09 იანვარი 2018 - 23:03

მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ალცჰაიმერის წინააღმდეგ წამლების შექმნაზე უარი თქვეს. რა მოხდა?

ფოტო: shutterstock.com

ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა ცენტრალური ნერვული სისტემის და მათ შორის ალცჰაიმერის დაავადებისათვის წამლების შექმნის პროგრამები შეწყვიტა. კომპანიაში ამბობენ, რომ იმ მიმართულებებზე იმუშავებენ, სადაც მათი ექსპერტიზის მონაცემები უკეთესია. ამგვარად Pfizer-მა იმ სხვა მსხვილი კომპანიების მაგალითს მიბაძა, რომლებმაც კლინიკური კვლევებით თავისი პრეპარატების ეფექტიანობის დამტკიცება ვერ შეძლეს და ამ დაავადების წინააღმდეგ წამლების ძიების პროექტები შეწყვიტეს. ალცჰაიმერის დაავადება იწვევს დემენციას - ადამიანი ნელ-ნელა კარგავს მეხსიერებას, კონცენტრაციის და სივრცეში ორიენტირების, ასევე ნორმალური მეტყველების უნარს და მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.

ალცჰაიმერი - გავრცელებული დაავადებაა?

ძალიან. მათ შორის საქართველოშიც. დღეს ეს დაავადება მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აქვს. მაგალითად, აშშ-ში ალცჰაიმერის დაავადება - მოხუცების გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

უმრავლეს შემთხვევაში ალცჰაიმერის დაავადება 60 წლის შემდეგ ვითარდება. ამასთან ის არ იკურნება, ადამიანის მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება და საბოლოოდ ის მთლიანად გარშემომყოფებზე ხდება დამოკიდებული.

რატომ ვერ პოულობენ მის წინააღმდეგ ეფექტიან საშუალებებს?

სავარაუდოდ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ დღემდე დაზუსტებით არავინ იცის ალცჰაიმერის დაავადება რის გამო ვითარდება. მთავარი თეორიის თანახმად, დაუდგენელი მიზეზის გამო, ტვინში გარკვეული ცილები (უფრო ზუსტად კი ბეტა ამილოიდები და ტაუ ცილები) გროვდება, რაც ნერვულ უჯრედებს ანადგურებს. შესაბამისად, ამ ცილებისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაავადება გაქრება. ამიტომ პრეპარატების ძირითადი ნაწილი, რომელსაც ახლა იკვლევენ, ამ ცილების განადგურებისკენაა მიმართული. კვლევები ამ წამლების ეფექტიანობას არ ადასტურებს, რაც ეჭქვეშ აყენებს თავად თეორიასაც. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ასეთი ცილების დაგროვება ხშირია ისეთ ადამიანებშიც, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადება არ აქვთ.

კიდევ რა თეორიები არსებობს?

რამდენიმე თეორია არსებობს, თუმცა მათ ნაკლებად სწავლობენ. ახლა მეცნიერებმა იციან იმ პროცესების შესახებ, რაც ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანის ორგანიზმშია, მაგრამ ბოლომდე მაინც გაურკვეველია, რა არის მიზეზი და რა - შედეგი. თეორიების მრავალფეროვნებაც ამით აიხსნება: ერთ შემთხვევაში ბეტა-ამილოიდური ცილები მიჩნეულია მკვლელად, მეორეში - არა. მაგალითად, ბოლო დროის ერთ-ერთი პოპულარული ვერსიაა, რომ ბეტა-ამილოიდური ცილები, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში გროვდება, სინამდვილეში ტვინს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან იცავს, მაგრამ ორგანიზმის შემდგომი რეაქცია ანთებაზე დემენციას ავითარებს.

სხვა თეორიებით რატომ არ ინტერესდებიან?

ამაზე გარკვეული პასუხი არ არსებობს. დღეს არსებული წამყვანი თეორია საბოლოოდ 1992 წელს ჩამოყალიბდა. ის ძალიან საინტერესო ჩანდა და მთელი ძალები მისი შესწავლისკენ მიმართეს. ახლა, როგორც ჩანს, მეცნიერებს უჭირთ იმის აღიარება, რომ ამდენი დროის და ფულის ხარჯვა ფუჭი იყო, თუმცა მედიცინაში ეს მუდმივად ხდება. 

ახლა რა იქნება?

მსხვილ ფარმაცეპტულ კომპანიებს იმედი აქვთ, რომ ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ წამლების შექმნით მცირე სტარტაპები დაინტერესდებიან, დიდი კომპანიები კი მათგან ყველაზე პერსპექტიულს დააფინანსებენ. ახლა, კლინიკური შესწავლის ამა თუ იმ ეტაპზე 85 პრეპარატია. მაგრამ არანაირი გარანტია იმისა, რომ მათგან რომელიმე ეფექტიანი იქნება, არ არსებობს: 1998 წლიდან 2014 წლამდე ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანებისათვის 123 პრეპარატი შეისწავლეს და აქედან, სურსათის და მედიკამენტების კონტროლის ამერიკულმა სააგენტომ, მხოლოდ 4 მოიწონა.

ესე იგი წამლები მაინც არსებობს?

დიახ. მაგრამ ისინი საჭიროა სიმპტომების შესაკავებლად, მაგალითად, მეხსიერების და სხვა კოგნიტური უნარების გაუარესების წინააღმდეგ. ესენია დონეპიზილი, გალანტამინი, მემანტინი და რივასტიგმინი. ზედმეტი აღგზნებადობის, პარანოიის, ჰალუცინაციებისა და სხვა სიმპტომების დროს ექიმი ასევე დანიშნავს წამლებს, მაგრამ მათ მხოლოდ ალცჰაიმერის დაავადების დროს არ იყენებენ.

წყარო: Meduza

სხვა თემები