18 სექტემბერი 2023 - 09:30

ინდოეთი თუ ბჰარატი: ვის უნდა ქვეყნის სახელწოდების შეცვლა და რატომ?

ფოტო: Facebook

ინდოეთის პრეზიდენტმა ოფიციალურ დოკუმენტში თავისი ქვეყანა „ბჰარატად“ პირველად მოიხსენია, რამაც სკანდალი გამოიწვია. კრიტიკოსების განმარტებით, ქვეყნის მოქმედ სახელწოდებაზე („ინდოეთი“) უარის თქმა ხელისუფლების ნაციონალისტური ხრიკია. 

რა ხდება?

ინდოეთის პრეზიდენტმა დრაუპადი მურმუმ 5 სექტემბერს G20 სამიტის მონაწილეებს ნიუ დელიში სადილის მოსაწვევები დაუგზავნა. ერთი შეხედვით, ეს არაფრით გამორჩეული ფაქტი არავის ყურადღებას მიიპყრობდა, რომ არა - ერთი დეტალი. მოსაწვევის ტექსტში მურმუ თავს ბჰარატის პრეზიდენტს უწოდებდა. ეს არის ინდოეთის ოფიციალური სახელწოდება სანსკრიტულად. 

დიპლომატიურ მოსაწვევში "ბჰარატის" გამოყენებამ შეშფოთება  გამოიწვია. ოპონენტების აზრით, პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის ინდური (ზოგიერთი ამბობს, ინდუისტური) ნაციონალისტური მთავრობა გეგმავს, უარი თქვას ქვეყნის ინგლისურ ოფიციალურ სახელწოდებაზე.  გარდა ამისა, ინდოეთის მთავრობამ ამ თვის ბოლოსთვის ჩანიშნა პარლამენტის ხუთდღიანი საგანგებო სხდომა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება, სახელწოდება „ბჰარატის“ უპირატესი გამოყენების შესახებ რეზოლუციის დამტკიცება. 

ერთი ქვეყნის ორი სახელი

ინდოეთის კონსტიტუციის 1-ლი მუხლი შემდეგნაირად იკითხება: „ინდოეთი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბჰარატი, შტატების კავშირად არის ჩამოყალიბებული“. უფრო მეტიც, ტექსტში გამოყენებულია როგორც ინგლისური, ასევე - სანსკრიტული სახელწოდებები იმ ქვეყნისა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1947 წელს მოიპოვა და იქამდე, თითქმის 200 წლის განმავლობაში, ბრიტანეთის იმპერიის კოლონია იყო.

ზოგადად, სახელწოდება „ბჰარატის“ გამოყენებას არ გამოუწვევია კამათი, რადგან ორივე ტერმინი თანაბრად გამოიყენება. თუმცა, ინდოეთის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ახალი ალიანსი შექმნეს, რათა მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას დაუპირისპირდნენ, აცხადებენ, რომ "ინდოეთის" გამოყენებაზე უარის თქმა შეცდომაა.

„სახელწოდება „ბჰარატის“ გამოყენებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური წინააღმდეგობა არ არსებობს, რადგან ორივე მათგანი ოფიციალურია. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მთავრობა არ იქნება ისეთი სულელი, რომ სრულად უარი თქვას „ინდოეთზე“, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ფასდაუდებელი ბრენდის ღირებულება აქვს“,-  დაწერა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შაში თარურმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter).  „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ორივე სახელწოდების გამოყენება და არ დავთმოთ ჩვენი უფლებები სახელზე, რომელიც ისტორიით სუნთქავს და რომელიც მთელ მსოფლიოშია აღიარებული“, - დასძინა მან.

ბჰარატი - „ეროვნული სიამაყის“ საკითხი

თავის მხრივ, მმართველი პარტია „ინდოეთის ნაციონალისტური პარტიის“ წარმომადგენლები თვლიან, რომ „ინდოეთის“ ნაცვლად სახელწოდება „ბჰარატის“ გამოყენება ხელს შეუწყობს ეროვნული სიამაყის განცდას და ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. "ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. პრეზიდენტმა უპირატესობა მიანიჭა სახელწოდება "ბჰარატს". ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება კოლონიალური აზროვნებისგან თავის დაღწევის მიმართულებით", - განმარტა ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში პრემიერმინსტრ მოდის კაბინეტის განათლების მინისტრმა დჰარმენდრა პრადჰანმა. 

სექტემბრის ბოლოს, გავლენიანი ინდუისტური ნაციონალისტური ორგანიზაცია Rashtriya Swayamsevak Sangh (RSS)-ის ხელმძღვანელმა მოჰან ბჰაგვატმა, რომელიც მმართველ პარტიას მხარს უჭერს, ინდოელებს მოუწოდა, სახელწოდება "ინდოეთის" გამოყენება შეწყვიტონ. "ჩვენი ქვეყანა არის ბჰარატი. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ "ინდოეთის" გამოყენება და ვიხმაროთ "ბჰარატი" ყველა პრაქტიკულ სფეროში", - ხაზგასმით აღნიშნა RSS-ის ხელმძღვანელმა. 

აღსანიშნავია, რომ RSS-ი მმართველი პარტიის მთავარ სულისჩამდგმელად მიიჩნევა.  მისი მიზანია გადააქციოს ინდუისტური რელიგიური საზოგადოება პოლიტიკურ ელექტორატად გადაიქცეს. RSS-ის კრიტიკოსების აზრით, მას სურს დაამყაროს ინდუისტური ჰეგემონია ინდუისტების უმრავლესობით, რათა ქვეყანაში არსებული რელიგიური უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკური პროცესებში გამორიცხოს. 

სახელწოდების შეცვლა მხოლოდ პოლიტიკური ხრიკია?

პოლიტიკური ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყნის მმართველ პარტიას სურს, შეისწავლოს პოლიტიკური ლანდშაფტი, რათა 2024 წლის საყოველთაო არჩევნების წინ თავისი კონსერვატორი ამომრჩეველი დაარწმუნოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტია სახელწოდების შეცვლაზე საუბრობს. 2014 წლიდან იცვლება ქალაქებისა და სხვა ისტორიული ადგილების სახელები ინდოეთში, ხელახლა იწერება ქვეყნის ისტორია და მიმდინარეობს ისტორიული ადგილების აღგენა, რათა ინდური ნაციონალისტური იდეოლოგია უფრო მომხიბვლელი აღმოჩნდეს. 

კოლონიურ წარსულთან კავშირის რადიკალური გაწყვეტის ერთ-ერთი მაგალითი იყო ნიუ დელის ცენტრში საპარლამენტო კომპლექსის განახლება. პროტესტის მიუხედავად, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მისი იერსახის ცვლილება მაინც დაამტკიცა. აღნიშნული კომპლექსი თარიღდება 1920-იანი წლებით, როდესაც ინდოეთი ბრიტანეთის კოლონია იყო. 35 ჰექტარი ფართობი, რომელიც არაერთ ისტორიულ ობიექტს შეიცავდა, მუზეუმებითა და სამთავრობო შენობებით საზოგადოებრივ ზონად გადაკეთდა. აღნიშნული პროექტი 2,1 მილიარდი ევროს ღირებულების იყო. რეკონსტრუქციის კრიტიკოსებმა მმართველი პარტია დაადანაშაულეს, რომ მათ ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული მეხსიერების შეცვლა და ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის პერიოდისთვის დამახასიათებელი აწ უკვე ისტორიული სიმბოლოს მოშორება სურთ. 

ნერვიულობს თუ არა მმართველი პარტია არჩევნების წინ?

სახელწოდება „ინდოეთის“ გამოყენების შეწყვეტა ადვილი საქმე არ იქნება. იურიდიული ექსპერტების აზრით, ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის უმრავლესობის ორი მესამედითა და სულ ცოტა, შტატების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა 50%-ის მიერ. პოლიტოლოგი რაშიდ კიდვაი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის წინადადება ქვეყნის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიის გაურკვევლობის ერთ-ერთი ნიშანია. „2014 და 2019 წლების საყოველთაო არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმა არ შექმნეს ალიანსი, რამაც აშკარა უპირატესობა მიანიჭა „ინდოეთის ნაციონალისტურ პარტიას“. ამჯერად გაერთიანებული ოპოზიცია, მკაფიო საარჩევნო სტრატეგიით, მმართველ პარტიას ძალიან ანერვიულებს და ამას ვერც მალავენ", - განუცხადა კიდვაიმ Deutsche Welle-ს.

სხვა თემები