16 ოქტომბერი 2017 - 17:53

აშშ და ისრაელი UNESCO-ს ტოვებენ. ეს მნიშვნელოვანია?

12 ოქტომბერს, აშშ-მა და ისრაელმა განაცხადეს, რომ UNESCO-ს ტოვებენ. ვაშინგტონი ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით დარჩება, თელ-ავივი კი აცხადებს, რომ წევრობას შეიჩერებს. მიზეზი ორგანიზაციის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც 8 ივლისს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰებრონის ძველი ქალაქი და პატრიარქთა სამარხები კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში პალესტინური ძეგლის სტატუსით შეიყვანა. ისრაელის პროტესტის მიუხედავად, გადაწყვეტილება კრაკოვში გაერო-ს კულტურული კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციით დაამტკიცეს.   

UNESCO რა არის?

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხების ორგანიზაცია. მისი ოფიციალური ენებია ინგლისური, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული. ორგანიზაციის შტაბ-ბინა პარიზშია. UNESCO-ში 195 სახელმწიფოა გაწევრიანებული, ასევე 10 ასოცირებული წევრი (ავტონომიური ტერიტორიები, რომლებიც საკუთარ საგარეო პოლიტიკას არ აწარმოებენ. მაგალითად, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და მაკაო). აშშ-ს და ისრაელის წევრობის შეჩერების შემდეგ ორგანიზაციაში 193 წევრი-სახელმწიფო დარჩება. 

ორგანიზაცია როდის შეიქმნა?

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს, ქვეყნებმა, რომლებმაც შემდეგ გაერო დააფუძნეს, დაიწყეს დისკუსიები, რომლებიც ძირითადად, მშვიდობიან დროს, განათლების სისტემის აღდგენას ეძღვნებოდა. ომის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა ორგანიზაცია, რომელიც განათლების და კულტურის საკითხებზე იმუშავებდა.

UNESCO-ს წესდება 1945 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა და 1946 წლის 4 ნოემბერს ამოქმედდა - 20 სახელმწიფოს მიერ დოკუმენტის რატიფიკაციის შემდეგ.

საბჭოთა კავშირი ორგანიზაციას მხოლოდ 1954 წელს შეუერთდა (სტალინის სიკვდილის შემდეგ). სსრკ თავის უარს ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობაზე ფორმალური საბაბით ხსნიდა: თითქოს 1946 წელს, დამფუძნებელი კონფერენციის დროს ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს საბჭოთა წინადადება ორგანიზაციის დაფუძნების გადადებაზე. მაგრამ დასავლელ ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ იოსებ სტალინი თავიდანვე წინააღმდეგი იყო ორგანიზაციაში გაწევრიანების, რადგან ის ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტასთან კავშირების განვითარებას გეგმავდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ, სსრკ-სთან ერთად იუნესკოში გაწევრიანდნენ უკრაინის სსრ და ბელარუსის სსრ, რომლებიც გაეროს წევრები იყვნენ მისი დაფუძნების დღიდან.

საქართველო UNESCO-ს სრულუფლებიანი წევრი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წლის 7 ოქტომბერს გახდა.

რას საქმიანობს UNESCO?

ორგანიზაცია 5 მთავარ პროგრამას ახორციელებს. ესენია, განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, კულტურა, კომუნიკაცია და ინფორმაცია. 

იმავდროულად, ის ახორციელებს რამდენიმე გრძელვადიან პროექტს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ადამიანის ურთიერთქმედება მის ბუნებრივ გარემოსთან (განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნების და მისი შემცირებისგან დანაკარგების შედეგებს), მსოფლიოს მემკვიდრეობის ობიექტების შენარჩუნება (მაგალითად, იელოუსტონის ნაციონალური პარკის და აშშ-ის თავისუფლების ქანდაკების, ბრიტანეთის სტოუნჰენჯის), არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცა (მაგალითად, ტრადიციული მუსიკის, ცეკვების, რიტუალების და ფესტივალების, ხელობების), ასევე დოკუმენტური მემკვიდრეობის შენარჩუნება და ინფორმაციის(ისტორიულ დოკუმენტებთან, არქივებთან) ხელმისაწვდომობა.

ორგანიზაციის ბიუჯეტს ვინ ადგენს?

ორგანიზაციის ბიუჯეტი დგება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გენერალურ კონფერენციაზე. 2016-2017 ფინანსური წლის ბიუჯეტი 667 მილიონი დოლარია. ის შედგება ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების საწევრო შენატანებისგან. მისი მოცულობა განისაზღვრება სკალით, რომელიც გაეროს შენატანების სკალას შეესაბამება.

მას შემდეგ, რაც 2011 წელს, UNESCO-მ პალესტინის ავტონომია სრულუფლებიან წევრად მიიღო, შეერთებულმა შტატებმა ორგანიზაციის დაფინანსებაში მონაწილეობა შეწყვიტა. ის წელიწადში 80 მილიონ დოლარს იხდიდა. მაშინ ვაშინგტონმა და თელ-ავივმა ორგანიზაციის გადაწყვეტილება დაგმეს.

დაფინანსების შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მომენტისთვის UNESCO-ს ბიუჯეტში აშშ-ის შენატანი საერთო თანხის 22%-ს შეადგენდა. ჟურნალ Foreign Policy-ის ცნობით, აშშ-ს დღევანდელი გადაწყვეტილება იმანაც განაპირობა, რომ საწევროს გადაუხდელობის გამო ქვეყანას ორგანიზაციის წინაშე 500 მილიონ დოლარზე მეტი ვალი დაუგროვდა.

კიდევ ვის ჰქონდა კონფლიქტი ორგანიზაციასთან?

გაეროს წევრ ყველა ქვეყანას აქვს UNESCO-ს ავტომატური წევრობის უფლება. ამ ორგანიზაციის ისტორიის განმავლობაში ბევრი მათგანი ტოვებდა და შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა მის შემადგენლობაში.

აშშ-მა ადრეც დატოვა ორგანიზაცია. 1984 წელს, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციამ UNESCO-დან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ის კორუფციასა და საჭოთა კავშირის მიმართ იდეოლოგიურ ლოიალურობაში დაადანაშაულა. 2003 წელს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს აშშ-მა ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობა დაიბრუნა.

1985 წელს ორგანიზაციიდან გავიდა დიდი ბრიტანეთი, მაგრამ წევრობა 1997 წელს, მთავრობის შეცვლის შემდეგ აღიდგინა.

2016 წელს UNESCO-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა ისრაელმაც, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია იერუსალიმის წმინდა ადგილების შესახებ, რომელშიც დაგმო მუსლიმებისთვის ამ ადგილებთან წვდომის შეზღუდვა. რეზოლუციაზე პასუხად, ისრაელის განათლების მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორ ირინა ბოკოვას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ორგანიზაცია იუდეველთა იერუსალიმთან ათასწლოვანი კავშირის იგნორირებასა და "ისლამური ტერორიზმის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

სხვა თემები