26 იანვარი 2024 - 19:43

რომელ ქვეყნებში მიმართავენ სასჯელის უმაღლეს ზომას და რამდენი ადამიანი ისჯება სიკვდილით ყოველწლიურად?

ფოტო: Getty Images

ცოტა ხნის წინ, იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომლის მიერ გაჩენილმა ხანძარმა 36 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ სასჯელის უმაღლესი ზომა გააუქმა, სიკვდილით დასჯის შემთხვევების საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში იზრდება. უფრო მეტიც, Amnesty International-ის ცნობით, სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი 2022 წელს, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი იყო. 

რამდენ ქვეყანაში მოქმედებს სასჯელის უმაღლესი ფორმა?

არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ მოპოვებული უახლესი მონაცემებით, 2022 წელს:

  • სიკვდილით დასჯას 55 ქვეყანამ მიმართა;
  •  აქედან მხოლოდ ცხრა ქვეყანაში მიმართეს სასჯელის უმაღლეს ზომას ისეთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორიცაა, მრავალჯერადი მკვლელობა ან ომის დანაშაული;
  • ამ საერთო რაოდენობიდან 23 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა დაშვებულია, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რამდენ ადამიანს სჯიან სიკვდილით ყოველწლიურად?

Amnesty International-ის მონაცემები ოფიციალური ციფრების, მედია ანგარიშების, სიკვდილმისჯილების, მათი ოჯახის წევრებისა და წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით არის შედგენილი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი სიკვდილით დასჯის სტატისტიკას არ აქვეყნებს. ამიტომაც, მისი გამოკლებით, Amnesty International-მა, 2022 წელს, მთელ მსოფლიოში 883 სიკვდილით დასჯის შემთხვევა დააფიქსირა. 2017 წლის შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უფრო მეტიც, 2021 წელთან შედარებით (579 ადამიანი), სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენების შემთხვევები 53%-ით არის გაზრდილი. თუმცა ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე - 1988, 1989 ან თუნდაც 2015 წელს, როდესაც წელიწადში 1500-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. 

რომელ ქვეყნებში მიმართავენ სიკვდილით დასჯას ყველაზე ხშირად?

2022 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა სისრულეში მოიყვანეს 20 ქვეყანაში, 2021 წელს კი - 18-ში. Amnesty International მიიჩნევს, რომ სიკვდილით დასჯა ყველაზე ხშირია ჩინეთში. ითვლება, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ისჯება სიკვდილით, თუმცა ამის დადასტურება შეუძლებელია. ჩინეთის გარდა, სასჯელის უმაღლეს ზომას ყველაზე ხშირად მიმართავენ ირანში, საუდის არაბეთში, ეგვიპტესა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან

ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ იყენებს სიკვდილით დასჯის მეთოდს, არის ბელარუსი. აქ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც შენარჩუნდა სასჯელის უმაღლესი ზომა, რომელიც საბჭოთა კანონმდებლობით დაშვებული იყო. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, ბელარუსში ყოველწლიურად სიკვდილით ისჯება რამდენიმე ადამიანი მაინც - 2018 წელს - 2, 2017 წელს - 4. სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო კოალიცია იუწყება, რომ ამ ეტაპზე ბელარუსში სასჯელის უმაღლესი ზომა აქვს მისჯილი 4 ადამიანს, 2022 წელს სიკვდილით დასაჯეს ერთი პატიმარი. წინა ორ წელიწადში, იმავე ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში არცერთი ადამიანი არ დასჯილა სიკვდილით. 

უფლებადამცველები ქვეყნის ხელისუფლებას სიკვდილით დასჯის მორატორიუმის შემოღებისკენ მოუწოდებენ. თუმცა ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ ბელარუსის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1996 წლის რეფერენდუმზე ხმა მისცა სიკვდილით დასჯას. გასული წლის მარტში, ბელარუსში, შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლებითაც სახელმწიფო მოხელეებისა და სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურეების მიმართ სიკვდილით დასჯის გამოყენების არეალი გაფართოვდა. 

როგორ შეიცვალა სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში?

Amnesty International-ი თავის ანგარიშში ასახელებს მსოფლიოს 11 ქვეყანას, სადაც ადამიანების სიკვდილით დასჯა ყველაზე ხშირად ხდება. ამ ჩამონათვალშია ჩინეთი, ეგვიპტე, ირანი, ერაყი, საუდის არაბეთი, შეერთებული შტატები, ვიეტნამი და იემენი. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ კორეა "სავარაუდოდ, რეგულარულად იყენებს სიკვდილით დასჯის მეთოდს", მაგრამ ამის დადასტურება შეუძლებელია. 2022 წელს, საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი იყო. ხუთმა ქვეყანამ - ბაჰრეინმა, კომორის კუნძულებმა, ლაოსმა, ნიგერიამ და სამხრეთ კორეამ - 2022 წელს ადამიანებს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს, მაგრამ რამდენიმე წელია, განაჩენი სისრულეში არ მოუყვანიათ. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯილთა რიცხვი გაიზარდა 2021 წლიდან, ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე - 1999 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა პიკს მიაღწია. 

რამდენმა ქვეყანამ გააუქმა სიკვდილით დასჯა?

112 ქვეყანა სიკვდილით დასჯის მეთოდს საერთოდ არ მიმართავს. მაშინ როდესაც, ეს მაჩვენებელი 1991 წელს 48 იყო. 2022 წელს, ექვსმა ქვეყანამ  სრულად ან ნაწილობრივ გააუქმა სიკვდილით დასჯა. კერძოდ, ოთხმა ქვეყანამ - ყაზახეთმა, პაპუა -ახალმა გვინეამ, სიერა ლეონეს რესპუბლიკამ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ - მთლიანად გააუქმა. ეკვატორულმა გვინეამ და ზამბიამ განაცხადეს, რომ სიკვდილით დასჯა მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის იქნება დაშვებული. 2023 წლის აპრილში, მალაიზიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სავალდებულო სიკვდილით დასჯის გაუქმებას 11 მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის -  მკვლელობისა და ტერორიზმისთვის. განას პარლამენტმა 2023 წლის ივლისში სიკვდილით დასჯა სრულად გააუქმა.

სხვა თემები