07 ოქტომბერი 2024 - 09:00

მითი თუ რეალობა - რა უნდა ვიცოდეთ ძუძუთი კვების შესახებ?

UNICEF-ის შეფასებით, მიმდინარე კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად, ბავშვთა სიკვდილიანობის 16%-ის გამომწვევი მიზეზი არასაკმარისი ძუძუთი კვებაა.

რა ხდება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოუწოდებს ხელისუფლებას, საზოგადოებასა და ექიმებს, მეძუძური დედების მხარდაჭერა გააძლიერონ. ეს მოიცავს ძუძუთი კვებისთვის ხელსაყრელი ეროვნული ჯანდაცვის სისტემების შექმნას, ქალების უფლების პატივისცემას ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე, ამასთანავე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული, ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ კვირას აღინიშნება. მიმდინარე წლის თემა ძუძუთი კვების საყოველთაო მხარდაჭერას ეხება. ჯერ კიდევ არსებობს მრავალი მითი ძუძუთი კვების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ქალებს, ძუძუთი კვება სცადონ. აღნიშნულ თემაზე BBC-მ ორ ექსპერტს მიმართა, რათა ყველაზე გავრცელებული მითები განეხილათ. ესენი არიან ალისტერ სატკლიფი, რომელიც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ზოგადი პედიატრიის პროფესორია და კატრიონა უეიტი, რომელიც კლინიკური ფარმაკოლოგიისა და გლობალური ჯანმრთელობის პროფესორია ლივერპულის უნივერსიტეტში. 

მითი #1: ძუძუთი კვება, როგორც წესი, მტკივნეული პროცესია

პროფესორ უეიტის თქმით, ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა რთულია, რადგან თავდაპირველი დისკომფორტი სავსებით ნორმალურია და საწყის ეტაპზე, ქალს შეიძლება ძუძუსთავები ეტკინოს. თუმცა, ზოგადად, ძუძუთი კვება არ უნდა იწვევდეს ძლიერ ტკივილს ან თუნდაც, რაიმე შესამჩნევ დისკომფორტს. უსიამოვნო შეგრძნება იმის მანიშნებელია, რომ ძუძუსთავები ინფიცირებულია, ან შესაძლოა, ბავშვი სწორად არ წოვს. თუმცა ძუძუთი კვება თავიდან შეიძლება მიჩვევას საჭიროებდეს. ეს ეხება განსაკუთრებით იმ დედებს, რომლებიც ამ მიმართულებით ახალბედები არიან. თუ კვება მაინც ძლიერ ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს, მაშინ ეს ნამდვილად არის ექიმთან კონსულტაციის გავლის მიზეზი.

მითი #2: ძუძუთი კვება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ, თორემ მერე გვიანი იქნება

პროფესორ სატკლიფის თქმით, ძუძუთი კვება კარგია როგორც დედის, ისე - ჩვილის ჯანმრთელობისთვის. მეცნიერული მონაცემების მიხედვით, ძუძუთი კვების დაწყების პერიოდი ამა თუ იმ მკაცრი ვადით არ არის განსაზღვრული. თუმცა ცნობილია ბევრი დადებითი შედეგი, რომელიც ძუძუთი კვების დაუყოვნებლივ დაწყებას თან ახლავს. ამ მიმართულებით, ყველაზე ცალსახაა თავად ბავშვის კვება. ამასთანავე, ჩვილის მიერ ძუძუს წოვა ხელს უწყობს დედის ორგანიზმში საშვილოსნოს შეკუმშვის პროცესს და მშობიარობის შემდგომ, საშვილოსნოდან სისხლდენის თავიდან აცილებას ან შენელებას. გარდა ამისა, დაბადების პირველივე დღეებში დედის ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ნივთიერებას – კოლოსტრუმს. ის ცილებით მდიდარია და სწორედ აქედან იწყება ლაქტაცია. 

მითი #3: მეძუძურმა დედებმა მედიკამენტები არ უნდა მიიღონ

პირველი კითხვა, რომელიც ასეთ დროს ჩნდება: არის თუ არა ეს წამალი ბავშვისთვის? პროფესორ უეიტის განმარტებით, ბევრი პრეპარატი ბავშვის ორგანიზმში მართლაც შედის დედის რძით, თუმცა - ძალიან დაბალი კონცენტრაციით. ამიტომაც, როდესაც ექიმი ამა თუ იმ წამალს  დაგინიშნავთ, ჰკითხეთ, თავსებადია თუ არა ის ძუძუთი კვებასთან. ბავშვს ხომ ჯანმრთელი დედა სჭირდება.

ბევრი გავრცელებული მედიკამენტი, იქნება ეს ანთების საწინააღმდეგო, ანტიდეპრესანტი თუ ტკივილგამაყუჩებელი, ძუძუთი კვების დროს, ზოგადად, დასაშვებია. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს პრეპარატები, რომლებიც ლაქტაციის პერიოდთან შეუთავსებელია. როგორც წესი, ისინი განკუთვნილია ძალიან კონკრეტული სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, მაგალითად, როგორიცაა კიბო. არსებობს სხვა პრეპარატებიც, რომლებიც მეტ სიფრთხილეს საჭიროებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ქალს, რომელსაც ძუძუთი კვების დროს უნიშნავენ მედიკამენტს, უნდა ჰქონდეს საშუალება დაუსვას შეკითხვა ექიმს, რომელმაც ესა თუ ის პრეპარატი გამოწერა. სიფრთხილეა საჭირო გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ, მაგალითად, როგორიცაა ვაზოკონსტრიქტორები (სისხლძარღვების შემავიწროებელი ნერვული ბოჭკოები), რადგან მათ რძის რაოდენობის შემცირება შეუძლიათ. 

მითი #4: ძუძუთი კვების დროს უარი უნდა თქვათ სანელებლიან ან ცხარე საკვებზე

პროფესორ უეიტის თქმით, არ არსებობს საკვები, რომელიც დედამ ძუძუთი კვების დროს არ უნდა მიირთვას. თუმცა დედის რძის გემო და მისი ზუსტი შემადგენლობა ქალის კვების რაციონზე ნამდვილად არის დამოკიდებული. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალმა შეიძლება გარკვეული კანონზიმიერება შეამჩნიოს. პროფესორ უეიტის პირადი გამოცდილებით, როცა ლაქტაციის პერიოდში მან შეამჩნია, რომ ფორთოხლის წვენის ან ციტრუსოვანი ხილის მიღების შემდეგ, ბავშვი ღიზიანდებოდა. თუმცა, სამედიცინო თვალსაზრისით, ძუძუთი კვების დროს არცერთი საკვები არ არის მავნე. 

მითი #5: არ შეიძლება ძუძუთი კვება, თუ ქალი ავად არის

პროფესორ სატკლიფის თქმით, ეს მითია. ბუნებრივი კვების მეთოდს მხოლოდ აივ ინფექციის ან ჰეპატიტის მქონე ქალებმა არ უნდა მიმართონ. ეს ვირუსები შეიძლება კვების გზით გადაეცეს და მსგავსი სამწუხარო გამოცდილება ცნობილია. თუმცა სხვა შემთხვევაში, ავადმყოფ დედას შეუძლია გააგრძელოს ძუძუთი კვება, რადგან მისი სხეული აწარმოებს ანტისხეულებს, რომლებიც ბავშვს იცავს. უკიდურესად იშვიათია შემთხვევები, როდესაც დაავადება ბავშვს მეძუძური დედისგან გადაეცემა.
 

მითი #6: თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მისი გადაჩვევა გაგიჭირდებათ

პროფესორ უეიტის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბავშვის მხოლოდ ძუძუთი კვებას 6 თვის განმავლობაში უწევს რეკომენდაციას, დამატებითი საკვები კი მხოლოდ ამის შემდეგ არის სასურველი.  რაც შეეხება ბუნებრივ კვებას, რამდენ ხანს გააგრძელებს, ეს დედაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, თუ რა ასაკში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება. ზოგიერთ მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ბავშვების უმეტესობას ერთიდან ორ წლამდე პერიოდში ბუნებრივ კვებას სრულად აშორებენ. თუმცა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, მაგალითად, როგორიცაა უგანდა, ძუძუთი კვება ორი და სამი წლის ასაკშიც გრძელდება. თუმცა გლობალურად, ბევრ ქვეყანაში დეკრეტული შვებულება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ დედებმა შვილები კვებონ მხოლოდ ძუძუთი იმ დრომდე, რამდენსაც WHO გვირჩევს. 

სხვა თემები