03 ივნისი 2024 - 22:41

ელისაბედ მეორე: უუფლებო მილიარდერი და ნოვატორი მონარქი

1953 წლის 2 ივნისს ლონდონის უესტმინსტერის სააბატოში ჯორჯ VI-ის მემკვიდრის - 25 წლის ელისაბედის დედოფლად კურთხევის ცერემონია შედგა, რომელიც ისტორიკოსებმა სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ღონისძიებად შეაფასეს, რადგან ელისაბედის მოთხოვნით კორონაციის ცერემონია სრულად გადაიცა ტელევიზიით. „ბრიტანელებმა უნდა გამიცნონ, რათა ირწმუნონ ჩემი“, - სწორედ ასე ახსნა მომავალმა დედოფალმა საკუთარი გადაწყვეტილება, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭო. 

უინძორების დინასტიის შთამომავალი, ბრიტანეთის დედოფალი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და ანგლიკანური ეკლესიის უზენაესი მეთაური, მისი უდიდებულესობა ელისაბედ II, რომელიც დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად 14 დამოუკიდებელი ქვეყნის თანამეგობრობის დედოფლადაც ითვლებოდა, არა მხოლოდ მსოფლიოს უხუცესი მონარქი, არამედ სახელმწიფოს ყველაზე სტაჟიანი მმართველი იყო. თითქმის 70-წლიანი მმართველობის პერიოდში ელისაბედ II, რომელიც 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა 96 წლის ასაკში, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რისი წყალობით ბრიტანელების განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. 

ორი ოფიციალური დაბადების დღე

ელისაბედ ალექსანდრა მარია, რომელიც 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა ლონდონში, მეიფერის რესპექტაბელურ რაიონში გრაფ სტრატმორის რეზიდენციაში, იორკის ჰერცოგის პრინც ალბერტის და ლედი ელისაბედ ბოუზ-ლაიონის უფროსი ქალიშვილი იყო. იორკის პრინცესას ტიტული ელისაბედმა დაბადებისთანავე მიიღო, სრული სახელი - დედის, ბებიისა და დიდი ბებიის სახელების გაერთიანებით შეიძინა, „ლილბეტის“ ზედმეტსახელი კი, რომლითაც მხოლოდ ახლობლები მიმართავდნენ, ბავშვობაში შეარქვა მამამ, როცა საკუთარი სახელის გამოთქმა გაუჭირდა. 


 
მართალია, აპრილის თვეში დედოფალი დაბადების დღეს ოჯახურ წრეში აღნიშნავდა, რასაც სამეფო გვარდია ნაშუადღევს სადღესასწაულო ზალპით პასუხობდა, მაგრამ თანამემამულეების მილოცვას მისი უდიდებულესობა მხოლოდ ორი თვის შემდეგ, ივნისის მეორე შაბათ დღეს იღებდა, როცა სწორედ მის პატივსაცემად ეწყობოდა ლონდონში აღლუმი. 

მონარქის დაბადების დღის ორჯერ აღნიშვნის ტრადიცია 1748 წელს დამკვიდრდა ჯორჯ II-ის წყალობით, რომელსაც მკაცრმა ბრიტანულმა კლიმატმა არ მისცა დაბადების დღის ნოემბრის თვეში მასშტაბური ღონისძიებით აღნიშვნის საშუალება და ღირსშესანიშნავი თარიღი ზაფხულის სეზონზე გადაიტანა. 

სამეფო ტახტის მემკვიდრე

პრინცესას ტიტულით დაბადებული ელისაბედი სამეფო ტახტის მესამე მემკვიდრე გახდა ბიძის - მომავალი მონარქის ედუარდ VIII-ის და მამის - იორკის ჰერცოგის, პრინც ალბერის შემდეგ. მართალია, სამეფო ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ ახალგაზრდა ედუარდს მემკვიდრეები შეეძინებოდა, ამიტომ ელისაბედი ნაკლებად მიიჩნეოდა ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ 1936 წლის იანვარში ჯორჯ V-ს გარდაცვალებიდან 11 თვის შემდეგ, ედუარდმა საკუთარი ნებით თქვა უარი სამეფო გვირგვინზე და უფლებამოსილება სრულად გადააბარა უმცროს ძმას ალბერტს, რომელმაც კორონაციის შემდეგ ჯორჯ VI–ის სახელი შეიძინა, 10 წლის ელისაბედი კი, მისი მემკვიდრე და სამეფო ტახტის მთავარი პრეტენდენტი გახდა. 

ჰუმანიტარული განათლება

ბავშვობა მომავალმა დედოფალმა ბუკინგემის სასახლეში გაატარა, სადაც დედის და აღმზრდელი ძიძის მერიონ კროუფორდის ხელმძღვანელობით მიიღო ბრწყინვალე ჰუმანიტარული განათლება. მსოფლიო ისტორიას, სამართალმცოდნეობას და ბრიტანეთის კონსტიტუციას მოზარდი ელისაბედი იტონის კოლეჯის რექტორის, სერ ჰენრი მარტინის წყალობით დაეუფლა, ფერწერა, ლიტერატურა, მუსიკა და ფრანგული ენა კი, რომელსაც სრულყოფილად ფლობდა, პრაქტიკულად დამოუკიდებლად ისწავლა. 

საყვარელი გატაცება

ადრეულ ასაკში ცხენოსნობით გატაცებულმა ელისაბედმა სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა საყვარელ ჰობის და ხანდაზმულიც აქტიურად ინტერესდება სუფთა სისხლის ცხენების მოშენებით. მეტიც, სამეფო ცხენებმა, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ დოღებში, დედოფალი თითქმის 7 მილიონი ფუნტი სტერლინგით გაამდიდრეს. 

ელისაბედს ყოველთვის ძალიან უყვარდა ცხოველები და განსაკუთრებით ძაღლები. მის უდიდებულესობას 30-ზე მეტი ოთხფეხა მეგობარი ჰყავდა, რომელთა უმეტესობა მე-10 საუკუნეში, ბრიტანეთში გამოყვანილ - უელშ კორგი პემბროკის ჯიშის მიეკუთნებოდა. ამასთანავე, დედოფალი ბრიტანეთში ბინადარ ყველა გედს, ვეშაპსა და დელფინს მეურვეობდა, უცხოური დელეგაციებისგან საჩუქრად მიღებულ ეგზოტიკურ ცხოველებს კი, სიამოვნებით გადასცემდა ლონდონის ზოოპარკს. 

პირველი პორტრეტი

1929 წელს 3 წლის ელისაბედის პორტრეტმა, რომელიც მომავალი დედოფლის ერთ-ერთ პირველ საჯარო ფოტოდ იქცა, ამერიკული ჟურნალის Time-ის აპრილის ნომრის გარეკანი დაამშვენა. უამრავი ფოტოსა და 130-ზე მეტი ფერწერული პორტრეტის მიუხედავად, ელისაბედს ნაკლებად ხიბლავდა ფოტოგრაფებისა და მხატვრებისთვის პოზირება. სამეფო ოჯახის პირადი ფერმწერის ჯონ ვონაკოტის განცხადებით, „მისი უდიდებულესობა ძალიან მოუსვენარი ქალბატონი იყო და საშინლად არ უყვარდა ერთ ადგილას ჯდომა, შენიშვნის მიცემას კი, რა თქმა უნდა, ვერავინ უბედავდა, ამიტომ პორტრეტზე მუშაობა ზოგჯერ რამდენიმე თვე გრძელდებოდა“.

მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლები მცირეწლოვანმა ელისაბედმა ლონდონთან ახლოს, უინძორის ციხესიმაგრეში გაატარა უმცროს დასთან მარგარეტთან ერთად. მართალია, 1940 წლის სექტემბრის თვეში ლონდონის საჰაერო დაბომბვის შემდეგ ლორდმა დაგლას ჰეილშემმა ლედი ელისაბედს ქალიშვილების კანადაში ევაკუირება შესთავაზა, მაგრამ ელისაბედმა გადაჭრით უარყო შეთავაზება და განაცხადა, რომ „მცირეწლოვანი პრინცესები მის გარეშე არსად გაემგზავრებოდნენ, თვითონ კი, მონარქს არ მიატოვებდა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უღალატებდა სამშობლოს და არ გაიქცეოდა ქვეყნიდან“. 

1940 წლის 13 ოქტომბერს, 14 წლის ელისაბედმა საბავშვო რადიოგადაცემაში სცადა ომით დაზარალებული თანატოლების გამხნევება, „მინდა გაცნობოთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მამაცი ჯარისკაცების, მეზღვაურებისა და მფრინავების დასახმარებლად, მათთან ვინაწილებთ ყველა ხიფათსა და მწუხარებას, რადგან გვჯერა, რომ ბრძოლა საბოლოოდ ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, - აღნიშნა მოზარდმა პრინცესამ სადებიუტო რადიო გამოსვლაში, რასაც მალე პირველი საჯარო გამოჩენა მოჰყვა გრენადერების გვარდიის პოლკში ოფიციალური ვიზიტისას.

1944 წელს სამთავრობო აპარატის ოთხ წარმომადგენელთან ერთად 18 წლის ელისაბედმა „სახელმწიფო მრჩევლის“ სტატუსი შეიძინა, რამაც მონარქის არ ყოფნის ან უუნარობის შემთხვევაში მისი ვალდებულებების გადაბარების უფლება მისცა, ერთი წლის შემდეგ კი, საკუთარი ინიციატივით შეუერთდა ქალთა თავდაცვის რაზმს და წარმატებით გაიარა სანიტარული მანქანის მძღოლ-მექანიკოსის სტაჟირება, 5-თვიანი სამხედრო მომზადება კი, ლეიტენანტის წოდებით დაასრულა და სამეფო ოჯახის პირველი ქალბატონი გახდა, ვინც ჯარში იმსახურა. 

სხვათა შორის, ელისაბედი ერთადერთი ბრიტანელი იყო, ვინც მოწმობის გარეშე მართავდა ავტომობილს. მეტიც, დედოფალს არც პასპორტი ჰქონდა, რადგან იდენტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი ბრიტანეთში სწორედ მონარქის სახელით გაიცემა, საკუთარი თავისთვის პასპორტის გაცემა კი, ნაკლებად მისაღები და გამართლებული აღმოჩნდა.  

ელისაბედი და ფილიპი

საბერძნეთისა და დანიის მონარქების გეორგიოს I-ისა და ქრისტიან IX-ის შთამომავალი, პრინცი ფილიპი, ელისაბედმა 1939 წელს გაიცნო დართმუთში, სამეფო სამხედრო-საზღვაო კოლეჯში სტუმრობისას. მართალია, მეგობრობით დაწყებული მიმოწერა სწრაფად გადაიზარდა სიყვარულში, მაგრამ ქალიშვილის არჩევანი ჯორჯ VI–მ დაიწუნა, რომლისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ფილიპის მამის, პრინც ანდრეის მეგობრობა ადოლფ ჰიტლერთან. ამასთანავე, ნაკლებად შეძლებულ პრინცს არაფერი ებადა ტიტულისა და არისტოკრატული წარმომავლობის გარდა, თუმცა ქალიშვილის უსაზღვრო სიყვარულმა საბოლოოდ მონარქს მაინც დათმობა აიძულა.   

21 წლის პრინცესა ელისაბედისა და ბრიტანეთის ფლოტის ოფიცრის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, 26 წლის ლეიტენანტის ფილიპ მაუნთბეტენის ჯვრისწერა 1947 წლის 20 ნოემბერს შედგა უესტმინსტერის სააბატოში. ქსოვილი საქორწინო კაბის შესაკერად  ელისაბედმა საპროდუქტო კუპონებით შეიძინა, რომელთა ნაწილი მშობლებისგან, ნაწილი კი, ბრიტანეთის მთავრობისგან მიიღო საჩუქრად. მართალია, რიგითმა ბრიტანელებმაც გამოთქვეს დედოფლის დახმარების სურვილი, მაგრამ ბუკინგემის სასახლემ უარი თქვა მათ საჩუქარზე და ყველა კუპონი უკან დააბრუნა, თუმცა, ახლად დაქორწინებულები მაინც არ დარჩნენ გულდაწყვეტილი, რადგან 2 500–ზე მეტი საქორწინო ძღვენი მიიღეს მთელი მსოფლიოდან. 

ამბობენ, თითქოს ბრილიანტის ტიარა, რომელიც ელისაბედმა დედისგან მიიღო მემკვიდრეობით, ჯვრისწერის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე გაუტყდა სამეფო დალაქს. უძვირფასესი სამშვენისი პოლიციის კორტეჟით გადაიტანეს სახელოსნოში და ორ საათში შეკეთებული დააბრუნეს უკან. მართალია, ბევრმა ტიარას დაზიანება უიღბლო ქორწინების ავისმომასწავებელ ნიშნად ჩათვალა, მაგრამ დედოფალ ელისაბედის და პრინც ფილიპის კავშირი, რომელმაც ჯვრისწერამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო ედინბურგის ჰერცოგის ტიტული, თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ და ხანგრძლივ სამეფო ქორწინებად იქცა. რა თქმა უნდა, ხშირად ვრცელდებოდა ხმები ჰერცოგის ავანტიურულ-რომანტიკულ თავგადასავლებზე, მაგრამ წყვილმა ყველა განსაცდელს გაუძლო, ოთხი შვილი - ჩარლზი (უელსის პრინცი და მომავალი მონარქი), ანა (სამეფო დედოფალი), ენდრიუ (პრინცი, იორკის ჰერცოგი), ედვარდი (პრინცი, უესექსის გრაფი) აღზარდა და ფილიპის გარდაცვალებამდე  (2021 წლის 9 აპრილამდე), მთელი 74 წელი შეინარჩუნა მტკიცე ქორწინება და გულწრფელი მეგობრობა. 

ელისაბედ II - ბრიტანეთის დედოფალი

1951 წელს, ელისაბედმა მამის – ჯორჯ VI-ის უფლებამოსილება გადაიბარა, რომელმაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო თქვა უარი საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. იმავე წლის ოქტომბრის თვეში პრინცესა სახელმწიფო ვიზიტით ეწვია კანადასა და შეერთებულ შტატებს, სადაც პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს შეხვდა, 1952 წლის დასაწყისში კი, მეუღლესთან ერთად გაემგზავრა კენიაში. წყვილი სასტუმრო Tree Tops-ში დაბინავდა, რომელიც ასწლოვანი ხის ტოტებში იყო მოქცეული. სწორედ იქ შეიტყო ელისაბედმა მამის გარდაცვალების შესახებ, რაც 1952 წლის 7 თებერვალს სტუმრების სარეგისტრაციო წიგნში გაკეთებულმა უჩვეულო ჩანაწერმაც დაადასტურა, რომელიც იუწყებოდა, რომ „ახალგაზრდა პრინცესამ პირველად სცადა ხეზე ასვლა, იქიდან კი, უკვე დედოფალი ჩამოვიდა".  

1952 წლის 8 თებერვალს, სამშობლოში დაბრუნებულმა ელისაბედმა საიდუმლო საბჭოს წინაშე დადო ე.წ. ტახტის მემკვიდრის ფიცი, ჰეროლდმაისტერმა კი, სიტყვებით „ღმერთო დაიფარე დედოფალი!" სენტ-ჯეიმსის სასახლის აივნიდან აუწყა ბრიტანელებს ელისაბედ II-ს სამეფო ტახტზე ასვლა, რაც ჯორჯ VI-ს გარდაცვალების შემდეგ დახრილი დროშების ერთიანად აღმართვით აღინიშნა. 

ელისაბედის დედოფლად კურთხევის საზეიმო ცერემონია 1953 წლის 2 ივნისს გაიმართა  უესტმინსტერის სააბატოში. მართალია, ომისშემდგომ წლებში ბრიტანეთის ეკონომიკა სერიოზულ კრიზისს განიცდიდა, მაგრამ ქვეყნის ხაზინამ მაინც შეძლო სოლიდური თანხის გაღება ლონდონის ქუჩების სადღესასწაულოდ მოსართავად, რამდენიმე დღის შემდეგ კი აღლუმი მოეწყო პორტსმუთის პორტში 250 ბრიტანული და 22 უცხოური სამხედრო გემის მონაწილეობით. 

დედოფლის ქათქათა თეთრი კაბა ბრიტანეთის და თანამეგობრობის ქვეყნების ნაქარგი ნაციონალური ემბლემებით – ინგლისური ვარდით, კანადური ნეკერჩხლის ფოთლით და ირლანდიური სამყურათი, სამეფო კარის დიზაინერმა ნორმან ჰარტნელმა შექმნა, რომელიც მოგვიანებით ელისაბედის საყვარელი დიზაინერად იქცა, რადგან სწორედ ის ზრუნავდა მის სტილსა და სამოსზე ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის.  

დედოფლის როლი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში

საპარლამენტო წყობის გათვალისწინებით ბრიტანეთის მონარქს მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს და არასდროს ერევა პოლიტიკასა და ქვეყნის მართვაში, ამიტომ ელისაბედ II-ს მოვალეობად მხოლოდ დიპლომატიური ვიზიტების მოწყობა და საერთაშორისო სამიტებზე ქვეყნის წარდგენა, ელჩების მიღება და მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრა, ჯილდოების გადაცემა და რაინდის წოდების მინიჭება ითვლებოდა, რასაც ღირსეულად გაართვა თავი და არა უბრალოდ შეინარჩუნა, არამედ ერთი-ორად გაზარდა ბრიტანული მონარქიის ავტორიტეტი. 

დიპლომატიური ვიზიტები

მოგზაურობის მოყვარული დედოფალი პირველად 1947 წელს, მშობლებთან ერთად გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში, 1948 წლის მაისში - პირველად ეწვია საფრანგეთს ოფიციალური ვიზიტით, 1954 წელს კი, მონარქებს შორის პირველმა იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო. მასშტაბური ტურნე მთელი ექვსი თვე გაგრძელდა, რადგან თანამეგობრობის ქვეყნებთან ერთად, ბრიტანეთის ყოფილი და მოქმედი კოლონიები (ფიჯი, ტონგა და ბერმუდის კუნძულები, იამაიკა, პანამა და ქოქოსის კუნძულები, ცეილონი, იემენი და უგანდა, ლიბია, მალტა, გიბრალტარი) გააერთიანა და საერთო ჯამში 64 ათასი კილომეტრი შეადგინა.

ამასთანავე, ელისაბედი პირველი მონარქი გახდა, ვინც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, იაპონიაში, ვატიკანში იმოგზაურა და პირადად შეხვდა რომის პაპს - იოანე პავლე II-ს, რომელიც ორი წლის შემდეგ საპასუხო ვიზიტით ესტუმრა დედოფალს, როგორც ანგლიკანური ეკლესიის მეთაურს. სხვათა შორის, სწორედ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მოგზაურობისას დაამკვიდრა ელისაბედმა ქალაქში გასეირნებისა და მოქალაქეებთან გასაუბრებით, მათი ახლოს გაცნობის ტრადიცია, რომელიც მოგვიანებით სამეფო ოჯახის პროტოკოლის აუცილებელ პუნქტად იქცა, შორეული ტურნედან დაბრუნებულმა გადაწყვიტა დედოფალმა ხასხასა ფერის პალტოსა და დეკორატიული შლაპის მორგებაც, რომელიც ყველგან შესამჩნევი იქნებოდა და ხალხის მასისგან გამოარჩევდა.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა დედოფალი ხელჩანთასაც, რომელსაც არა იმდენად პირადი ნივთების შესანახად, რამდენადაც სასიგნალო დანიშნულებით იყენებდა - ჩანთის მაგიდაზე დადებით თანაშემწეს მიანიშნებდა, რომ ღონისძიების დატოვების დრო იყო, იატაკზე დადებით კი, პრაქტიკულად განგაშის სიგნალს აძლევდა, რადგან სწორედ ასე გამოხატავდა უინტერესო საუბრით მოქანცულობას და შეხვედრის დაუყოვნებლივ დასრულების სურვილს. 

ელისაბედი და ცნობილი პერსონები

დედოფალი მმართველობის პირველსავე წლებიდან სიამოვნებით მასპინძლობდა მსოფლიო ლიდერებსა და ცნობილ პერსონებს. 1961 წელს ელისაბედ II-მ ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლა ჯონ კენედის მეუღლესთან ერთად, რომელმაც საკუთარი ფოტოპორტრეტი უსახსოვრა დედოფალს. ელისაბედმა ბრიტანული თავშეკავებით მიიღო უჩვეულო საჩუქარი, ისტორიკოსები კი, დღემდე დავობენ რის დემონსტრირებას ცდილობდა ახლად არჩეული პრეზიდენტი უცნაური ჟესტით. 

1956 წელს დედოფალი ლონდონის კინოთეატრ Empire–ში შეხვდა ჰოლივუდის ვარსკვლავს მერლინ მონროს, 1965 წლის 26 ოქტომბერს კი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა ცნობილი ჯგუფის The Beatles-ის წევრები, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, როცა ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა ამერიკის ომს ვიეტნამში, ჯონ ლენონმა პროტესტის ნიშნად უკან დააბრუნა საკუთარი ჯილდო. 

თაყვანისმცემელთა წერილები

დედოფალი, რომელიც სულ მცირე 300 წერილს იღებდა ყოველდღიურად, ყოველთვის ინტერესით ეცნობოდა კორესპონდენციას. მართალია, ელისაბედი მხოლოდ შემთხვევით შერჩეულ რამდენიმე გზავნილს კითხულობდა, მაგრამ მისი პირადი მდივანი რობერტ ფელოუზი ყველა წერილის ავტორს პასუხობდა და მაქსიმალურად ცდილობდა ბრიტანელთა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ ვებგვერდზე 

დედოფალი და პრემიერ-მინისტრები

ელისაბედ II ყოველთვის თავს არიდებდა კონფლიქტებსა და პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობას, კორექტულად დისტანცირებულ ურთიერთობას ინარჩუნებდა პრემიერ–მინისტრებთან და არასდროს ამხელდა ფავორიტებს, თუმცა პოლიტიკოსები მაინც საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდნენ დედოფალთან საუბარს, აქტუალური საკითხების განხილვას და მისი აზრის მოსმენას. აღსანიშნავია, რომ ელისაბედის მმართველობის პერიოდში ბრიტანეთში 14 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, რომელთა შორის ნამდვილი მეგობრობა დედოფალს მხოლოდ უინსტონ ჩერჩილთან ჰქონდა, მარგარეტ ტეტჩერთან კი პირიქით, ძალიან გაუჭირდა საერთო ენის გამონახვა. 

მართალია, უინსტონ ჩერჩილი ადრეული ბავშვობიდან იცნობდა ელისაბედს, მაგრამ ახალგაზრდა დედოფალს მაინც ზედმეტად მიამიტად და გულუბრყვილოდ, ქვეყნის მართვისთვის მოუმზადებლად მიიჩნევდა. საკუთარი აზრი „მე-20 საუკუნის ყველაზე მრისხანე“ პოლიტიკოსმა პირველსავე შეხვედრაზე შეიცვალა, როცა ელისაბედის  საზრიანობითა და გონებაგამჭრიახობით მოხიბლულმა ქათინაურები არ დაიშურა მისი მისამართით, თავად ელისაბედმა კი, პრემიერის სიბრძნე, მისი გამოცდილება დააფასა და რჩევითაც ხშირად მიმართავდა. მეტიც, სწორედ ჩერჩილი იქცა მის ნამდვილ მასწავლებლად, რომელიც ასაკობრივი სხვაობისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად მაინც ყოველთვის სიამოვნებით სტუმრობდა დედოფალს და მსოფლიო პოლიტიკის საიდუმლოს აზიარებდა.

ბევრად რთული აღმოჩნდა დედოფლისთვის მარგარეტ ტეტჩერთან ურთიერთობა, რომელიც 1979 წელს საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორული პარტიის გამარჯვების შემდეგ ჩაუდგა მთავრობას სათავეში და ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მართალია, საუბრის თემა ქალბატონების ტრადიციულ შეხვედრებზე ყოველთვის კონფიდენციალური რჩებოდა, მაგრამ პრესა მაინც ხშირად წერდა მათ უთანხმოებაზე. მეტიც, 1986 წელს გაზეთი The Sunday Times ჯიუტად ამტკიცებდა, თითქოს ელისაბედი საშინლად უკმაყოფილო იყო ტეტჩერის პოლიტიკით, რომელმაც საზოგადოების ორად გახლეჩა და უმუშევრობის გაზრდა გამოიწვია. დედოფალს არასწორად მიაჩნდა მეშახტეების გამოსვლების ჩახშობა, სამხრეთაფრიკული აპართეიდული რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარის თქმა და მთელი გულით ნატრობდა ქალბატონი ტეტჩერის თავიდან მოცილებას. 

ელისაბედი და პრინცესა დიანა

1981 წლის 29 ივლისს დედოფლის უფროსმა ვაჟმა, პრინცმა ჩარლზმა ლედი დიანა სპენსერზე იქორწინა და უზარმაზარი პრობლემა შეუქმნა როგორც საკუთარ თავს, ისე მთელ ოჯახს. დაქორწინებული პრინცი არც ფიქრობდა ძველ საყვარელთან კამილა პარკერ-ბოულზთან დაშორებას, რითაც მეუღლის სამართლიანი წყრომა დაიმსახურა. წყვილის უთანხმოების  შესახებ ჯერ კიდევ 1985 წელს გახდა ცნობილი, თუმცა ოფიციალური განცხადება ჩარლზისა და დიანას „მეგობრული დაშორების“ შესახებ მხოლოდ 1992 წლის დეკემბრის თვეში გაკეთდა, რაც სერიოზულ უსიამოვნებად იქცა დედოფლისთვის.

კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან ჯორჯ კერისთან კონსულტაციის შემდეგ, დედოფალმა ჯერ ჩარლზს, მერე დიანას მიწერა წერილი ოფიციალურად განქორწინებისკენ მოწოდებით. 1996 წლის 28 აგვისტოს დედოფლის დაჟინებული მოთხოვნით წყვილი მართლაც დაშორდა ერთმანეთს, ერთი წლის შემდეგ, 1997 წლის 31 აგვისტოს კი, დიანა პარიზში დაიღუპა ავტოკატასტროფაში. 

მართალია, პრინცესას დაღუპვა ნამდვილ ტრაგედიად იქცა ბრიტანელისთვის, მაგრამ დედოფალმა მაინც ჩვეული თავშეკავებით უპასუხა საერთო აჟიოტაჟს, რითაც პრესასთან ერთად საზოგადოების კრიტიკაც დაიმსახურა. ბრიტანელებმა ელისაბედი არა მხოლოდ გულგრილობაში დაადანაშაულეს, არამედ ეჭვიც გამოთქვეს, თითქოს ავტოკატასტროფა სპეცსამსახურებმა სწორედ მისი დავალებით მოაწყვეს. მწვავე კრიტიკის მიუხედავად, რასაც მონარქიის მომხრეებმა „სამეფო ოჯახზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმა“ უწოდეს, ელისაბედმა მაინც შეძლო მოქალაქეების ნდობის აღდგენა და პატივისცემის დაბრუნება, როცა დიანას დაკრძალვის დღეს პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადება სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა.   

უმძიმესი წელი

მართალია, 1980-იანი წლები მედიის განსაკუთრებული ინტერესით და სამეფო ოჯახის საზოგადოებრივი კრიტიკით აღინიშნა, რადგან დედოფლის შვილების სკანდალური ცხოვრება ტაბლოიდების განხილვის საყვარელ თემად იქცა, მაგრამ თავად დედოფლის განცხადებით, ბევრად მძიმე აღმოჩნდა 1992 წელი, რომელიც პრინც ენდრიუსა და პრინცესა ანას პრაქტიკულად ერთდროული განქორწინებით დაიწყო. მარცხით დასრულდა სახელმწიფო ვიზიტი გერმანიაშიც, სადაც დედოფალს ნაკლებად თბილი დახვედრა მოუწყვეს, რადგან დემონსტრანტებმა მის კორტეჟს კვერცხები ესროლეს, ერთი თვის შემდეგ კი, უინძორის ციხესიმაგრეში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც 37 მილიონი ფუნტი სტერლინგით აზარალა მონარქია. 

იმავე წელს დაშორდნენ ჩარლზი და დიანაც, დედოფალს კი, ჯერ საშემოსავლო გადასახადი დაეკისრა, მერე სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირდა, რამაც ბუკინგემის სასახლის ტურისტებისა და ექსკურსიებისთვის გაიხსნა აიძულა. უმძიმესი წელი სასამართლო გარჩევით დასრულდა, როცა ელისაბედმა ცნობილ ტაბლოიდისThe Sun-ის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი საავტორო უფლებების დარღვევისა და მისი ყოველწლიური საშობაო მილოცვის ტექსტის ტელეგამოსვლამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნების ბრალდებით. გამოცემამ აღიარა დანაშაული და ჯერ დედოფალს აუნაზღაურა სასამართლო ხარჯი, მერე ჯარიმა - 200 ათასი ფუნტი სტერლინგი გადასცა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდის. 

ნოვატორი დედოფალი

„ელისაბედისეული ეპოქა“, როგორც პრესა მოიხსენიებდა, მართლაც გლობალური რეფორმებით აღინიშნა, რადგან სწორედ მის მმართველობას დაემთხვა ბრიტანეთის იმპერიის დაშლა და 14 ქვეყნის ერთა თანამეგობრობად ტრანსფორმაცია, დეკოლონიზაცია და ცივი ომი, პირველი მისია კოსმოსში და  ექსპედიცია მთვარეზე, ბრიტანეთის ევროკავშირში ჯერ გაწევრიანება, მერე კი, მისი დატოვება, ჩრდილოეთ ირლანდიაში ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი და ფოლკლენდის ომი, ბრიტანეთის მონაწილეობა ერაყის, ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში და 2008 წლის ფინანსური კრიზისი, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული რეფერენდუმი და COVID-19-ის პანდემია. თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მნიშვნელოვან გარდაქმნებს დედოფალი არა უბრალოდ თვალს ადევნებდა, არამედ თავადაც ხშირად ინიცირებდა.

სწორედ დედოფლის ინიციატივით მოეწყო 1954 წელს ბუკინგემის სასახლეში საქველმოქმედო ვახშამი დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელთათვის, რაც მოგვიანებით ტრადიციად იქცა, 2004 წელს კი, მონარქებს შორის პირველმა უმასპინძლა იმ წარმატებულ ქალბატონებს, რომელთაც ბიზნესის, პოლიტიკის, ხელოვნებისა და მოდის განვითარებაში შეიტანა საკუთარი წვლილი. 

1957 წლის 25 დეკემბერს ელისაბედი პირველი ბრიტანელი მონარქი გახდა, ვინც ბრიტანელებს პირდაპირ ეთერში მიულოცა შობის დღესასწაული, 1976 წლის კი, სახელმწიფო მეთაურებს შორის პირველმა ისარგებლა  ელექტრონული ფოსტით და ინტერნეტის წინამორბედის - Arpanet-ის გლობალური ქსელით გაგზავნა წერილი მალვერნის სამეფო კვლევით ინსტიტუტში საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენციაზე. 

დედოფალმა არც შოუბიზნესი დატოვა უყურადღებოდ. 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის შექმნილი „ბონდიანას“ 6-წუთიან იუმორისტულ სერიაში მიიღო მონაწილეობა, ერთი წლის შემდეგ კი, არა მხოლოდ „ქვეყნის ტელე- და კინოინდუსტრიის მუდმივი მხარდაჭერისთვის“ დაჯილდოვდა კინოსა და ტელეხელოვნების ბრიტანული აკადემიის პრემიით BAFTA-თი, არამედ „ჯეიმს ბონდის საუკეთესო გოგონას“ ტიტულიც დაიმსახურა. 2019 წელს, ელისაბედმა ოჯახის წევრებს დაასწრო და პირველმა თქვა უარი ბეწვის ნაწარმის ტარებაზე, 2007 წელს კი, ამერიკული Vogue-ის რეიტინგში მოხვდა და პლანეტის 50 ყველაზე მომხიბვლელ ქალბატონს შორის დასახელდა.  

უუფლებო მილიარდერი

მართალია, დედოფალი რამდენიმე სასახლეს და მამულს, ფერწერული ტილოების უნიკალურ კოლექციას და სუფთა სისხლის დოღის ცხენებს, მემკვიდრეობით მიღებულ ძვირფასეულობას და Cartier-ს იუველირების მიერ უნიკალური დიზაინით მხოლოდ მისთვის შექმნილ სამკაულს ფლობდა, მაგრამ არასდროს მიეკუთნებოდა მილიარდერთა ელიტარულ კლუბს, რადგან სინამდვილეში, ქონების მხოლოდ მცირე ნაწილი - Forbes-ის შეფასებით სულ რაღაც 500 მილიონი დოლარი ეკუთვნოდა, სამეფო ოჯახის ყველაზე ძვირადღირებულ აქტივებს ბუკინგემის სასახლის ჩათვლით კი, სპეციალური ორგანო - ე.წ. „გვირგვინის საკუთრება“ განაგებდა, რომელიც არც დედოფალს ექვემდებარებოდა, არც ბრიტანეთის მთავრობას. 

აღსანიშნავია, რომ 25 მილიარდ დოლარად შეფასებული „გვირგვინის საკუთრება“, რომელიც მეტწილად სამეფო ოჯახის მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს აერთიანებს, ფაბერჟეს კვერცხების კოლექციისა და რემბრანდტის რამდენიმე ტილოს გამოკლებით, რომელთა საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღწევს, უუფლებო დედოფალს მხოლოდ  27 მილიონ დოლარს უხდიდა ყოველწლიურად პირადი ხარჯისთვის, დამატებით შემოსავალს კი, აზარტული ელისაბედი დოღზე „შოულობდა“ ფსონების დადებით.

დედოფლის გარდაცვალება

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ელისაბედმა პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომა, მის პოსტზე კი, მერი ელისაბედ ტრასის დანიშვნა მიიღო, თუმცა შეხვედრები პოლიტიკოსებთან ტრადიციის დარღვევით, ბუკინგემის სასახლის ნაცვლად, შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში შედგა, სადაც დედოფალი შვებულებას ატარებდა. 

7 სექტემბერს ელისაბედი საიდუმლო საბჭოს ონლაინ-სხდომაზე გეგმავდა დასწრებას, თუმცა მედიკოსებმა აუკრძალეს და სანაცვლოდ მორიგი კვლევის ჩატარება ურჩიეს. მართალია, 8 სექტემბრის დილას ბუკინგემის სასახლეს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ „ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ ექიმებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს დედოფლის მდგომარეობა“, მაგრამ იმავე საღამოს ოფიციალურად დადასტურდა ელისაბედ II-ის გარდაცვალება. დედოფალთან დამშვიდობების პირველი ცერემონია ედინბურგში, წმინდა ედიგიას ტაძარში შედგა, საიდანაც მისი ნეშტი ინგლისში გადაასვენეს,  2022 წლის 19 სექტემბერს კი, უინძორების სასახლეში, წმინდა გიორგის სამრეკლოში დაკრძალეს ოჯახურ აკლდამაში. 

აღსანიშნავი, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს დედოფლის ბიოგრაფმა და მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა ჯაიზელ ბრანდრეტმა საიდუმლო გაამხილა და ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის მანძილზე დედოფალი მრავლობითი მიელომით იტანჯებოდა, რაც საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.   

სხვა თემები