22 მარტი 2018 - 01:46

სარკოზის საქმე. რა ბრალდებებს უყენებენ ყოფილ პრეზიდენტს ფრანგი სამართალდამცველები?

ნიკოლა სარკოზი

ნიკოლა სარკოზი

ფოტო: shutterstock.com

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 2007-2012 წლებში მართავდა, 20 მარტს დილით, პარიზის შემოგარენში, ნანტერის პოლიციის განყოფილებაში დააკავეს. სარკოზი დაკითხვაზე მივიდა, რათა ჩვენება მიეცა თავისი 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მიერ. პოლიტიკოსი პირველად დათანხმდა ამ ბრალდებებზე პოლიციელებთან ლაპარაკს. მასთან ერთად დაკითხეს მისი მრჩეველი და საფრანგეთის მთავრობის ყოფილი წევრი ბრის ორტეფე. სამართალდაცავ ორგანოებს სარკოზისთვის ბრალის წაყენებისათვის 48 საათი ჰქონდათ. 21 მარტს ის პასიურ კორუფციასა და საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს და სახლში გაუშვეს. კადაფის შვილი მზადაა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

საიფ ალ-ისლამ კადაფი

გამოძიება ლიბიის მიერ სარკოზის საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსებაზე, იმ კამპანიისა, რომლის შედეგებითაც ის პრეზიდენტი გახდა, ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. საქმეში, რომელიც კორუფციას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ფულის გათეთრებას ეხებოდა, ეჭვმიტანილები ოფიციალურად არ არსებობდნენ.

2011 წელს კადაფის შვილმა საიფ ალ-ისლამმა Euronews-ის ეთერში სარკოზის იმ ფულის დაბრუნება მოსთხოვა, რომელსაც ლიბია მას წინასაარჩევნი კამპანიამდე და კამპანიის შემდეგ აძლევდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ლიბიური ბრალდებები უარყო და მას კადაფის ოჯახის შურისძიება უწოდა, რომელიც გაბრაზებული იყო, რომ საფრანგეთმა კადაფის რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

კლოდ გეანი

2012 წლის აპრილში, ფრანგულმა საგამოძიებო ვებგვერდმა Mediapart გამოაქვეყნა ლიბიური დაზვერვის ხელმძღვანელის ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლებშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ტრიპოლი თანახმაა სარკოზის კამპანიის მხარდაჭერაზე 50 მილიონი ევრო გამოიყოს. შეთანხმება თითქოს მიღწეულ იქნა ბრის ორტეფეს ლიბიელებთან შეხვედრაზე ჯერ კიდევ 2006 წელს. ფრანგული კანონების თანახმად, კანდიდატს არ აქვს უცხოური დაფინანსების გამოყენების, ასევე საარჩევნო კამპანიაზე 21 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვის უფლება.

სარკოზიმ Mediapart-ის მასალებს ყალბი უწოდა. თუმცა საფრანგეთის სასამართლომ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების ნაწილის ნამდვილობა აღიარა და პოლიციას გამოძიებაში მათი გამოყენების უფლება მისცა.

2016 წელს ლიბიური წარმოშობის ფრანგმა ბიზნესმენმა ზიად ტაკედინმა Mediapart-ს დაუდასტურა, რომ ორტეფეს ლიბიელ პოლიტიკოსებთან შეხვედრას ესწრებოდა, შემდეგ კი საკუთარი ხელით, ჩემოდნებით ჩაიტანა სარკოზისთვის 5 მილიონი ევრო ტრიპოლიდან პარიზში. ამ ოპერაციაში შუამავლი თითქოს შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრი კლოდ გეანი იყო. „ლიბიის საქმეზე“ განმარტებების გაკეთება გეანსაც მოუხდა, როდესაც მის ანგარიშებზე არადაკელარირებული 500 ათასი ევრო იპოვეს. პოლიცია ფულის წყაროდ ტრიპოლის მიიჩნევდა. თავად გეანი ამტკიცებდა, რომ თანხა ორი სურათის გაყიდვიდან მიიღო.

ალექსანდრ ჯური

2018 წელს, ფრანგული მხარის მოთხოვნით, ლონდონში ჯერ დააკავეს და შემდეგ ერთი მილიონი ფუნტი სტერლინგის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ბიზნესმენი ალექსანდრ ჯური. ის სარკოზის კამპანიაზე გამოყოფილი თანხების გათეთრების ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი. ჯური თითქოს იყო საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეში მდებარე აგარაკის მფლობელი, რომელიც ღირებულზე ბევრად მაღალ ფასად იყიდა ლიბიურმა საინვესტიციო ფონდმა Libyan African Portfolio-მ, რომელსაც კადაფის ყოფილი ფინანსისტი ბაშირ სალეჰი ხელმძღვანელოდა. ამ გარიგებიდან მოგება, 5 მილიონ ევროზე მეტი, ასევე სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიისკენ მიმართეს. გარდა ამისა, ჯური თითქოს დაეხმარა სალეჰს გაქცეულიყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ იმის სანაცვლოდ, რომ ის სარკოზის კამპანიაში ლიბიის მონაწილეობას არ დაადასტურებდა.

Bygmalion

ნიკოლა სარკოზი უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე კიდევ ერთ ეგრეთ წოდებულ „Bygmalion-ის საქმეზე“, რომელიც მისი 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებას ეხება. გამოძიების ვერსიით, სარკოზის პარტიამ „სახალხო მოძრაობის კავშირი“, რომელსაც დღეს „რესპუბლიკელები“ ჰქვია, PR-სააგენტო Bygmalion-ისგან 18 მილიონ ევროზე მეტი მიიღო, რომელიც მოგვიანებით დამალეს და არ ასახეს სარკოზის ხელახალი არჩევნების ხარჯებში. ამ წელს სარკოზი ფრანსუა ოლანდთან დამარცხდა. ყოფილი პრეზიდენტი ამ ბრალდებებს უარყოფს.

სხვა თემები