რა უნდა ვიცოდეთ მზისგან დამცავი საშუალების შესახებ? ინსტრუქცია
ფოტო: shutterstock.com
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, მზისგან დამცავი საშუალებები აქტუალური ხდება. მზისგან დამწვრობა და გარუჯვა მნიშვნელოვნად ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის ისეთ აგრესიულ ფორმას, როგორიც არის მელანომა. გარდა ამისა, მზის ზემოქმედება კანის ნაადრევ დაბერებას აპროვოცირებს. ის ხდება ნაკლებად ელასტიური, ჩნდება ნაოჭები. მაგალითად, ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში, რომლებიც მზეზე დიდ დროს ატარებენ, ეს 40 წლის ასაკში იწყება. იმისათვის, რომ ადამიანებს თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი რისკისგან თავის დაცვაში დაეხმარონ, ზოგიერთ ქვეყანასა და ქალაქში დამონტაჟებულია დისპენსერებიც კი, საიდანაც ადამიანებს მზისგან დამცავი კრემის უფასოდ მიღება შეუძლიათ. მაგალითად, წელს ამის გაკეთებას ნიდერლანდებში აპირებენ. მზისგან თავი ეფექტურად რომ დავიცვათ, ამისთვის რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი და მათ შორის უპირველესია, თავად მზისგან დამცავი საშუალება.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას?
მზისგან დამცავი საშუალება კანის კიბოსა და ნაადრევი დაბერების პრევენციის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი, ყურადღება რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ.
რა მნიშვნელობა აქვს SPF-ს?
ეს არის მზისგან დამცავი ფაქტორი. SPF 15 ბლოკავს ულტრაიისფერი B (UVB) სხივების 93%-ს, SPF 30 კი - 97%-ს. ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია და გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სამსახური გვირჩევენ, რომ გამოიყენოთ პროდუქტები, რომლებიც სულ ცოტა, SPF 30-ს შეიცავენ. თუმცა უფრო ძლიერი დაცვაა საჭირო ღია კანის მქონე ადამიანებისთვის და ასევე მათთვის, ვისაც ქუჩაში დიდხანს ყოფნა უწევს.
რას ნიშნავს ფართო სპექტრის დაცვა?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, SPF-ი იცავს მხოლოდ ულტრაიისფერი B სხივებისგან, რომლებიც მზის დამწვრობის მთავარი მიზეზია. ამიტომაც უნდა დავრწმუნდეთ, რომ მზისგან დამცავი ბლოკავს A (UVA) სხივებსაც, რომლებიც უფრო პასუხისმგებელნი არიან კანის დაბერებაზე. თუ შეფუთვაზე არის წარწერა, რომელიც ფართო სპექტრის შესახებ მიუთითებს, ეს არის ის, რაც გჭირდებათ.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც შემადგენლობას ვეცნობით?
ადამიანების უმეტესობისთვის შემადგენლობა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მზისგან დამცავი კრემის ძირითადი კომპონენტები თავის საქმეს მეტ-ნაკლებად ერთნაირად ასრულებენ. არსებობს ორგანული ფილტრები (მაგალითად, ოქტინოქსატი და ოქტიზალატი), რომლებიც ულტრაიისფერ სხივებს სითბოდ აქცევენ და მათ კანში შეღწევას ხელს უშლიან. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ისეთი არაორგანული ფილტრები, როგორიც არის თუთიისა და ტიტანის ოქსიდები, ულტრაიისფერ სხივებს აფიქსირებენ და ფანტავენ, მაგრამ სხვა მონაცემებით - შთანთქავენ. ასეთი ნივთიერებები გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს, თუმცა თუ ნაწილაკები დიდია, მაშინ კანზე თეთრი საფარი გაჩნდება. ამიტომაც თანამედროვე კრემებში უფრო ხშირად პატარა ნაწილაკებს იყენებენ. რაც შეეხება მზისგან დამცავ საშუალებებზე ნეგატიურ რეაქციებს, ყველაზე ხშირად კონტაქტური დერმატიტი გვხვდება, თუმცა რისკი ძალიან დაბალია. გარდა ამისა, მზისგან დამცავი საშუალებების შემადგენლობაში ვიტამინების არსებობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
არის თუ არა მზისგან დამცავი საშუალება ნამდვილად წყალგაუმტარი?
სამწუხაროდ, მაშინაც კი, თუ შეფუთვაზე წერია, რომ კრემი წყალგაუმტარია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბანაობის შემდეგ ის კანზე იმავე მოცულობით დარჩება. უფრო მეტიც, მზისგან დამცავი საშუალება ხელახლა უნდა წაისვათ.
როგორი შეფუთვის მქონე მზისგან დამცავი საშუალებაა უკეთესი?
წყლის საფუძველზე დამზადებული მზისგან დამცავი საშუალება ნაკლებად უსიამოვნოა, ვიდრე - ზეთის შემცველი კრემები. მზისგან დამცავი კრემის გამოყენება პირადი არჩევანია, თუმცა სპრეის თანაბრად განაწილება უფრო რთულია. გარდა ამისა, არსებობს მისი ჩასუნთქვის რისკი.
მზისგან დაცვის მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალება ან ტონალური კრემი, რომლებიც SPF-ს შეიცავს. თუმცა აქ რამდენიმე პრობლემა წარმოიქმნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში მზის მავნე სხივებისგან ოპტიმალური დაცვისთვის საჭირო რაოდენობის წასმა და საკმარისად ხშირად განახლება შეძლოთ. როგორც ჩანს, UVB-სგან დაცვა შეიძლება იყოს იმაზე რთული, ვიდრე - წარმოგვიდგენია. ამიტომაც უმჯობესია, წაისვათ მზისგან დამცავი კრემი და მხოლოდ ამის შემდეგ - ტონალური.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ მზისგან დამცავ კრემს აქვს ვარგისიანობის ვადა. მისი ათვლა შეიძლება იწყებოდეს როგორც წარმოების დროიდან, ისე - გახსნის პერიოდიდან. გარდა ამისა, მზისგან დამცავი საშუალება სიცხეში არ უნდა ინახებოდეს და მას მზის სხივები პირდაპირ არ უნდა ეცემოდეს.


