09 აგვისტო 2024 - 11:22

„აღმოსავლეთის ექსპრესი“: ფუფუნებისა და დახვეწილი გემოვნების სიმბოლო

მართალია, „აღმოსავლეთის ექსპრესის“ პირველი მოგზაურობის შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ  ევროპის ყველაზე პოპულარული მატარებელი, რომელიც მდიდრულ და დახვეწილ ინტერიერში მასპინძლობდა არისტოკრატულ პუბლიკას, დღესაც ფუფუნებასა და კომფორტთან ასოცირდება. 

ეპოქის მოვლენად და სარკინიგზო ინჟინერიის საოცრებად ქცეული „აღმოსავლეთის ექსპრესით“ (ანუ „ორიენტ-ექსპრესით“)  არა მხოლოდ მონარქები და დიდგვაროვნები, ცნობილი ხელოვანები და პოლიტიკოსები, არამედ გამოგონილი ლიტერატურული და კინოპერსონაჟებიც ხშირად მგზავრობდნენ. სწორედ „ორიენტ-ექსპრესით“ დაადევნა 1897 წელს ბრამ სტოკერმა ჯონათან ჰარკერი გრაფ დრაკულას, ერკიულ პუაროს მკვლელობის საქმემ კი, მეტი ინტრიგა, ერთგვარი იდუმალება შესძინა ლეგენდარულ მატარებელს, რომლითაც ათწლეულების შემდეგ ბრიტანელმა ჯაშუშმა - ჯეიმს ბონდმაც არაერთხელ იმგზავრა.  
 

ნოვატორი ბელგიელი

„აღმოსავლეთის ექსპრესის“ ისტორია 1860 წელს დაიწყო, როცა გლობალური ტურიზმი ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა, მოგზაურობას კი, მხოლოდ შეძლებული ელიტა ბედავდა. მართალია, სარკინიგზო მიმოსვლა ევროპაში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გააქტიურდა, მაგრამ შორ მანძილზე მგზავრობა მაინც ავანტიურულ თავგადასავლად ითვლებოდა, რადგან დაქსაქსული მარშრუტები მეტწილად საერთაშორისო საზღვრებთან სრულდებოდა, მგზავრებს კი, ბიუროკრატიული სირთულეების დაძლევასთან ერთად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გამოცვლა უწევდათ, რაც ნაკლებად კომფორტული და საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. 

ევროპული სარკინიგზო შეტყობინების პიონერად და ერთგვარ რევოლუციონერად ბელგიელ ფინანსისტთა დინასტიის წარმომადგენელი, საზრიანი მეწარმე ჟორჟ ნაგელმაკერსი ითვლება, რომელიც ადრეულ ბავშვობაში დაინტერესდა რკინიგზის ისტორიით, ზრდასრულმა კი, ინვესტიცია არ დაიშურა მის გასავითარებლად. მართალია, გათხოვილ ქალბატონზე უიმედოდ შეყვარებული ჟორჟი მშობლებმა იძულებით გაამგზავრეს შეერთებულ შტატებში, რათა სამუდამოდ ეთქვა უარი უპასუხო გრძნობებზე, მაგრამ სწორედ ამერიკაში, ხანგრძლივი შვებულების დროს მიაგნო ახალგაზრდა ჟორჟმა „ნამდვილ სიყვარულს“, თუმცა ამჯერად მის გატაცებად არა ქალბატონი, არამედ მატარებელი იქცა.

ნაგელმაკერსს ძალიან გაუკვირდა, როცა აღმოაჩინა, რომ გაბოლილ, მოუხერხებელ ვაგონებში მოქანცული ევროპელებისგან განსხვავებით, ამერიკელები სრული კომფორტით მგზავრობდნენ ე.წ. პულმანის მატარებლით, რომელიც პერსონალითა და სასტუმროს ნომრებს დამსგავსებული მდიდრული კუპეებით, იდეალურად ერგებოდა შორ მანძილზე მოგზაურობას. პრაქტიკული და მეტად მოხერხებული სატრანსპორტო საშუალებით აღფრთოვანებულმა ნაგელმაკერსმა თავად  ჯორჯ პულმანს შესთავაზა თანამშრომლობა და მართალია, ამერიკელი გამომგონებლისგან უარი მიიღო, მაგრამ ევროპაში მაინც ენთუზიაზმით და ახალი, ბევრად კომფორტული მატარებლის შექმნის მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნდა.  

„აღმოსავლეთის ექსპრესის“ პირველი მოგზაურობა

ოცნების ასრულებაში ნაგელმაკერსს 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომმა შეუშალა ხელი, თუმცა შეუპოვარმა მეწარმემ მაინც არ დაიხია უკან და 1873 წელს ჯერ საკუთარი კომპანია Compagnie Internationale des Wagons-Lits დააარსა, მერე ბელგიის მეფე ლეოპოლდ II დაიმეგობრა, რომელიც ევროპის ძლევამოსილ მონარქებთან ნათესავური კავშირების წყალობით ჟორჟს არა მხოლოდ ნოვატორული მატარებლის შექმნაში, არამედ  ახალი სარკინიგზო მარშრუტის შემუშავებასა და მომქანცველი ბიუროკრატიული პროცედურებისგან თავის დაღწევაში დაეხმარა, რამაც მის ექსპრესს ქვეყნებს შორის საზღვრის შეფერხების გარეშე გადაკვეთის საშუალება მისცა.

პირველი მოგზაურობა „აღმოსავლეთის ექსპრესმა“ 1883 წლის 4 ოქტომბერს განახორციელა, როცა პარიზის აღმოსავლეთის სადგურიდან დაძრული მიუნხენის, ვენის, ბუდაპეშტისა და ბუქარესტის სადგურებში შევლით, 78 საათში ჩავიდა სტამბოლის სირკეჯის ტერმინალში. სხვათა შორის, ზარი, რომელიც ოდესღაც „ექსპრესის“ მგზავრებს მატარებლის შემოსვლას და გამგზავრებას აუწყებდა, დღეს აღმოსავლეთის სადგურის მთავარი რელიკვიაა, 1890 წელს პრუსიელი არქიტექტორის ავგუსტ იასმუნდის პროექტით აშენებული სირკეჯის ტერმინალი კი, რომელიც ევროპული ორიენტალიზმის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ვინტაჟურ რესტორანსა და ლეგენდარული მატარებლის მუზეუმში მასპინძლობს სტუმრებს, რომელთაც „ოქროს ხანის“ ევროპაში სთავაზობს ვირტუალურ მოგზაურობას.

ფუფუნებით განთქმული მატარებელი

რა თქმა უნდა, „აღმოსავლეთის ექსპრესი“ აბსოლუტურად განსხვავდებოდა ევროპელებისთვის ჩვეული ბინძური და ჭვარტლიანი სარკინიგზო ტრანსპორტისგან, რადგან მხოლოდ ხუთი ვაგონისგან შემდგარი მატარებლის კუპეები, რომლებიც წითელი ხით და მთის ბროლით, უმაღლესი ხარისხის აბრეშუმითა და ხავერდით იყო გაწყობილი, ევროპული სასტუმროების საუკეთესო ნომრებსაც თამამად უწევდა კონკურენციას. მგზავრები ყოველთვის თავისუფლად სარგებლობდნენ ცივი, ცხელი წყლით და ელექტრო განათებით, ლუდოვიკო XV-ს ეპოქის ელიტური სალონების სტილში მოწყობილი რესტორანი კი, რომელიც „ექსპრესის“ ნამდვილ მარგალიტად ითვლებოდა, გურმანებს ცოცხალი მუსიკის ფონზე სთავაზობდა პარიზული Ritz-ის მენიუს, ძვირადღირებული ღვინისა და დელიკატესების დაგემოვნებას.


 
აღსანიშნავია, რომ „ექსპრესი“ არასდროს არღვევდა გრაფიკს და ყოველთვის დროულად ჩადიოდა დანიშნულების ადგილას. მატარებელმა მხოლოდ ერთხელ დაიგვიანა ხუთი დღით, როცა 1929 წლის ზამთარში, სტამბოლიდან 80 კილომეტრის დაშორებით შეაფერხა დიდთოვლობამ. როგორც ამბობენ, იძულებით შეყოვნებულ და ვაგონ-რესტორნის გარეშე დარჩენილ ელიტას ისე ძალიან მოშივდა, რომ მომსახურე პერსონალის მიერ მონადირებული მგლის ხორციც სიამოვნებით დააგემოვნა.

„ჯაშუშთა და მონარქთა მატარებელი“

მართალია, კომფორტული მოგზაურობა რიგითი ევროპელებისთვის ისევ მიუწვდომელი იყო, რადგან მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში „ორიენტ-ექსპრესით“ მგზავრობა საკმაოდ ძვირი ღირდა, მაგრამ შეძლებული პუბლიკის მსგავსად, ფუფუნებით მგზავრობა ჯაშუშებმაც შეიყვარეს. სწორედ ბოისკაუტთა მოძრაობის შემქმნელსა და ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო აგენტის რობერტ ბადენ-პაუელისა და ცნობილი მაცდუნებლის მატა ჰარის წყალობით შეიძინა 1920-იან წლებში მატარებელმა „ჯაშუშთა ექსპრესის“ სახელი, „მონარქთა მატარებლად“ კი 1911 წელს მოინათლა, როცა მოულოდნელად გარდაცვლილი დედოფალ ვიქტორიას დაკრძალვაზე ლონდონში გამგზავრებულმა მონარქებმა და დიდგვაროვნებმა სერიოზულად დააბნიეს მომსახურე პერსონალი, რომლებიც არც სამეფო ტრადიციებს, არც არისტოკრატული ელიტის წესებს იცნობდნენ, თუმცა იერარქიის მკაცრი დაცვით მოუხდა მათი კუპეებში დაბინავება. 

არანაკლები პოპულარობა შესძინა ექსპრესს ექსტრავაგანტურობით ცნობილმა ბელგიელმა  მონარქმა ლეოპოლდ II-მ, როცა სწორედ მატარებლით მოინდომა ავტომობილის ტრანსპორტირება, ხანგრძლივი მოგზაურობით მოქანცული და მოწყენილი ბულგარეთის მეფე ფერდინანდ I კი, მემანქანეს შეეცილა მატარებლის მართვაში და მხოლოდ საოცრებით გადაურჩა უმსხვილეს კატასტროფას.   

აგატა კრისტის „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“

დეტალურად აღწერდა დიდგვაროვანი საზოგადოების „აღმოსავლეთის ექსპრესით“ მოგზაურობას ჭორებსა და სენსაციებს დადევნებული პრესა. მეტიც, არსებობს ვერსია, თითქოს სწორედ საგაზეთო სტატიით შეიტყო აგათა კრისტიმ იძულებით შეყოვნებული მატარებლის შესახებ, რაც მოგვიანებით მისი ცნობილი რომანის სიუჟეტად იქცა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ 1934 წელს გამოცემული „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, მწერალმა სწორედ მატარებლით მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებით დაწერა, რადგან 1929 წლის ავარიის დროს, თვითონაც ექსპრესის მგზავრებს შორის ირიცხებოდა, რომანის წერას კი, სტამბოლში, სასტუმრო Pera Palace Hotel-ის 411-ე ნომერში შეუდგა, რომელიც დღეს ერთგვარ სამუზეუმო ექსპოზიციას წარმოადგენს და მსურველებს იმ გარემოს დათვალიერებას სთავაზობს, სადაც მწერალმა რამდენიმე დღე გაატარა და ცნობილი დეტექტივის მონახაზი გააკეთა. 

თანამედროვე „აღმოსავლეთის ექსპრესი“

სამწუხაროდ, საჰაერო გადაზიდვამ და ჩქაროსნულმა მატარებელმა სწრაფად დაჯაბნა „აღმოსავლეთის ექსპრესი“, რომელმაც უკანასკნელი მოგზაურობა პარიზიდან სტამბოლში 1977 წლის 19 მაისს განახორციელა, სტრასბურგიდან ვენაში კი, 2009 წლამდე მოძრაობდა. მართალია, რამდენიმე ევროპული კომპანია დღესაც მონდომებით ცდილობს „ორიენტ-ექსპრესის" წარმატების გამეორებას, მაგრამ თანამედროვე აღჭურვილობის მიუხედავად, მათი ვაგონები ვერც ფუფუნებით უწევენ კონკურენციას ორიგინალს, ვერც პოპულარობით. 

მრავალრიცხოვან ენთუზიასტთა შორის აღმოჩნდა ბიზნესმენი ჯეიმს შერვუდიც, რომელმაც 1920-1950 წლების ექსპრესის რამდენიმე ვაგონი აღადგინა ლეგენდარული რესტორნის ჩათვლით და 1982 წელს ჯერ ლონდონიდან ვენეციის მიმართულებით აამუშავა საკუთარი მატარებელი, მერე კი მარშრუტი გააფართოვა და ევროპის სხვა ქალაქებიც მოიცვა ვენის, ბერლინის, პრაღისა და ბუდაპეშტის ჩათვლით. თანამედროვე „ექსპრესი“ მხოლოდ წელიწადში ერთხელ ახორციელებს ლეგენდარულ ექვსდღიან მოგზაურობას პარიზიდან სტამბოლში, მისი წინამორბედი - ნამდვილი „აღმოსავლეთის ექსპრესი“ კი, მართალია, სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, მაგრამ დღესაც „ოქროს ხანად“ წოდებული ეპოქისა და ევროპული ელიტის ფუფუნების სიმბოლოდ ითვლება.

სხვა თემები