15 ოქტომბერი 2017 - 01:15

ახალი ამბების ვებგვერდები სოკოსავით მომრავლდა. რომელს ვენდო?

ახალი ამბების ვებგვერდების რიცხვი მუდმივად იზრდება. საქართველოში მათი რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატიტიკა არ არსებობს. გვერდები სოკოსავით მომრავლდა, თუმცა, მათი უმრავლესობა არასანდოა და გამოუცდელი მომხმარებელი ხშირად ვერ ხვდება, უნდა ენდოს თუ არა ამა თუ იმ გამოცემას და მედიად რეგისტრირებულ ვებგვერდს.

სტატისტიკა საერთოდ არ არსებობს?

ერთადერთი წყაროა რეიტინგის მთვლელი პორტალი top.ge, რომელზეც ახალი ამბების კატეგორიაში რამდენიმე ასეული წყაროა რეგისტრირებული. მაგრამ ამ გვერდის მიერ წარმოებული სტატისტიკა ზუსტი არ არის რამდენიმე მიზეზის გამო: 1. აქ ყველა საინფორმაციო ვებგვერდი არ არის (მათ შორის, არც ჩვენ); 2. ის მხოლოდ ბეჭდურ ახალ ამბებთან დაკავშირებულ ვებგვერდებს არ მოიცავს, კატეგორიას ჰქვია "ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიო". 3. ამ გვერდზე დარეგისტრირება და ნებისმიერი კატეგორიის მითითება შეუძლია ყველას, ვისაც ვებგვერდი აქვს. შესაბამისად, მედიის კატეგორიაში შეხვდებით ვებდეველოპერების, ტელეშოუს "რა?სად? როდის?" და სულაც, საერთაშორისო ქრისტიანული საელჩოს ვებგვერდებს. აქედან გამომდინარე, მასზე დაყრდნობით ზუსტ სურათს ვერ მივიღებთ.  

როგორ შევამოწმო, ჩემთვის უცნობ ვებგვერდზე ახალი ამბავი სანდოა თუ არა?

ყურადღება მიაქციეთ ახალი ამბის სათაურს და პირველ აბზაცს. შინაარსით ისინი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. მაგალითად, თუ სათაურში რაღაცას მომხდარ ფაქტად გვაწვდიან, ხოლო პირველ აბზაცში ირკვევა, რომ ლაპარაკია მხოლოდ ინიციატივაზე - ეს უკვე ეჭვის საფუძველია. მაგალითად, თუ პარლამენტში რომელიღაც დეპუტატმა რაღაცის აკრძალვა მოითხოვა, ხოლო ამაზე შექმნილი ახალი ამბის სათაურში ნათქვამია, რომ “პარლამენტი [რაღაცას] აკრძალავს” - გამოცემა საეჭვოა.

ყურადღება მიაქციეთ ასევე ინტონაციას - კარგი ახალი ამბები ემოციის გარეშე იწერება, მათში აგრესიული ლექსიკა არ არის.

დააკვირდით, რა წყაროს ეყრდნობა გამოცემა და უთითებს თუ არა წყაროს საერთოდ. გამოცემა, რომელიც ინფორმაციის წყაროს უთითებს, არ ცდილობს თქვენს მოტყუებას და მანიპულირებას. მაგრამ ინფორმაციის სანდოობისთვის მხოლოდ წყაროს მითითება საკმარისი არ არის, რადგან წყაროსაც გააჩნია. მკითხველისთვის სანდოობის მხრივ კარგ ორიენტირად გამოდგება ბმულები ოფიციალურ მასალებზე (კანონებზე, პრესრელიზებზე), ისეთ საინფორმაციო სააგენტოებზე, რომელთა რეპუტაციაც მეტ-ნაკლებად ცნობილია, ასევე სხვა ავტორიტეტული გამოცემების სტატიებზე.

ნაკლებად სანდოა მასალა, რომელიც მხოლოდ “ანონიმურ წყაროს” ეყრდნობა. თუმცა, სხვაობა აქაც არის. მაგალითად, ნაკლებად ცნობილი ვებგვერდების ანონიმური წყაროები არასანდოა, მაგრამ რეპუტაციული და ტრადიციული მედიასაშუალებების ანონიმური წყაროები ხშირად - პირიქით, ხარისხიანია. იმავდროულად, ზოგიერთი ახალი ამბავი ანონიმური წყაროს გარეშე ვერც დაიწერებოდა.
                     
და ბოლოს, დააკვირდით, ვისი ციტატაა მოყვანილი სტატიაში. ერთია, როდესაც რესპონდენტი მოვლენების მონაწილეა, მაგრამ მეორეა - ადამიანი, რომელსაც ახალ ამბავთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგალითად, თუ პოლიტიკური შინაარსის ახალ ამბავზე კომენტარს აკეთებს მომღერალი X, ეს ნიშნავს, რომ ან ძალიან ცუდ ახალ ამბავს კითხულობთ ან იუმორისტულ ვებგვერდს.

თუ ახალი ამბის შესახებ მარტო ერთი გამოცემა წერს, ინფორმაცია სანდო არ არის?

ბევრი რამ გამოცემის რეპუტაციაზეა დამოკიდებული. ტაბლოიდები ნაკლებად სანდოა. ყურადღებით იყავით უბედურ შემთხვევებთან და კატასტროფებთან დაკავშირებულ ცნობებთან. სასურველია, ახალ ამბავს შემთხვევის ამსახველი ფოტოც ახლდეს.

საეჭვოა ახალი ამბავი, თუ გამოცემა მას ცალმხრივად აშუქებს. მიაქციეთ ყურადღება, არის თუ არა სტატიაში წარმოდგენილი დავის ან კონფლიქტის ყველა მხარე. იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე მხარემ ინფორმაციაზე ჯერ საკუთარი აზრი ვერ გამოთქვა, კარგად მომზადებულ ახალ ამბავში აუცილებლად ჩანს, რომ ეს მეორე მხარე არსებობს: ტექსტში მითითებული იქნება მიზეზი, თუ რატომ არ არის ამ მხარის კომენტარი, ასევე ჩანაწერი, რომ მას ახალი ამბავი ჯერ არ შეუფასებია.

ყველაფრის დამახსოვრება რთულია. ერთი, უნივერსალური რჩევა არ არსებობს?

არსებობს. როდესაც ახალ ამბავს კითხულობთ, რომელი გამოცემაც უნდა აქვეყნებდეს მას, ყოველთვის შეხედეთ დაწერილს ეჭვით. ეჭვი - საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ არ მოტყუვდეთ. თუ მოგეჩვენათ, რომ ინფორმაცია ბოლომდე სანდო არ არის, წაიკითხეთ ის სხვა გამოცემებშიც; ამბავი “დაგუგლეთ” და ნახეთ რამდენად ფართოდ გავრცელდა ეს ცნობა და აშუქებენ თუ არა მას გამოცემები, რომლებსაც თქვენ ენდობით.

კომენტარები ()

სხვა თემები