25 მაისი 2024 - 10:31

ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების გავლენა ზრდასრულ ცხოვრებაზე

ნეგატიურ კვალს ადამიანის ფსიქიკაზე არა მხოლოდ ბავშვობაში მიღებული მძიმე ტრავმები, არამედ ყოველდღიური განცდებიც ტოვებენ, რომლებიც ნაკლებად შესამჩნევია და ხშირად წლების განმავლობაში გრძელდება. ბავშვის ფსიქიკას თავდაცვის მწირი რესურსი აქვს, ამიტომ ბევრად ემოციურად აღიქვამს იმ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენებს, რომელთაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას უფროსები, მით უფრო, რომ ადრეულ ასაკში გონება მხოლოდ ვითარდება, ამიტომ მარტივად ითვისებს ნებისმიერ გამოცდილებას, მნიშვნელობა არ აქვს დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი. 

ძირითადი ფსიქოლოგიური ტრავმები

ადრეულ ასაკში განცდილი ტკივილი ყოველთვის აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს ადამიანს და უარყოფითად აისახება როგორც მის მენტალურ ჯანმრთელობაზე, ისე ურთიერთობაზე საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებთან.

სიღარიბე

რა თქმა უნდა, სიმდიდრე უპირობოდ ვერ უზრუნველყოფს უდარდელ ბავშვობას, მაგრამ სიღარიბეს ნამდვილად შეუძლია მცირეწლოვნის ფსიქიკის დანგრევა, მით უფრო, რომ ბავშვობაში განცდილი არასასიამოვნო გრძნობა ადამიანს არც წლების შემდეგ, ზრდასრულ ასაკში აძლევს მოსვენების საშუალებას, როცა წელში გამართული მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას.  

აღსანიშნავია, რომ სიღარიბე დაბადებამდე ზემოქმედებს ბავშვზე, რადგან ორსული დედის ორგანიზმი, რომელიც ქრონიკულ სტრესს განიცდის ანუ მუდმივი უკმარისობის გრძნობა აქვს მწირი ფინანსების გამო, ინტენსიურად გამოყოფს კორტიზოლის ჰორმონს. მეცნიერების მტკიცებით, სწორედ კორტიზოლის სიჭარბე იწვევს ადრეულ ასაკში ბავშვის ჰიპერაქტიურობას და აგრესიას, განგაშისა და დეპრესიისკენ მიდრეკილებას. ამასთანავე, ფინანსების სიმცირით გამოწვეულ შიშსა და ნერვიულობას მშობელი გაუცნობიერებლად გადასცემს ბავშვს, როცა მაქსიმალურად ზოგავს ფულს და ეუბნება, რომ „მთავარი შავი დღისთვის გადანახვაა, რადგან ყოველთვის შეიძლება შემოსავლის გარეშე დარჩენა“. შედეგად, ბავშვს ადრეული ასაკიდანვე იპყრობს შიში, უკვე ზრდასრულს კი, მუდმივად „ფინანსური განგაშის“ გრძნობა აქვს და მაშინაც ფულს ზოგავს, როცა მის კეთილდღეობას არაფერი ემუქრება.  

ამასთანავე, მშობლების მწირი შემოსავალი მნიშვნელოვნად აკნინებს ბავშვის თვითშეფასებას, რადგან ერთი მხრივ, შეძლებული თანატოლების დაცინვის მსხვერპლი ხდება, მეორე მხრივ, ნაკლულობის შეგრძნება უჩნდება, რომელსაც ხშირად ზრდასრულ ასაკშიც ვეღარ ერევა.

მშობლების განქორწინება

მართალია, მეტწილად ბავშვები უმტკივნეულოდ ეჩვევიან მშობლების განქორწინებას და ხშირად ბევრად კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან მშვიდდებიან და კონფლიქტისგან, მუდმივი დაძაბულობისა და განგაშის გრძნობისგან თავისუფლდებიან, მაგრამ ბევრი ზედმეტად მტკივნეულად განიცდის ერთ-ერთი მშობლის დაკარგვას, რაც დაცულობისა და სტაბილურობის დაკარგვასთან ასოცირდება. ბავშვი თვლის, რომ რადგან მშობლებს ერთმანეთი აღარ უყვართ, ე.ი. არც შვილი უყვართ, მშობლის სიყვარული ადრეულ ასაკში კი - საბაზო ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა, რომლის დაკარგვა ისევე ფიტავს ბავშვის ფსიქიკას, როგორც შიმშილი და წყურვილი ორგანიზმს.

ზრდასრული, რომელმაც ბავშვობაში მშობლების განქორწინება გადაიტანა, დარწმუნებულია, რომ სიყვარული ილუზიაა, განქორწინება კი, გარდაუვალი, ამიტომ ზოგჯერ გაუცნობიერებლად, ზოგჯერ კი შეგნებულად გაურბის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან სიახლოვეს და ქორწინებას, რადგან პათოლოგიური უნდობლობითაა შეპყრობილი და ეშინია, რომ პარტნიორი აუცილებლად ტკივილს მიაყენებს და მიატოვებს. 

ამასთანავე, ბავშვი ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებს მშობლების განქორწინებაში. მართალია, ბავშვური ეგოცენტრიზმი - აბსოლუტურად ნორმალური ასაკობრივი გამოვლინებაა, რადგან ადრეულ ასაკში ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ თავს ხედავს „მთავარ როლში“, მაგრამ დანაშაულის გრძნობა, რომელიც ისედაც მძიმე დარტყმაა ფსიქიკისთვის, მშობლების დაშორების ფონზე ხშირად პარენტიფიკაციას ანუ ე.წ. „ექსტრემალურ გაზრდას“ პროვოცირებს, რაც ბავშვს მშობლის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას აიძულებს და ხშირად თავად ხდება მშობელი. 

ამგვარი დატვირთვა ყოველთვის პრობლემებს უქმნის უკვე ზრდასრულს პირად ცხოვრებაში, რადგან ან საკუთარ ურთიერთობას იღებს მსხვერპლად მშობლის სასარგებლოდ, ან გაუცნობიერებლად ირჩევს მშობლის მსგავს პარტნიორს, რათა დისკომფორტის მიუხედავად, ისევ ბავშვობას და ჩვეულ როლს დაუბრუნდეს, როცა მშობელზე უწევდა ზრუნვა.    

ალკოჰოლიზმი და ნარკომანია

ალკოჰოლსა ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული მშობლების შვილები ერთი მხრივ, მშობლებზე ღელავენ, მეორე მხრივ, მათ ნაცვლად გრძნობენ უხერხულობას ნაცნობებთან და მეგობრებთან. ამასთანავე, ბავშვები, რომლებიც ალკო და ნარკოდამოკიდებული მშობლების გარემოში იზრდებიან, მუდმივად განიცდიან ყურადღების, სიყვარულისა და მზრუნველობის დეფიციტს. მეტიც, ზოგიერთი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიც ხშირად ხდება. მტანჯველი გრძნობა ბავშვებს ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ, რამაც ფსიქოლოგებს სპეციალური განსაზღვრების  - „ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების გაზრდილი შვილების სინდრომის“ შემოღება აიძულა. 

ალკოჰოლსა ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული მშობლების შვილები არასდროს საუბრობენ ოჯახურ პრობლემებზე ნაცნობებთან, რადგან შიშობენ, რომ მშობლების ნაცვლად მათ დასცინებენ. ამასთანავე, ბავშვს ე.წ. „დედა ტერეზას სინდრომი“ უჩნდება, როცა სიყვარულის დეფიციტი და მარტო დარჩენის შიში გაუცნობიერებლად  სხვისი დახმარების და გადარჩენის ფანატიკურ სურვილად ტრანსფორმირდება. ბავშვი საკუთარ თავს წირავს  მშობლისთვის და უარს ამბობს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, მაქსიმალურად გაურბის კამათს და საკუთარი აზრის ან გრძნობების ღიად გამოხატვას, რადგან იცის, რომ ადამიანი მავნე ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოველთვის არაპროგნოზირებადი, აგრესიული და სახიფათოა, თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს კამათი ალკოჰოლის, ნარკოტიკების მიღების მიზეზად და ისევ შვილი დაადანაშაულოს, ამიტომ ბავშვი ადრეული ასაკიდან ეჩვევა ყველაფრის ჩუმად მოთმენას, რადგან იცის, რომ მის გრძნობებს მაინც არავინ გაუწევს ანგარიშს. 

სწორედ ჩუმად მოთმენის და ყველაფრის გაძლების ჩვეულების გამო უჭირთ ასეთ ბავშვებს ზრდასრულ ასაკში გრძნობების გულწრფელად გამოხატვა, საკუთარ თავზე ზრუნვა და მასშტაბური მიზნების დასახვა. მეტიც, დაბალი თვითშეფასების გამო, ყოველთვის ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და საკუთარი თავის საზიანოდ ცდილობენ სხვის გადარჩენას, ვერასდროს იცავენ საკუთარ ინტერესებს და ძალიან უჭირთ უარის თქმა, რადგან ეშინიათ, რომ სწორედ მათი უარი გახდება კონფლიქტის მიზეზი. 

გატყეპა და თავში წამორტყმა

გატყეპის და თავში წამორტყმის „აღმზრდელობითი მეთოდი“ - ისეთივე ფიზიკური ძალადობაა, როგორც ქამრით ცემა ან სილის გაწნა. მეტიც, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა კვლევამ დაადასტურა, რომ ზრდასრული, რომელსაც ბავშვობაში თითქოს მსუბუქად ტყეპდნენ ან თავში ურტყამდნენ ჯანსაღ გარემოში გაზრდილ ბავშვზე მეტადაა მიდრეკილი შფოთისა და განგაშისკენ, რადგან არა მხოლოდ პოტენციალურ საფრთხეზე რეაგირებს მწვავედ, არამედ სხვა ადამიანების გაბრაზებული სახის გამომეტყველებაც აშინებს, რაც თავდაცვას და ხშირად უმიზეზოდ თავდასხმაზე გადასვლას აიძულებს. 

ამასთანავე, ის, ვინც ბავშვობაში საკუთარ თავზე გამოცადა ფიზიკური დასჯის მეთოდები, სხვებზე ხშირად იტანჯება დეპრესიით და სხვა მენტალური აშლილობით, ეტანება ალკოჰოლს და რაც მთავარია, ზრდასრულ ასაკში თვითონ ხდება მოძალადე.

დიეტა და იძულებით კვება

ზოგჯერ მშობლები ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბავშვის კვების რაციონს. ნაწილი დარწმუნებულია, რომ ჯანსაღი ცხოვრებისთვის გარკვეული პროდუქტის უხვად მიღებაა საჭირო და იძულებით ან ერთგვარი შანტაჟით (მაგალითად, ფრაზით „სანამ არ შეჭამ, არსად არ წახვალ“) კვებავს ბავშვს იმ პროდუქტით, რომელიც მას არ უყვარს, ნაწილი კი, პირიქით, თვლის რომ ბავშვი სიმსუქნისკენაა მიდრეკილი და მაქსიმალურად ცდილობს მისი რაციონის შეზღუდვას. 

ამგვარ სტრატეგიას ფსიქოლოგები „ავტორიტარულ კვებას“ უწოდებენ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევენ, რადგან იძულებით თავსმოხვეული კვების რაციონით, ბავშვს არა მხოლოდ კვებითი ჩვევები ერღვევა, არამედ კარგავს ორგანიზმის შეგრძნებას, რადგან ვერ ხვდება მის რეალურ მოთხოვნილებებს, სასურველი პროდუქტის საჭირო რაოდენობით მირთმევის ნაცვლად კი, ე.წ. „მიზეზებით“ კვებას ეჩვევა, რასაც არაფერი აქვს საერთო არც მადასთან, არც დანაყრებასთან. ამგვარი კვებითი რეჟიმით გაზრდილს ყოველთვის უჭირს მშიერი ან დანაყრებული ორგანიზმის სიგნალის ამოცნობა, რაც საბოლოოდ ზედმეტი საკვების მიღების, ჭარბი წონისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების მიზეზი ხდება. 

გულგრილობით დასჯა

დემონსტრაციული გულგრილობა ზრდასრულებზე მოქმედებს გამაღიზიანებლად, დასჯა იგნორირებითა და მდუმარებით კი, რომელსაც მშობლები აღზრდის მეთოდად, ფსიქოლოგები კი, ემოციურ ძალადობად მიიჩნევენ, ძალიან დიდ ტკივილს აყენებს ბავშვს, რადგან მყიფე, სტრესს მიუჩვეველი ფსიქიკის პატრონს, ბევრად მეტად სჭირდება მშობლების ყურადღება, ვიდრე ზრდასრულს საყვარელი ადამიანისა. დუმილით დასჯის, ისე როგორც გულგრილობის, უყურადღებობისა და მშობლის ზედმეტი სიმკაცრის გამო, ბავშვს არაჯანსაღი მიჯაჭვულობის სინდრომი უვითარდება, რომელსაც ვერც ზრდასრულ ასაკში ერევა.  

მზრუნველი და ყურადღებიანი მშობლების შვილები მშვიდად ეგუებიან მარტოობას, რომანტიკულ ურთიერთობაში კი, საკუთარი თავისაც სჯერათ და პარტნიორსაც ენდობიან, მაშინ, როცა არაჯანსაღი მიჯაჭვულობის სინდრომით გაზრდილებს ყოველთვის ეშინიათ, რომ უღალატებენ და ტკივილს მიაყენებენ, ამიტომ მაქსიმალურად გაურბიან რომანტიკულ ურთიერთობას და პარტნიორთან ემოციურ სიახლოვეს, ან პირიქით, თვითონ ზედმეტად უშუალოები სწრაფად ცდილობენ პარტნიორთან დაახლოებას და მისგანაც იმავე უშუალობას და სიახლოვეს მოითხოვენ. 

კრიტიკა

რა თქმა უნდა, კონსტრუქციული კრიტიკა, რომელიც არასწორ მოქმედებაზე მითითებით გამოიხატება, ბავშვის ქცევის კორექციას გულისხმობს, თუმცა ზედმეტი და არაკონსტრუქციული კრიტიკა შეცდომების ნაცვლად ბავშვის ხასიათზე, მის თავისებურებებზე აკეთებს აქცენტს და ღიად თუ შენიღბულად აყენებს მას შეურაცხყოფას.

ხშირად მშობლებს ძალიან უჭირთ ადეკვატური და ტოქსიკური კრიტიკის ერთმანეთისგან გარჩევა, ბავშვი კი, ვერ ხვდება, რომ უფროსების შეფასება შეურაცხმყოფელი და ძალადობრივია, ამიტომ ტვინი სწორედ მათი ქცევის, გამონათქვამების გავლენით ყალიბდება და ნორმად აქცევს ამგვარ დამოკიდებულებას. 

ზრდასრული, რომელიც ბავშვობაში შეეჩვია მშობლების დაუსაბუთებელ, გადაჭარბებულ კრიტიკას, არა მხოლოდ მშვიდად ეგუება ანალოგიურ დამოკიდებულებას უცხოებისგან, არამედ საკუთარი ემოციების იდენტიფიცირების უნარსაც კარგავს, რადგან არაჯანსაღ კრიტიკას მიჩვეული ვერ ხვდება, რომ დაამცირეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და ჩვეულებრივ აგრძელებს ურთიერთობას მის მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან. თუმცა, ზოგჯერ ბავშვობიდან შეურაცხყოფას მიჩვეული ზრდასრული კონსტრუქციულ კრიტიკაზეც არაადეკვატურად რეაგირებს, ნებისმიერ სიტყვას საწყენად, შეურაცხმყოფლად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ ერთგვარ შეტევად აღიქვამს, რაც საბოლოოდ ანგრევს მის ურთიერთობას როგორც მეგობრებთან, ისე პარტნიორებთან.   

ამასთანავე, კრიტიკული მშობლების შვილები საკუთარი თავის მიმართაც ზედმეტად მომთხოვნები არიან, ნებისმიერ საქმეს მანიაკალური სიზუსტით ასრულებენ, პანიკურად ეშინიათ შეცდომის დაშვების და გამუდმებით სხვისი გულის მოგებას ცდილობენ, რადგან მთელი ცხოვრება შინაგან კრიტიკოსთან ერთად ცხოვრობენ, რომელიც არა მხოლოდ მარცხს და შეცდომებს ახსენებს, არამედ ჯერ სირცხვილის და დანაშაულის, საბოლოოდ კი, არასრულფასოვნების კომპლექსს უღრმავებს.  

სხვა თემები