27 აპრილი 2024 - 15:19

„არა შავ ფულს და კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ექსპერტები, პოლიტოლოგები 29 აპრილის საყოველთაო-სახალხო შეკრებას უერთდებიან

ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დღეს სიმართლის მხარეს დგას. მათთვის ვისთვისაც ძვირფასი სიმართლე, ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები , ტრადიციები და ეროვნული ღირებულებებია 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას უერთდება.

სოციალურ ქსელში აქტიურობენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. ისინი მოუწოდებენ თანამოქალაქეებს 29 აპრილს, პარლამენტის წინ ერთად უთხრან უარი შავ ფულს და კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“

29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„მივდივარ 29 აპრილს, მაგრამ ვინმესთან საჩხუბრად ან სადავოდ კი არ მივდივარ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი გაყოფა არ შეიძლება... ასე საქართველო არ მოსულა აქამდე“,- აცხადებს მსახიობი იმედა კახიანი.

„დღევანდელმა დღემ დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა! 
 რამხელა საფრთხეებია შიგნით თუ გარეთ და რამხელა ძალა ეჭიდავება ქართულ სახელმწიფოს,იდენტობას და ამ ქვეყნის მოქალაქეს.  დღეს ენის მოჩლექის დრო არ არის,ან ხარ ქართველი და გინდა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა,ან ხარ სხვა ქვეყნის ინტერების მსხვერპლი.(რბილად რომ ვთქვათ) 29 აპრილს მშვიდობით და ერთობით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“,- წერს მომღერალი ზურაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

„ვაჟკაცობა ისეთ ქმედებებშია, როცა შენს ბიოგრაფიაში არსებობს ისეთი რამ, რომ ურთულეს მომენტში ხმა ამოგიღია, გითქვამს, ჩემხელა ბიჭებს რას უშვრებით, რა უქენით იმათ მშობლებს, რატომ ამტვრევთ ძვლებში, რატომ აქრობთ?! შენგან პროტესტიც ჩემთვის მისაღებია, მაგრამ შენ საერთოდ კრინტიც რომ არ გითქვამს, არ გაჭაჭანებულხარ და გამოდიხარ – არა რუსულ კანონს, ჩემი ბიოგრაფიის მქონე ადამიანს ამაზე მეცინება. მირჩევნია, კარგი სპექტაკლი ვნახო, სერიოზული მსახიობური ნამუშევრები, ვიდრე ასე ვნახო თეატრი სპექტაკლის მერე – არა რუსულ კანონს“,- აცხადებს მსახიობი, ზაზა პაპუაშვილი

„მივდივარ 29 აპრილს დანიშნულ აქციაზე, ჩემი წილი საქართველოს (მამულის, ენის, სარწმუნოების) დასაცავად. გამიხარდება ერთ ადამიანს მაინც თუ დავინახავ, პლაკატით, “არა ევროკავშირს – არა ელგებეტე პროპაგანდას” – წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

სოციალურ ქსელში აქტიურობენ პოლიტოლოგები და ექსპერტები. ისინი საკმაოდ ვრცელ ანალიზს გვთავაზობენ რატომ უნდა მივიდეს საზოგადოება 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო აქციაზე.  გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს: 

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა

„29 აპრილის შეკრებას აქვს ეპოქალური დატვირთვა და ის ანტიკოლონიალური ბრძოლის დიდი ეპიზოდია. აუცილებელია ერის მასობრივი მონაწილეობა მასში, რადგან ამ ეტაპზე გვაქვს სამი არჩევანი:

1. ვრჩებით კოლონიად და ვაგრძელებთ ყოველწლიურად 10 მილიარდი დოლარის ხარკის გადახდას განვითარების გარეშე და დემოგრაფიული გადაშენების პერსპექტივით 
2. ვაძლევთ საშუალებას მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ვერთვებით რუსეთთან ომში, რაც სახელმწიფოს დაკარგვით სრულდება
3. ვაწარმოებთ ანტიკოლონიალურ ბრძოლას მაქსიმალური სუვერენიტეტის მიღებამდე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სწრაფი განვითარება და დემოგრაფიული გაფურჩქნა გარდაუვალია

რატომ უნდა მივიდეთ საერთო სახალხო შეკრებაზე?

1. ყველას დავანახოთ, რომ ქართველი ერი ერთიანია და იბრძვის სუვერენიტეტისთვის. დიდი მასის გამოსვლის შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა შესაძლოა გადაიფიქრონ და დაგველაპარაკონ როგორც პარტნიორები.
2. ეს არ არის პარტიული აქცია, ამ აქციის დატვირთვა ეპოქალურია და 1991 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და 2012 წლის მეტროპოლიის მარიონეტი დიქტატორის მოშორების შემდეგ ამ მნიშვნელობის მოვლენა არ გვქონია
3. ხელისუფლებაში ბევრი მერყევი ადამიანი შეიძლება იყოს და როცა დაინახავს ხალხის ერთობას, გამყარდება მათი პოზიცია
4. ეს შეკრება ფაქტობრივად ახალი რეფერენდუმია დამოუკიდებლობის ანუ სუვერენიტეტის შესახებ
5. ამ შეკრებით ვახდენთ მეხუთე კოლონის დემორალიზაციას
6. ნებისმიერ ერს გააჩნია კოლექტიური გონი - დიდი შეკრების დროს ამ გონის კონსოლიდაცია და გააქტიურება ხდება
7. სუვერენიტეტის მოსაპოვებლად დრო ცოტა გვაქვს და უნდა მოვასწროთ!“,- წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა.

„29 აპრილს გამოსულ თანამოაზრეებთან ერთად მეც ვიდგები, რადგან თავს ვალდებულად ვთვლი დავიცვა სამი ღვთაებრივი საუნჯე - მამული, ენა და
სარწმუნოება, რადგან ეს ყველაფერი ერთად, ეროვნული იდეის საფუძველთ საფუძველია და ამას ვერავინ შეცვლის“,- წერს ექსპერტი, ხალხის ძალის წევრი თამთა მეგრელიშვილი.

„29 აპრილს, კიდევ ერთხელ რეალურად გამოჩნდება თუ სად დგას საზოგადოების უმრავლესობა და რა სავალალო მდგომარეობაში არიან სექტის ანგარებიანი ჭინკები.“,- სოციალურ ქსელში პოსტს ექსპერტი გია აბაშიძე აქვეყნებს.

„29 აპრილის აქციაზე ხალხის მასობრივი გამოსვლა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩაიშალოს საქართველოში ახალი ფერადი რევოლუციის გეგმა, რისი განხორციელებისათვისაც ასე დაუღალავად მოქმედებენ ჩვენი დაუძინებელი პარტნიორები და მათი აგენტურა.
ესაა მთავარი , რაც ყველას უნდა ესმოდეს და არა ის, თუ რა დივიდენდებს მიიღებს ან ვერ მიიღებს ამისგან ,,,ქართული ოცნება''. მე მგონი, ეს ქართველი ხალხის უმეტესობამ გაცილებით უკეთ გაიგო, ვიდრე იმათმა, ვისაც თავი პოლიტიკოსად მიაჩნია და წყენების კოლექციონირებას ეწევა.“,- წერს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე

„ჩვენი ეს განწყობა უნდა დავანახოთ 29 აპრილს ევროპული ღირებულებების გამმრუდებელ, მაგრამ ევროპის სახელით მოლაპარაკე იმ ოდიოზურ და კორუმპირებულ ოციოდე ევროპარლამენტარს, რომლებიც დანარჩენ გაუთვითცნობიერებელ, ზედაპირულად მოაზროვნე კოლეგებს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ასეთ რეზოლუციებზე აწერინებენ ხელს.”- ასე ეხმაურება 29 აპრილის შეკრებას არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე .

29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ შეკრება 18:00-ზე დაიწყება, ოფიციალური გახსნა 20:00-ზეა დაგეგმილი. საყოველთაო სახალხო შეკრებას , „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება .

სხვა თემები