12 დეკემბერი 2017 - 20:37

ტრამპს უნდა, რომ ამერიკელები მთვარეზე გაფრინდნენ. გაფრინდებიან?

აპოლო - 17

აპოლო - 17

ფოტო: NASA

11 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც NASA-ს მთვარეზე საპილოტე გაფრენისთვის მომზადება დაევალა. დედამიწის ამ თანამგზავრზე ამერიკელმა ასტრონავტებმა ბოლოს 45 წლის წინ იმოგზაურეს. აშშ უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ცდილობს მთვარის პროგრამის განახლებას, მაგრამ უშედეგოდ.

ამერიკელების პირველი გაფრენა მთვარეზე დღევანდელი ფასებით 146 მილიარდი დოლარი დაჯდა

1972 წლის 7 დეკემბერს იუჯინ სერნანი, რონალდ ევანსი და ჰარისონ შმიტი ბოლოჯერ გაფრინდნენ მთვარეზე. "აპოლო -17"-ის მისია რეკორდული იყო როგორც მთვარეზე ყოფნის ხანგრძლივობით (სამი დღე და ღამე), ისე დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშების თვალსაზრისით. მას შემდეგ "აპოლო" დაიხურა და ძვირადღირებული საპილოტე ფრენები მთვარეზე მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს აღარ განუახლებია. შეერთებულმა შტატებმა მთვარის ექსპედიციაზე 25 მილიარდი დოლარი (დღევანდელი ფასებით 146 მილიარდი დოლარი) დახარჯა, ცალკეულ წლებში კი პროგრამაზე NASA-ს მთლიანი კოსმოსური ბიუჯეტის 70% იხარჯებოდა და სააგენტო სხვას, ფაქტობრივად, ვერაფერს აკეთებდა. 

მომდევნო 45 წლის განმავლობაში აშშ და არამხოლოდ ის (აეროკოსმოსური კვლევების იაპონური სააგენტო JAXA მთვარეზე საპილოტე გაფრენას 2030 წელს გეგმავს; 2030-2050 წლებში მთვარის ბაზის შექმნას გეგმავს რუსეთი), იწყებდა ლაპარაკს მთვარეზე ადამიანის გაგზავნის შესახებ, მაგრამ ყოველთვის სხვადასხვა პრობლემას აწყდებოდა, პირველ რიგში კი - ფინანსურ სირთულეებს. ბოლო მცდელობა 2004 წელს უმცროსს ჯორჯ ბუშს ჰქონდა, რომელმაც პირობა დადო, რომ არაუგვიანეს 2020 წლისა ამერიკელები მთვარეზე დაბრუნდებოდნენ. ბუშის კოსმოსის ათვისების პროგრამას "თანავარსკვლავედი" ერქვა და მთვარეზე გაფრენასაც მოიცავდა. მასზე დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

2008 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მთვარის ათვისების პროგრამას ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ მისი გაპრეზიდენტება ათწლეულების ყველაზე მასშტაბურ ფინანსურ კრიზისს დაემთხვა, ამიტომ არჩევის შემდეგ მან "თანავარსკვლავედი" გააუქმა. პროგრამა უფრო ფართო მიმართულების ახალი სისტემით Space Launch System-ით შეცვალეს, რაც ილონ მასკის კოსმოსის ათვისების გეგმებს უფრო ჰგავს და კოსმოსური აპარატების ხელახლა გამოყენებას და მარსზე გაფრენას გულისხმობს. პროექტი მხოლოდ დამუშავების სტადიაშია, მზად არ არის მთავარი რაკეტაც, რომლის მონაცემებიც კომპანია SpaceX-ის Falcon Heavy-ს მსგავსია.

NASA-ს მთვარეზე არა, მაგრამ მთვარისკენ გაფრენის გეგმა აქვს

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ დირექტივაში ნათქვამია, რომ მთვარის ათვისების განახლება აუცილებელია. ტრამპის გეგმის თანახმად, მთვარეზე უნდა შეიქმნას მუდმივი ბაზა, საიდანაც, სავარაუდოდ, კაცობრიობა მარსისკენ, ხოლო შემდეგ კი სხვა პლანეტებისკენ გაემგზავრება. დირექტივა, ერთგვარი განზრახვათა დეკლარაციაა, რომელიც NASA-ში მოიწონეს და აღნიშნეს, რომ მთვარეზე ადამიანის გაგზავნა მათი პრიორიტეტი გახდება. მაგრამ დოკუმენტი სააგენტოს მხოლოდ ამ საქმეზე კონცენტრირებას არ ავალდებულებს. იმისთვის, რომ მთვარეზე ფრენების გეგმა შეიქმნას, ჯერ ფინანსური სახსრებია მოსაძიებელი, გეგმის განხორციელება კი შემდეგი ეტაპია.

ახალი ხარჯები NASA-ს 2019 წლის ბიუჯეტში უნდა გაიწეროს, რისთვისაც კონგრესის მხარდაჭერაა საჭირო, რომელშიც, მართალია, ტრამპის თანაპარტიელები უმრავლესობას ქმნიან, მაგრმ მის ინიციატივებს ყოველთვის მხარს არ უჭერენ. 

ამ ეტაპზე პროგრამით Space Launch System გათვალისწინებულია 2021 წელს მთვარის ორბიტაზე კოსმოსური ხომალდის "ორიონის" გაშვება მძიმე რაკეტის დახმარებით, რომელიც ჯერ არ შექმნილა. "ორიონში" 4 ადამიანი განთავსდება და ისინი შეძლებენ მთვარის მიმართულებით გაფრენას. "ორიონი" ისევე, როგორც Space Launch System-ის ბევრი სხვა კომპონენტი, სრულყოფილად ჯერ არ გამოუცდიათ. ის მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს ეკიპაჟის გარეშე გამოსცადეს. აპარატზე ბუშის პროგრამის ფარგლებში მუშაობდნენ.

კოსმოსური სივრცის ათვისების კონცეფცია გულისხმობს ასევე მთვარის ორბიტული სადგურის მშენებლობას, რომელიც სხვა პლანეტებისკენ გზაზე გადასატვირთავი პუნქტი იქნება. თუმცა ეს ცალკეული გეგმებია, რომელთა განხორციელებაც ჯერ არ დაწყებულა.

NASA-ს ბიუჯეტი დღეს 19 მილიარდი დოლარია

"აპოლოს" დროს, NASA-ს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის 5%-ს შეადგენდა, ახლა კი დაახლოებით 1%-მდეა. 2005 წელს NASA მთვარის ათვისების პროგრამისთვის ხარჯების მოცულობას 100 მილიარდ დოლარად აფასებდა, ამასთან ლაპარაკი იყო არა მუდმივ ბაზაზე, არამედ "აპოლოს" პროგრამის მსგავს 7-დღიან ფრენებზე. დღეს ამერიკული კოსმოსური სააგენტოს წლიური ბიუჯეტი 19 მილიარდზე ოდნავ მეტია, ანუ 5-ჯერ ნაკლები. ამიტომ მთვარეზე გაფრენისთვის ხარჯის გაღების აუცილებლობაში ტრამპმა ჯერ კონგრესი უნდა დაარწმუნოს. 

1960-იან წლებში ასეთი ხარჯები გამართლებული იყო საბჭოთა კავშირთან შეჯიბრით, გამალებული შეიარაღებით და კოსმოსში საკუთარი ინტერესების დაცვით. დღეს აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობა კარგი არ არის, მაგრამ არც 1960-იანი წლების "ცივი ომია". ამასთან, NASA-ს დღეს არ აქვს არათუ საპილოტე კოსმოსური აპარატები, არამედ საკუთარი რაკეტებიც - სააგენტო კერძო კომპანიების, მათ შორის SpaceX-ის და United Launch Alliance-ის მომსახურებით სარგებლობს, ხოლო ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მხოლოდ რუსული აპარატებით დაფრინავენ. ტრამპის გეგმები შეიძლება კერძო კოსმონავტიკის განვითარებამ გააიოლოს. მაგალითად SpaceX თავად აპირებს კოსმოსური აპარატის და რაკეტის შექმნას მთვარეზე მოგზაურობისთვის და NASA შეძლებს მათი სიმძლავრეების გამოყენებას, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი გეგმების შესახებ არაფერი თქმულა.

მთვარეზე გაფრენა აუცილებელია?

მთვარის კვლევა და შესწავლა მეცნიერების დიდი ინტერესის საგანია და კოსმოსის ათვისების სფეროში ახალ პერსპექტივებს აჩენს. მთვარეზე თავისუფლად შეიძლება მუდმივი ბაზის მოწყობა: იქ წყალია (კრატერებში ყინულის სახით) და სასარგებლო წიაღისეული, მაგალითად რკინა და ტიტანი. მაგრამ 2-3 დღიანი ფრენების გამეორებას მთვარეზე არანაირი განსაკუთრებული აზრი არ აქვს - ეს ძალიან ძვირი და არაეფექტიანია. მთვარის ბაზის მშენებლობა კიდევ უფრო ძვირი დაჯდება: კოსმოსური ინდუსტრიისგან ის მოითხოვს ახალ, უფრო მძლავრ რაკეტებს და უზარმაზარ ხარჯებს, რომლის შესაძლებლობაც დღეს აშშ-ის ბიუჯეტს, სავარაუდოდ, არ აქვს.

სხვა თემები