04 მაისი 2025 - 04:32

უხილავი მტერი: რადიაციის საფრთხე ყოველდღიურ ცხოვრებაში

მართალია, შეუძლებელია რადიაციის დანახვა ან მისი შეგრძნება, რადგან არც ფერი აქვს, არც  გემო და სუნი, მაგრამ სწორედ უხილავი მტერია ყველაზე სახიფათო, რადგან სწრაფად და შეუმჩნევლად ვრცელდება, მისგან დაცვა ან თავის დაღწევა კი, პრაქტიკულად შეუძლებელია.

1986 წელს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების შემდეგ, როცა ატმოსფეროში გაფანტული რადიოაქტიური ნაწილაკები მთელ მსოფლიოში გავრცელდა, კაცობრიობა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად სახიფათოა უხილავი რადიაცია. რა თქმა უნდა, ნახევრად განადგურებული ელექტროსადგურის სპეციალურ სარკოფაგში მოთავსებისა და უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების შემდეგ  საფრთხე თითქოს მინელდა და განგაშის მიზეზიც გაქრა, თუმცა მსგავსი ოპტიმიზმი ნაკლებად გამართლებულია, რადგან ბუნებრივ რადიაციულ ფონს - კოსმოსურ გამოსხივებას, დაბინძურებულ ნიადაგს, წყალსა და ჰაერს, იმ ნივთების რადიაციული გამოსხივებაც ემატება, რომელთაც ადამიანი ყოველდღიურ ყოფაში მოიხმარს.  

"რადიაციის პიონერები"

რადიაცია - გამოსხივებათა ერთობლიობაა, რომელიც ნივთიერებების იონიზაციით იწვევს  ატომების სპონტანური დაშლას. ატომებისგან მოლეკულები შედგება, მოლეკულებისგან კი, ყველა მატერია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილების ჩათვლით, ამიტომ რადიოაქტიურ ნაწილაკებთან კონტაქტი ყოველთვის საფრთხილო და სახიფათოა.

პირველმა რადიაციას ფრანგმა მეცნიერმა ანტუან ანრი ბეკერელმა მიაგნო 1894 წელს, როცა ექსპერიმენტის ჩატარებისას აღმოაჩინა, რომ ნივთიერება ურანის მარილის შემცველობით შუქგაუმტარ ქაღალდშიც აღწევდა და ანათებდა ფოტოფირფიტებს. ტერმინი "რადიოაქტივობა" პირველმა მარი სკლოდოვსკა-კიურიმ გამოიყენა, რომელმაც ურანისა და თორიუმის თვისებებზე დაკვირვებით განამტკიცა წინამორბედის დასკვნა, მანვე აღმოაჩინა ახალი რადიოაქტიური ელემენტები პოლონიუმი და რადიუმი, 1903 წელს კი, მეუღლესთან, პიერ კიურისთან ერთად დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ფიზიკის დარგში. 

1895 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა ვილჰელმ კონრად რენტგენმა აღმოაჩინა გამოსხივება, რომელმაც "ადამიანის ორგანიზმში ჩახედვის საშუალება მისცა" და მას "რენტგენის სხივები" უწოდა. სწორედ რენტგენის აღმოჩენამ დაუდო საფუძველი რადიაციის გამოყენებას მედიცინაში, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ურთულესი კვლევების წარმოება, თუმცა თავად რენტგენი, ისე როგორც სკლოდოვსკა-კიური და 400-მდე მედიკოსი თუ მეცნიერი, სიმსივნით გარდაიცვალა, რადგან 1920-იან წლებში "რადიაციის პიონერებმა" არც მის მავნებლობაზე იცოდნენ არაფერი, არც ზემოქმედებისგან თავის დაცვის აუცილებლობაზე.  

რადიაციის საზომი ერთეული და გამოსხივების ტიპები

რადიოაქტივობა სამი საზომი ერთეულით - ბეკერელით, გრეით და ზივერტით ან მიკროზივერტით იზომება. ბეკერელი - ერთ წამში დაშლილი ატომების რიცხვს აღნიშნავს, გრეი - სხივების ზემოქმედებისას გამოყოფილი ენერგიის რაოდენობას განსაზღვრავს, ზივერტი კი, ერთი კილოგრამი ბიოლოგიური ქსოვილის მიერ შთანთქმული ენერგიის რაოდენობაზე მიანიშნებს. 

ამასთანავე, არსებობს გამოსხივების სამი ტიპი:  ალფა-ნაწილაკები - ბირთვები, რომლებიც მხოლოდ 0,1-მილიმეტრიან (დაახლოებით ფურცლის სისქის) სიღრმეს აღწევენ და მართალია, არ აქვთ კანში შეღწევის უნარი, მაგრამ ძალიან სახიფათოა საკვებითა და წყლით მათი ორგანიზმში მოხვედრა;  ბეტა-ნაწილაკები - მაღალენერგეტიკული ელექტრონები, რომლებიც 2 სანტიმეტრის სიღრმეს აღწევენ, ანადგურებენ კანს, კანქვეშა უჯრედებს და სერიოზულ დამწვრობას იწვევენ და გამა-გამოსხივება - მაღალენერგეტიკული ნაწილაკები, რომლებიც ღრმად აღწევენ ქსოვილში, უჯრედებში და მასიურად აზიანებენ მათ. 

რადიაციის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე

ორგანიზმზე რადიაციის გავლენას პირველ რიგში, გამოსხივების ტიპი და რადიოაქტიური იზოტოპები, დასხივების ხანგრძლივობა და ორგანიზმის მგრძნობელობა განსაზღვრავს. თუმცა, იონიზირებადი გამოსხივების მავნე გავლენას ყველაზე მეტად ძვლის ტვინის და სასქესო ორგანოების უჯრედები, ყველაზე ნაკლებად კი, კუნთები და ძვლები განიცდიან. 

დასხივების შედეგების სიმძიმე ადამიანის ასაკზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასა და ქრონიკულ დაავადებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, დიაბეტისა და შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება უჯრედების მგრძნობელობა რადიაციული დაზიანებების მიმართ. 

მართალია, რადიაციის მაღალი დოზით მოწამვლის პირველ სიმპტომებად ზოგადი სისუსტე, ძილიანობა და თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, ცხელება, დიარეა და არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა ითვლება, მაგრამ რადიაციის სისტემატურად და მცირე დოზით მიღებისას სიმპტომები მხოლოდ წლების შემდეგ გართულებებით, მეტწილად ონკოლოგიური დაავადებებით ვლინდება. 

ნორმალურ რადიაციულ ფონად დაახლოებით 0,2-0,5 მიკროზივერტი საათში ითვლება. ამასთანავე, მთიან რეგიონებში ბევრად მაღალია რადიოაქტიური გამოსხივება, რადგან რაც უფრო მაღლაა ტეროტორია ზღვის დონიდან, მით უფრო მეტია რადიაცია. ყოველწლიურ ნორმად ადამიანისთვის 3-4 მილიზივერტი (ერთი მილიზივერტი ათას მიკროზივერტს უდრის) ითვლება, მთელი სიცოცხლის მანძილზე კი, 100-700 მილიზივერტის მიღება დაიშვება. 

რადიაცია და ალკოჰოლი

მოსაზრება, თითქოს ალკოჰოლი ორგანიზმს რადიონუკლიდების განდევნაში ეხმარება ნაწილობრივ გამართლებულია, რადგან კვლევებმა დაადასტურეს, რომ რადიაცია "ალკოჰოლით გაჟღენთილ" ორგანიზმს უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე "ფხიზელს",  თუმცა აბსოლუტურად უშედეგოა ალკოჰოლური სასმელით რადიაციასთან ბრძოლა დასხივების შემდეგ, რადგან ამგვარი "მკურნალობა" არაეფექტურია და მხოლოდ მავნე ჩვევას ავითარებს.  

რადიოაქტიური გამოსხივება და უჯრედების მუტაცია

ონკოლოგიური დაავადებების სხივური თერაპიით მკურნალობისას მნიშვნელოვნად ზიანდება სიმსივნური წარმონაქმნები მეტიც, იღუპებიან ყველზე მყარი ავთვისებიანი უჯრედებიც, რადგან რადიაციის მასიური და მიზანმიმართული შეტევა სრულად შლის მათ დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას). თუმცა, ზარალდებიან ჯანმრთელი უჯრედებიც, მით უფრო, თუ რადიაციის ზემოქმედებას დნმ-ის სპირალის ორივე ძაფი განიცდის, რადგან სრულად ქრება მანამდე არსებული ნორმალური უჯრედის გენეტიკური ინფორმაცია, გენების მთლიანობის აღსადგენად კი, დაზიანებული უბანი შემთხვევითი ნუკლეოტიდებით ივსება, რაც სხვადასხვა ტიპის მუტაციის განვითარებას უწყობს ხელს.

იმუნიტეტი რადიაციის მიმართ

არსებობს მოსაზრება, თითქოს შხამის ხანგრძლივად, მცირე დოზით მიღებისას ორგანიზმი მის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. მართალია, ბევრი თვლის, რომ ადამიანი რადიაციასაც ზარალის გარეშე ეჩვევა, მაგრამ სინამდვილეში რადიოაქტიური გამოსხივება რადიკალურად განსხვავდება შხამისგან, რადგან განსხვავებული თავისებურებებით და მოქმედებით ხასიათდება. ამასთანავე, მეცნიერებს, რომელთაც არასდროს ჩაუტარებიათ ამგვარი კვლევა, არც სანდო მონაცემები აქვთ მსგავსი მოსაზრების დასადასტურებლად.

ადამიანი - რადიაციის წყარო

უცნაურია, მაგრამ გარკვეულწილად ადამიანიც რადიოაქტიურია, რადგან მისი ორგანიზმი მცირე დოზით შეიცავს რადიონუკლიდებს - კალიუმ-40-ს და ნახშირბად-14-ს, თუმცა მსგავსი იზოტოპები აბსოლუტურად უვნებელია ჯანმრთელობისთვის. ამასთანავე, მცდარია მოსაზრება, თითქოს რადიაციის ზემოქმედების შემდეგ ადამიანი რადიოაქტიურ ნივთიერებებს აფრქვევს და საფრთხეს უქმნის გარშემომყოფებს. სინამდვილეში, არა ადამიანი, არამედ მისი სამოსია სახიფათო, რომელიც რადიოაქტიური მასალით - სითხით ან მტვრითაა დაბინძურებული.   

რადიოაქტიური გარემო

რადიაცია თანამედროვე ყოფის განუყოფელი ნაწილია, რადგან რადიოაქტიური ნაწილაკები არა მხოლოდ ჰაერის, წყლისა და საკვების წყალობით ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში, არამედ სრულიად მოულოდნელად, ჩვეულ გარემოსა და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ნივთებთან შეხებითაც. სხვათა შორის, ბევრისთვის საშიში სამედიცინო მანიპულაციები - რენტგენი, ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა, სინამდვილეში რადიაციის ყოველწლიური დოზის მხოლოდ 20%-ს შეადგენს, დანარჩენ 80%-ს კი, ადამიანი გარემოდან იღებს.

რადონი

ფონური გამოსხივების ერთ-ერთი მთავარი წყარო - რადონის გაზია, რომელიც ჰაერზე რვაჯერ მძიმეა, თუმცა არც ფერი აქვს, არც სუნი, არც გემო. რადონი პლანეტის ფორმირებისას, ურანისა და რადიუმის დაშლით წარმოიქმნა დედამიწის ქერქში და მუდმივად გამოიყოფა ნიადაგიდან. სამწუხაროდ, მავნე რადიოაქტიური ელემენტი, რომელიც თამბაქოს შემდეგ პირველ ადგილზეა ფილტვის კინოს განვითარების მიზეზებს შორის, თავისუფლად აღწევს შენობის ფუნდამენტში და განსაკუთრებით ჭარბად სარდაფში გროვდება. ამასთანავე, ძველ სახლებში, განსაკუთრებით 1940-წლამდე აშენებულ ნაგებობებში მავნე იზოტოპის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ახალ აშენებულ შენობებში, რადგან გასული საუკუნის პირველ ნახევარში მშენებლები სართულთაშორისი გადახურვისთვისაც რადონით მდიდარ მასალას იყენებდნენ.  

ბუნებრივი აირი

სახიფათოა ბუნებრივი აირიც, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ყოველდღიური ყოფა, თუმცა, არა მხოლოდ მისი ჩასუნთქვა იწვევს მოწამვლას, არამედ ხშირი მოხმარებაც, რადგან ჭარბად შეიცავს რადონს და რადიუმს, ურანს, თორიუმს და ტყვია-210-ს. მართალია, გაზქურაზე მხოლოდ სადილის მომზადება აბსოლუტურად უსაფრთხოა, მაგრამ მისი სისტემატური გამოყენება 0,09 მილიზივერტით ზრდის დასხივების ყოველდღიურ ნორმას, რაც ქრონიკულ თავის ტკივილს იწვევს.

სამშენებლო მასალა

სამწუხაროდ, ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში მშენებლობისას მეტწილად რადიოაქტიური მასალა - რადიუმით, ურანით და თორიუმით მდიდარი ბეტონი, აგური და თაბაშირი გამოიყენება. მართალია, შენობის კედლებსა და სახურავზე მავნე იზოტოპები მცირე დოზითაა და ერთი შეხედვით ნაკლებად მავნებელია, მაგრამ მათი დაშლისას ბინძურდება ჰაერი, იზრდება რადონის შემცველობა და გამოსხივების დონე. 

განსაკუთრებით სახიფათოა კერამიკული გრანიტი, რომელიც ინტენსიურად გამოიყენება სამზარეულოსა და სააბაზანოს მოსაპირკეთებლად, რადგან გრანიტი ბუნებრივ რადიაციას ინახავს და მთელ სახლს აბინძურებს. რა თქმა უნდა, მავნებელია გრანიტის ზედაპირზე საკვების მომზადებაც, რომელიც მცირე დოზით, თუმცა მაინც რადიაციის წყაროდ ითვლება. 

პრიალა ჟურნალები

მართალია, ერთი სიამოვნებაა ტიპოგრაფიული საღებავის სუნით გაჟღენთილი, საინტერესოდ ილუსტრირებული პრიალა ჟურნალების თვალიერება, მაგრამ სინამდვილეში, ამგვარი თავშექცევა საკმაოდ სახიფათოა, რადგან პრიალა ქაღალდის წარმოებაში აქტიურად გამოიყენება კაოლინი - თეთრი თიხის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ურანისა და თორიუმის რადიოაქტიური იზოტოპების დაგროვებით ხასიათდება. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უსაფრთხოა ჟურნალის მხოლოდ თვალიერება, თუმცა კოლექციონერებს, რომლებიც წლების მანძილზე აგროვებენ საყვარელი გამოცემის ნომრებს, მაინც სიფრთხილის გამოჩენა მართებთ, რადგან პირველ რიგში იმ გარემოს აბინძურებენ, სადაც თვითონ უწევთ ყოფნა.    

ბროლის და კერამიკის ჭურჭელი

მაღალი ხარისხისა და განსაკუთრებული თვისებების წყალობით დიასახლისები ყოველთვის თავგამოდებით უფრთხილდებიან ბროლის ჭურჭელს და არ იციან, რომ ტყვიის ხელოვნური იზოტოპების წყალობით, რომელთა ნახევრად დაშლის პერიოდი მთელი 20 წელი გრძელდება, ამგვარი სიმდიდრე მხოლოდ საფრთხის მატარებელია. ერთადერთი შვება ბროლს "უუნარობაა" გამოყოს რადონი, ამიტომ მისგან თავის დაცვა ვიტრინაში მოთავსებით შეიძლება, რომლის შუშა საიმედოდ დაიცავს გარემოს გამოსხივებისგან. თუმცა არ ღირს ბროლის ჭურჭლის კანფეტით და ხილით გავსება, რომელიც სწრაფად იწოვს და დიდი ხნით ინახავს რადიაციას. 

რა თქმა უნდა, ოჯახური რელიქვიის შენახვა სასიამოვნოა, მაგრამ გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოშვებული, წითელი ან ნარინჯისფერი კერამიკის ჭურჭელზე მაინც უარის თქმა აჯობებს, რადგან ამგვარი ჭურჭელი ყოველთვის ურანის მინანქრით იფარებოდა. არ ღირს კერამიკის ჭურჭლის ხშირი გამოყენება, რადგან ძალიან სახიფათოა წყალში გახსნილი  ურანი, რომლის იზოტოპები ელენთაში, თირკმელებსა და ღვიძლში გროვდებიან. ამასთანავე, დაბინძურებულ ჭურჭელს საკმაოდ დიდი გამოსხივება აქვს, რადგან  რადიაციული ფონი მის გარშემო 7 მიკროზივერტს საათში შეადგენს, რაც 35-ჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას.  

რარიტეტული ნაძვის ხის სათამაშოები

უღიმღამო თანამედროვე სათამაშოების ფონზე ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია ნაძვის ხის ძველებური სათამაშოებით მორთვა. რარიტეტის მოყვარულები ნებისმიერ ფასად ცდილობენ იშვიათი ანტიკვარული სათამაშოების შეძენას და წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენად დიდ საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს. თუმცა, გასული საუკუნის დასაწყისში არც მეცნიერებმა იცოდნენ, რომ რადიუმის მარილით შექმნილ მანათობელ საღებავებს, რომლითაც მოგვიანებით სათამაშოები შეიღება, სიხარულის ნაცვლად უბედურება შეჰქონდათ სადღესასწაულოდ მორთულ სახლებში. მეტიც, რადიოაქტიური საღებავის მტვერი დღესაც ძალიან სახიფათოა, რადგან დაშლილი რადიუმ-226 დიდი ოდენობით რადონს აფრქვევს ჰაერში.  

ძველი მექანიკური ნივთები

"მანათობელმა ნივთებმა" განსაკუთრებული პოპულარობა გასული საუკუნის დასაწყისში მოიპოვეს, როცა არა მხოლოდ ხელსაწყოების პანელები განათდა, არამედ, ქალის სამკაული, საბავშვო წიგნების ყდები და სათამაშოებიც მანათობელი საღებავებით დაიფარა, მაჯის საათი ემალის ციფერბლატით, ბრჭყვიალა ციფრებითა და ისრებით კი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე თითქმის ყველა სამხედროს ჰქონდა. სამწუხაროდ, რადიოლუმინესცენციის მავნებლობის შესახებ მხოლოდ 1940-იან წლებში გახდა ცნობილი, როცა სამედიცინო ჟურნალებში ერთმანეთის მიყოლებით დაიბეჭდა სტატიები სიმსივნით გარდაცვლილ იმ სამხედროებზე, რომელთაც საწარმოებში განათებულ პანელებთან უწევდათ მუშაობა.   
სამწუხაროდ, ძველი ნივთები დღემდე აფრქვევენ რადონს. განსაკუთრებით საშიშია რადიოლუმინესცენციის მტვერი და მოყავისფროდ შეფერილი ძველი ნივთები, რაც აშკარად მიანიშნებს მის გარშემო რადიაციულმა ფონის მატებაზე.

თამბაქო

რა თქმა უნდა, თამბაქოს მავნებლობის შესახებ ყველამ კარგად იცის, თუმცა ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რომ სხვა მავნე ელემენტებთან ერთად თამბაქოს ფოთლები  სიცოცხლისთვის მეტად სახიფათო პოლონიუმ-210-ს შეიცავენ. მართალია, ერთი ღერ სიგარეტში მხოლოდ მცირე კონცენტრაციითაა რადიოაქტიური იზოტოპები, მაგრამ თამბაქოს სისტემატური მოხმარებისას მავნე ნივთიერება ორგანიზმში გროვდება და ონკოლოგიურ დაავადებებს, განსაკუთრებით ყელისა და ფილტვების სიმსივნეს იწვევს.

სხვა თემები