08 ივლისი 2017 - 16:08

მარში - ვინ არიან და რა უნდათ აქციის ორგანიზატორებს?

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისსა და ბათუმში საპროტესტო მსვლელობის, ეგრეთ წოდებული “ქართული მარშის” მოწყობა იგეგმება ლოზუნგით - “ქართული საქართველოსთვის”. ითქვა, რომ პროტესტის მიზეზი ახალციხეში დაკავებული ირანის მოქალაქის მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება გახდა.

რა ბრალდებით არის დაკავებული ირანის მოქალაქე?

შსს-ს ცნობით, სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე პოლიციამ 2017 წლის მარტის შუა რიცხვებში დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ირანის დაპატიმრებულ მოქალაქეს, ჰ.ფ.ქ.-ს ბრალად ედება სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა ხუთ ეპიზოდში (სსკ-ის 18-140-ე მუხლით). ირანელის საქმის არსებითი განილვა ახალციხის სასამართლოში მიმდინარეობს და ბრალდებულის თხოვნის მიუხედავად, მასთან არ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება, რადგან “მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს“.

ირანელი თუ დაპატიმრებულია, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები რას ითხოვენ?

“ქართული მარშის” ორგანიზატორთა მოთხოვნები კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს სცდება და შინაარსით და სულისკვეთებით პოლიტიკურია. ორგანიზატორები ითხოვენ: საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, ქვეყნიდან არალეგალების (ირანელების, არაბების, აფრიკელების) გაძევებას, ბინადრობის უფლების გაცემაზე და მოქალაქეობის მინიჭებაზე კონტროლის გამკაცრებას; კრიმინალი უცხოელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

ვინ არიან აქციის ორგანიზატორები?

გამოკვეთილი ორგანიზატორი მოძრაობა „ეროვნულების“ დამფუძნებელი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძეა, რომელიც პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე ასლან აბაშიძის პოლიტიკური ძალის, “აღორძინების” ერთ-ერთი ლიდერი იყო; აქციის მხარდამჭერები არიან “სამოქალაქო სოლიდარობის“ დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი და “მამული, ენა, სარწმუნოება”-ს ლიდერი (ან ყოფილი ლიდერი) ლადო სადღობელაშვილი. აქციას მხარს უჭერს რადიკალი ნაციონალისტების მოძრაობა „წინააღმდეგობა - მომავლისთვის“.

დაგეგმილი “ქართული მარშის” დევიზია „ქართული საქართველოსთვის" - ალუზია 1980-იანი წლების ბოლოს ქართულ ნაციონალისტურ ლოზუნგზე "საქართველო ქართველებისთვის", რომელსაც თანამედროვე საქართველოში კიდევ ერთი ულტრანაციონალისტური ჯგუფი "ქართული ძალა" იყენებს. ამ ჯგუფს ქართულ ფორუმებზე ქართველ ნეონაცისტებად მოიხსენიებენ.
    
"ქართული ძალის" ყველაზე ხმაურიანი აქცია გასული წლის სექტემბერში აღმაშენებელის გამზირზე ჩატარდა, რა დროსაც ისინი თურქულ და ირანულ რესტორნებთან „დიდება ერს, სიკვდილი მტერს“ გაჰყვიროდნენ. თბილისში ვეგეტარიანელების კაფის დარბევაც ამ ჯგუფის სახელს უკავშირდება.

"ქართულ მარშზე" "ქართული ძალის" გამოჩენასაც ელოდებიან. 

რა კავშირი აქვს “ქართულ მარშს” “რუსულ მარშთან”?

“ქართული მარშის” ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ მათ “რუსულ მარშთან” არანაირი კავშირი არ აქვთ, თუმცა დაანონსებული აქცია სახელწოდებითაც და შინაარსითაც ყველაზე ახლოს მის რუსულ ანალოგთან დგას.

რუსული მარში” რუსეთის ფედერაციაში 2005 წლის 4 ნოემბრიდან ყოველწლიურად ტარდება. მასში რუსული ნაციონალისტური ორგანიზაციები, მათ შორის რადიკალი სკინჰედები და ნეონაციტები მონაწილეობენ. ფორმალურად მსვლელობა რუსეთის სახელმწიფო დღესასწაულს - ნაციონალური ერთობის დღეს ეძღვნება. 2006 წელს “რუსული მარშის” ორგანიზატორი გახდა “მოძრაობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ”, რომლის ლიდერი ალექსანდრ ბელოვი სათავეში ჩაუდგა საზოგადოებრივ საბჭოს, რომელშიც გაწევრიანდნენ რუსეთის დუმის ნაციონალისტი დეპუტატები: დიმიტრი როგოზინი, ვიქტორ ალქსნისი, ანდრეი საველიევი და სხვები. ხშირად რუსული მარშები, რომლის ლოზუნგებია “ჩვენ გავათავისუფლებთ რუსეთს!”, “რუსები გავერთიანდებით” და სხვა, ძალადობით სრულდება.

2009 წლის შემდეგ ანალოგიური სახელწოდების მარშს აწყობენ ხოლმე პროპუტინური ახალგაზრდული მოძრაობის “ნაშის” წევრები და მხარდამჭერები.

რუსული მარშები მარტო რუსეთში ტარდება?

არა. რუსული მარშის ანალოგიური აქციები ტარდება ხოლმე მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, ყაზახეთში, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში, ბელარუსში.

რაც შეეხება ანტიმიგრაციული შინაარსის საპროტესტო გამოსვლებს, მას ევროპის ქვეყნებშიც (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, უნგრეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია) აწყობენ, და როგორც წესი, ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური და ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფები. ასეთი აქციები ხშირად პოლიციასთან და კონტრაქციების მონაწილეებთან შეტაკებებით და ძალადობის ესკალაციით მთავრდება.  

სექსუალურ დანაშაულებს საქართველოში მარტო უცხოელები სჩადიან?

არა. თუმცა, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც, კანონს, საქართველოს მოქალაქეების გარდა, არღვევენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. ისევე როგორც ამ ტიპის დანაშაულის მსხვერპლი, საქართველოს მოქალაქის გარდა, უცხოელიც გამხდარა ხოლმე.

მაგრამ მსგავსი შემთხვევები ყოველთვის არ ხდება ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. დანაშაულის გასაჯაროების მასშტაბი ბევრ ფაქტორზე, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფების ინტერესის გააქტიურებაზე და შესაბამისად, მედია გაშუქების ინტენსივობაზეა დამოკიდებული.

ბოლო დღეებში უცხოელების მხრიდან ჩადენილი სექსუალური დანაშაულების მიმართ საზოგადოების მაღალმა ინტერესმა საინფორმაციო ველში კიდევ ერთი მსგავსი საქმე მოახვედრა. რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ შსს-მ არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო ინდოეთის ორი მოქალაქე დაკავა. ორივეს პატიმრობა შეუფარდეს.  

რამდენად ხშირია სექსუალური დანაშაულის ფაქტები საქართველოში?

თებერვლის დასაწყისში საქართველოს საერთო სასამართლოების სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, 2016 წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულის რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია. დანაშაულთა კრიტიკული უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებმა ჩაიდინეს.

2016 წელს მარტო პედოფილიისთვის 221 ადამიანი დაისაჯა, 2015 წელს - 103.

მკვეთრად იმატა ოჯახის წევრთან დანაშაულებრივი სქესობრივი კავშირის რაოდენობამაც.

7-დან 18-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, რომელთაც 16 წელს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების ჩადენა დაუდასტურდათ. მათგან 17-ს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ერთს - პირობითი მსჯავრი.

2016 წელს 2 ადამიანს შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, რომლებმაც 14 წელს მიუღწეველი პირი გააუპატიურეს. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების გამო ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ 2015 და 2016 წლებში ორი ადამიანი გასამართლდა, ორივეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს ბავშვებზე ძალადობის 755 ფაქტიდან 40 საქმე ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ან მის მიმართ გარყვნილ ქმედებას შეეხებოდა.

კომენტარები ()

სხვა თემები