14 თებერვალი 2024 - 12:23

წმინდა ვალენტინის დღე: ისტორია და ტრადიციები

„ვალენტინობა“ ანუ წმინდა ვალენტინის დღე, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება, ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე რომანტიკული დღესასწაულია, რადგან სიყვარულსა და შეყვარებულებს ეძღვნება. მართალია, წმინდა ვალენტინის დღე კათოლიკურმა ეკლესიამ მე-5 საუკუნეში შემოიღო წმინდანის ხსოვნის პატივსაცემად, მაგრამ ასწლეულების შემდეგ საეკლესიო დღემ საერო დღესასწაულის სტატუსი შეიძინა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 

ლუპერკალია - წარმართული დღესასწაული

წმინდა ვალენტინის დღე სულ მცირე 15-საუკუნოვან ისტორიას ითვლის, თუმცა წარმართული ტრადიციებით გამართული „სიყვარულის დღესასწაულები“ ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში სარგებლობდა პოპულარობით. 

უძველეს რომში 14 თებერვალს ლუპერკალია - წარმართული ღვთაების - ლუპერკის პატივსაცემად მოწყობილი სადღესასწაულო მსვლელობა და მსხვერპლთშეწირვა იმართებოდა. შეწირული ცხოველების ტყავისგან მამაკაცები მათრახებს აკეთებდნენ  და ნახევრად შიშვლები დარბოდნენ ქალაქის ქუჩებში შემთხვევითი გამვლელების გამათრახების სურვილით. სისასტიკის მიუხედავად, ქალები მაინც დიდ გამართლებად თვლიდნენ ამგვარ „გამათრახებას“, რადგან სჯეროდათ, რომ მშობიარობაც მსუბუქი ექნებოდათ და მონაგარიც - მრავალრიცხოვანი. 14 თებერვალს აღინიშნებოდა რომში დედობის მფარველი ქალღმერთს იუნონას დღესასწაულიც, როცა გასათხოვარი გოგოები უზარმაზარ ურნაში აგროვებდნენ წერილებს, კაცები კი, რიგ-რიგობით იღებდნენ რომანტიკულ გზავნილებს და სწორედ მათ ავტორებზე ქორწინდებოდნენ.   
 

წმინდა ვალენტინი

მართალია, უამრავი ლეგენდა არსებობს წმინდა ვალენტინზე, მაგრამ ყველაზე რომანტიკული ქრისტიანი ღვთისმსახურის ისტორიას აღწერს, რომელიც 269 წელს მოღვაწეობდა და კლავდიუს მეორის მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, ფარულად აქორწინებდა რომის იმპერიის ლეგიონერებს თავის რჩეულებზე. აღსანიშნავია, რომ კლავდიუსმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ოჯახური ტვირთი ჯარისკაცს არა მხოლოდ ბრძოლის განწყობას, არამედ ცხოვრების ხალისსაც უკარგავდა, სპეციალური ბრძანება გამოსცა და მებრძოლებს ქორწინება აუკრძალა, ურჩებს კი, ვინც მის ბრძანებას დაარღვევდა, მკაცრი სასჯელით დაემუქრა. ერთ-ერთი პირველი ურჩთა შორის ბერი ვალენტინი აღმოჩნდა, რომელიც სწორედ ოჯახის სიწმინდეს მიიჩნევდა უმთავრესად, მთელი გულით თანაუგრძნობდა შეყვარებულებს და საიდუმლოდ წერდა ჯვარს ჯარისკაცებს. თუმცა, კლავდიუსმა მაინც შეიტყო ბერის ფარული საქმიანობის შესახებ, საპყრობილეში გამოამწყვდია და თავის მოკვეთა მიუსაჯა. 

საპატიმროში ვალენტინი ჯალათის უსინათლო ქალიშვილს შეუყვარდა, რომელსაც მართალია დაუქორწინებლობის აღთქმის გამო უარით უპასუხა, მაგრამ სასჯელის აღსრულების წინა ღამეს მეტად ემოციური წერილი მისწერა და საკუთარ გრძნობებში გამოუტყდა. ლეგენდის თანახმად, გოგონას, რომელმაც ვალენტინის სიკვდილით დასჯის შემდეგ მიიღო მისი წერილი, წაკითხვისთანავე აეხილა თვალი. სავარაუდოდ, სწორედ შეყვარებული ღვთისმსახურის წერილმა ჩაუყარა საფუძველი წმინდა ვალენტინის დღეს სასიყვარულო ღია ბარათების - ე.წ. „ვალენტინების“ წერის ტრადიციას.  

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი - კათოლიკური ეკლესიის ვერსია, რომლის თანახმად ღვთისმოსავმა ვალენტინმა მართლაც განკურნა სახელმწიფო მოხელის, ვინმე გაიუსის უსინათლო ქალიშვილი. სასწაულით აღფრთოვანებული გაიუსი თვითონაც მოინათლა და ოჯახიც გააქრისტიანა. სწორედ ქრისტიანობის ქადაგებისთვის მოკვეთა თავი კლავდიუსმა ვალენტინს, კათოლიკურმა ეკლესიამ კი, წმინდანად შერაცხა და მხოლოდ მოგვიანებით, ლუპერკალიის საპირწონედ შემოიღო წმინდა ვალენტინის დღე, რადგან სხვაგვარად შეუძლებელი აღმოჩნდა პოპულარული წარმართული დღესასწაულის გაუქმება. 

მართალია, ორი საუკუნის შემდეგ წმინდა ვალენტინი ოფიციალურად გამოცხადდა შეყვარებულთა მფარველად, მაგრამ 1969 წელს მისი სახელი საერთოდ ამოიღეს კათოლიკური ეკლესიის ლიტურგიული კალენდრიდან, რადგან არც მოწამებრივი ცხოვრების, არც თავის მოკვეთის დამადასტურებელი ფაქტები არ მოიძებნა.   

ვალენტინობის ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

პოპულარულ დღესასწაულს, რომელიც მე-13 საუკუნის ევროპაში აღინიშნა პირველად და მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ გავრცელდა ამერიკაში, დღეს ყველა ერთნაირი ხალისით, თუმცა განსხვავებული ტრადიციებით აღნიშნავს. 

 

დიდი ბრიტანეთი და გერმანია

ინგლისში ვალენტინობის დღეს საბედოზე მკითხაობაა მიღებული. გასათხოვარი გოგონა ადრიან დილას იხედება ფანჯრიდან და ვისაც პირველს დაინახავს, სწორედ მას სთხოვს მიჯნურობას. ყველაზე გავრცელებულ საჩუქრად ინგლისელები სილამაზისა და სიყვარულის უძველეს სიმბოლოს - ვაშლს მიიჩნევენ, რომელსაც საყვარელ ადამიანებს ჩუქნიან. ორიგინალური ტრადიცია აქვთ უელსელ ახალგაზრდებსაც, რომლებიც საკუთარი ხელით ამზადებენ ხის კოვზებს, გულებით, გასაღებებით აფორმებენ და რჩეულებს ჩუქნიან, რადგან ითვლება, რომ სწორედ „სიყვარულის კოვზს“ შეუძლია საყვარელი ადამიანის „გულის გახსნა“. 

ირლანდიელები თებერვალში წმინდა ვალენტინთან ერთად წმინდა ოსვალდის დღესაც აღნიშნავენ, რომელიც 29 თებერვალს ემთხვევა. გოგონებს მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ ეძლევათ შანსი შესთავაზონ რჩეულებს მეუღლეობა, რაზეც მამაკაცებს არ აქვთ უარის თქმის უფლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 29 თებერვალს მამაკაცები მაქსიმალურად ერიდებიან ქუჩაში გასვლას, რათა თავი დააღწიონ მოულოდნელ უსიამოვნებებს. მსგავსი შეთავაზებით მიმართავენ შოტლანდიელი გოგონებიც რჩეულ მამაკაცებს. მართალია, მეზობელი ირლანდიელებისგან განსხვავებით შოტლანდიელებს მაცდუნებელი შეთავაზების უარყოფა შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ 100 ფუნტის გადახდის შემდეგ. 

გერმანიაში ყველამ კარგად იცის, რომ სიყვარულს გაგიჟება შეუძლია, ამიტომ 14 თებერვალს წმინდა ვალენტინის დღესთან ერთად სულით ავადმყოფთა დღესაც აღნიშნავენ. მეტიც, მსხვილ ქალაქებში მასობრივად ირთვება ფსიქიატრიული კლინიკები ფერადი ბაფთებით, გულებითა და საჰაერო ბურთებით, ტაძრებში კი, სპეციალური ლოცვა აღევლინება სნეულთა სულის გადასარჩენად.  
 

იაპონია და სამხრეთ კორეა

ამომავალი მზის ქვეყანაში სიყვარულის დღემ მეტწილად გონიერი მარკეტოლოგების წყალობით მოიპოვა პოპულარობა. იაპონელები არასდროს გამოირჩეოდნენ ტკბილეულის განსაკუთრებული სიყვარულით, ამიტომ შოკოლადი და სხვა ნუგბარი ყოველთვის ცუდად საღდებოდა ქვეყანაში, რამაც შოკოლადის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის მენეჯერებს მეტად ორიგინალური ტრადიციის შემოღება შთააგონა. თავმდაბალ და მოკრძალებულ გოგონებს, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი აღზრდის ტრადიცია უკრძალავს მამაკაცებთან ფლირტს, წელიწადში ერთხელ, სწორედ 14 თებერვალს შოკოლადის ჩუქებით შეუძლიათ გამოხატონ სიმპათია რჩეული მამაკაცების მიმართ.

ორიგინალურმა წამოწყებამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ტკბილეულის მწარმოებელთა შემოსავალიც საგრძნობლად გაზარდა. დღეს იაპონიაში ორი ტიპის სასაჩუქრე შოკოლადი არსებობს - „გირი-ჩოკო“ - მეგობრებისთვის, კოლეგებისა და ნათესავებისთვისაა განკუთვნილი, „ჰონმეი-ჩოკო“ თავისი რომანტიკული დატვირთვით კი, სიმპათიას გამოხატავს და როგორც წესი სპეციალური შეკვეთით მზადდება.

არ ჩამორჩნენ იაპონელებს არც სამხრეთ კორეელები, რომლებიც წელიწადში სამჯერ ზეიმობენ სიყვარულის დღეს. 14 თებერვალს მხოლოდ ქალბატონები გამოხატავენ  სიმპათიას  და ტკბილეულით, განსაკუთრებით შოკოლადით ანებივრებენ მამაკაცებს, ზუსტად ერთი თვის შემდეგ - 14 მარტს, რომელსაც კორეაში „თეთრ დღეს“ უწოდებენ, ქალბატონები იღებენ საპასუხო საჩუქრებს მამაკაცებისგან, 14 აპრილი კი, მარტოხელებს ეძღვნებათ, რომლებიც ერთად იკრიბებიან და სიყვარულის მოლოდინში მიირთმევენ ტრადიციულ „ჩანჩჟანმენს“ შავი ლობიოს სოუსით. 
 

იტალია და საფრანგეთი

იტალიელებმა 14 თებერვალს „ტკბილი დღე“ უწოდეს, რადგან საუკეთესო საჩუქრად რჩეულისთვის სწორედ ტკბილეულს - გულის ფორმის შოკოლადს და ორცხობილას, ასევე შოკოლადის მინანქრით დაფარული თხილის კანფეტს Baci-ის მიიჩნევენ, რომლის გულში მინიატიურულ ბარათია მოთავსებული რომანტიკული მიძღვნით.   

რომანტიზმით გამორჩეული ფრანგებისთვის სიყვარულის დღეც მეტად მნიშვნელოვანი დღესასწაულია, მით უფრო, რომ ტრადიციულ საჩუქრებს - ტკბილეულს, წითელი ვარდებს და ძვირფას საიუველირო ნაკეთობებს არა მხოლოდ რჩეულებს, არამედ ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც უძღვნიან. 

ისლანდია და ჰოლანდია

ადგილობრივი კოლორიტი შეიძინა დღესასწაულმა ისლანდიაში, სადაც 14 თებერვალს უფროსი თაობა კოცონს ანთებს სკანდინავიურ მითოლოგიაში ბრძოლისა და გამარჯვების ღმერთის ოდინის პატივსაცემად, ახალგაზრდები კი, „სიყვარულის ცეცხლის“ დანთების იმედით ჩუქნიან ერთმანეთს ნახშირისა და კენჭების მძივებს, რადგან ითვლება, რომ სწორედ ნახშირის ქვაზე გახახუნებით აგიზგიზებულ ცეცხლს შეუძლია ყველაზე ცივი გულის გათბობა.   

საინტერესო ტრადიცია აქვთ ჰოლანდიელებსაც, რომლებიც მთელი თვით ადრე იწყებენ მზადებას და სადღესასწაულო გულებით აფორმებენ კაფეებისა და მაღაზიების ვიტრინებს. 14 თებერვალს ჰოლანდიელ გოგონებს ნებისმიერი, თუნდაც უცნობი მამაკაცის მიმართ შეუძლიათ სიმპათიის გამოხატვა და შეუღლების შეთავაზება. თანხმობის შემთხვევაში მამაკაცი აუცილებლად აბრეშუმის კაბას ჩუქნის გამბედავ გოგონას, უარის დროს კი, მხოლოდ გულის კულონით კმაყოფილდება. 

იამაიკა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

სხვებზე ორიგინალურები აღმოჩნდნენ იამაიკელები, რომლებიც 14 თებერვალს ნუდისტური ქორწილებით აღნიშნავენ. თავისი ტრადიცია აქვთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც, სადაც ახალგაზრდები გულის ფორმის „ვალენტინზე“ წერენ საყვარელი ადამიანის სახელს, ტანსაცმლის სახელოზე იმაგრებენ და ნაკლებად ინტერესდებიან აქვს თუ არა მათი სიმპათიის ობიექტს საპასუხო გრძნობები. 

დანია და ფინეთი

ბევრად თავშეკავებით გამოხატავენ სიყვარულს დანისა და ფინეთში. დანიელები თეთრყვავილას მოკრძალებულ თაიგულსა და ლექსებს უძღვნიან რჩეულებს, ფინელები კი, განსაკუთრებული რომანტიზმის გარეშე აღნიშნავენ სიყვარულის დღეს და მხოლოდ მეგობრებს ულოცავენ.

ლიბანი და საუდის არაბეთი

ნაკლებად აღინიშნება ვალენტინის დღე არაბულ ქვეყნებში. იშვიათ გამონაკლისს ლიბანი წარმოადგენს, სადაც მხოლოდ მამაკაცებს აქვთ უფლება უსახსოვრონ ქალბატონებს ტკბილეული, წითელი ვარდები და სუვენირები. საუდის არაბეთში კი, პირიქით, კატეგორიულად იკრძალება წითელი ვარდის, რბილი სათამაშოების და გულის ფორმის ნებისმიერი ნივთის გაყიდვა. მეტიც, ქვეყანაში სპეციალური შავი ბაზარიც კი არსებობს, სადაც ე.წ. „თავისუფალი სიყვარულის“ ატრიბუტების შეძენა შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაშიც გამართლებაა საჭირო, რადგან ერთის მხრივ, ყველა სუვენირი ორმაგად ძვირად ფასობს, მეორეს მხრივ კი, მყიდველებიც და გამყიდველებიც ცოდვის აღკვეთის სპეციალური კომისიის მიერ იდევნებიან, რომელიც უმკაცრესი სასჯელით - პატიმრობით, სოლიდური ჯარიმითა და შოლტის 1500 დარტყმით ემუქრება ურჩ შეყვარებულებს. 

ბრაზილია და ამერიკა

ბრაზილიაში წმინდა ვალენტინის დღე 14 თებერვლის ნაცვლად 12 ივნისს აღინიშნება, რადგან თებერვლის მთავარი მოვლენის - მასშტაბური კარნავალის ფონზე, რომელიც მთელი ხუთი დღე გრძელდება და ბრაზილიელების ეროვნულ სიამაყედ ითვლება, მოკრძალებული ვალენტინობა, ყველასთვის შეუმჩნეველი რჩება. ამასთანავე, 13 ივნისს ბრაზილიელები წმინდა ქორწინების და ოჯახის დღეს აღნიშნავენ, რომელიც შეყვარებულების დღის ერთგვარ ლოგიკურ გაგრძელებად იქცა. საჩუქრებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით კუპიდონის ფიგურები და ორიგინალური ღია ბარათები, ტკბილეული და ეგზოტიკური ყვავილების თაიგული სარგებლობს, რომელთაც შეყვარებულები რომანტიკულ ვახშამზე უძღვნიან ერთმანეთს.

მართალია, ამერიკაში წმინდა ვალენტინის დღე 1777 წლიდან აღინიშნება, მაგრამ პოპულარობა დღესასწაულმა მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოიპოვა, როცა შაქარი ტკბილეულის წარმოებისთვის საგრძნობლად გაიაფდა და მასობრივად დაიწყო შოკოლადის გაყიდვა. თუმცა, ამერიკაში არა მხოლოდ შეყვარებულები, არამედ მეგობრები და შემთხვევითი ნაცნობებიც სიამოვნებით ულოცავენ ერთმანეთს სიყვარულის დღეს „ვალენტინის“ ღია ბარათებით.
 

„ვალენტინი“

პირველი სადღესასწაულო ღია ბარათის ანუ „ვალენტინის“ ავტორად ფრანგი ჰერცოგი კარლ ორლეანელი ითვლება, რომელმაც 1415 წელს, ლონდონის თაუერში გამომწყვდეულმა მისწერა მეუღლეს წერილი და გულწრფელად მოუთხრო საკუთარ გრძნობებზე. დღეს შეყვარებული ჰერცოგის გზავნილი ბრიტანულ მუზეუმში ინახება და მისი „უნიკალური ნივთების“ ექსპოზიციის ნაწილია. 

განსაკუთრებული პოპულარობა „ვალენტინებმა“ მე-18 საუკუნის ბრიტანეთში მოიპოვეს, სადაც შეყვარებულები საკუთარი ხელით ამზადებდნენ ღია ბარათებს ფერადი ქაღალდისგან და ტექსტსაც ფერადი მელნით წერდნენ, თუმცა, ბეჭდური ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ „თვითშემოქმედებამ“ აქტუალურობა დაკარგა, რადგან ტიპოგრაფიის მფლობელებმა ორიგინალურად ილუსტრირებული და ბევრად ხარისხიანი რომანტიკული ბარათები შესთავაზეს შეყვარებულებს. არ ჩამორჩნენ ტიპოგრაფებს არც ტკბილეულის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები. მაგალითად, საკონდიტრო ფაბრიკამ Cadbury-მ, 1861 წლის თებერვალში პირველმა გამოუშვა გულის ფორმის შოკოლადის კანფეტი. 
 

ყველაზე ძვირადღირებული „ვალენტინი“

1960 წელს საუკეთესო იუველირებმა ბერძენი მაგნატის არისტოტელე ონასისის დაკვეთით შექმნეს ყველაზე ძვირადღირებული ვალენტინის ღია ბარათი. ოქროს ნაკეთობა, რომელიც ზურმუხტის, ალმასისა და სხვა ძვირფასი ქვებით მოიჭედა, გემთმშენებელმა მილიარდერმა წავის ქურქთან ერთად უსახსოვრა საყვარელ ქალს - ოპერის მომღერალს მარია კალასს. 

მართალია, ნაკეთობის ფასმა 300 ათასი დოლარი შეადგინა, მაგრამ კალასისთვის, რომლის ჰონორარი ერთი გამოსვლისთვის, ამერიკის პრეზიდენტის ერთი თვის ხელფასს აღემატებოდა, მსგავსი საჩუქარი სასიამოვნო სიურპრიზად უფრო იქცა, ვიდრე ძვირადღირებულ ნაკეთობად, მით უფრო, რომ არც თავად ონასისმა ჩათვალა საკუთარ საჩუქარი განსაკუთრებულ ხელგაშლილობად.
 

წითელი ვარდების თაიგული

საყვარელი ქალბატონისთვის წითელი ვარდების მიძღვნის ტრადიცია ლუდოვიკო XVI-მ დაამკვიდრა, რომელმაც პირველმა უსახსოვრა ულამაზესი თაიგული მარია-ანტუანეტას. სხვათა შორის, ლეგენდის თანახმად, წითელი ვარდი სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს წყალობით გაჩნდა, რომელმაც შემთხვევით დააბიჯა ფეხი ეკლიან ბუჩქს და საკუთარი სისხლით შეღება ქათქათა თეთრი ვარდები. 

სხვა თემები