლობის ქვეშ სამი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ბატალიონის, ხოლო პოლონეთში აშშ-ის სარდლობას დაქვემდებარებული საერთაშორისო ბატალიონის განთავსება.

რომელი უფრო ძლიერია - ნატო თუ რუსეთი?

ცალსახა პასუხი არ არსებობს. მშვიდობიან დროს, ნატო არ განკარგავს მნიშვნელოვან  შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ კონფლიქტის შემთხვევაში ალიანსის კონსოლიდირებული ძალები და ყველა ნაციონალური შეიარაღებული ძალები ერთად, რიცხოვნებით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს გადააჭარბებს. ნატო მსოფლიო ლიდერია სამხედრო ხარჯებითაც (2015 წელს ნატოს ყველა ქვეყანამ სამხედრო საჭირობებზე 892 მილიარდი დოლარი დახარჯა; 2016 წელს, ალიანსის შეფასებით, ხარჯებმა 918,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა ამ თანხის ორ მესამედს აშშ-ის სამხედრო ხარჯები შეადგენს). იმავდროულად, ნატოს ბირთვული ძალები რუსეთისას ჩამორჩება - სწორედ ამიტომ ანიჭებს მოსკოვი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბირთვულ შეიარაღებას, როგორც შემაკავებელ ფაქტორს.

რთულია რუსეთის სამხედრო ძალების და ნატოს შედარება ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც, რადგან ალიანსს არ აქვს ერთიანი სამხედრო საწარმოო კომპლექსი, ნაციონალური შეიარაღებული ძალები არათანაბრად არის განვითარებული. მაგალითად, ნატოს ყველა ქვეყნიდან, მხოლოდ აშშ-ს შეუძლია ისეთი ხანგრძლივი ოპერაციების ჩატარება უცხოეთში, როგორსაც რუსეთი სირიაში ატარებს. თუმცა თუკი ერთმანეთს შევადარებთ აშშ-ის და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, აშშ-ს ბიუჯეტიც და პოტენციალიც რუსეთისაზე ბევრად დიდია.

ვინ არის ნატოში მთავარი - ფორმალურად და ფაქტობრივად?

ნატო თანაბარუფლებიანი სახელმწიფოების ნებაყოფლობითი კავშირია. ნატოს შტაბბინა და გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბი ბრიუსელშია, ოპერაციების სარდლობა - ევროპასა და აშშ-ში.

ტრადიციულად, ნატოს გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვის ამერიკელები ხელმძღვანელობდნენ, ხოლო გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოველთვის ინიშნებოდნენ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები.

იმვდროულად, ნატოს შიგნითაც ქვეეყნები არათანაბრად არიან დატვირთულები: 2016 წელს, 28 ქვეყნიდან მხოლოდ ხუთმა შეასრულა სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რაც მშპ-ს არანაკლებ 2%-ია. ხარჯების ძირითადი ნაწილი აშშ-ზე მოდის, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი; ალიანსის შიგნით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ორგანიზაციის ამოცანებთან დაკავშირებითაც: მაგალითად, 2003 წელს საფრანგეთი და გერმანია ერაყში ინტერვენციის წინააღმდეგები იყვნენ; ალიანსის ძველ წევრებს, რუსეთის მიმართ ტრადიციულად უფრო მშვიდობიანი დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე ახლებს - პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს.     

ნატოს კრიტიკოსები ხშირად უწოდებენ მას აშშ-ის ინტერების გამტარებელ ორგანიზაციას, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ შიდა მოლაპარაკებების დროს, ვაშინგტონმა იცის, როგორ შეახსენოს პარტნიორებს, რომ აშშ ნატოს ფუნქციონირებაზე გაცილებით მეტ რესურსს ხარჯავს, ვიდრე სხვა ქვეყნები.

აშშ-ის ნატოში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აქცია ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ის აცხადებდა, რომ ამერიკამ თავის თავზე ზედმეტი საერთაშორისო ვალდებულებები აიღო და მათგან ზოგიერთის გადახედვას არ გამორიცხავდა. ტრამპი განსაკუთრებით ჩიოდა იმაზე, რომ აშშ თავის ფულს ხარჯავს ისეთი ქვეყნების დაცვაზე, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო ხარჯების მოცულობასთან დაკავშირებული ნატოს რეკომენდაციების შესრულებაზე. მოგვიანებით ტრაპმა ნატოს კრიტიკა შეარბილა, თუმცა პარტნიორებს ალიანსის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მუდმივად მოუწოდებს.

შეუძლია თუ არა ნატოს არ დაიცვას თავისი რომელიმე წევრი?

2014 წლამდე, ნატოს ერთგულება ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მეხუთე მუხლის მიმართ, განხილვის საგანი ფაქტობრივად არ ყოფილა, თუმცა ყირიმის ანექსიის შემდეგ ამ კითხვას სულ უფრო ხშირად სვამენ. კითხვის ფორმულირება, როგორც წესი, ასეთია: მოუნდებათ კი დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს და ნატოს სხვა ქვეყნებს თავისი ჯარისკაცების რუსეთთან საომრად გაშვება იმ შეთხვევაში, თუ კრემლი ბალტიის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება? 2016 წლის დასაწყისში BBC-ს ეთერში ამ სცენარისადმი მიძღვნილი ფილმიც კი გავიდა. შედეგად, 2014 წელს აშშ-მ დაიწყო ოპერაციების და წვრთნების სერია, რომლის მიზანიც ნატოს აღმოსავლეთ პარტნიორების იმაში დარწმუნებაა, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ალიანსი მათ არ მიატოვებს.

კომენტარები ()

სხვა თემები