„მგლის ხროვა“: შინაპატიმრობაში გატარებული 14 წელი

მრავალრიცხოვან კომპლექსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლაუსტროფობია ანუ დახურული სივრცის პანიკური შიშია, თუმცა სრულიად განსხვავებული აჩემებაა აგორაფობია, როცა ადამიანი ხალხმრავლობას ერიდება და მაქსიმალურად გაურბის გარე სამყაროსთან კონტაქტს. შესაძლოა, სწორედ აგორაფობიით იტანჯებოდა ოსკარ ანგულო, რომელმაც 14-წლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა და იძულებით გამოკეტა სახლში საკუთარი მეუღლე და შვიდი შვილი.
უძველეს ქალაქში დაწყებული რომანი
უჩვეულო ისტორია 1989 წელს დაიწყო პერუში, როცა ქარიზმატულმა სიუზენ რეზენბეკლერმა შემთხვევით გაიცნო ადგილობრივი ოსკარ ანგულო. ინდიანას შტატში გაზრდილი სიუზენი, რომელმაც ადრეულ ასაკში შეიყვარა ბუნება და ლაღი ცხოვრება, 20 წლისა ჰიპების კომუნას შეუერთდა და სწორედ მათი წყალობით აღმოჩნდა პერუს ტურისტულ მექაში, ინკების უძველეს ქალაქ მაჩუ-პიქჩუში, სადაც ახალგაზრდა სიმპათიურმა ოსკარმა ითავა მისი მეგზურობა. მართალია, ჰანტერ ტომპსონისა და კენ კიზის შემოქმედებით გატაცებული ანგულო მუსიკოსობასა და საკუთარი ბენდის შექმნას ნატრობდა, მაგრამ ოცნების ასრულებამდე ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა და სიამაყით აცნობდა უცხოელებს მშობლიური ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობას.
ახალგაზრდებმა გაცნობის დღესვე გამონახეს საერთო ენა და ერთი ნახვით შეიყვარეს ერთმანეთი. მეტიც, ბანალური "საკურორტო რომანი" ისე სწრაფად გადაიზარდა სერიოზულ ურთიერთობაში, რომ ოსკარმა დაუფიქრებლად დატოვა პერუ და საყვარელ ქალთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში.
სასტიკი რეალობა
შეყვარებულებმა რამდენიმე თვეში იქორწინეს, თუმცა ახალგაზრდული რომანტიზმი და ბედნიერი მომავლის იმედი სწრაფად შეცვალა ყოველდღიურმა რეალობამ, რადგან ამერიკაში წყვილმა ვერც მუდმივი საცხოვრებელი იშოვა, ვერც სტაბილური შემოსავალი. ახლად შექმნილი ოჯახი დროებით კრიშნაიტთა თემმა "ჰარე კრიშნამ" ("კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოებამ") შეიფარა, თუმცა ოსკარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ბევრ ქვეყანაში სექტად მიჩნეული რელიგიური ორგანიზაციის მკაცრი წესები, იერარქიული წყობა და რამდენიმე თვეში დატოვა თემი, მერე კი, მოძველებული ტრეილერი შეიძინა და მეუღლესთან ერთად შემოიარა მთელი ამერიკა "ნირვანას ძიებაში".
მართალია, მომთაბარე ცხოვრების დროს ოსკარი სამოყვარულო კონცერტების მოწყობითა და საკუთარი შემოქმედებით ცდილობდა ფულის შოვნას, მაგრამ ამერიკული შოუბიზნესისთვის მისი მუსიკა უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა, 1991 წელს კი, როცა სიუზენს პირველი შვილი - პატარა გოგონა შეეძინა, წყვილს ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლა და მომთაბარეობაზე საერთოდ უარის თქმა მოუწია, რადგან გოგონა, რომელმაც ინდუისტური ღვთაების პატივსაცემად შეიძინა ვიშნუს სახელი, მძიმე გენეტიკური დაავადებით - შერეშევსკი-ტერნერის სინდრომით (ქრომოსომური ანომალია, რომელიც ზრდის შეფერხებით, მოკლე თითებით, ვიწრო და ამოტრიალებული ფრჩხილებით, განიერი კისრით, ყურების დეფორმაციითა და სხვა ფიზიკური დარღვევებით გამოიხატება) დაიბადა. წყვილმა ლოს-ანჯელესში სცადა დამკვიდრება, თუმცა "ანგელოზების ქალაქში" ცხოვრება მეტად ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა, მით უფრო, რომ ოსკარმა მინიმალური პირობების შექმნაც ვერ შეძლო სიუზენისა და ახალშობილი ვიშნუსთვის.
ფინანსურმა პრობლემებმა სიუზენს სიამაყეზე უარის თქმა და დახმარებისთვის მშობლებისთვის მიმართვა აიძულა, ვისთანაც ჰიპებთან დამეგობრებით გაიფუჭა ურთიერთობა, თუმცა წერილის მიწერისა და საკუთარი შეცდომების აღიარების შემდეგ მშობლებმა სიხარულით დაიბრუნეს უძღები შვილი და ნიუ-იორკში გადაბარგებაც დაუფინანსეს, თუმცა, ოსკარმა ვერც იქ შეძლო სამსახურის მოძიება, ამიტომ ოჯახთან ერთად ქვემო ისტ-ენდში, სოციალურ საცხოვრებელში მოუწია დაბინავება.
აღსანიშნავია, რომ წყვილს, რომელსაც უკვე ოთხი შვილი - უფროს გოგონასთან ერთად სამი ბიჭი - ბჰაგავანი, ტყუპები გოვინდა და ნარაიანი ჰყავდა, ნიუ-იორკში კიდევ სამი ბიჭი - მუკუნდა, კრიშნა და ჯაგადეში შეეძინა. მართალია, მშობლებმა სამუდამოდ დაივიწყეს მათი დაბადების თარიღი, რადგან ამგვარ "წვრილმანებს" ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ განსაკუთრებული გულისყურით შეურჩიეს სახელები მსოფლიოს უძველეს, ერთ-ერთ პირველ ენად მიჩნეულ სანსკრიტზე, რითაც მათ უნიკალურობას გაუსვეს ხაზი.
14-წლიანი იზოლაცია
სახელმწიფო შემწეობის წყალობით ანგულოებმა მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ცხოვრება მოიწყვეს ნიუ-იორკში, სოციალური საცხოვრებელი კომპლექსის 6-ოთახიან ბინაში, თუმცა უფროსი ვაჟის ბჰაგავანის დაბადების შემდეგ ოსკარის ქცევა რადიკალურად შეიცვალა. ვერშემდგარი როკ-ვარსკვლავისთვის, რომელიც სკანდინავიაში ნატრობდა მოგზაურობას, რადგან ძალიან მოსწონდა ჩრდილოევროპული ცხოვრების წესი, ჯერ ნიუ-იორკში დასახლება იქცა მძიმე სტრესად, მერე მუსიკალურ კარიერაზე უარის თქმა. გულის გადასაყოლებლად ოსკარი ალკოჰოლს, მსუბუქ ნარკოტიკებს მიეძალა, რამაც არასრულფასოვნების კომპლექსთან ერთად ჯერ პანიკური შიში, მერე პარანოია განუვითარა.
მორიგი პარანოიდალური შეტევისას, მეგაპოლისის ცხოვრებას შეუჩვეველმა ოსკარმა, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა, რომ განსაკუთრებულ სიბრძნეს, საიდუმლო ცოდნას ფლობდა და სამყაროს განმანათლებლის მისიით მოევლინა, დიდი ქალაქის ხიფათისა და ცდუნებებისგან გადაწყვიტა შვილების დაცვა და ოჯახის წევრები ჯერ ბინაში გამოკეტა, მერე მკაცრი წესები დაუდგინა, რომელთა თანახმად მეუღლესა და შვილებს არც უცხოებთან, მათ შორის მეზობლებთან ჰქონდათ კონტაქტის უფლება, არც მისი გადაწყვეტილებების განხილვისა და გაპროტესტების. ამასთანავე, ბიჭებს თმის შეჭრაც აეკრძალათ, რადგან მისი აზრით, სწორედ თმა ინახავდა ადამიანის ძალასა და ენერგიას.
"საიმედო თავშესაფრის" დატოვების სურვილის აღსაკვეთად ოსკარი გამუდმებით იმ საფრთხეზე, ბოროტებასა და სისასტიკეზე უყვებოდა შვილებს, რომლითაც "დიდი სამყარო" ემუქრებოდა, ამიტომ რეალობასთან კავშირი მხოლოდ თვითონ შეინარჩუნა და ისიც ძალიან იშვიათად, როცა პროდუქტის ან საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად ტოვებდა სახლს რამდენიმე საათით.
მცირეწლოვან შვილებთან ერთად ოსკარმა გვარიანად შეშინებული მეუღლეც სწრაფად დაიმორჩილა. სიუზენმა ისე მოულოდნელად გაწყვიტა ურთიერთობა ახლობლებთან, რომ მშობლებმა კერძო დეტექტივიც დაიქირავეს, თუმცა უგზო-უკლოდ გამქრალ ქალიშვილს ვერსად მიაგნეს. უფროსი შვილის - ბჰაგავანის განცხადებით, განსაკუთრებულ ზეწოლას სწორედ დედა განიცდიდა, რომელსაც მამა ნებისმიერ გადაცდომაზე მკაცრად სჯიდა - დაკითხვას უწყობდა და ფიზიკურად ძალადობდა.
ფილმებით აღქმული რეალობა
მართალია, სრულფასოვან განათლებას და თანატოლებთან ურთიერთობას მოკლებული, რეალობას მოწყვეტილი ბავშვები, რომლებიც ტრადიციული სკოლის ნაცვლად სახლში მეცადინეობდნენ, ნაკლებად განვითარებულ, არასრულფასოვან მოზარდებად უნდა გაზრდილიყვნენ, მაგრამ დედის წყალობით, რომელსაც ბრწყინვალე პედაგოგიური ნიჭი აღმოაჩნდა, ძმებმა საკმაოდ კარგი განათლება მიიღეს. სიუზენი არა მხოლოდ სასკოლო პროგრამით ატარებდა გაკვეთილებს, არამედ საშინაო დავალების შესრულებასაც მკაცრად აკონტროლებდა. მეტიც, ოჯახისთვის, რომელიც სოციალური დახმარების ხარჯზე ცხოვრობდა, სწორედ საშინაო განათლებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება იქცა მთავარ შემოსავლად, რომელსაც სიუზენი, როგორც ალტერნატიული პედაგოგი იღებდა სისტემატურად.
ზოგადი წარმოდგენა რეალურ სამყაროზე მამის მიერ დატყვევებულმა მოზარდებმა ფილმების წყალობით შეიქმნეს, თუმცა კინო ძმებისთვის არა უბრალოდ გართობად, არამედ გარე სამყაროსთან ერთადერთ კავშირად და ნამდვილ გადარჩენად იქცა, რადგან სწორედ ფილმებით შეძლეს მოზარდებმა რეალობასთან მეტ-ნაკლებად ადაპტირება, ადამიანების ქცევის, მათი ურთიერთობის, საუბრის მანერისა და ჩაცმის სტილის შესწავლა. სხვათა შორის, 14 წლის მანძილზე ძმებმა სხვადასხვა ჟანრის 5 ათასზე მეტი ფილმი ნახეს კლასიკად ქცეული "კასაბლანკასა" და "მოქალაქე კეინის" ჩათვლით.
მდიდარი ფილმოთეკიდან, რომლის ხასიათი მეტწილად ოსკარმა განსაზღვრა თავისივე შემზარავი ისტორიების გასამყარებლად შერჩეული ფილმებით, მოზარდებმა ყველაზე მეტად კვენტინ ტარანტინოს "ცოფიანი ძაღლები" შეიყვარეს, რომელიც ეპიზოდებად დაშალეს, ყველა რეპლიკა ზეპირად ისწავლეს და ჩაცმის სტილითაც პერსონაჟებს მიბაძეს.
მოზარდები ჯერ საყვარელი ფილმებიდან დგამდნენ ცალკეულ სცენებს, მერე კი, საკუთარი სცენარითა და სამოყვარულო კამერით მოსინჯეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება. დეკორაცია და რეკვიზიტები გონებამახვილმა ძმებმა სამზარეულოში მოძიებული ნარჩენებისგან - საკვების ყუთებისა და შესაფუთი ქაღალდისგან, თუნუქის ქილებისგან, უსარგებლო ქსოვილისგან გააკეთეს და სხვადასხვა კალიბრის იარაღის, ფანტასტიკური პერსონაჟების კოსტიუმების უზარმაზარი კოლექცია შეაგროვეს. ოჯახის მთავარ "კინემატოგრაფისტად" მუკუნდა იქცა, რომელიც საოცარი სიზუსტით იმიტირებდა საყვარელ მსახიობებს, მათ ხმას, მიმიკასა და მოძრაობებს.
დამთრგუნველი გარემო
ანგულოები ყოველთვის მშვიდად, სკანდალების გარეშე ცხოვრობდნენ და არც თვითონ აწუხებდნენ არავის, არც მათი არსებობით ინტერესდებოდა არავინ. მართალია, მოზარდებს საკვებიც საკმარისი ჰქონდათ და პირველადი მოხმარების ნივთებიც, სამოსითა და მოძველებული, თუმცა ხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკით კი, საქველმოქმედო ორგანიზაციები ამარაგებდნენ, მაგრამ გარანტირებული უსაფრთხოებისა და ერთი შეხედვით კომფორტული ცხოვრების მიუხედავად, ასაკის მატებასთან ერთად ძმები სულ უფრო აქტიურად დაინტერესდნენ იმ უცხო სამყაროთი, რომელსაც მხოლოდ ფანჯრიდან ხედავდნენ.
რა თქმა უნდა, ძმებს უამრავ შეკითხვა ჰქონდათ, თუმცა მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ვერც დედამ შეძლო, ვერც მამამ, რომელმაც ამ შემთხვევაშიც მარტივი გამოსავალი მონახა და პასუხის გაცემის ნაცვლად სქელი ფარდებით სცადა ფანჯრების ჩაბნელება, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც პირქუში გარემო, რადგან რამდენიმე თვით მზის სხივების გარეშე დარჩენილ მოზარდებს ჯერ D-ვიტამინის დეფიციტი, მერე დეპრესია განუვითარდათ. ერთ მშვენიერ დღეს კი, როცა ბავშვებმა ზედმეტად ხმაურიანი თამაში მოაწყვეს, შიშით რომ მათ ხმას მეზობლები გაიგებდნენ, ოსკარმა მთელი ოჯახი საძინებელში გამოკეტა და ჯერ ხმის ამოღება, მერე იმ ოთახებში შესვლა აუკრძალა, რომელთაც მეზობლების ბინებთან ჰქონდათ საერთო კედლები.
გაქცევა რეალობაში
2010 წლის შემოდგომაზე, როცა ოსკარმა პროდუქტის მომარაგება გადაწყვიტა და უხალისოდ დატოვა სახლი რამდენიმე საათით, ბიჭებმა შემთხვევით შეამჩნიეს, რომ მამას ბინის კარი დარჩა ღია. ყველაზე თამამი ძმებს შორის მუკუნდა აღმოჩნდა, რომლის სახელი სანსკრიტზე "განმათავისუფლებელს" ნიშნავს. მოზარდმა პირველმა გაბედა ოთხ კედელს შორის მომწყვდეული სამყაროს დატოვება, თუმცა მანამდე საშინელებათა ფილმების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის - სერიული მკვლელის მაიკლ მაიერსის ნიღაბი მოირგო, რადგან ჩათვალა, რომ სახის დამალვით ვერც შემთხვევით გზად გადაყრილი მამა იცნობდა, ვერც მეზობლები შეამჩნევდნენ.
მოზარდმა ფეხით ჩაირბინა 16 სართული და სრულიად მარტო აღმოჩნდა ქუჩაში. მართალია, ჭრელმა და ხმაურიანმა, ქაოტურმა და მუდმივად მოძრავმა ქალაქმა თავბრუ დაახვია, მაგრამ არ დაიბნა და ჯერ მაღაზია დაათვალიერა, მერე აფთიაქში შეიარა. მოზარდი შემზარავი ნიღბით მხოლოდ ბანკში შეამჩნიეს, როცა ერთ-ერთმა მოლარემ მძარცველად მიიჩნია და განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერით გამოიძახა პოლიცია. სამართალდამცავებმა სწრაფად დააკავეს უცნაური ახალგაზრდა, რომელმაც ვერც მათ შეკითხვებს გასცა პასუხი, ვერც იმ რეალობის ობიექტურად შეფასება შეძლო, რომელშიც აღმოჩნდა, რადგან მოზღვავებული ემოციებით მხოლოდ ბედნიერი იღიმოდა.
სამართალდამცავებისგან მუკუნდამ სასწრაფო დახმარების მედიკოსებთან გადაინაცვლა, თუმცა ვერც მათ გაუგეს ვერაფერი და პირდაპირ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მოზარდი ჯერ ადგილობრივმა საკვებმა აღაფრთოვანა, მერე პალატის საწოლმა, რომელიც მანამდე არასდროს ენახა, რადგან ოჯახის წევრებთან ერთად იატაკზე გაშლილ ლეიბებზე ძილს იყო შეჩვეული. მართალია, მედპერსონალთან და პაციენტებთან დამეგობრებულმა მუკუნდამ ყველას დეტალურად მოუყვა საკუთარი ოჯახის ისტორია, მაგრამ მისი არავინ დაიჯერა, პირიქით ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, როცა საზოგადოებისთვის და საკუთარი თავისთვის უსაფრთხოდ მიიჩნიეს, ექიმებმა თავად გამოუძახეს ტაქსი და გაუშვეს სახლში, სადაც აცრემლებული დედა და საშინლად გაბრაზებული მამა დახვდა, თუმცა მუკუნდასთვის, რომელმაც სრულად დაკარგა მისი ნდობა აბსოლუტურად სულერთი აღმოჩნდა მამის ბრაზი.
იღბლიანი შეხვედრა
ნდობასთან ერთად ოსკარმა ავტორიტეტი და შვილებზე კონტროლი დაკარგა, რადგან ბიჭებისთვის ძმის მონათხრობი უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა, ვიდრე მისი ჩაგონება. მოზარდები მიხვდნენ რამდენ სიცრუეს ისმენდნენ წლების მანძილზე და ფრთხილად, ცოტა შიშით შეუდგნენ ცარიელი, აზრს მოკლებული ყოველდღიური ყოფიდან უცხო, თუმცა საოცრად მიმზიდველი სამყაროს შესწავლას.
"ცოფიანი ძაღლების" პერსონაჟების ბრუტალურ სტილში გამოწყობილი ძმები საათობით სეირნობდნენ ნიუ-იორკის ქუჩებში და ინტერესით იკვლევდნენ დიდი ქალაქის პატარა წვრილმანებს. მართალია, ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო ხშირად იქცევდნენ გამვლელთა ყურადღებას, მაგრამ ყველას ზრდილობიანად ესალმებოდნენ და კეთილად უღიმოდნენ.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს გაიცნეს ანგულოებმა ახალგაზრდა რეჟისორი კრისტელ მოსელი, რომლის ყურადღება პირველ რიგში მოზარდების უჩვეულო ქცევამ და გარეგნობამ მიიქცია. "ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გზააბნეულ პირველყოფილ ტომს ან მგლების ხროვას გადავაწყდი, რადგან ბიჭები ყველგან ჯგუფურად დადიოდნენ, ისე თითქოს ერთმანეთს ჩამორჩენის და დაკარგვის ეშინოდათ", - აღნიშნა მოსელმა და ხაზი გაუსვა მოზარდების თავმდაბლობას, გამართულ მეტყველებას და დახვეწილ მანერებს, "ასეთი მორიდებული და დაბნეული, თუმცა გულწრფელი და გულუბრყვილო ახალგაზრდები მანამდე არსდროს მენახა", - დასძინა კრისტელმა, რომელმაც დიდხანს ვერ დაიჯერა, როცა ძმებმა საკუთარი ისტორია გაანდეს, დამეგობრება სთხოვეს და მორცხვად მიიწვიეს სახლში სტუმრად.
ანგულოებთან სტუმრობისა და მათი ახლოს გაცნობის შემდეგ მოსელმა დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტა. მართალია, ოსკარი სკეპტიკურად შეხვდა და დიდხანს აპროტესტებდა გარე სამყაროს ზედმეტად აქტიურად შეჭრას მის ცხოვრებაში, მაგრამ ოჯახის დანარჩენმა წევრებმა არც მისი სკეფსისი გაითვალისწინეს, არც პროტესტი.
ახდენილი ოცნება
2015 წელს დოკუმენტური ფილმი "მგლის ხროვა" (Wolfpack) გამოვიდა, რომელმაც სანდენსის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა, ძმებმა კი, ოცნება აისრულეს და ისეთივე ვარსკვლავები გახდნენ, როგორც მათი საყვარელი მსახიობები. მეტიც, ბიჭებმა საკუთარი კერპები რობერტ დე ნირო და მარკ რუფალოც კი, გაიცნეს, ვისთან შეხვედრაც მოსელმა მოუწყო სიურპრიზად. ანგულოების ოჯახით პრესა, ტელევიზია და რაც მთავარია სოციალური სამსახურები დაინტერესდნენ. მოზარდებმა უამრავი ინტელექტუალურ-ფიზიოლოგიური ტექსტი გაიარეს და ძალიან გააკვირვეს ფსიქიატრები, რომელთაც 14-წლიანი იზოლაციის შემდეგ ძმებს ვერც მენტალური პრობლემები, ვერც კოგნიტიური დარღვევები აღმოუჩინეს, მხოლოდ ვიშნუს დაუდგინდა განვითარების თავისებურებები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, შინაპატიმრობამ ვერც გენეტიკური დაავადებით დაბადებულ გოგონას მდგომარეობაზე იქონია განსაკუთრებული გავლენა.
რეალობას მორგებული "მგლები"
დღეს რეალობასთან სრულად ადაპტირებული ძმები, რომელთაც წლების შემდეგაც შეინარჩუნეს პოპულარობა, დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ. ცეკვით გატაცებულმა ბჰაგვანმა ჰიპ-ჰოპის საკუთარი სკოლა გახსნა, გოვინდამ კინოინდუსტრიაში მოსინჯა შესაძლებლობები და ოპერატორის პროფესიას დაეუფლა, ისე, როგორც ძმებს შორის ლიდერი მუკუნდა, რომელიც წარმატებული პროდიუსერი გახდა, მცირე კინოკომპანია დააარსა და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოუშვა. ნარაიანმა სახელი შეიცვალა, ჯოზეფი გახდა და ეკოლოგიის პრობლემებით დაინტერესებულმა გარემოს დაცვის ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა, კრიშნამ და ჯაგედაშმა კი, რომლებიც მუსიკამ გაიტაცა, საკუთარი სტუდია გახსნეს და სადებიუტო ალბომი ჩაწერეს.
მეუღლის დიქტატისგან გათავისუფლდა სიუზენიც, თუმცა ოფიციალურად განქორწინებისგან მაინც თავი შეიკავა. დღეს მისის ანგულო სოციალურ სამსახურში მუშაობს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კონსულტანტად, ვიშნუ კი, რომელმაც დედასთან არჩია დარჩენა, მაქსიმალურად ერიდება საზოგადოებრივ ცხოვრებას და მხოლოდ ძმებთან ურთიერთობს საკუთარ - გრძნობებისა და ემოციების ენაზე. უცნაურია, მაგრამ ოსკარმა, წარმატებით დააღწია თავი ყველანაირ პასუხისმგებლობას, მის ერთადერთ სასჯელად შვილების უნდობლობა იქცა, რომელთაც მართალია ყველაფერი აპატიეს, მაგრამ უარი თქვეს მასთან ურთიერთობაზე. მეტიც, სწორედ მამის მიმართ გამოხატეს ძმებმა პროტესტი, როცა თმის მოკლედ შეჭრა გადაწყვიტეს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში, შეკითხვაზე, რამდენად რთული იყო კოვიდ-პანდემიის დროს იზოლაციის პირობებს მორგება, ძმებმა განაცხადეს, რომ უზარმაზარი გამოცდილების მიუხედავად, მაინც სხვებზე მეტად გაუჭირდათ ჩაკეტილ სივრცეში დაბრუნება, შეკითხვაზე კი, როგორ შეძლეს 14-წლიანი "პატიმრობის" გაძლება, მუკუნდამ უპასუხა, რომ "რომ მხოლოდ წარმოსახვა დაეხმარა საკუთარი სამყაროს შექმნასა და თავისუფლების შენარჩუნებაში".