18 მარტი 2024 - 09:15

სად ცხოვრობდა გერმანიის უკანასკნელი კაიზერი, რომელიც გადასახლებაში გარდაიცვალა

ფოტო: DW

პატარა ნიდერლანდური ქალაქი დორნი მოგზაურებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და აქ ვერც ტურისტების ულევ ნაკადს ნახავთ. თუმცა ვინც დაინტერესებულია ევროპული, კერძოდ კი, გერმანული მონარქიის ისტორიით, ამ ადგილს რეგულარულად სტუმრობს. სწორედ დორნში, ემიგრაციაში გაატარა უკანასკნელი დღეები მეუღლესთან ერთად გერმანიის უკანასკნელმა იმპერატორმა, კაიზერ ვილჰელმ II-მ, რომლის მიმართაც გერმანელებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. აქ, სახლის გვერდით არის მავზოლეუმი, სადაც ის დაკრძალეს. იმის გასარკვევად, თუ როგორ და სად გაატარა ვილჰელმ II-მ სიცოცხლის ბოლო წლები, Deutsche Welle ეწვია დორნის მამულს, სადაც უკანასკნელი გერმანელი კაიზერია დაკრძალული. 

როგორ მოხვდა ვილჰელმ II ნიდერლანდებში?

პირველ მსოფლიო ომში დამარცხებისა და გერმანიაში დაწყებული ნოემბრის რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს გერმანელი კაიზერი ვილჰელმ II ბელგიის ქალაქ სპადან გაიქცა ნიდერლანდებში, სადაც საბოლოოდ უარი თქვა ტახტზე. ამით დასრულდა მისი მმართველობის 30 წელი. ისტორიის ამ პერიოდს ვილჰელმინიზმის ან ვილჰელმის ეპოქას უწოდებენ. აღნიშნულ პერიოდში, ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, გერმანიაში მოხდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები, რამაც, საბოლოოდ, მონარქიის დაშლა გამოიწვია. თავდაპირველად ვილჰელმ II ცხოვრობდა ამერონგენში, ჰოლანდიელ გრაფთან, რომელმაც ის შეიფარა. მოგვიანებით, 1920 წელს, მან დორნში შეიძინა ციხესიმაგრე, სადაც ის სიკვდილამდე (1941 წელი) ცხოვრობდა. ამჟამად დორნის მამული არის მუზეუმი, რომელიც ნიდერლანდების სახელმწიფოს ეკუთვნის. აქ თითქმის ყველაფერი ისეა შემონახული, როგორც ვილჰელმ II-ის სიცოცხლეში იყო.

უკანასკნელი გერმანელი კაიზერი და მისი ცოლები

გერმანული ჰოჰენცოლერნის დინასტიის კაიზერი ვილჰელმ II 1859 წლის 27 იანვარს, ბერლინში დაიბადა. ის იყო ფრედერიკ II-ისა და მისი მეუღლის, ვიქტორიას (ბრიტანეთის დედოფლის, ვიქტორიას ქალიშვილი) უფროსი ვაჟი. ვილჰელმ II ისტორიაში შევიდა, როგორც გერმანიის უკანასკნელი იმპერატორი და პრუსიის მეფე. იმპერატორის მეუღლე ავგუსტა ვიქტორია სიკვდილამდე, ქმართან ერთად, გადასახლებაში ცხოვრობდა. ის იყო კაიზერ ვილჰელმ II-ის პირველი ცოლი და უკანასკნელი გერმანელი იმპერატრიცა. ისინი 1881 წელს დაქორწინდნენ და შვიდი შვილი ჰყავდათ: ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. როდესაც 1918 წელს, იმპერატრიცა ნიდერლანდებში გაიქცა, ის უკვე ავად იყო. 1921 წელს ავგუსტა ვიქტორია 62 წლის ასაკში, დორნში გარდაიცვალა.

ავგუსტა ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ, 1922 წელს, იმპერატორის მეორე ცოლი პრინცესა ჰერმინე გახდა. ის ოფიციალურად იმპერატრიცა არასდროს ყოფილა. ვილჰელმ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ჰერმინე დორნიდან თავის მამულში დაბრუნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ის გადავიდა ოდერის ფრანკფურტში, სადაც სიღარიბეში გარდაიცვალა და დაკრძალეს პოტსდამში, იმავე ადგილას, სადაც ვილჰელმ II-ის პირველი ცოლი.

როგორ ცხოვრობდა იმპერატორი გადასახლებაში?

დორნის სამსართულიან სასახლეში სულ 18 ოთახია. თითოეულ მათგანში არის საყოფაცხოვრებო ნივთები, ხელოვნების ნიმუშები და კაიზერ ვილჰელმ II-ისა და მისი პირველი მეუღლის საოჯახო მემკვიდრეობა. დორნის ქონება ევროპული სასახლის კულტურის ერთ-ერთ ძეგლად ითვლება, რადგან გერმანიის უკანასკნელმა იმპერატორმა აქ ხელახლა შექმნა იმ სასახლის თითქმის ზუსტი ასლი, სადაც ის გადასახლებამდე ცხოვრობდა.

ვილჰელმის ტახტიდან გადადგომის ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ მან მთელი თავისი ოჯახის ქონებაზე უფლებები შეინარჩუნა. აქ იგულისხმება ბერლინისა და პოტსდამის სასახლეებიდან სატვირთო მატარებლის  64 ვაგონით ნიდერლანდებში წაღებული ქონება - ავეჯი, ნახატები, წიგნები, ხალიჩები, ფაიფური. ეს უკანასკნელი გერმანელი მონარქების განსაკუთრებულ სიამაყეს წარმოადგენდა. ჰოჰენცოლერნის დინასტიამ, რომელსაც 28 სასახლე და ციხე-სიმაგრე ჰქონდა გერმანიაში, დააარსა საკუთარი სამეფო ფაიფურის ქარხანა ბერლინში 1763 წელს, რომელიც დღეს ცნობილია შემდეგი აბრევიატურით - KPM.

კაიზერ ვილჰელმ II-ს ფუფუნება უყვარდა. ის დაინტერესებული იყო ტექნიკური სიახლეებით და ძალიან ზრუნავდა თავის გარეგნობაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჰიგიენას. დორნის მამულში მას  ჰქონდა აბაზანა, რაც მაშინ იშვიათობას წარმოადგენდა. ცალკე ოთახშია განთავსებული კაიზერის კოსტიუმების კოლექცია. ვილჰელმ II ცნობილი იყო იმით, რომ დღეში სამოსს რამდენჯერმე იცვლიდა - ზოგჯერ, ექვსჯერაც კი. კაიზერის ბიოგრაფებმა და ისტორიკოსებმა  კაიზერის ეს თვისება მისი ფიზიკური დეფექტის კომპენსაციის სურვილით განმარტეს. ვილჰელმ II-ს ბავშვობიდან ჰქონდა მარცხენა ხელის ნაწილობრივი პარალიზება და ის მარჯვენაზე მოკლე იყო.

გერმანიის უკანასკნელი მონარქის შავბნელი როლი ისტორიაში

1919 წელს, ანტანტის ქვეყნებს სურდათ, ვილჰელმ II გაესამართლებინათ, როგორც ომის დამნაშავე. მათი აზრით, კაიზერი პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე იყო და ის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარმდგარიყო. 1914 წლის 1 აგვისტოს, რუსეთისთვის ომის გამოცხადებით გერმანიის კაიზერი საკუთარ ბიძაშვილს, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს დაუპირისპირდა. თუმცა ნიდერლანდებმა, სადაც ვილჰელმ II გაიქცა, მის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. დღეს ბევრი ისტორიკოსი ამბობს, რომ ვილჰელმ II ნიკოლოზ II-სთან შემხვედრ პოზიციას რომც დასთანხმებოდა და ომის თავიდან აცილების სურვილისთვის მხარი დაეჭირა, არ არის გამორიცხული, რომ მოკავშირეების წინაშე ვალდებულებების შესრულების მექანიზმი მაინც ამუშავებულიყო. ასე რომ, პირველი მსოფლიო ომი გარდაუვალი გახლდათ.

1920 წლიდან, როცა გადასახლებული იმპერატორის ოჯახი დორნში დასახლდა, ყოფილ კაიზერს ტახტზე დაბრუნებასა და გერმანიაში კვლავ დასახლებაზე ოცნება არასდროს შეუწყვეტია. ნაციონალ-სოციალისტების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, თავად ვილჰელმი და მისი ოჯახის ზოგიერთი წევრი მონარქიის აღდგენის იმედებს სწორედ მათზე ამყარებდნენ. თავად ვილჰელმ II-მ გაუგზავნა აღფრთოვანებით სავსე დეპეშები "ფიურერს" და საფრანგეთზე გამარჯვების შემდეგ ამაყად განაცხადა: "ბრწყინვალე გენერლებს, რომლებიც ამ სამხედრო კამპანიას ხელმძღვანელობდნენ, ჩემი სკოლა აქვთ გავლილი!".

1940 წელს, ბრიტანეთმა გადასახლებულ კაიზერს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა. ჰიტლერის ბრძანებით, ჰოჰენცოლერნების ქონება ნიდერლანდებში ნაციონალიზებულ იქნა და ვილჰელმი შინაპატიმრობაში მოათავსეს. ბევრი ისტორიკოსი ვილჰელმ II-ის ღია ანტისემიტიზმზე წერს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გერმანელთა უმეტესობისთვის უკანასკნელი გერმანელი კაიზერი არის მონარქი, რომელმაც ისტორიაში შავბნელი როლი შეასრულა. 

სხვა თემები