19 ოქტომბერი 2022 - 13:15

პროტესტის 1 თვე ირანში: რა ცვლილებებს ითხოვს საზოგადოება?

ფოტო: shutterstock.com

ქურთი გოგონას გარდაცვალების გამო მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში გრძელდება. აღნიშნული მოძრაობის მთავარი თავისებურება არის ის, რომ მასში ქალები და ახალგაზრდები აქტიურ მონაწილეობას იღებენ. რას ითხოვენ აქციის მონაწილეები და როგორ რეაგირებს ამ პროცესებზე ხელისუფლება? - ამ კითხვებზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია. 

რა ხდება?

22 წლის ქურთი გოგონას - მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, თეირანის ზნეობის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააკავა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცუდად გახდა განყოფილებაში, საიდანაც ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და სწორედ იქ გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავების დროს სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა. მაჰსა ამინის გარდაცვალებამ ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.

პროტესტის 1 თვე და 200-ზე მეტი დაღუპული

პირველი საპროტესტო აქციები16 სექტემბერს დაკრძალვის ცერემონიის დროს გოგონას მშობლიურ ქალაქ სეკკეზესა და ირანის ქურთისტანის ადმინისტრაციულ ცენტრში - ქალაქ სენენდეჯში დაიწყო, შემდეგ კი თითქმის მთელ ქვეყანას მოედო. ახლა უკვე ადამიანები ირანის 100-მდე ქალაქში გამოდიან. თავდაპირველად, მომიტინგეები ამინის დაღუპვის ფაქტის გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ, მაგრამ თანდათან ლოზუნგებმა სოციალურ-პოლიტიკური შინაარსი მიიღო. 

ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ჩახშობის სასტიკ მეთოდს მიმართა და მათ უცხოეთიდან ინიცირებული უწოდა. მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 1500 დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის არიან ქალთა მოძრაობის აქტივისტები, ხელოვანები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სპორტსმენები და სტუდენტები. ნიუ-იორკში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ცნობით, 4 ოქტომბრისთვის გისოსებს მიღმა მასმედიის 35  წარმომადგენელი აღმოჩნდა. „ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციისა“ და Human Rights Watch-ის ცნობით, საპროტესტო აქციების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - 23 ბავშვი.

ქალების ცენტრალური როლი ანტისამთავრობო გამოსვლებში

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ამ პროცესებში ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობაა. „დღევანდელი გამოსვლების თავისებურება ქალის ცენტრალურ როლში მდგომარეობს,“ - განუცხადა DW-ს ბერლინის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის (SWP) ექსპერტმა, ჰამიდრეზა აზიზიმ. 

პროტესტის სიმბოლოდ იქცა სლოგანი - „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება!“. დემონსტრაციების დროს ბევრი ქალი ჰიჯაბს  იხსნის. უფრო მეტიც, როგორც აზიზი აღნიშნავს, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველად, ჰიჯაბის სავალდებულო ტარების გასაპროტესტებლად ქუჩაში დიდი რაოდენობით სახელმწიფო პარტია და რელიგიური იდეოლოგიის მომხრე გამოვიდა. ისინი აქტიურად აქვეყნებენ პოსტებს ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონისა და მისი აღმსრულებელი ზნეობის პოლიციის გაუქმების შესახებ. 

ახალგაზრდების აქტივობა საპროტესტო აქციებზე

ზოგიერთი უნივერსიტეტის პროფესორები მათი სტუდენტების დაკავებას სამსახურში არმისვლით აპროტესტებენ. ეს უკანასკნელნი მასობრივ გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობენ და თანამოქალაქეებს გაფიცვებისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი განცხადებები სტუდენტური გაერთიანებების საბჭომ გაავრცელა. 

უფრო მეტიც, 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, მიმდინარე გამოსვლებში ძირითადად, სწორედ ახალგაზრდები არიან ჩართული და მათი ასაკი 18-დან 35 წლამდე მერყეობს. ირანის სახელისუფლებო გაზეთ Javan-ის ცნობით, აქციის მონაწილეთა 90%-ი 25 წლამდე ასაკისაა. 

„ირანის დღევანდელი ახალგაზრდობა ინტერნეტის თაობაა და სოციალური ქსელების წყალობით, ახალგაზრდებს უფრო მეტი პოლიტიკური თვითშეგნება აქვთ, ვიდრე - წინა თაობებს. მათთვის ცხადია, ირანში დღეს არსებულ ვითარებაზე ვინ არის პასუხისმგებელი და ამიტომ მათი გამოსვლები ხამენეისა და ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ არის მიმართული,“ - განუცხადა DW-ს ირანელმა უფლებადამცველმა და ადვოკატმა საიდ დეჰგანმა, რომელიც კანადაში ცხოვრობს. 

რატომ იძენს პროტესტი სულ უფრო მეტ პოლიტიკურ დატვირთვას?

ირანში დაწყებული სოციალური პროტესტი პოლიტიკურში გადაიზარდა. ლოზუნგებს შორის გაისმა რეჟიმის შეცვლის მოწოდებები, რაც 1979 წლის შემდეგ პირველად ხდება. საპროტესტო განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ ვერ შეძლო. 

ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებს ნავთობის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებიც შეუერთდნენ. სწორედ ეს სექტორია ირანის ეკონომიკის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი. მედიის ცნობით, ჯერ ბუშერის, დამავანდისა და ესელუიას მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციაში მონაწილეობა მიიღო ათასზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც გზები გადაკეტეს. ამის შემდეგ საპროტესტო აქციებს აბადანში მდებარე, ქვეყნის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. „მასობრივი საპროტესტო აქციების დრო მოვიდა. მოემზადეთ საყოველთაო გაფიცვისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ საპროტესტო აქციებს ხალხთან ერთად ყოველდღიურად გავაგრძელებთ“, - ნათქვამია ადგილობრივ მუშათა კომიტეტის განცხადებაში.

საპროტესტო აქციები გრძელდება იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა. როგორც პოლიტოლოგი აზიზი განმარტავს, ხელისუფლებას აქვს მრავალი რეპრესიული რესურსი, რომლებიც ამ საპროტესტო აქციებში ჯერ სრულად არ გამოუყენებია, თუმცა ხალხს აღარ ეშინია და ეს ირანში არსებული სოციალურ-პოლიტიკურ ვითარების ფუნდამენტურ ცვლილებას ნიშნავს. 

სხვა თემები