როგორ გაჩნდა Fake News-ი. ყალბი ახალი ამბების ისტორია

ფოტო: shutterstock.com
ყალბი ახალი ამბების (Fake News) თემა 2016 წელს გაჩნდა და მას შემდეგ მყარად დამკვიდრდა პოლიტიკურ დისკურსში, ყოველდღიურ ჟურნალისტურ ცხოვრებაში და აკადემიურ ლექსიკონებშიც კი. სინამდვილეში კი, ყველაფერი მაკედონიელი მოზარდებით დაიწყო, რომლებმაც ინტერნეტში ფულის შოვნა გადაწყვიტეს.
სასაცილო და აბსურდული ახალი ამბები
2016 წლის ზაფხულში, საინფორმაციო ვებგვერდის Buzzfeed-ის რედაქტორმა კრეიგ სილვერმანმა შეამჩნია სასაცილო და აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ისტორიების დიდი საინფორმაციო ნაკადი, რომელიც მაკედონიის ქალაქ ვალესიდან მოედინებოდა. ჟურნალისტმა კოლეგებთან ერთად ამბის გარკვევა დაიწყო და აღმოაჩინა 140-ზე მეტი ყალბი ვებგვერდი, რომლებსაც Facebook-ზე გამომწერების დიდი არმია ჰყავდა.
ათობით ახალგაზრდა მაკედონიელი ქმნიდა აბსოლუტურად არარეალური და სენსაციური სათაურების მქონე ახალი ამბებს, ავრცელებდა მათ და ამით ფულს შოულობდა. ისინი რეალურ ამბებად ასაღებდნენ ისეთ ცნობებს, როგორიცაა მაგალითად “პაპმა ფრანცისკემ ტრამპის მხარდაჭერით მსოფლიო შოკში ჩააგდო”, ასევე “დაზვერვის აგენტმა, რომელიც ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის გამოქვეყნებაში იყო ეჭვმიტანილი, თავი მოიკლა”.
სქემა მარტივი იყო: ახალგაზრდები ფეისბუკზე პოსტავდნენ სენსაციებს და თავიანთ ვებგვერდებზე უამრავი მომხმარებლის გადასვლით შემოსავალს შოულობდნენ. როგორც გაირკვა, ყველაზე დიდი ტრაფიკი იმ ისტორიებს ჰქონდა, რომლებშიც დონალდ ტრამპი გმირად იყო წარმოჩენილი. ყველა ეს “ახალი ამბავი”, რა თქმა უნდა, ყალბი იყო.
კარგი ნიადაგი
მაკედონიურ კვალში სიახლე იყო ის, თუ როგორ სწრაფად მოიცვა ინტერნეტი ყალბმა ისტორიებმა. "ფეიკების" გავრცელებისთვის იდეალური აღმოჩნდა ისეთი ფაქტორების ერთობლიობა, როგორებიცაა სოცქსელების ალგორითმების და რეკლამის მუშაობის თავისებურებები და აშშ-ის არჩევნების წინ შექმნილი ძალიან დაძაბული ატმოსფერო.
ამასთან, ყალბ ინფორმაციას სთავაზობდნენ დონალდ ტრამპის როგორც მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს და ქსელში სპეციალურ ჯგუფებს ქმნიდნენ. მაგრამ ამ ჯგუფების “კონტენტის” დიდი ნაწილი - პოლიტიკური პიარის ტრადიციული ხერხებით მუშაობის შედეგი გახლდათ. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოქვეყნებული ისტორია ყალბი არ იყო, როდესაც 2016 წლის ნოემბერში ექსპერტები ტრამპის გამარჯვების ახსნას ცდილობდნენ, ყველაზე ხშირად Fake News-ს ახსენებდნენ.
პოლიტიკური ინსტრუმენტი
ტერმინზე Fake News დღეს ცოტას თუ ახსენდება გამდიდრების სურვილით შეპყრობილი მაკედონიელი მოზარდები. პრეზიდენტმა ტრამპმა ახლახან Fake News-ის ნომინაციაც დააწესა და გამარჯვებულებად ის ჟურნალისტები გამოაცხადა, რომლებმაც, მისი აზრით, შეცდომები დაუშვეს და არასწორ პროგნოზებს აკეთებდნენ.
ამერიკის ლიდერმა პრემიის ღირსად ისეთი ავტორიტეტულ გამოცემები მიიჩნია, როგორებიცაა გაზეთები The New York Times-ი და The Washington Post-ი, ასევე ტელეკომპანია CNN-ი. ტრამპმა Twitter-ზეც დაწერა, რომ მისი ხელმძღვანელობით ამერიკა შეძლებს არაობიექტური პრესის წინააღმდეგობის დაძლევას და კვლავ დიდი ქვეყანა გახდება.
2016 წლის ბოლოს სოცქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს ჰილარი კლინტონს და მისი შტაბის უფროსს ჯონ პოდესტას კავშირი ჰქონდათ ორგანიზაციასთან, რომელიც ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციას ეწეოდა. თითქოს ამ სტრუქტურის წევრი იყო ასევე საოჯახო პიცერიის Comet Ping Pong-ის მეპატრონე ჯეიმს ალეფანტისი. ქსელში სკანდალს “პიცაგეიტი” უწოდეს (ალუზია უოთერგეიტის სკანდალზე).
ამბავს ისეთი რეზონანსი მოჰყვა, რომ ჩრდილოეთ კაროლინის მცხოვრები ედგარ უელში იარაღით ხელში შეიჭრა Comet Ping Pong-ის პიცერიაში ვაშინგტონში და როდესაც ის პოლიციამ დააკავა, უელშმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ სკანდალურ ისტორიაზე სიმართლის გარკვევა სურდა. მოგვიანებით მას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მაშინ ჰილარი კლინტონმა ამერიკელებს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ რომ სოციალური ქსელები მოიცვა “მავნე ყალბმა ახალმა ამებებმა [Fake News] და სიცრუის პროპაგანდამ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული სენატორი საზოგადოებას მათთან ბრძოლას სთავაზობდა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინიციატივების დონეზე.
ერთ თვეში ტერმინი მიითვისა ტრამპმა და აქტიურად დაიწყო მისი გამოყენება. მან CNN-ის ჟურნალისტი ჯიმ აკოსტა დაადანაშაულა იმაში, რომ ის “ყალბ ახალ ამბებს” წარმოადგენდა.
პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ყალბი ახალი ამბები - ეს არის კუდიანებზე ტოტალური პოლიტიკური ნადირობა".
სტატისტიკა
2018 წლის პირველი თვის განმავლობაში სიტყვათა შეთანხმება Fake News ტვიტერის ქსელში 2 მილიონჯერ გაჩნდა, Google-ის საძიებო სისტემის შედეგებით - 5 მილიონზე მეტი იძებნება. გასულ კვირაში, აშშ-ის სენატში მოსმენებზე ფილიპინების პრეზიდენტს “ფეიკების ნომერი პირველი წყარო” უწოდეს.
ექსპერტების თქმით, ანკესზე ეგებიან არა მხოლოდ ქსელის რიგითი მომხმარებლები, არამედ ჟურნალისტებიც, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ამასთან, საინტერესოა, რომ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები.
ამ ფონის მიუხედავად, არსებობს მოსაზრება, რომ ტერმინმა თავი ამოწურა, რადგან ექსპერტები ყველაფერს “ყალბ ახალ ამბებად” მოიხსენიებენ და ამ ფრაზით ახსიათებენ ყველაფერს, რაც მკითხველს და მომხმარებელს არ მოსწონს: ბოტს, სარეკლამო პოსტს, ჭორს… ამ მოსაზრების თანახმად, პასუხისმგებლობა თავად ახალი ამებების ინდუსტრიასაც ეკისრება და პრობლემა ხდება ის, რომ ბევრი ადამიანი მრავალწლიანი ისტორიის მქონე გამოცემებს ზურგს აქცევს, რადგან ფიქრობს, რომ არავის ნდობა აღარ შეიძლება.
გამოსავალი
პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად ექსპერტებს მიაჩნიათ ადამიანებისთვის ისეთი რესურსის მიწოდება, რომლითაც ისინი თავად გადაამოწმებენ მიღებულ ცნობებს. ჯერჯერობით ფაქტებს ავტომატურად სწრაფად ვერ ამოწმებენ, რადგან ძიების ალგორითმებს ისეთივე ხარვეზები აქვთ, როგორც ადამიანებს, რომლებიც მათ ქმნიან. სპეციალისტების აზრით, საჭიროა იმის მოფიქრება, თუ როგორ შემატონ წყაროს ავტორიტეტულობა: აუცილებელია ხარისხიანი კონტენტის ეფექტიანი მონიშვნა და სტრუქტურირება.
კომპანიებმა Google-მა და Facebook-მა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გააფართოებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლის დეპარტამენტებს. მაგრამ ამ კომპანიების ბრძოლის მექანიზმები “ყალბ ახალ ამბებთან”, ისევე როგორ შესაბამისია კანონები, რომლებსაც ახლა სხვადასხვა ქვეყნებში ამუშავებენ, ექსპერტების შეშფოთებას იწვევს.
1 იანვრიდან გერმანიაში ამოქმედდა კანონი, რომელიც სოცქსელისგან მოითხოვს უმალ წაშალოს ყალბი ცნობები, ძალადობისკენ მოწოდებები და არალეგალური მასალები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 50 მილიონი ევროს (61 მილიონი დოლარი) ჯარიმით ემუქრება. Fake News-თან ბრძოლისთვის სპეციალური უწყების შექმნის შესახებ იანვრის ბოლოს ბრიტანეთის მთავრობამაც განაცხადა. 29 იანვარს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ ინტერვიუში თქვა, რომ ნოემბერში, აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნების წინ, რუსი ჰაკერებისგან “ყალბი ცნობების” ახალ ნაკადს ელოდება.
ამომრჩევლების ხმებზე გავლენა
ამ ეტაპზე მკვლევრებს არ აქვთ ერთიანი აზრი იმაზე, შეუძლია თუ არა ყალბ ცნობებს ამომრჩევლების ხმებზე ზეგავლენა. რამდენიმე ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერთა ერთობლივი კვლევის თანახმად, 2016 წლის შემოდგომაზე, წინასაარჩევნო პერიოდში, ზრდასრული ამერიკელების დაახლოებით 25% სტუმრობდა “ყალბი ახალი ამბების” ვებგვერდებს, ამასთან მნახველების 10% იმდენად ხშირად უბრუნდებოდა გვერდებს, რომ მათი წილი მთლიანი ნახვების 60%-ია. სპეციალისტების აზრით, ტენდენცია აჩვენებს, რომ Fake News-ი სოლიდური რეპუტაციის მედიას აუდიტორიას ართმევს, მაგრამ არჩევნების დროს ამომრჩევლებზე Fake News-ების რეალური გავლენის გამოსავლენად, ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი.