21 აპრილი 2024 - 02:15

ექსპერიმენტი ადამიანის ცნობიერებაზე: მასობრივი სუიციდი ჯონსთაუნში

1978 წლის ნოემბერში სამხრეთ-ამერიკული გაიანას ქალაქ ჯონსთაუნში რელიგიური სექტის, „ხალხთა ტაძრის” 900-ზე მეტი მიმდევარი დაიღუპა. მართალია, შეერთებული შტატების ხელისუფლების მტკიცებით, სექტის წევრებმა მათივე წინამძღოლის, ჯიმ ჯონსის მოწოდებით დაასრულეს სიცოცხლე თვითმკვლელობით, მაგრამ დღემდე საეჭვოა რამდენად შეესაბამება ოფიციალური ვერსია სინამდვილეს. 

ჯიმ ჯონსი

ჯიმ უორენ ჯონსი 1931 წლის 13 მაისს დაიბადა ინდიანას შტატის პატარა ქალაქ კრიტში, რასისტული ორგანიზაციის „კუ-კლუქს-კლანის“ წევრის დევიდ ჯონსის ოჯახში. დაწყებითი განათლება ჯეიმსმა დედისგან -  ყველა რელიგიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი, თუმცა მისტიციზმითა და წარმართული რიტუალებით გატაცებული მისის რებეკა ჯონსისგან მიიღო, რომელმაც შვილსაც სიამოვნებით გაუზიარა საკუთარი რწმენა. არანაკლები წვლილი შეიტანეს ჯონსის აღზრდაში მეზობელმა სექტანტებმაც ე.წ. „ორმოცდაათიანელების“ რელიგიური დაჯგუფებიდან. 

სკოლის დასრულების შემდეგ 17 წლის ჯიმი მედიცინით დაინტერესდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ უარი თქვა სწავლაზე და მხოლოდ ადრეულ ასაკში მიღებული "თეოლოგიური განათლების" წყალობით დააარსა საკუთარი ეკლესია ინდიანაპოლისში, რომელიც დროთა განმავლობაში სექტად იქცა და „ხალხთა ტაძრის“ სახელი შეიძინა.

მონათესავე ორგანიზაციებისგან ახალ სექტას რასობრივი თანასწორობის პრინციპი განასხვავებდა, რადგან 1950-იან წლებში, როცა თეთრკანიანი და შავკანიანი ამერიკელები სხვადასხვა მრევლს მიეკუთვნებოდნენ, ჯონსმა, რომელიც მამისგან განსხვავებით ყოველთვის რასობრივ შემწყნარებლობას ქადაგებდა, შავკანიანთა უფლებებისთვის ბრძოლას დაუჭირა მხარი და პრაქტიკულად ყველა ეთნიკური ჯგუფის და სოციალური ფენის წარმომადგენელი შეიფარა საკუთარ სექტაში. 

1970-იანი წლების დასაწყისში სექტა, რომელიც უფასო განათლებით, სამედიცინო მომსახურებითა და ღირსეული სამუშაოთი იზიდავდა ახალ წევრებს, ექვს მოხუცთა თავშესაფარს, უფასო სკოლას ფლობდა და ყოველ თვე გამოსცემდა ჟურნალს მასობრივი ტირაჟით, ორგანიზაციის იდეოლოგიური აქტივისტები კი, აქტიურად მუშაობდნენ ახალგაზრდებთან ინდიანაპოლისის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. 

მართალია, შეწირულ თანხას ჯონსი არასდროს ხარჯავდა პირადი მიზნებისთვის, მაგრამ ხელგაშლილობისა და ქველმოქმედების სანაცვლოდ მრევლის უპირობო მორჩილებას მოითხოვდა, რასაც ჯერ მგზნებარე ქადაგებით და საკუთარი პერსონის მნიშვნელოვნების ხაზგასმით, მერე მუქარითა და შანტაჟით, დაშინებითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით აღწევდა.   
 

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს „სამეცნიერო“ პროგრამა

1947 წელს ვირჯინიის შტატში დაზვერვის ცენტრალური სააგენტო შეიქმნა, რომელიც პროგრამით Bluebird-ით ("ლურჯი ფრინველით") შეუდგა ადამიანის ცნობიერების შესწავლას მასზე ტოტალური კონტროლის მოპოვების მიზნით. მეცნიერები მეტწილად ცალკეული ინდივიდებითა და მასობრივი ჯგუფებით მანიპულირების მეთოდებსა და შესაძლებლობებს იკვლევდნენ, რათა დაედგინათ რამდენად რეალური იყო ადამიანების იძულება, შეესრულებინა ნებისმიერი, თუნდაც ბრიყვული ბრძანება საკუთარი სურვილისა და თვითგადარჩენის ინსტინქტის წინააღმდეგ.  

სწორედ Bluebird-ის პროგრამის ფარგლებში გამოიცადა ჰალუცინოგენი LSD, რომელიც მეცნიერებმა რიგით ამერიკელებზე მოსინჯეს მიზერული ჰონორარის სანაცვლოდ. მართალია, 1973 წელს, საპროტესტო მოძრაობის შემდეგ დაზვერვის სააგენტომ ოფიციალურად განაცხადა პროექტის დახურვის შესახებ, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით კვლევა გაგრძელდა და სწორედ ჯონსის სექტა იქცა სააგენტოს ექსპერიმენტების ახალ პოლიგონად.

კომუნისტი მქადაგებელი

22 წლის ჯონსი, რომელიც მარქსიზმის იდეალებთან აიგივებდა საკუთარი სექტის პრინციპებს და ყოველთვის თავგამოდებით ეხმარებოდა ნაკლებად შეძლებულ, სოციუმისგან გარიყულ ამერიკელებს - ნარკომანებს, წვრილმან კრიმინალებსა და უსახლკაროებს, 1953 წელს კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, თუმცა მაკარტიზმის პერიოდში, როცა სენატორ ჯოზეფ მაკარტის ორგანიზებით ხელისუფლებამ „ანტიამერიკულად" განწყობილ მოქალაქეებზე გამოაცხადა ნადირობა, არც ჯონსი დარჩა შეუმჩნეველი თავისი აშკარად სოციალიზმისკენ მიდრეკილი სექტითა და ახალი სწავლებით, რომელიც ერთი შეხედვით მარქსისა და რობინ ჰუდის იდეების მეტად ორიგინალურ სინთეზს წარმოადგენდა, თუმცა სინამდვილეში რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა მისივე ავტორის ქადაგებას.

გაიანაში გადაბარგება

მოჩვენებითი ერთობისა და კეთილდღეობის მიუხედავად, 1970-იანი წლების დასაწყისში, „ხალხთა ტაძრის“ რამდენიმე წევრმა, რომელთაც ვეღარ გაუძლეს სექტაში გამეფებულ ძალადობას, სასტიკ რეჟიმსა და კატორღულ მუშაობას, უარი თქვეს ჯონსის ბრმა მორჩილებაზე და საჯაროდ ამხილეს „გურუ-ლიდერი“ ავადმყოფურ იდეებსა და მისწრაფებებში. სექტანტების სკანდალურ განცხადებას ხმაურიანი კამპანიით უპასუხა ამერიკულმა პრესამ, რომელმაც სენატსაც კი აიძულა თვითგამოცხადებული მქადაგებლის საქმიანობის გულდასმით შესწავლა. 

არ დაიხია უკან არც ჯონსმა, რომელმაც 1974 წელს გაიანას ჯუნგლებში შეიძინა 11 ათასი ჰექტარი მიწა და მიმდევრებთან ერთად გადაბარგდა სამხრეთ ამერიკაში, სადაც სკოლის და საავადმყოფოს, საცხოვრებელი სახლებისა და სახელოსნოების აშენებით დააარსა ახალი ქალაქი, რომელმაც მისსავე პატივსაცემად შეიძინა ჯონსთაუნის სახელი.  

„თეთრი ღამეები“

აპოკალიფსური იდეებით შეპყრობილი ჯონსი, რომელმაც ისევ კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნო თავი ერთგული სექტანტებისა და შეიარაღებული მებრძოლებით დაცულ კომუნაში, ამჯერად არმაგედონის იდეამ გაიტაცა და რიტუალური თვითმკვლელობის ანუ საერთო წმინდა საქმისთვის მსხვერპლთშეწირვის აქტის განდიდებას შეუდგა. „პრაქტიკულ მეცადინეობებზე“ კოდური სახელით „თეთრი ღამეები“, ჯონსი ვითომ მოწამლულ, სინამდვილეში აბსოლუტურად უსაფრთხო „ჯადოსნური ნექტრის“ მიღებას აიძულებდა სექტის წევრებს მათი ერთგულების, ხასიათის სიმტკიცისა და თავდადების გამოსაცდელად. ის, ვინც უარს ამბობდა კოქტეილის მიღებაზე სასტიკად ისჯებოდა, ის კი, ვინც წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდა და შიშით წრუპავდა უჩვეულო ნექტარს, „გურუ-ჯონსის“ სასწაულმოქმედებას იჯერებდა და მორჩილად ასრულებდა ყველა მის ბრძანებას.

კონგრესმენის ვიზიტი

არაოფიციალური ინფორმაცია ჯონსის სისასტიკესა და სექტაში გამეფებულ ძალადობაზე, ამერიკის ხელისუფლებამ გაიანადანაც მრავალგზის მიიღო. მეტიც, „ხალხთა ტაძრიდან“ გაქცეული რამდენიმე სექტანტი კალიფორნიის შტატის კონგრესმენს ლეო რაიანსაც შეხვდა და დაუფარავად მოუთხრო  იმ არაადამიანურ მეთოდებზე, რომელთაც „სასწაულმოქმედი“ ჯონსი იყენებდა საკუთარ მიმდევრებზე კონტროლის მოსაპოვებლად. 

1978 წლის ნოემბერში რაიანი ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად ეწვია ჯონსთაუნს და ერთი შეხედვით უწყინარი შეკითხვებით გაანაწყენა ჯონსი, რომელმაც ყველა ბრალდებას თავისმართლებით უპასუხა, დაიჟინა თითქოს სპეცსამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ მის განადგურებას და თვითმკვლელობით დაიმუქრა.  

მართალია, დასახლების თვალიერებისას, სექტის დიდი ნაწილი მონდომებით ცდილობდა უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრების ილუზიის შექმნას, მაგრამ რამდენიმემ მაინც მოახერხა კონგრესმენთან გასაუბრება და სამშობლოში დაბრუნება მოითხოვა, რასაც რაიანთან ერთად ჯონსიც დაუფიქრებლად დათანხმდა, თუმცა, როცა დელეგაცია კონგრესმენ რაიანის, ჟურნალისტებისა და ყოფილი „კომუნარების“ შემადგენლობით ქალაქ პორტ-კაიტუმას აეროდრომს მიუახლოვდა, ასაფრენ ბილიკზე მოულოდნელად გამოჩნდნენ სატვირთოები შეიარაღებული ახალგაზრდებით, რომელთაც ავტომატიდან გახსნეს ცეცხლი და კონგრესმენთან ერთად ჟურნალისტები და სექტის წევრები იმსხვერპლეს.    

ტრაგიკული ფინალი

რა თქმა უნდა, ჯონსი მიხვდა, რომ კონგრესმენის ლიკვიდაციით, პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი, ამიტომ არ დააყოვნა და 1978 წლის 18 ნოემბერს ჯერ მრევლი მიიწვია „თეთრი ღამეების“ მორიგ შეკრებაზე, მერე ერთგულ თანაშემწეებს დაავალა გამაგრილებელ სასმელში კალციუმის ციანიდის შერევა. როგორც აღმოჩნდა ჯონსი, რომელმაც მანამდეც არაერთხელ აიძულა მიმდევრებს „საყოველთაო თვითმკვლელობის რევოლუციური აქტის“ განხორციელება, ამჯერად აღარ ხუმრობდა. 

საერთო დაბნეულობის მიუხედავად, სექტის რამდენიმე წევრმა, რომელთაც საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ასმევდნენ მშობლები შვილებს მოწამლულ ლიმონათს, თვითგადარჩენის ინსტინქტმა სძლია და თავსმოხვეულ იდეალებისთვის სიკვდილს ისევ გაქცევა ამჯობინა. მართალია, რთული აღმოჩნდა შეიარაღებული გუშაგებისგან თავის დაღწევა, მაგრამ სექტის წევრებმა მაინც მოახერხეს ღობეზე გადაძრომა, სამხედრო ბაზამდე მიღწევა და განგაშის ატეხა, ჯონსთაუნში კი, ორი დღის შემდეგ დაბრუნდნენ სამხედროებთან ერთად, თუმცა კომუნის წევრების ნაცვლად მხოლოდ მათ ცხედრები დახვდათ.  

ვერსიები და ვარაუდები

რა მოხდა სინამდვილეში 1978 წლის 18 ნოემბრის ავბედით დილას გაიანას ჯუნგლებში - დანამდვილებით არავინ იცის, რადგან ტრაგედიის შემდეგ სწრაფად გავრცელდა ხმები, თითქოს ჯონსთაუნში არა მასობრივი თვითმკვლელობა, არამედ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩატარდა. მეტიც, ადგილობრივი საპოლიციო უწყების პათოლოგანატომმა გარდაცვლილ სექტანტთა უმრავლესობას ტყვიის და ინექციის კვალი უპოვა სხეულზე, რამაც შხამის იძულებით მიღების ვერსია დაადასტურა, საეჭვო გახდა თავად ჯონსის გარდაცვალებაც, რომელსაც მართალია, შხამის ყველაზე დიდი დოზა აღმოაჩნდა სისხლში, მაგრამ იმავე პათოლოგანატომის მტკიცებით, მთავარი სექტანტი მაინც თავში გასროლით დაიღუპა.  

მასობრივმა მკვლელობამ თუ თვითმკვლელობამ მთელი ამერიკა შეძრა და ვარაუდებმაც არ დააყოვნა. ბევრმა ჯონსთაუნის ტრაგედიაში ფსიქიკურად დაავადებული ჯონსი, ბევრმა კი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტო დაადანაშაულა, რომელმაც ჯერ სექტა შექმნა „გურუ-ჯონსის“ ხელმძღვანელობით, მერე გაიანას ჯუნგლებში გადააბარგა,  რათა საიმედოდ დაემალა წლების მანძილზე მიმდინარე ექსპერიმენტები. 

ამერიკელებმა ვერც ამ შემთხვევაში დააღწიეს თავი შეთქმულების თეორიას, რადგან დიდი ნაწილი დღესაც დარწმუნებულია, რომ ოფიციალური განცხადების მიუხედავად, თითქოს საზარელი ექსპერიმენტი 1973 წელს დასრულდა, სინამდვილეში ცდები ადამიანის ცნობიერებაზე ისევ გრძელდება. მეტიც, წიგნის „ყველა დროის 60 ყველაზე მსხვილი შეთქმულების თეორიის“ ავტორების ჯონათან ვენკინისა და ჯონ უოლენის მტკიცებით, სწორედ დაზვერვის სააგენტოს სპეციალურ საკონცენტრაციო ბანაკად იქცა ჯონსთაუნი, რომელიც საიდუმლო სამთავრობო პროექტის ფარგლებში შეიქმნა ამერიკელების ცნობიერების „გადატვირთვისა და თავიდან დაპროგრამების“  მიზნით.   

მართალია, ჯონსთაუნის ტრაგედიიდან მთელი 45 წელი გავიდა, მაგრამ ვერსიები და ვარაუდები დღემდე მრავლად ვრცელდება. ვინ იყო სინამდვილეში ჯიმ ჯონსი - ორმაგი აგენტი თუ განდიდების მანიით შეპყრობილი ფსიქოპათი? რა მიზანს ემსახურებოდა მისი სექტა და რა მოხდა სინამდვილეში ჯონსთაუნში? - სავარაუდოდ, ერთმნიშვნელოვან პასუხს შეკითხვებზე საზოგადოება ვერასდროს მიიღებს.

სხვა თემები