25 ივლისი 2023 - 10:08

უნდა გვეშინოდეს თუ არა ხელოვნური ინტელექტის?

ფოტო: Instagram

ხელოვნური ინტელექტის გავრცელებასთან ერთად გააქტიურდა დისკუსია, რომელიც პროგრესის თანმხლებ დადებით და უარყოფით მხარეებს ეხება. თუ რატომ ეშინიათ ადამიანებს ხშირად ახალი ტექნოლოგიების, გერმანელი ექსპერტები განმარტავენ. 

რა ხდება?

ტექნოლოგიურ პროგრესს ყველა ვერ აღიქვამს პოზიტიურად. აღნიშნულ პროცესს ზოგიერთი ადამიანი აკრიტიკებს, სხვები კი ინოვაციების დემონიზაციას ეწევიან. „ტექნოლოგიური სკეპტიციზმის დადასტურებას ვპოულობთ იმ ადრეულ წერილებში, რომლებიც შემოგვრჩა“, - აღნიშნავს ფილოსოფოსი და ტექნოლოგიების ისტორიკოსი კრისტიან ვატერი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში. პროგრესისადმი უნდობლობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს ტექნიკური გამოგონებების სირთულე, მომხმარებლების მხრიდან გაუგებრობა ან კონტროლის დაკარგვის შიში. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ტექნოლოგიების მიმართ საზოგადოებაში არსებული შიშის საბოლოო დასტური. ”კარგია, რომ ადამიანები ახალ ტექნოლოგიებს პრაქტიკაში ცდიან და რაციონალურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ”, - აცხადებს მიუნხენის გერმანული მუზეუმის კვლევის ხელმძღვანელი ჰელმუტ ტრიშლერი. აღნიშნული მუზეუმი 2023 წლის ივლისში დაარსებიდან 120 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამასთანავე, კრისტიან ვატერი ხაზს უსვამს, რომ ახალი ტექნოლოგიების შესაძლო შედეგების რაციონალურ შეფასებასა და ირაციონალურ სენტიმენტებსა თუ შფოთვასა და პანიკას შორის დიდი განსხვავებაა. გერმანელი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ „შფოთვის განცდა საკმაოდ ბუნებრივი და უაღრესად აუცილებელია“. 

არის თუ არა რკინიგზა ეშმაკის საქმე?

ორთქლმავლისა და რკინიგზის გამოგონების ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ტექნიკურმა გამოგონებამ შფოთვა და პანიკა თანაბრად გამოიწვიოს. ადრეულ წლებში ადამიანთა გარკვეული კატეგორია რკინიგზას ეშმაკის ბოროტ საქმედ მიიჩნევდა. 1825 წელს ინგლისში მსოფლიოში პირველი საზოგადოებრივი მოხმარების რკინიგზა გაიხსნა. შესაბამისად, დიდი, სწრაფი, ხმაურიანი და მწეველი „რკინის ცხენი“ ევროპაში შემოვიდა. ამას მოჰყვა "სარკინიგზო ავადმყოფობის" შიში, რომელიც უპირველეს ყოვლისა, მაღალი სიჩქარით იყო გამოწვეული - იმ დროისთვის დაახლოებით 30 კილომეტრი საათში მაღალ სიჩქარედ ითვლებოდა. ფართო მოხმარების მიუხედავად, სარკინიგზო ტრანსპორტის კრიტიკა ვიქტორიანულ ინგლისშიც გაგრძელდა. ამას მოწმობს არაერთი კარიკატურა თუ პოლიციის იმდროინდელი ჩანაწერები.

მაშინდელ კონტექსტში ამ რეაქციებს ჰელმუტ ტრიშლერი „აბსოლუტურად გასაგებად“ მიიჩნევს. ტექნოლოგიური პროგრესი გადახედვას მოითხოვს და შეიძლება გამოიწვიოს შიში, რომლებზეც ადამიანები დიდი სიფრთხილით რეაგირებენ. "ახალი საგნები ემოციებს  იწვევს. ფაქტობრივად, ტექნოლოგიაც ყოველთვის ემოციებთან ასოცირდება", - განმარტავს გერმანელი ექსპერტი. არა და, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ სარკინიგზო ტრანსპორტი ჩვეულებრივი და შეუცვლელი სატრანსპორტო საშუალება გახდა. 

მოთხოვნა ბირთვულ ენერგიაზე 

მიუხედავად ამისა, ყველა ტექნიკური გამოგონება უარყოფით ემოციებს სულაც არ იწვევს. მაგალითად, ბირთვული ენერგია გერმანიაში თავიდანვე დიდი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გარეშე დაინერგა. პირველი გერმანული კვლევითი რეაქტორი 1957 წელს მიუნხენში აიგო, ოთხი წლის შემდეგ კი ბირთვული ენერგია ელექტრომომარაგების არსებულ სისტემაში ჩაერთო. 1960-იან წლებში ბირთვული ენერგია განიხილებოდა როგორც ნავთობისა და ნახშირის სუფთა და იაფი ალტერნატივა, რამაც ახალი ინდუსტრიული პროგრესის იმედი გააჩინა. 

ბირთვული ენერგიის მიმართ პირველი კრიტიკა გერმანიაში 1975 წელს გაისმა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე მდებარე ვილის (Wyhl am Kaiserstuhl) მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები კლიმატის ცვლილებებზე, წყლის დონის შემცირებასა და ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესაძლო პრობლემებზე საუბრობდნენ. ანტიბირთვული მოძრაობა გაძლიერდა, როდესაც 1979 წელს აშშ-ში, პენსილვანიის შტატის დედაქალაქ ჰარისბურგში უბედური შემთხვევა მოხდა. 

ამასთანავე, რადიოაქტიური ნარჩენების საცავების ნაკლებობაზე დაიწყო საუბარი. 1986 წლის ჩერნობილის ავარიის შემდეგ ამ მიმართულებით ადამიანების შიში კიდევ უფრო გამძაფრდა. „ფუკუშიმა-1“-ის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევა კი ბირთვული ენერგიის საწინააღმეგო მოძრაობაში გადამწყვეტი მომენტი გახდა. 2011 წელს, გერმანიის ბუნდესტაგმა გადაწყვიტა, ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე საბოლოოდ უარი ეთქვა. გერმანიაში უკანასკნელი ატომური ელექტროსადგური მიმდინარე წელს გამოირთო - 16 აპრილის ღამეს ხელისუფლებამ ქსელიდან გათიშა ბოლო სამი მოქმედი ატომური ელექტროსადგური - Isar 2 ბავარიაში, Neckarwestheim 2 ბადენ-ვიურტემბერგში და Emsland ქვემო საქსონიაში.  ასე დასრულდა გერმანიაში ბირთვული ენერგიის ეპოქა, რომელიც ექვს ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებას დღესაც მწვავედ აკრიტიკებენ, რადგან ამ ტექნოლოგიას პოლიტიკასა თუ საზოგადოებაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. კრიტიკა განსაკუთღებით აქტუალური გახდა რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის გამო. 

ადამიანი მანქანის წინააღმდეგ?

რამდენად მცირე შეიძლება იყოს ზღვარი პროგრესით გამოწვეულ აღფრთოვანებასა და ეჭვს, მხარდაჭერასა და უარყოფას შორის, ნათელი ხდება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებში. ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ამერიკელმა ჯონ მაკკარტიმ 1956 წელს. ის აღწერს ინფორმატიკის განყოფილებას, რომლის მიზანიც ადამიანური შესაძლებლობებით მანქანების აღჭურვაა. 

მრავალწლიანი განვითარებისა და კვლევის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროში სწრაფი ტემპით ვრცელდება. მაგალითად, გერმანიაში მალე გამოჩნდება ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი რადიო, სადაც ადამიანები არ იმუშავებენ. თუმცა ამ ტექნოლოგიის რისკების შესახებ მწვავე დებატები მთელ მსოფლიოში გრძელდება. კამათი ეხება ჩატბოტ ChatGPT-ს, რომელიც ონლაინ რეჟიმში 2022 წლის ნოემბერში გაეშვა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ჩატბოტს შეუძლია დამოუკიდებლად დაწეროს ტექსტები სულ რაღაც რამდენიმე წამში და მათ ერთი შეხედვით სულაც არ ეტყობათ, რომ მოწყობილობის  მიერ არის შექმნილი. 2023 წლის მარტში იტალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩატბოტი აკრძალა. ამ ეტაპზე ChatGPT იტალიაში კვლავ ხელმისაწვდომია, მაგრამ მხოლოდ მომხმარებელთა სავალდებულო ასაკობრივი შემოწმების შემდეგ.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შიში ეხება ყალბი ახალი ამბების ან დეზინფორმაციის გავრცელებას, ადამიანების პროფესიული მომავლისთვის საფრთხის შექმნასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევას. ჰელმუტ ტრიშლერი თვლის, რომ ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის შიში ტექნოლოგიის სირთულით არის გამოწვეული. "არსებობს განსაკუთრებული შიში  მსხვილ ტექნიკურ სისტემებთან დაკავშირებით, რომლებიც, როგორც ჩანს, ანონიმურია“- ამბობს ექსპერტი. ვატერის თქმით, შეშფოთება იმის შესახებ, თუ რამდენად კონკრეტულად აისახება ხელოვნური ინტელექტი ადამიანის მუშაობის შესაძლელობაზე, რაციონალურია. თუმცა პროგნოზებს იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, ადამიანის ყოველგვარი შემოქმედებითი ძალისხმევა ზედმეტი გახდება და უახლოეს მომავალში მსოფლიოს მანქანები დაიპყრობენ, გერმანელი მეცნიერი "პანიკას" უწოდებს. ”თუ წარსულისკენ გავიხედავთ, ვნახავთ, რომ არსებული შიშები არ რეალიზებულა”, - იხსენებს ტრიშლერი. თუმცა ეპოქის გათვალისწინებით, ისინი სავსებით გასაგებია. ექსპერტის თქმით, პროგნოზების გაკეთების უნარი შეიძლება სასარგებლოც კი იყოს, „რადგან ის გვეხმარება, შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში” და „ის ფაქტი, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვგონია, სინამდვილეში ნორმაა”.

სხვა თემები