გაერთიანებული ერების ორგანიზაცია: უმსხვილესი საერთაშორისო ალიანსის 80-წლიანი ისტორია
24 ოქტომბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღე აღინიშნება. ღირსშესანიშნავი თარიღი 1945 წლის 24 ოქტომბერს დამკვიდრდა, როცა ძალაში შევიდა გაეროს წესდება და ოფიციალურად დაფუძნდა ორგანიზაცია, რომელიც დღეს 193 ქვეყანას აერთიანებს და მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო სტრუქტურად ითვლება.
"ჩვენ გაერთიანებული ერების ხალხები აღვსილი ვართ მტკიცე გადაწყვეტილებით დავიცვათ მომავალი თაობები ომის უბედურებისგან, რომელმაც ორჯერ მოიტანა ჩვენს ცხოვრებაში ენით აუწერელი მწუხარება, აღვადგინოთ ადამიანის ძირითადი უფლებების, პიროვნების ღირსების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, დიდი და მცირე ერების თანაბარი უფლებების რწმენა",- სწორედ ამგვარი პრეამბულით იწყება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, რომელიც დღეს ქვეყნებს შორის დიალოგის, გლობალური გამოწვევების დაძლევისა და კონფლიქტების დარეგულირების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის ისტორია
ერთა ლიგის (გაეროს წინამორბედი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1919-1920 წლებში შეიქმნა სამშვიდობო ურთიერთობების შენარჩუნების, კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარებისა და ომის თავიდან აცილების მიზნით) ნაცვლად ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის იდეა, რომელიც თავიდან აიცილებდა შეიარაღებულ კონფლიქტებს და დაიცავდა მშვიდობას, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებმა ომისშემდგომი მსოფლიოს სამართლებრივად მოწყობის შეთანხმებას მოეწერეს ხელი.

ფრანკლინ რუზველტის მიერ შეთავაზებული ტერმინი "ერების გაერთიანება" პირველად 1941 წელს იქნა გამოყენებული, როცა 26 ქვეყნის მთავრობამ, რომლებიც ნაცისტური ბლოკის (გერმანიის, იტალიის, იაპონიის) და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ იბრძოდნენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს ატლანტიკურ ქარტიას.
გაერთიანებული ერების წესდების წინამორბედად მოსკოვის კონფერენციისთვის მომზადებული დეკლარაცია იქცა, რომელსაც 1943 წელს მოაწერეს ხელი შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებმა. დოკუმენტმა ქვეყნებს შორის შეთანხმება და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის გადაწყვეტილება განამტკიცა, რაც მოგვიანებით თეირანის კონფერენციაზე დადასტურდა დიდი სამეულის შეხვედრაზე.

ორგანიზაციის დეტალური პროექტი, რომელშიც პირველ რიგში ერთა ლიგის სტრუქტურული ნაკლოვანებები იქნა გათვალისწინებული, 1944 წლის აგვისტოში შემუშავდა ვაშინგტონთან ახლოს, დუმბარტონ-ოუქსის ვილაზე გამართულ შეხვედრაზე, 1945 წლის თებერვალში, იალტის კონფერენციაზე გაეროს წესდება და უსაფრთხოების სისტემა შემუშავდა, რამდენიმე თვის შემდეგ, სან-ფრანცისკოში გამართულ ორთვიან კონფერენციაზე კი, 50-მა ქვეყანამ (მოგვიანებით პოლონეთიც შეუერთდა) მიიღო გაეროს წესდება, რომელმაც 111 მუხლში გააერთიანა ორგანიზაციის სტრუქტურა, პრინციპები და მიზნები.

გაეროს წესდება და ძირითადი მიზნები
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - სუვერენულ სახელმწიფოთა ერთობაა, მის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს კი, წესდება განსაზღვრავს, რომელშიც საერთაშორისო სამართლის ძირითადი დემოკრატიული პრინციპებია ასახული და უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო დოკუმენტს წარმოადგენს.

წესდების თანახმად, საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი მიზანია დაიცვას მშვიდობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები განურჩევლად რასისა და სქესის, ენისა და რელიგიური კუთვნილებისა, განავითაროს ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობა და საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად.

დასახული მიზნების მისაღწევად გაეროს წევრი ქვეყნები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით - მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრან კონფლიქტები, რათა არ შეუქმნან საფრთხე გლობალურ მშვიდობას და სამართლიანობას; საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეიკავონ ძალისმიერი მუქარის და ძალის გამოყენებისაგან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ; ხელი შეუწყონ გაეროს განვითარებას და უარი თქვან იმ ქვეყნების დახმარებაზე, რომელთა წინააღმდეგ გაერო პრევენციულ ან იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ გაერო არასდროს ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იძულებულია მიიღოს ზომები საერთაშორისო მშვიდობის დაცვისა და აღდგენისთვის.
გაეროს სტრუქტურა და როლი
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ექვს სტრუქტურულ ერთეულს - გენერალურ ასამბლეას, უშიშროების საბჭოს, ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს, საერთაშორისო სასამართლოს, სამეურვეო საბჭოსა და სამდივნოს აერთიანებს, რომლებიც 1945 წელს დაფუძნდა გაეროს წესდებით და ინდივიდუალური უფლებამოსილებით აღიჭურვა.
* გენერალური ასამბლეა - გაეროს მთავარი სათათბირო, დირექტიული და წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც წამყვან პოზიციას ფლობს საერთაშორისო პოლიტიკაში. ამასთანავე, ასამბლეა ორგანიზაციის ერთადერთი სტრუქტურაა, სადაც ყველა წევრი სახელმწიფოა წარმოდგენილი თანაბარი (მხოლოდ ერთი) ხმის უფლებით განურჩევლად სიდიდისა და ეკონომიკური გავლენისა.
გენერალური ასამბლეა წელიწადში ერთხელ იკრიბება და სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მართავს სხდომებს. მართალია, ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ აქვს იძულებითი ძალა, მაგრამ სწორედ ის განსაზღვრავს მსოფლიოს დღის წესრიგს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე.

თანასწორუფლებიანობის პრინციპით შექმნილი ასამბლეის საქმიანობა გლობალური საკითხების განხილვას და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, ორგანიზაციის ბიუჯეტის დამტკიცებას, ასამბლეის მდივნის და სხვა ხელმძღვანელი ორგანოების წევრების არჩევას ითვალისწინებს. სექტემბრის თვეში მოქმედმა მდივანმა ფილომენა იანგმა (კამერუნის პრემიერ-მინისტრი 2009-2019 წლებში) საკუთარი პოსტი დატოვა და უფლებამოსილება მემკვიდრეს, გერმანელ ანანელა ბერბოკს (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2021-2025 წლებში) გადასცა.
* უშიშროების საბჭო - მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც გაეროს წესდების შესაბამისად უზრუნველყოფს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას. საბჭოს მოწვევა ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ გაეროს წევრ ქვეყანას საფრთხე ემუქრება. ორგანო 15 წევრისგან შედგება, რომელთა შორის ხუთი მუდმივი (შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი) წევრია ვეტოს უფლებით, ათს კი, გენერალური ასამბლეა ირჩევს ორი წლით.
გაეროს წესდების თანახმად, მხოლოდ უშიშროების საბჭოს აქვს უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელთა შეასრულება ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანას ევალება. ამასთანავე, უფლებამოსილია დააწესოს სანქციები და აღკვეთოს ძალის გამოყენება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის ან დაცვის მიზნით.

* ეკონომიკური და სოციალური საბჭო, რომელიც გენერალური ასამბლეის მიერ სამი წლით არჩეულ 54 წევრს აერთიანებს, არა მხოლოდ მიმდინარე ეკონომიკურ-სოციალური პროცესების მონიტორინგს ახორციელებს, არამედ უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო შეთანხმებების განხორციელებაში.
* საერთაშორისო სასამართლო - გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო და ერთადერთი უწყებაა, რომელიც არა ნიუ-იორკში, არამედ ჰააგაში, მშვიდობის სასახლეში მდებარეობს. სასამართლო ერთი მხრივ, სახელმწიფოების მიერ დელეგირებულ სადავო იურიდიულ საკითხებს განიხილავს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მეორე მხრივ, საკონსულტაციო დასკვნებს გასცემს გაეროს უფლებამოსილი ორგანოებისა და სპეციალიზებული სააგენტოების მიერ მოთხოვნილი სამართლებრივ საკითხებზე.

* სამდივნო - ბიუროკრატიული ორგანოა და ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს გაეროს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობის პირის - გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით, რომელსაც უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით ნიშნავს გენერალური ასამბლეა ხუთი წლითა და გადარჩევის უფლებით. მოქმედი გენერალური მდივარი, პორტუგალიელი დიპლომატი ანტონიო გუტიერეში მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 1-ელ იანვარს შეუდგა, 2021 წლის 18 ივნისს კი, მეორე ვადით იქნა დანიშნული უმაღლეს პოსტზე.
* სამეურვეო საბჭოს ამოცანა დაქვემდებარებული ტერიტორიების (კოლონიების) მმართველობის გაკონტროლებაა, თუმცა, 1994 წელს, როცა ყველა დაქვემდებარებულმა ტერიტორიამ თვითმმართველობის უფლება, დამოუკიდებლობა მიიღო ან მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან გაერთიანდა, საბჭომ მუშაობა შეაჩერა. გაუქმდა ყოველწლიური სხდომების გამართვის აუცილებლობაც.

გაეროს კონვენცია
გაეროს კონვენცია - ხელშეკრულებების ერთობლიობაა, რომლებიც საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს განსაზღვრავენ. მაგალითად, ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალთა ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კონვენციები უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავენ ვალდებულებებს გაეროს წევრი ქვეყნებისთვის და ერთგვარ საფუძველს წარმოადგენენ ეროვნული პოლიტიკის ფორმირებისას, რათა დაცული იქნას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები.

1946-2015 წლებში გაერომ 97 კონვენცია მიიღო, რომელთაც მთელი რიგი ვალდებულებები განსაზღვრეს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ვაჭრობისა და კომერციის, შეიარაღებისა და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების, ლტოლვილების, მიგრანტების და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ასევე სამხედრო დანაშაულისა და ტერორიზმის აღსაკვეთად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად.
გაეროს ბიუჯეტი და ოფიციალური ენები
ორგანიზაცია წევრი სახელმწიფოების ყოველწლიური შენატანის ხარჯზე ფუნქციონირებს, რომელიც ქვეყნების გადახდისუნარიანობით, საერთო შემოსავლითა და მოსახლეობის რაოდენობით განისაზღვრება. გაეროს რეგულარული ბიუჯეტი 3,27 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომლის 25%-ს შეერთებული შტატები ავსებს, "მსხვილ გადამხდელებს" შორის კი, იაპონია (10,8%), გერმანია (8,3%), საფრანგეთი (6,4%) და დიდი ბრიტანეთი (4,9%) არიან.
საქმიანობას გაერო ექვს ოფიციალურ ენაზე - ინგლისურად, არაბულად და ესპანურად, ჩინურად, ფრანგულად და რუსულად ახორციელებს. ექვს ენაზე ითარგმნა ორგანიზაციის წესდება და ქვეყნდება ყველა ოფიციალური დოკუმენტი.

მონათესავე ორგანიზაციები
დასახული მიზნების განხორციელებაში გაეროს 30-ზე მეტი მონათესავე საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარება - მსოფლიო სასურსათო საბჭოს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, UNESCO-ს (განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის) და UNICEF-ის (ბავშვთა ფონდის) ჩათვლით.

გაეროს შტაბ-ბინა ნიუ-იორკში
გაეროს შტაბ-ბინა (ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალური უწყებების ოფიციალური ოფისი) ნიუ-იორკში, მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს 18 აკრის მიწის ნაკვეთზე. მართალია, კომპლექსი, რომელიც 39-სართულიან ადმინისტრაციულ შენობას, გენერალური ასამბლეის დარბაზს, დაგ ჰამარშელდის სახელობის ბიბლიოთეკას და სტუმრებისთვის მოწყობილ ცენტრს აერთიანებს, საერთაშორისო ტერიტორიაა და ყველა წევრი ქვეყნის საკუთრებად ითვლება, მაგრამ მაინც შეერთებული შტატების კანონების სრული დაცვით მოქმედებს.

ნიუ-იორკის შტაბ-ბინის პარალელურად, გაერო სამ ოფისს ფლობს ჟენევაში, ვენასა და კენიის დედაქალაქ ნაირობიში. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც ნიუ-იორკში იღებს, რადგან სწორედ აქ იმართება გენერალური ასამბლეისა და უშიშროების საბჭოს სხდომები. აღსანიშნავია, რომ გაეროს სტრუქტურულ ორგანოებში, სააგენტოებსა და ცენტრებში 170 ქვეყნის 61 ათასი თანამშრომელი მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მომავალი შტაბ-ბინის არქიტექტურული გეგმა 1947 წელს დამტკიცდა, 9 თვის შემდეგ კი, უპრეცედენტო კრედიტის - სამშენებლო სამუშაოებისთვის 65 მილიონი დოლარის გაცემის შეთანხმება გაფორმდა ამერიკის მთავრობასთან. ოფიციალურად კომპლექსის მშენებლობა 1949 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო და 1951 წლის 10 იანვარს დასრულდა.

კომპლექსის შექმნაზე არქიტექტორთა, დიზაინერთა და ინჟინერთა საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა ნოვატორი ბრაზილიელი არქიტექტორის ოსკარ ნიმეიერისა და არქიტექტურული მოდერნიზმის პიონერის ლე კორბუზიეს ჩათვლით. არქიტექტორთა მიერ შექმნილი 50 პროექტიდან საბოლოოდ სწორედ კორბუზიეს კონცეპტუალურმა იდეამ გაიმარჯვა, რომლის წყალობით კომპლექსმა აბსოლუტურად განსხვავებული არქიტექტურული სტილის ნაგებობები გააერთიანა და თანამედროვე არქიტექტურის ერთგვარ ეტალონად იქცა.

გაეროს წევრები
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 193 წევრ ქვეყანას აერთიანებს. საქართველო საერთაშორისო გაერთიანებას 1992 წლის 31 ივლისს შეუერთდა, მისი ბოლო წევრი სამხრეთ სუდანი გახდა 2011 წელს, ვატიკანი და პალესტინა კი, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ, თუმცა აქტიურად მონაწილეობენ ორგანიზაციის საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ 80-წლიანი ისტორიის მანძილზე გაერთიანება მხოლოდ ერთმა ქვეყანამ - ინდონეზიამ დატოვა 1965 წელს მალაიზიასთან კონფლიქტის გამო, თუმცა ერთი წლის შემდეგ წევრობა აღიდგინა.

მართალია, გაეროს კარი "ღიაა ყველა მშვიდობიანი სახელმწიფოსთვის, რომელიც წესდებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს და ორგანიზაციის რწმენით, ამ ვალდებულებების შესრულების სურვილი და უნარი ექნება", მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც გენერალური ასამბლეა იღებს უსაფრთხოების საბჭოს რეკომენდაციითა და წევრთა უმრავლესობის თანხმობით.
ოფიციალური პროცედურით, ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ გენერალურ მდივანს უნდა მიმართოს განაცხადით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ კანდიდატი ქვეყნის სასარგებლოდ უშიშროების საბჭოს ცხრა ან მეტი წევრი მისცემს ხმას ხუთი მუდმივი წევრის (შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის და რუსეთის) ჩათვლით.
გაეროს 80 წლის იუბილე
წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც 9 სექტემბერს შეუდგა მუშაობას, 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. მართალია, ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ომისა და ნგრევის საპირწონედ შექმნილმა ორგანიზაციამ სამშვიდობო მისიების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში განხორციელებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და პროგრამების წყალობით მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მილიონობით ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, დღეს ისიც სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და შესაძლოა, სწორედ ამიტომ გაიხსნა საიუბილეო სესია დევიზით: "ერთად უკეთესია".

საზეიმო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც დელეგაციასთან ერთად. ასამბლეის წინაშე ყაველაშვილი 25 სექტემბერს წარსდგა სიტყვით, მოგვიანებით კი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევით დაესწრო ოფიციალურ მიღებას, რომელიც პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გაიმართა გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციების მეთაურთა პატივსაცემად.


