21 ნოემბერი 2023 - 10:59

შოპინგის მოყვარულთა დღესასწაული - საიდან მოდის „შავი პარასკევის“ ტრადიცია

„შავი პარასკევი“ - ფასდაკლებების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური აქციაა, რომელიც ამერიკაში გაჩნდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა, თუმცა, ყველა ქვეყანაში განსხვავებულ დროსა და განსხვავებული მასშტაბით იმართება. 

მართალია, შოპინგის მოყვარულთათვის „შავი პარასკევი“ გრანდიოზული დღესასწაულია, მაგრამ მაღაზიების თანამშრომლები სწორედ ამ დღეს თვლიან ყველაზე დიდ გამოწვევად, რადგან უმძიმეს სტრესს განიცდიან და ხშირად სამუდამოდ ემშვიდობებიან სამუშაოს, მათ კი, ვინც ბოლომდე გმირულად უძლებს „განსაცდელს“, ბონუსად იღებს ხელმძღვანელობისგან ერთკვირიან შვებულებას სუფთა ჰაერზე სეირნობისა და ფსიქოლოგთან კონსულტაციის რეკომენდაციით.  

„შავი პარასკევის’’ ისტორია

„შავი პარასკევი“, რომელიც ტრადიციულად ნოემბრის ბოლო კვირას, მადლიერების დღის მეორე დღეს ეწყობა, ნამდვილი ამერიკული „გამოგონებაა“. პირველად ტერმინი 1869 წლის 24 სექტემბერს გამოიყენეს საფონდო ბირჟაზე, როცა ოქროს კურსის 30-პროცენტიანმა ვარდნამ პრაქტიკულად სრულად გაანადგურა მცირე ბიზნესი. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში კი, „შავი პარასკევის“ სახელით ფილადელფიის საგზაო პოლიციამ მოიხსენია მადლიერების დღის შემდეგ გადატვირთული ქუჩები და გაუვალი საცობები, რომელთაც სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვიეს. 

თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად, ტერმინი ამერიკელი მეწარმეების საბუღალტრო ჩანაწერების წყალობით გაჩნდა, როცა ზარალი წითელი, შემოსავალი - შავი მელნით კეთდებოდა, მადლიერების დღის შემდგომ მასობრივ გაყიდვებს კი, ყოველთვის სოლიდური მოგება მოჰქონდა. საბოლოოდ შავი ფერი ნოემბრის ბოლო პარასკევმა მხოლოდ 1980-იან წლებში შეიძინა, როცა არა მხოლოდ გასული დღესასწაულის, არამედ წინა საშობაო გაყიდვების სეზონის გახსნის დღედ იქცა.

აღსანიშნავია, რომ ფასდაკლების პირველი აქცია „ყველაფერი 5 ცენტად“, ამერიკელმა მეწარმემ ფრანკ ვულვორტმა მოაწყო მე-19 საუკუნის ბოლოს. მანვე შემოიღო ფასის იარლიყი, საკვები პროდუქტის უფასოდ დაგემოვნების ტრადიცია და ფასდაკლება სხვადასხვა პროდუქციაზე. მოგვიანებით კი, უმსხვილესი საცალო მაღაზიების ქსელი Woolworth შექმნა, რომელიც დღესაც გამართულად მუშაობს და საუკეთესო სავაჭრო ობიექტის რეპუტაციით სარგებლობს. 

მზადება შოპინგისთვის

„შავი პარასკევი“ არა ოფიციალური დღესასწაული, არამედ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციაა, თუმცა ამერიკის შტატების უმეტესობამ მაინც უქმე დღედ გამოაცხადა, რადგან მადლიერების დღის აღნიშვნით მოქანცული ამერიკელები, რომელთაც ნაკლებად აქვთ სამუშაო განწყობა, სწორედ პარასკევს სარგებლობენ კუთვნილი დასვენების დღით. სამსახურიდან გაძევების მუქარით მსხვილი კომპანიების მესვეურები დიდხანს ცდილობდნენ „მავნე ტრადიციის“ აღკვეთს, თუმცა, ვერაფერს გახდნენ და საბოლოოდ უმრავლესობის ნებას დაემორჩილნენ.  

მართალია, გასულ საუკუნეში მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები დილის 6 საათზე იღებოდა, მაგრამ ახალმა ასწლეულმა ჩვევებიც ახალი მოიტანა და დღეს მაღაზიების დიდი ნაწილი დილის 4 საათიდან მასპინძლობს მოუთმენელ კლიენტებს, რომლებიც ხშირად მთელი კვირით ადრე, საკუთარი კარვებით იკავებენ „საბრძოლო პოზიციებს“ და თავადვე აწესრიგებენ რიგს ახლად შემატებულთათვის.   

მომაკვდინებელი „შავი პარასკევი“

სამწუხაროდ, „შავი პარასკევი“ არც ისეთი უწყინარი და სახალისო დღეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან გამორჩენის სურვილით შეპყრობილი „შოპაჰოლიკები“ არც ერთმანეთს ინდობენ, არც საკუთარ თავს და დაუფიქრებლად ებმებიან ხელჩართულ ბრძოლაში ხშირად ცივი იარაღის გამოყენებით. 

არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა 2008 წელს ჩიკაგოში, როცა ბრბომ კარი შეამტვრია და ფეხით გათელა მაღაზიის 34 წლის თანამშრომელი, 2019 წელს კონფლიქტში ჩაბმულმა მყიდველებმა პირდაპირ პორტლენდის სავაჭრო ცენტრში მოაწყვეს ორმხრივი სროლა, ნიუ-იორკელმა ხელმოცარულმა მყიდველმა კი, იარაღის მუქარით აიყვანა მძევლად გამყიდველი და მანამდე იმუქრებოდა მისი მოკვლით, სანამ პოლიციამ არ დააშოშმინა, თუმცა ანტირეკორდი მაინც 2006 წელს დამყარდა, როცა 7 ადამიანი დაიღუპა მთელი ამერიკის მასშტაბით, 100-მდემ კი, მძიმე დაზიანება მიიღო. 

გასული წლის შედეგები

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია „შავი პარასკევის“ საერთო შემოსავლის დათვლა, რადგან გაყიდვების აქცია ხშირად რამდენიმე დღით ადრე იწყება და კვირის ბოლომდე გრძელდება, თუმცა, ამერიკის საცალო ვაჭრობის ეროვნულმა ფედერაციამ მაინც შეძლო მონაცემების შეგროვება, რომლებიც ნაკლებად სანუგეშო აღმოჩნდა სავაჭრო ცენტრებისთვის, რადგან გასულ წელს ლიდერობა ონლაინ-რეთეილერებმა გადაიბარეს. მეტიც, 2022 წელს ამერიკელებმა, რომელთაც საერთო ჯამში 9,12 მილიარდი დოლარი დახარჯეს ონლაინ-მაღაზიებში, არა მხოლოდ 2021-ის, არამედ 2020 წლის რეკორდიც დაძლიეს, როცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე სწორედ ინტერნეტ-შოპინგმა მოიპოვა პოპულარობა. საინტერესო აღმოჩნდა ე.წ. „კიბერორშაბათის“ შედეგებიც, რადგან ონლაინ-მაღაზიებმა ფასდაკლების აქცია გააგრძელეს და მეტად მაცდუნებელი შეთავაზებებით აიძულეს ონლაინ-მყიდველებს შოპინგში ჩაბმა. 


 


 

ლიდერთა ხუთეულში ჯორჯიის, ვისკონსინის, ილინოისის, ვირჯინიის და ნიუ-იორკის შტატები გაერთიანდნენ. მართალია, ქალბატონები წლების განმავლობაში ითვლებოდნენ საუკეთესო „მხარჯველებად“, მაგრამ შარშან მამაკაცებიც წამოეწივნენ, რომელთაც მყიდველთა 45 პროცენტი შეადგინეს, ყველაზე გაყიდვად პროდუქციად კი, ისევ კოსმეტიკა და პარფიუმერია, ბრენდული სამოსი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სპორტული ინვენტარი დარჩა.  

სხვა თემები