14 აპრილი 2024 - 08:22

საუკუნის კატასტროფა: ლეგენდარული „ტიტანიკის“ ისტორია

ბრიტანული სამგზავრო ლაინერის ტრაგედია, რომელიც 1912 წლის 15 აპრილის ღამეს ჩაიძირა ატლანტის ოკეანეში, დღემდე ყველაზე მასშტაბურ საზღვაო კატასტროფად ითვლება კაცობრიობის ისტორიაში. სამწუხაროდ, საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკისკენ დაძრული „ტიტანიკისთვის“ პირველივე რეისი უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგან ყველაზე უსაფრთხო და საიმედო ტრანსპორტად მიჩნეული, აისბერგს შეეჯახა და გვარიანად დაზიანებული დაეშვა ოკეანის ფსკერზე. 

მართალია, გიგანტური ხომალდის დაღუპვიდან 100 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ინტერესი მის მიმართ მაინც არ ქრება. მეტიც, ასობით დოკუმენტისა და თვითმხილველის ჩვენების შესწავლის, უამრავი ლიტერატურული ნაწარმოებისა და სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების მიუხედავად, მითები და ლეგენდები ლაინერის ჩაძირვის მიზეზებზე ისევ მრავლად ვრცელდება. მეცნიერებისა და ისტორიკოსების მსგავსად, საკუთარი ვერსიები აქვთ მისტიფიკატორებსა და კონსპიროლოგებსაც, რომლებიც ისევ შეთქმულების თეორიებზე ამახვილებენ ყურადღებას და ნაკლებად დამაჯერებელ, ზოგჯერ მისტიკურ და ფანტასტიკურ ისტორიებს ჰყვებიან. 

მე-20 საუკუნის უმსხვილესი ლაინერი

ლეგენდარული „ტიტანიკი“, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობისას მიიჩნიეს ყველაზე მსხვილ, სწრაფ და უსაფრთხო ხომალდად, მართლაც შთამბეჭდავ გაბარიტებს ფლობდა, რადგან მისი სიგრძე 268, 98 მეტრს, სიგანე კი - 28, 2 მეტრს, მასა - 46 328 ტონას, სიმაღლე კი, 53, 3 მეტრს შეადგინა, რაც 17-სართულიანი შენობის სიმაღლეს აღწევდა, აისბერგი კი, რომელმაც ხომალდი იმსხვერპლა მხოლოდ 30 მეტრსა იყო და 10-სართულიანი შენობის სიმაღლეს უტოლდებოდა. 

საოცარი ხომალდის პროექტი გემთმშენებელი კომპანიის Harland & Wolff-ის კონსტრუქტორთა ბიურომ შეიმუშავა თომას ენდრიუსის ხელმძღვანელობითა და ბრიტანული საზღვაო გადამზიდის, უმსხვილესი კომპანიის White Star Line-ის დაკვეთით. ოფიციალურად გემის მშენებლობა 1909 წლის 31 მარტს დაიწყო და ზუსტად 3 წლის შემდეგ, 1912 წლის 31 მარტს დასრულდა, 2 აპრილს კი, „ტიტანიკმა“ საცდელი გასვლა განახორციელა ირლანდიის ზღვაში, რომლის დროსაც არცერთი ხარვეზი არ გამოვლინდა. 

აღსანიშნავია, რომ „ტიტანიკის“ ასაგებად მშენებლებმა 3 მილიონზე მეტი ხელნაკეთი მოქლონი, წყალში გასაშვებად კი, 23 ტონა ცხიმი, საპოხი ზეთი და თხევადი საპონი გამოიყენეს. მართალია, კონსტრუქტორები ირწმუნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო გიგანტური ხომალდის ჩაძირვა, რადგან წყლით გავსებისგან ორმაგი ძირი და 16 წყალგაუმტარი ვერტიკალური საყრდენი იცავდა, რომლებიც ცალკეულ სექციებად ჰყოფდნენ ხომალდის შიდა სივრცეს და დამატებით დაზღვევად მსახურობდნენ, მაგრამ აისბერგთან შეჯახებას უძლეველმა „ტიტანიკმა“ მაინც ვერ გაუძლო და ორად გახლეჩილი თითქმის 3 საათში ჩაიძირა.

მართალია, გვარიანად დაჟანგული, წყალმცენარეებით დაფარული „ტიტანიკის“ ნამსხვრევები კატასტროფის ადგილიდან რამდენიმე მილის მოშორებით, 3 750 მეტრის სიღრმეზეა, მაგრამ სრულად დღემდე არაა შესწავლილი, რადგან მისი მოძიება მხოლოდ 1980-იან წლებში, რობერტ ბალარდის უნიკალური ექსპედიციის წყალობით გახდა შესაძლებელი.  

უნიკალური ექსპედიცია

ცნობილი მკვლევარი და ოკეანოგრაფი რობერტ ბალარდი, რომელმაც უნიკალური წყალქვეშა არქეოლოგიური კვლევებითა და ღრმაწყლოვანი ძიების პირველი რობოტის გამოგონებით გაითქვა სახელი, შეერთებული შტატების დაზვერვის უწყებამ დაიქირავა 1960-იან წლებში ჩაძირული ატომური წყალქვეშა ნავების მოსაძიებლად. ბალარდი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა საიდუმლო მისიის შესრულებას, თუ უწყება „ტიტანიკის“ საძიებო ექსპედიციას დააფინანსებდა. 

შეთანხმება ორივე მხარისთვის შედეგიანი აღმოჩნდა, რადგან ბალარდმა ჯერ წყალქვეშა ნავები შეისწავლა, 1985 წლის სექტემბერში კი, „ტიტანიკის“ ნამსხვრევები მოიძია ატლანტის ოკეანეში, ნიუფაუნდლენდის კუნძულიდან 600 კილომეტრის დაშორებით. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბალარდმა დაუსვა წერტილი 73-წლიან დავას, რადგან დაადასტურა, რომ გიგანტური ხომალდი მართლაც ორ ნაწილად გახლეჩილი ჩაიძირა, რასაც დიდხანს ამტკიცებდნენ ლაინერის გადარჩენილი მგზავრები, ექსპერტებს და ხომალდის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებს კი, არ სურდათ მათი დაჯერება. 

მართალია, ბალარდი „ტიტანიკის“ კოორდინატების გასაიდუმლოებას ცდილობდა, რათა არავის წაებილწა ადგილი, რომელსაც დაღუპული გემისა და ადამიანების განსასვენებლად მიიჩნევდა, მაგრამ 1990-იანი წლების ბოლოს ხომალდი უამრავმა მკვლევარმა მოინახულა, 2012 წელს, „ტიტანიკის“ ჩაძირვიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ კი, როცა გემის ნამსხვრევები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა, ლეგენდარული ლაინერი ნამდვილ ატრაქციონად იქცა ექსტრიმის მოყვარულთათვის. მეტიც, ბრიტანული ტურისტული კომპანიის Blue Marble Private-ის წყალობით, დღესაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია 100 ათასი დოლარის გადახდა და მასშტაბური წყალქვეშა ექსპედიციის მოწყობა.

ყველაზე მასშტაბური კატასტროფა

კომპანია White Star Line-ის მონაცემებით, საერთო ჯამში „ტიტანიკის“ ბორტზე 3320 ადამიანი - 2435 მგზავრი და ეკიპაჟის 885 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ 1503-მა  (825 მგზავრმა და 688 ზღვაოსანმა) შეძლო გადარჩენა, 1817 კი დაიღუპა, რამაც „ტიტანიკის“ ტრაგედია მსოფლიო ისტორიის ყველაზე მასშტაბურ კატასტროფად აქცია. 

ისტორიკოსების მტკიცებით, ორგანიზებული და ოპერატიული მოქმედების შემთხვევაში, გემის სრული შემადგენლობის გადარჩენა შეიძლებოდა, რადგან ერთი მხრივ, პირველი სამაშველო ნავი დაეშვა წყალზე კატასტროფიდან მხოლოდ ერთი საათის შემდეგ, მეორე მხრივ კი, ბევრად მეტ ადამიანს იტევდა მოცულობითი კანჯოები, თუმცა საერთო დაბნეულობისა და არეულობის ფონზე მგზავრები ქაოტურად მოქმედებდნენ და ნახევრად ცარიელი ნავებით ტოვებდნენ კატასტროფის ადგილს, ის კი, ვინც ცურვით სცადა ნავებამდე მიღწევა ან გადაცივებით დაიღუპა ან გულის შეტევით.

აღსანიშნავია, რომ პანიკისა და საერთო აურზაურის მიუხედავად, ორად გახლეჩილი „ტიტანიკის“ ბორტზე მთელი 3 საათი უკრავდა ორკესტრი, რომელიც ლაინერთან ერთად დაიღუპა. ამერიკული გამოცემის USA Today-ის მონაცემებით, უკანასკნელი კომპოზიცია, რომელიც ორკესტრმა შეასრულა - მე-19 საუკუნის ინგლისელი პოეტის სარა ფულერ ფლაუერ ადამსის ავტორობით შექმნილი ქრისტიანული ჰიმნი იყო „ახლოს, ღმერთო, შენთან ახლოს“. 
 

ცოცხლად დამარხული მუშები

რა თქმა უნდა, უძლეველი ხომალდის კატასტროფამ მსოფლიო რეზონანსი და დიდი მითქმაა-მოთქმა გამოიწვია, გაჩნდა უამრავი ვერსია და ვარაუდი, მითი და ლეგენდა, რომელთა შორის ზოგი სარწმუნო და ანგარიშგასაწევი, ზოგი კი, პირიქით, არასერიოზული და ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა. 

უცნაურია, მაგრამ „ტიტანიკის“ მისტიკური პრედისტორია ჯერ კიდევ ბერძნულ მითოლოგიაში დაიწყო, როცა განრისხებულმა ზევსმა მის წინააღმდეგ აჯანყებული ტიტანები გაანადგურა, მათი შთამომავლები კი სამუდამოდ დაწყევლა. თუმცა, განსაკუთრებული მისტიციზმი „ტიტანიკმა“ დაღუპვის შემდეგ შეიძინა უჩვეულო მოვლენებისა და ავბედითი წინასწარმეტყველების წყალობით. 

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ხომალდის მშენებლობის დროს ბელფასტელ დოკერებს ხშირად ესმოდათ უცნაური კაკუნის ხმა გემის დახშული, ე.წ. მეორე ძირიდან. რა თქმა უნდა, ხმამაღლა ვერავინ გაბედა თქმა, თუმცა სწრაფად გავრცელდა ჭორები, თითქოს რეკორდული სისწრაფით მშენებარე გემის ძირის ერთ-ერთ ნაკვეთურში ინჟინრებმა შემთხვევით ამოქოლეს რამდენიმე მუშა, რომლებიც სწორედ კაკუნით ითხოვდნენ შველას. მართალია, ხმაური თანდათან მიჩუმდა, მერე კი, საერთოდ შეწყდა, მაგრამ ცოცხლად დამარხულმა მუშებმა მაინც ვერ მოისვენეს და აჩრდილად ქცეულები დიდხანს ახსენებდნენ თავს კოლეგებს, რომელთაც ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

ავბედითი წინასწარმეტყველება

უჩვეულო წინასწარმეტყველება ჰქონდა ვინმე ბლანშ მარშალს, რომელიც 1912 წლის აპრილის თვეში ლა-მანშის სრუტეში, უაითის კუნძულზე ატარებდა თაფლობისთვეს მეუღლესთან ერთად. როგორც ამბობენ, „ტიტანიკის“ შემხედვარე მისის მარშალი ერთიანად დაიკრუნჩხა და განწირული ხმით შეჰკივლა, რომ „ხომალდი ვერასდროს მიაღწევდა ამერიკის ნაპირებს, რადგან გზად ჩაიძირებოდა და უამრავ მგზავრს შეიწირავდა".  მართალია, მოულოდნელი პანიკური შეტევა მარშალმა უცნაური ხილვით ახსნა, მაგრამ მისი ნათქვამი არავინ დაიჯერა, რადგან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ქალბატონი, რომელიც ძლიერი მედიკამენტებით მკურნალობდა, მანამდეც ხშირად იტანჯებოდა მისტიკური ხილვებით.

მარშალზე ბევრად ადრე იწინასწარმეტყველა გიგანტური გემის კატასტროფა ამერიკელმა პოეტმა ელენ ჯექსონმა, რომელმაც 1874 წელს საკუთარ ლექსში აღწერა ხომალდის „ყინულის მთასთან“ შეჯახება და მგზავრების მასიური დაღუპვა, ფანტასტმა მწერალმა მორგან ენდრიუ რობერტსონმა კი, 1898 წელს გამოაქვეყნა მოთხრობა „ტიტანის დაცემა“, რომელშიც სამგზავრო ლაინერის აისბერგთან შეჯახებასა და მის ტრაგიკულ აღსასრულზე მოუთხრო მკითხველს. მართალია, მოთხრობას არანაირი მხატვრული ღირებულება არ ჰქონდა, მაგრამ 1912 წელს მაინც ბესტსელერად იქცა, რადგან ათასობით მკითხველმა მოინდომა მისი გაცნობა, მით უფრო, რომ რეალურ და გამოგონილ ხომალდებს არა მხოლოდ სახელები, არამედ გაბარიტები, შიდა აღჭურვილობა და მარშრუტიც იდენტური აღმოაჩნდათ.

რა თქმა უნდა, პრესამ სწრაფად აქცია რობერტსონის მოთხრობა სენსაციად, თავად ავტორი კი, ნათელმხილველად გამოაცხადა და სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა მომავლის პროგნოზირება, თუმცა მწერალმა უარი თქვა მაცდუნებელ შეთავაზებაზე და დიდი ხნით განერიდა საზოგადოებას, რადგან მისი წინასწარმეტყველებით რიგით ცნობისმოყვარეებთან ერთად ამერიკის სამხედრო-საზღვაო დაზვერვის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. 

შურისძიება ეგვიპტურად

არსებობს კიდევ ერთი, ბევრად სახალისო ლეგენდა ტრადიციული ეგვიპტური მისტიკურობით. გავრცელებული ხმების თანახმად, სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად, „ტიტანიკს“ ეგვიპტელი ფარაონის ამენჰოტეპ IV-ს  მუმიფიცირებული ქურუმის ნეშტიც გადაჰქონდა, რომელიც ბრიტანელმა ისტორიკოსმა ლორდ კენტერვილმა ჯერ ეგვიპტური სამარხიდან ამოაბრძანა და ლონდონში, ბრიტანულ მუზეუმში დააბრძანა, მერე, ლოს-ანჯელესის გამოფენაზე გადაწყვიტა მისი ხომალდით გამგზავრება. 

საგულდაგულოდ შეფუთული და ხის ყუთში მოთავსებული ქურუმი საიდუმლო ტვირთად ითვლებოდა, ამიტომ მის შესახებ მხოლოდ კაპიტანმა სმიტმა იცოდა თანაშემწესთან ერთად, რომელიც ტრიუმში, ზუსტად საკუთარი კაიუტის ქვევით ინახავდა მუმიას მეტად უჩვეულო ამულეტით. მასიურ თილისმას საიქიოს მეფის - ოსირისის გამოსახულება და წარწერა ამშვენებდა, რომელიც შელოცვას უფრო ჰგავდა, რადგან მის მფლობელს წყვდიადიდან აღდგომისა და ნებისმიერის განადგურებისკენ მოუწოდებდა, ვინც გზაზე გადაეღობებოდა. სწორედ მუმია და მისი ჯადოსნური ამულეტი მიიჩნიეს კონსპიროლოგებმა „ტიტანიკის“ კატასტროფის მთავარ მიზეზად, თუმცა, ექსპერტებმა მსგავსი ვერსია მხოლოდ ღიმილით განიხილეს, მით უფრო, რომ ვერც მუმიას მიაგნეს ჩაძირული „ტიტანიკის“ ბორტზე, ვერც მის ამულეტს. 

„ტიტანიკის“ განძი

მეტწილად შეძლებული მოგზაურების მოთხოვნილებებს მორგებული „ტიტანიკი“ არისტოკრატული ცხოვრების პრაქტიკულად ყველა თავშესაქცევს სთავაზობდა სტუმრებს - სკვოშის კორტით, სპორტული დარბაზითა და სადალაქოთი დაწყებული, ბიბლიოთეკით, თურქული აბანოთი და საცურაო აუზით დასრულებული. პირველი კლასის ბილეთი სამ კატეგორიად დაყოფილ ხომალდზე, 2,5 ათას დოლარი - დღევანდელი კურსით დაახლოებით 58 ათასი დოლარი ღირდა, ყველაზე ძვირადღირებული კაიუტის ფასი კი, 103 ათას დოლარს აღწევდა. რესპექტაბელურ პუბლიკას ბაგაჟიც შესაბამისი ჰქონდა, რადგან ხომალდს 900 ტონაზე მეტი ტვირთი გადაჰქონდა - ავტომობილების, ხელოვნების ნიმუშების, ძვირფასი ნივთებისა და ეგზოტიკური ცხოველების ჩათვლით. 

რა თქმა უნდა, შეუძლებელი აღმოჩნდა ჩაძირული „ტიტანიკის“ მთელი ტვირთის მოძიება, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, მკვლევრებმა 5500-ზე მეტ არტეფაქტს მიაგნეს ატლანტის ოკეანეში. უნიკალურმა კოლექციამ, რომელიც კომპანიის RMS Titanic Inc-ის საკუთრებად იქცა, რადგან 1993 წელს მხოლოდ მან მოიპოვა ოკეანეში მოძიებული არტეფაქტების ფლობის ექსკლუზიური უფლება, არა მხოლოდ შეძლებული მგზავრების, არამედ ეკიპაჟის წევრების პირადი ნივთებიც გააერთიანა. 

უძვირფასესს რელიქვიებს შორის აღმოჩნდა „ტიტანიკის“ მომსახურე პერსონალის ერთ-ერთი წევრის - ედმუნდ სტოუნის ჯიბის საათი, რომელიც 2008 წელს 130 ათას ევროდ გაიყიდა აუქციონზე. სავარაუდოდ, საათი ზუსტად იმ დროს - ღამის 2 საათსა და 50 წუთზე გაჩერდა, როცა მისი მფლობელი დაიღუპა. საინტერესო ისტორია აქვს თახვის ბეწვის  ქურქსაც, რომელიც „ტიტანიკის“ მგზავრთა „გარდერობის“ ერთადერთი სრულად შენახული ნივთი აღმოჩნდა და 210 ევროდ გაიყიდა ლონდონის აუქციონზე. ამბობენ თითქოს, საკუთარი ქურქი მიმტან მეიბლ ბენეტს, რომელიც ღამის პერანგის ამარა ცდილობდა სამაშველო ნავში ადგილის პოვნას, ერთ-ერთმა შეძლებულმა მგზავრმა უსახსოვრა. 

უძვირფასეს არტეფაქტად იქცა White Star Line-ის მესვეურების მიერ შედგენილი გეგმაც, რომლის სააუქციონო ფასმა 308 ათასი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ  მოგვიანებით გეგმა კატასტროფის დეტალების დასადგენად გამოიყენეს ექსპერტებმა, რადგან სწორედ მასზე იყო მითითებული აისბერგის მიერ დაზიანებული სექციები. 1 500 000 ევროდ შეფასდა თავგანწირული ორკესტრის მუსიკოსის უოლეს ჰარტლის ვიოლინო, რომელიც მართალია, გარეგანი დაზიანების გარეშე შემოინახა ოკეანემ, მაგრამ მასზე დაკვრა მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა. 

კატასტროფის მიზეზები

აუქციონზე იქნა წარდგენილი „ტიტანიკის“ კაპიტნის მეორე თანაშემწის დევიდ ბლერის კუთვნილი გასაღებიც, თუმცა ლოტმა მყიდველთა ნაკლები ინტერესი დაიმსახურა. აჟიოტაჟი უნიკალურმა არტეფაქტმა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოიწვია, როცა გაირკვა, რომ სწორედ ბლერის გასაღებით იღებოდა ე.წ. „ყვავის ბუდე“, სადაც ხომალდის აღჭურვილობა, მათ შორის ბინოკლი ინახებოდა.  

როგორც აღმოჩნდა, ბლერს, რომელიც „ტიტანიკის“ დაძვრამდე რამდენიმე საათით ადრე დაითხოვეს სამსახურიდან, გასაღების კოლეგებისთვის გადაცემა დაავიწყდა. ექსპერტების მტკიცებით, სწორედ ბინოკლის გარეშე დარჩენილი ეკიპაჟის უყურადღებობა იქცა კატასტროფის მიზეზად, რადგან ბევრად ადრე შეეძლო აისბერგის დანახვა და შეჯახების თავიდან აცილება. ზღვაოსნების დაუდევრობას ადასტურებს ისტორიკოსთა განცხადებაც, თითქოს ხომალდმა ექვსჯერ მიიღო გაფრთხილება აისბერგთან სახიფათო სიახლოვის შესახებ, თუმცა რადისტმა ყველა შეტყობინება, მათ შორის შეჯახებამდე 35 წუთით ადრე მიღებული გაფრთხილებაც არასერიოზულად მიიჩნია და უბრალოდ დაივიწყა. 

მეტიც, ეკიპაჟის წევრებმა აისბერგთან შეჯახებაც უმნიშვნელო ინციდენტად ჩათვალეს და დარწმუნებული, რომ დამოუკიდებლად შეძლებდნენ ზიანის აღმოფხვრას, მხოლოდ 45 წუთის შემდეგ გაუშვეს განგაშის სიგნალი, როცა მიხვდნენ, რომ ხომალდი იძირებოდა. გარდა ამისა, რადისტებმა ხომალდის კოორდინატებიც შეცდომით გაგზავნეს, რადგან მართალია, განედი სწორად მიუთითეს, მაგრამ გრძედის მაჩვენებელი იყო აცდენილი მთელი 14 მილით, ასე რომ, გემები, რომელთაც „ტიტანიკის“ დახმარება დააგვიანეს, სიგნალის დროულად მიღების შემთხვევაშიც ვერ შეძლებდნენ მის მოძიებას.

მოულოდნელად შეცვლილი გეგმები

„საოცრებად“ წოდებული „ტიტანიკის“ პირველი რეისი მართლაც მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად იქცა, ამიტომ რესპექტაბელურმა პუბლიკამ, რომელთა შორის მრავლად იყვნენ წარჩინებული არისტოკრატები და შეძლებული მეწარმეები, ერთიანად მოინდომეს გრანდიოზული კრუიზის მოწყობა, თუმცა უმეტესობამ, ბოლო წუთს შეცვალა გადაწყვეტილება და თავი დააღწია საბედისწერო მოგზაურობას. 

ერთ-ერთმა პირველმა, შოკოლადის უმსხვილესი კომპანიის Hershey’s-ის დამფუძნებელმა მილტონ ჰერშმა გადაიფიქრა და მშობლიურ ამერიკაში დაბრუნებას ისევ ინგლისში დარჩენა არჩია, ტელეგრაფის გამომგონებელმა, იტალიელმა ელექტროინჟინერმა გულიელმო მარკონიმ კი, უფასოდ მიღებული პირველი კლასის ბილეთი, საუთჰემპტონის პორტში გაცვალა ორ მესამე კლასის ბილეთზე და ამერიკაში გამგზავრებაზე მეოცნებე ირლანდიელ ძმებს უსახსოვრა. 

ცნობილმა მწერალმა თეოდორ დრაიზერმა, რომელიც გამომცემელმა შეაყოვნა, პორტში მისვლა დააგვიანა და მხოლოდ შორიდან შეავლო თვალი ზღვაში გასულ ხომალდს, „ტიტანიკის“ მფლობელი კომპანიის White Star Line-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მილიონერმა ჯონ პირპონტომ მორგანმა კი, საკუთარი გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გაუარესებით ახსნა, თუმცა ურცხვად იცრუა, რადგან  ფრანგულ რივიერაზე გამგზავრებული საკმაოდ მხნედ გრძნობდა თავს და შესაშური ენთუზიაზმით ერთობოდა საყვარლის კომპანიაში.

წარსულის სიგნალი

უამრავ მითსა და ლეგენდას შორის განსაკუთრებით საინტერესო დაღუპული ხომალდიდან მიღებული რადიოსიგნალები აღმოჩნდა. პირველად მსგავსი შემთხვევა 1972 წლის 15 აპრილს დაფიქსირდა, როცა ამერიკული სამხედრო გემის „თეოდორ რუზველტის“ რადისტმა ტომ დევენპორტმა ზუსტად 60 წლით ადრე ჩაძირული ხომალდიდან მიიღო დახმარების თხოვნის სიგნალი.  

მართალია, დამფრთხალმა მეზღვაურმა შეტყობინება ჯერ ჰალუცინაციად, მერე კოლეგების ბოროტ ხუმრობად მიიჩნია, მაგრამ მაინც მიმართა სახმელეთო ბაზას, სადაც მასხრად აიგდეს და ჩვეული კურსით მოძრაობის გაგრძელება ურჩიეს, ნაპირზე დაბრუნებულს კი, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები დაახვედრეს, რომელთაც სიგნალის გასაიდუმლოება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მკაცრი სასჯელით დაემუქრნენ. თუმცა, ურჩი ზღვაოსანი ბრძანებას არ დაემორჩილა, საკუთარი გამოძიება წამოიწყო და დაადგინა, რომ ანალოგიურ სიგნალს ჩაძირული გემიდან სხვა რადისტებიც ხშირად იღებდნენ.   

დროში მოგზაურობა

უცნაურია, მაგრამ 1991 წლის აგვისტოში ლაინერის „ლარსონ ჰაპერის“ ეკიპაჟმა „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას საზღვაო ოფიცრის ფორმაში გამოწყობილი ასაკოვანი წვერიანი მამაკაციც აღმოაჩინა მაშველ ნავთან ერთად, რომელიც თავგამოდებით ირწმუნებოდა, რომ „ტიტანიკის“ კაპიტანი ედვარდ ჯონ სმიტი იყო და ბორტზე დაბრუნებას მოითხოვდა, თუმცა, მოხუცი ხომალდის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში მიაბრძანეს, სადაც დიდხანს ჰყვებოდა, მაგრამ მაინც ვერავინ გააკვირვა საკუთარი შემზარავი ისტორიებით. 

ერთი წლის შემდეგ კი, ნორვეგიული ტრაულერის ეკიპაჟი გახდა ზღვის სიღრმიდან გიგანტური ხომალდის „ამოტივტივების“ მოწმე, რომლის ბორტზე უთავბოლოდ დაეხეტებოდნენ დაბნეული ადამიანები. ტრაულერის კაპიტნის რაგნარ პედერსენის განცხადებით, მან მხოლოდ ძრავის დაზიანების გამო ვერ შეძლო საბრალო მგზავრების დახმარება, თუმცა მაინც გაგზავნა განგაშის სიგნალი, რომელსაც შეერთებული შტატების სამხედრო გემი გამოეხმაურა. როგორც ამბობენ, სწორედ მან იხსნა „ტიტანიკის“ წარწერით დამშვენებულ მაშველ ჟილეტებში გამოწყობილი მგზავრები სიკვდილისგან, თუმცა ინფორმაცია მათ შესახებ მკაცრად გაასაიდუმლოვა. 

სასიკვდილო მარყუჟი

მართალია, „ტიტანიკის“ კატასტროფის ადგილას წარსულის ადამიანების გამოჩენა ფანტასტიკური, აბსოლუტურად დაუჯერებელი ვერსიაა და ვერცერთ სამეცნიერო თეორიას ვერ ერგება, მაგრამ სწორედ მისი შესწავლა გადაწყვიტეს პარაფსიქოლოგებმა, რომელთა მტკიცებით, ხომალდის ჩაძირვის ადგილას დრომ ჩვეული მნიშვნელობა დაკარგა და ერთგვარ მარყუჟად იქცა, რომელიც „ტიტანიკის“ მგზავრებს დროში მოგზაურობას აიძულებს, ანუ სინამდვილეში ლაინერი არა აისბერგს, არამედ დროის პორტალს „შეეჯახა“ და სწორედ ამიტომ „მოგზაურობს“ მგზავრებთან ერთად სხვადასხვა განზომილებაში.  

თავზეხელაღებული ავსტრალიელი

ცრუმორწმუნე კინემატოგრაფისტებისგან განსხვავებით, რომელთაც 20-მდე ფილმი მიუძღვნეს ლეგენდარულ ხომალდს, თუმცა მისტიკური ისტორიებით შეშინებულები მაქსიმალურად მოერიდნენ ავბედითი ლაინერის ზუსტი მაკეტის შექმნას, ბევრად თამამი აღმოჩნდა ავსტრალიელი მილიონერი, ვინმე კლაივ პალმერი, რომელმაც 2012 წელს, „ტიტანიკის“ დაღუპვიდან 100 წლისთავზე დაუკვეთა ჩინურ კომპანიას ლაინერის ზუსტი, თუმცა თანამედროვე ძრავითა და განსხვავებული სანავიგაციო სისტემით აღჭურვილი მოდელის შექმნა.  

მართალია, ხომალდს, რომელმაც „მისტიკური საფრთხისგან“ დასაცავად „ტიტანიკ II“-ის სახელი შეიძინა, პირველი რეისი 2016 წლის აპრილის თვეში უნდა შეესრულებინა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით რამდენჯერმე გადადებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ, ისევ „მისტიკური ხიფათის“ თავიდან ასარიდებლად, გემის მშენებლობა აღარასდროს გაგრძელდებოდა.

სხვა თემები