აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული: ქართული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები

ბრწყინვალე აღდგომა - ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია და მართლმადიდებლურ საქართველოშიც ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება. თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის უმთავრესი - იესო ქრისტეს აღდგომისა და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღე ტრადიციულად გაზაფხულზე, ბუნიობის მომდევნო კვირა დღეს აღინიშნება საზეიმო წირვა-ლოცვით, რომელიც შუაღამეს იწყება ყველა მოქმედ ეკლესიაში და დილამდე გრძელდება.
ბზობა
აღდგომის დღესასწაულს წინ ბზობა უსწრებს, რომელიც იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შებრძანებას განასახიერებს, როცა ადგილობრივი მოსახლეობა პალმის რტოებითა და "ოსანას" შეძახილით შეეგება მაცხოვარს. საქართველოში სწორედ ბზა ითვლება პალმის რტოს სიმბოლოდ, რომელიც ეკლესიაში იკურთხება და მთელი წლის მანძილზე - შემდეგ ბზობამდე ინახება ყველა მართლმადიდებლის ოჯახში.
ჭიაკოკონა
მართალია, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღემდე შემორჩა ჭიაკოკონას ტრადიცია, რომელიც ვნების კვირაში, ოთხშაბათ დღეს ეწყობა და ცეცხლით განწმენდას, კუდიანების, ავი სულების განდევნას ემსახურება, მაგრამ სინამდვილეში, მსგავსი რიტუალი მხოლოდ ცეცხლთაყვანისმცემლობას (იგივე მაზდეანობას) მიეკუთვნება და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. სწორედ მაზდეანებისათვის იყო ცეცხლი ღვთაება, ადამიანი კი, მხოლოდ ცოდვილი, რომელიც კოცონზე გადახტომით ასრულებდა ცეცხლით განწმენდის რიტუალს ღმერთის წყალობის მოსაპოვებლად.
სააღდგომო ჯეჯილი - განახლებისა და ნაყოფიერების სიმბოლო
სააღდგომო დეკორის აუცილებელი ელემენტი - ხორბლის მარცვლებით მოყვანილი ჯეჯილია, რომელიც სიცოცხლის, განახლებისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება, ჯეჯილზე გაგორებული აღდგომის კვერცხი კი, სიკვდილის ძლევას, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას განასახიერებს. ტრადიციულად, ხორბლის მარცვლები ჯეჯილისთვის აღდგომამდე რამდენიმე კვირით ადრე მიმოიბნევა წყლით დასველებულ ბამბაზე, მერე კი, თავისით იზრდება თბილ ადგილას მყუდროდ მოწყობილი. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება უკვე გაზრდილი ჯეჯილის შეძენა, მაგრამ ბევრად სასიამოვნოა საზეიმოდ გაწყობილი სუფრის საკუთარი ხელით მოყვანილი ჯეჯილით დამშვენება და მისი წითელი კვერცხით მორთვა.
სააღდგომო კვერცხი - ახალი სიცოცხლის სიმბოლო
დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო - წითლად შეღებილი კვერცხია, რადგან წითელი ფერი - ქრისტეს სისხლს და მსხვერპლშეწირვას, კვერცხი კი, ახალ სიცოცხლეს, ცოდვებისგან გათავისუფლებას და სულიერ აღორძინებას განასახიერებს.
გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ სხვადასხვა მხარეს გაგზავნა მოწაფეები, რათა ყველა სულიერისთვის ეხარებინათ მისი აღდგომა. ქადაგებისთვის გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი იესო. წმინდა მარიამი რომში, იმპერატორ ტიბერიუსს ეწვია, საჩუქრად კვერცხი მიართვა და ახარა: "ქრისტე აღდგა!" იმპერატორმა ეჭვით შეათვალიერა კვერცხი და შენიშნა: "ისე ვერ აღსდგეს მკვდარი, როგორც ეს კვერცხი ვერ გაწითლდესო“, თუმცა სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და მართლაც გაწითლდა. სწორედ ამგვარი საოცრების აღსანიშნად ღებავენ ქრისტიანები სააღდგომო კვერცხს წითლად და სიტყვებით: "ქრისტე აღდგა! - ჭეშმარიტად აღდგა!" მთელი 40 დღე ულოცავენ ერთმანეთს ბრწყინვალე დღესასწაულს.
სააღდგომო პასკა - გოლგოთას მთის განსახიერება
უძველესი ისტორია აქვს აღდგომის კიდევ ერთ მთავარ სიმბოლოს - პასკას. პასექის დღესასწაულზე ებრაელები ხმიადებს - უსაფუვრო პურებს აცხობდნენ. სწორედ ხმიადი იყო საიდუმლო სერობაზეც, როცა აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე ტრაპეზის დროს გამოეცხადა მოსწავლეებს, მადლი შესწირა, პური გატეხა, ყველას სათითაოდ ჩამოურიგა და უთხრა: “მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქუენთვის მიცემული, ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა”.
თუმცა 1054 წელს, დიდი სქიზმას ანუ განხეთქილების და ქრისტიანული ეკლესიის ორად გაყოფის შემდეგ, დასავლეთის ეკლესიამ უსაფუვრო კვერების ცხობის წესი შეინარჩუნა, რადგან ებრაელებს საფუვრის გამოყენება ეკრძალებოდათ, აღმოსავლეთში კი, პირიქით გაფუებული პურის ცხობის ტრადიცია დამკვიდრდა, რომელიც მაცხოვრის სიტყვებს: "სასუფეველი საფუარს ჰგავს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს" დაეფუძნა. სწორედ საფუარი იქცა მადლის სიმბოლოდ, რადგან მადლით ვრცელდება ჭეშმარიტი რწმენა, მადლით მოიპოვებს ადამიანი სასუფეველს და ცხონდება. საფუვრიანი პური ცხვება აღდგომაზეც, რომელიც აუცილებლად ტკბილი უნდა იყოს, რადგან ტკბილი პური ანუ პასკა - იესო ქრისტეს სიტკბოების მიწიერი განსახიერებაა. მოგვიანებით, პასკამ გოლგოთას წმინდა მთის სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა, რომელსაც ძალიან ჰგავს თავისი ფორმით, ამასთანავე, პასკა აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობას გამოხატავს, რადგან უფალი ამბობს: „მე ვარ პური ზეცით გადმოსული".
სააღდგომო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
განსხვავებულად, თუმცა ერთნაირი სიხარულით აღინიშნებოდა აღდგომა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მართალია, თანამედროვე ეპოქაში ძველმა ტრადიციებმა მეტწილად მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ ის, რაც შენარჩუნდა თვითმყოფადი ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
* ჭონა -
აღდგომის დღესასწაულის გამორჩეული ტრადიცია იყო ჭონა ანუ ჭონაზე სიარული, რაც ძალიან ჰგავდა საშობაო ალილოს. მეჭონეები დიდი ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით დადიოდნენ კარდაკარ და სააღდგომო სიმღერით, შეძახილით: „ალათასა ბალათასა ჩამოვკიდამთ კალათასა, დედი, ერთი კვერცხი მომე, ღმერთი მოგცემს ბარაქასა!" ულოცავდნენ მეზობლებს დღესასწაულს. მასპინძლები მეჭონეებს სააღდგომო კვერცხით, ტკბილი კვერებით უმასპინძლდებოდნენ და ფულით ასაჩუქრებდნენ, დღის ბოლოს კი, ახალგაზრდები ერთად იკრიბებოდნენ და შეგროვილი სანოვაგით აღნიშნავდნენ აღდგომას.
* სააღდგომო ტრადიცია ილია მეორის მშობლიურ სოფელში -
ჭონაზე სიარულს ჰგავდა ხევში, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მშობლიურ სოფელ სნოში დამკვიდრებული ძველი ტრადიციაც, როცა აღდგომის დღესასწაულზე მშვილდითა და ისრებით აღჭურვილი ახალგაზრდების ჯგუფი, სოფლის უხუცესი მამაკაცის ხელმძღვანელობით ყველა ოჯახს სათითაოდ ულოცავდა დღესასწაულს. ეზოს ჭიშკართან ჯგუფის უფროსი ხმამაღლა ამბობდა: "ქრისტე აღდგა!", რასაც ოჯახის წევრები პასუხობდნენ: "ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! შეგეწიასთ იმისი მადლი თქვენცა და მთელს თქვენს ხევსა!" დიასახლისს შესაწირი - სააღდგომო კვერცხი გამოჰქონდა, რომელსაც ეზოში, ერთ მწკრივში აწყობდა ოჯახის წევრების სადღეგრძელოდ და ხმამაღლა ამბობდა ვის სახელზე დებდა კვერცხს. აღსანიშნავია, რომ პირველ შესაწირს მოხევეები ყოველთვის ოჯახისგან დაშორებულთა და მოგზაურთა სადღეგრძელოდ დებდნენ. ახალგაზრდები მონაცვლეობით ისროდნენ ისრებს, ყველაზე იღბლიანად კი, ოჯახის ის წევრი ითვლებოდა, ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველი გატყდებოდა. ხშირად კვერცხთან ერთად მოხევეები მეისრეებს ხინკალს, ხორცოვანებს, ცხვრის ხორცსა და ფულს სწირავდნენ, მით უფრო, რომ დღის ბოლოს შეგროვილი შესაწირით საერთო ზეიმი იმართებოდა, ფული კი, სოფლის საქმეს ხმარდებოდა.
* აღდგომა მეგრულად და გურულად -
სამეგრელოში აღდგომის დღეს ყველისა და კვერცხის კვერები ცხვებოდა. ოჯახის უფროსი, რომელიც დილიდანვე მარხულობდა, არც წყალს სვამდა, არც თამბაქოს ეწეოდა, შუადღისას ღორის გულ-ღვიძლით, მამლის თავით, კვერებითა და საზედაშე ღვინით დატვირთულ ხონჩას დებდა საღმრთო-საოხორო ქვევრის თავზე და ილოცებოდა.
გურიაში აღდგომის დღესასწაულზე ლელობურთის თამაში იმართებოდა. ტრადიცია, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის, დღემდე შემორჩენილია სოფელ შუხუთში, სადაც 16-კილოგრამიან ტყავის ბურთს ქვიშით, ნახერხით ავსებენ და აგუნას წვენს - შავი ღვინის, თაფლისა და ბროწეულის წვენის ნაზავს ასხამენ. მეტი მხნეობისა და გამბედაობისთვის აგუნას რამდენიმე წვეთს მიირთმევენ შეჯიბრის მონაწილეებიც, რომლებიც სოფლის შუაში გამდინარე ღელის გადაღმა ცდილობენ ბურთის გატანას თავის მოთამაშეებიანად.
* აღდგომის დღესასწაული იმერეთში, რაჭასა და კახეთში -
იმერეთში აღდგომის ღამეს ეკლესიის ზარებთან ერთად ბუკის ძახილიც ისმოდა, რომელიც მამლის პირველ ყივილზე უხმობდა მოსახლეობას ტაძარში. ამბობენ, თითქოს მამლის მესამე დაყივლებაზე მრევლი უკვე ეკლესიაში იყო და სადღესასწაულო წირვაც იწყებოდა.
რაჭაში აღდგომის დილას, წირვიდან დაბრუნებული დიასახლისი პურის ფაფას აკეთებდა და თონეში ლავაშს აცხობდა, მღვდელი კი, ყველა ოჯახს სათითაოდ სტუმრობდა, ლოცავდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, მერე კი, ცხვრის თავ-ფეხით, ბარკლებით, ლავაშითა და შეკეცილით (ფენოვანი ღვეზელი) დამშვენებული ხონჩა მღვდელთან მიჰქონდა. აღდგომის მეორე დღეს რაჭველები ხორცს ხარშავდნენ, ლობიანებს, ბოხჩუანებს აცხობდნენ და „გიორგონთობას“ ზეიმობდნენ.
კახეთში სააღდგომოდ სპეციალურად დღესასწაულისთვის გამოზრდილი ღორი იკვლებოდა, შესაწირად კი, ახალგარდაცვლილის პატრონები ბატკანს კლავდნენ, საფლავზე გადიოდნენ და სააღდგომო კვერცხს აგორებდნენ. საღამოს ყველა ოჯახში ლხინი იწყებოდა, მეზობლები ჯერ ერთმანეთს სტუმრობდნენ, მერე საკუთარ სახლში ეპატიჟებოდნენ და დილამდე აგრძელებდნენ სტუმარ-მასპინძლობას.
* ბრწყინვალე აღდგომა თბილისში -
ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიული წყაროების თანახმად, მე-18 საუკუნეში სააღდგომო წირვის დასრულების შემდეგ მეფე, თავად-აზნაურებთან ერთად დღევანდელი ქაშვეთის ეკლესიის ტერიტორიაზე აწყობდა ისრით სროლაში შეჯიბრს, სამიზნედ კი, ოქროს ან ვერცხლის თასი მსახურობდა, რომელსაც საბოლოოდ გამარჯვებული იღებდა ჯილდოდ.
დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი იყო კვერცხის შეღებვა და პასკის გამოცხობა, რომელიც საქართველოში შედარებით გვიან - მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა, მანამდე თბილისელი დიასახლისები სააღდგომოდ ტკბილ ქადებს და ყველიან კვერებს აცხობდნენ, სადღესასწაულო სუფრას კი, მრავალფეროვანი კერძებით, მათ შორის ბატკნის ხორცითა და წინასწარ შერჩეული, სპეციალურად სააღდგომოდ გადანახული ღვინით ავსებდნენ.