22 აგვისტო 2024 - 09:31

მაიმუნის ყვავილი: ვირუსული ინფექცია, რომელიც ახალი საფრთხით ემუქრება მსოფლიოს

მაიმუნის ყვავილის ვირუსი, რომელმაც რამდენიმე თვეში იმსხვერპლა 500-ზე მეტი ადამიანი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ამერიკისა და ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდა. მეტიც, ივლისის თვის მონაცემებით კანადაში დაავადების 93 შემთხვევა დადასტურდა, რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აიძულა, რადგან ჩათვალა, რომ ეპიდემიის საფრთხე მთელ მსოფლიოს ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში ვირუსის გლობალური აფეთქების შემდეგ ჯანდაცვის ორგანიზაციამ მეორედ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა მით უფრო, რომ ახალი შტამი, წინასთან შედარებით ბევრად სახიფათო აღმოჩნდა, რადგან უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. საბედნიეროდ, საქართველოში მაიმუნის ყვავილის ჯერ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ტურისტული სეზონისა და უცხოელი მოგზაურების აქტიური მიმოსვლის გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების საფრთხისგან არც საქართველოა დაცული. 
 

ნატურალური ყვავილის მონათესავე ვირუსი

მაიმუნის ყვავილი (ანუ მაიმუნის გრიპი), რომელიც გენეტიკურად ნატურალურ ყვავილს ენათესავება და განსაკუთრებით საშიშ პათოგენებს მიეკუთნება, მწვავე ვირუსული დაავადებაა, რადგან არა მხოლოდ ჰაერ-წვეთოვანი, არამედ კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზითაც ვრცელდება ინფიცირებული ცხოველისგან (მაიმუნისგან, თაგვისა და ვირთხისგან) ან ადამიანისგან. 

მართალია, ვირუსი მეცნიერებმა პირველად პრიმატების სისხლში აღმოაჩინეს და სწორედ ამიტომ უწოდეს მაიმუნის ყვავილი, მაგრამ სინამდვილეში, ვირუსის მატარებლები არა იმდენად მაიმუნები, რამდენადაც მღრღნელები - პირველ რიგში, ტროპიკული ტყეების ბინადარი აფრიკული ზოლიანი თაგვები და მზის ციყვები არიან, ვისგანაც სხვა ცხოველებიც, მათ შორის მაიმუნებიც ინფიცირდებიან, ამიტომ გაურკვეველია, ვისგან გავრცელდა ვირუსი პირველად.

ნატურალური ყვავილი, რომელმაც 500 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა მე-20 საუკუნეში (უკანასკნელი შემთხვევა 1977 წელს დაფიქსირდა სომალის ქალაქ მარკაში), მასობრივი ვაქცინაციის წყალობით დღეს სრულად ლიკვიდირებულად ითვლება და კაცობრიობის მიერ ერთადერთ დამარცხებულ ინფექციად მიიჩნევა. მონათესავე ვირუსისგან მაიმუნის ყვავილს დაბალი ლეტალურობა, გართულებების გარეშე მიმდინარეობა და კანის სრულად გაწმენდა განასხვავებს, მაშინ, როცა ყვავილი მძიმე გართულებებით, მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდებოდა და კანზე იარებს, ნაწიბურებს ტოვებდა. 

ვირუსის გავრცელება

ვირუსული ინფექცია ნატურალური ყვავილის სიმპტომებით მაიმუნებში პირველად 1958 წელს დაფიქსირდა, ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა კი, მედიკოსებმა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აღმოაჩინეს, როცა 9 წლის ბიჭუნა დაავადდა. 

1970-იან წლებში მაიმუნის ყვავილი აფრიკის სხვა ქვეყნებში - ტროპიკული ტყეების მეზობელ კამერუნში, ნიგერიასა და გაბონში, სამხრეთ სუდანში, ლიბერიაში, სიერა-ლეონესა და კოტ-დ'ივუარშიც გავრცელდა. მართალია, გასულ საუკუნეში ვირუსი აფრიკის ენდემად ითვლებოდა, მაგრამ 2003 წლის გაზაფხულზე დაავადებამ  შეერთებულ შტატებშიც შეაღწია, თუმცა, 70 ინფიცირებულმა გართულებების გარეშე დაძლია ვირუსი, რომელიც ამერიკელი მედიკოსების ვარაუდით, აფრიკელმა მცირე მღრღნელებმა - მეტად პოპულარულმა შინაურმა ცხოველებმა - მდელოს ძაღლებმა შეიტანეს ქვეყანაში. 

2018 წელს მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბრიტანეთშიც, როცა ინფიცირებული ნიგერიელი ემიგრანტი აღმოჩნდა, ერთი წლის შემდეგ ნიგერიაში მოგზაურობისას დაავადდა სინგაპურის მოქალაქეც, 2022 წელს კი, ვირუსის შემთხვევები კანადასა და ამერიკაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარბა. სწორედ ვირუსის მასობრივმა გავრცელებამ აიძულა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობის შემოღება.  

ინფექციის შტამები და გავრცელების გზები

მეცნიერები მაიმუნის ყვავილის ორ - ცენტრალურ აფრიკულ (მდინარე კონგოს აუზის ქვეყნების) და დასავლეთ აფრიკულ შტამებს გამოყოფენ, პირობითი საზღვარი კი, კამერუნში - ერთადერთ ქვეყანაში გადის, სადაც ორივე შტამით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. დასავლეთ აფრიკული შტამისგან განსხვავებით, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით ვითარდება, ცენტრალურ აფრიკული უფრო ინტენსიური გავრცელებით, მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და ათიდან ერთი შემთხვევა ლეტალურად სრულდება.

მაიმუნის ყვავილი - ზოონოზური ინფექცია ანუ დაავადებაა, რომელიც ცხოველისგან ცხოველს ან ადამიანს და პირიქით, ადამიანისგან ცხოველს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ვირუსით შინაური ცხოველებიც (ძაღლები, კატები) ისევე ადვილად ინფიცირდებიან პატრონებისგან, როგორც ადამიანები ცხოველებისგან, ამასთანავე, ერთი-ორად იზრდება დასნეულების რისკი ცხოველის მიერ გაკაწვრის, კბენის შემთხვევაში და ინფიცირებული ხორცის მირთმევისას, თუმცა, საკვებით დაავადების საფრთხე ჯერ მხოლოდ აფრიკის კონტინენტზეა, სადაც აქტიურად მოიხმარენ ეგზოტიკურ ცხოველებს კერძებში.  

ინფექციის გადაცემის გზები:
* ჰაერ-წვეთოვანი - ხველის, ცემინების ან უბრალოდ საუბრისას, ინფიცირებულის ნერწყვის ან ცხვირიდან გამონადენის    წვეთების ჰაერში გაფანტვით. 
* კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო - ინფიცირებულთან ფიზიკური კონტაქტით, გამონაყართან ან მის კუთვნილ ნივთებთან (სამოსთან, თეთრეულთან, პირსახოცთან) შეხებით. 
* სქესობრივი - ინფიცირებულთან სქესობრივი კავშირით ერთი-ორად იზრდება ყვავილით დაავადების საფრთხე. 
* ტრანსპლაცენტური - დაავადებული დედისგან ინფექციის პლაცენტით შვილისთვის გადაეცემით. 

დაავადების განვითარების სტადიები

მაიმუნის ყვავილი საშუალოდ 2-4 კვირა გრძელდება და სამ - ინკუბაციის, ინვაზიისა და გამონაყარის სტადიად იყოფა. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული მანამდე ითვლება გადამდებად, სანამ სრულად არ აიკრიფება კანიდან გამონაყარი და ქერქიანი მუწუკები. 

* ინკუბაციის სტადია - მართალია, ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან პირველ სიმპტომებამდე პერიოდი 5-21 დღე გრძელდება, მაგრამ 6-16 დღეში ინფიცირებულის მდგომარეობა საგრძნობლად მძიმდება.  

* ინვაზიის ანუ დაავადების ადრეული სტადია - საშუალოდ 3-5 დღე გრძელდება და გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი სიმპტომებით - ტემპერატურის 38 გრადუსამდე მატებით, თავის და კუნთების ტკივილით, სისუსტით, ძვლების და სახსრების ტკივილით, გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით ხასიათდება. ერთადერთ სიმპტომად, რომელიც მაიმუნის ყვავილს სხვა ინფექციებისგან განასხვავებს - ლიმფური კვანძების გადიდებაა. აღსანიშნავია, რომ საწყის სტადიაზე სიმპტომების გამოვლენა ინდივიდუალურია, ამიტომ ზოგი თავიდანვე საერთო სისუსტეს გრძნობს, ზოგი კი, დაავადებას მხოლოდ გმონაყარის შემდეგ ამჩნევს, რომელიც პირველი სიმპტომებიდან რამდენიმე დღეში ჩნდება. 

* გამონაყრის სტადია - გამონაყარი, რომელიც მწვავე ქავილს იწვევს და პირველ რიგში, სახეზე ჩნდება, ჯერ მკერდსა და ხელისგულებზე, მერე გენიტალიებზე, ანუსსა და ტერფებზე გადადის. აღსანიშნავია, რომ გამონაყარი ტალღისებრი მიმდინარეობით ხასიათდება, ამიტომ კანის ერთ უბანზე ბუშტუკები, პუსტულები (ჩირქოვანი გამონაყარი) და ქერქიანი მუწუკები ხშირად ერთად იყრის თავს. ამასთანავე, შესაძლებელია მსხვილი და წვრილი გამონაყარის გაჩენა ქუთუთოებსა და პირის ღრუში. 

გარკვეული სტადიურობით ხასიათდება გამონაყარიც - თავდაპირველი პაპულები ანუ წვრილი ბუშტუკები გამჭვირვალე სითხით ივსება და კანზე იბურცება, მოგვიანებით სითხე მოყვითალო-მწვანედ იფერება და ჩირქგროვები - პუსტულები ყალიბდება, რომლებიც გამოშრობისა და გამკვრივების შემდეგ ჭიკარტს ემსგავსება, რამდენიმე დღეში კი, ქერქს იკეთებს და სტრუპად იქცევა. ქერქი ეტაპობრივად იზრდება, მუქდება და დროთა განმავლობაში თავისით ძვრება, ქერქისგან დარჩენილი ლაქა კი, რამდენიმე თვეში ფერმკრთალდება და უკვალოდ ქრება. 

გართულებები

ჩვეულებრივ, მაიმუნის ყვავილი გართულებების გარეშე მიმდინარეობს და დამოუკიდებლად, სამედიცინო ჩარევის გარეშე იკურნება. თუმცა, ხანდაზმულები და 10 წლამდე ბავშვები, სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტები (მათ შორის, შიდსის ვირუსით დაავადებულები) და ზრდასრულები, რომელთაც ბავშვობაში გამოტოვეს ნატურალური ყვავილის ვაქცინაცია, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთნებიან, რადგან შედარებით რთულად გადააქვთ დაავადება. 

შესაძლო გართულებები:
* მეორადი ბაქტერიული ინფექცია, 
* ბრონქებისა და ფილტვების ანთება (ბრონქოპნევმონია), 
* ენცეფალიტი და მენინგოენცეფალიტი,
* მწვავე კონიუნქტივიტი და რქოვანას ინფექცია მხედველობის დაქვეითებით ან სრული დაკარგვით.  

მკურნალობის მეთოდები და პროფილაქტიკა

მედიკოსები, რომელთაც ჯერ ვერ შეძლეს მაიმუნის ყვავილის სამკურნალო მედიკამენტის შემუშავება, მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციებით იფარგლებიან და ინფიცირებულ პაციენტებს წოლით რეჟიმს, მეტი სითხის მიღებასა და გამონაყარის მოქავებისგან თავის შეკავებას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, სიმპტომატური პრეპარატების - ანალგეტიკების და სპეციალური საცხის გამოყენებას ურჩევენ ტკივილისა და ქავილის შემსუბუქებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ანტივირუსული პრეპარატი ტეკოვირიმატი, რომლითაც შეერთებულ შტატებში ნატურალურ ყვავილს მკურნალობენ, გენეტიკური მსგავსების წყალობით მაიმუნის ყვავილის შემთხვევაშიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. მართალია, 2022 წელს პრეპარატს ევროპელმა სპეციალისტებმაც გაუწიეს რეკომენდაცია, მაგრამ ის მაინც ნაკლებად, მხოლოდ სუსტი იმუნიტეტისა და დაავადებისკენ მიდრეკილი პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება. 

პროფილაქტიკისა და დაავადების პრევენციისთვის მედიკოსები პირველ რიგში, პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვას - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მორიდებას, ხელების თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული საპნით ხშირად დაბანას, ინფიცირებულთან კონტაქტისას კი, პირბადისა და ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებას გვირჩევენ. 

სხვა თემები