24 ივნისი 2018 - 14:23

მეორე ტური გარდაუვალია? ვის რა შანსი აქვს თურქეთის ვადამდელ არჩევნებში

ანკარა, თურქეთი

ანკარა, თურქეთი

ფოტო: მართა არდაშელია

დღეს თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია. ეს პირველი არჩევნებია არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების და რეფერენდუმის შემდეგ, რომლის შედეგადაც პრეზიდენტის უფლებამოსილება რადიკალურად გაფართოვდა. გადატრალების მცდელობა პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვისთვის ეფექტიანად გამოიყენა: სახელმწიფოსადმი არალოიალური მედიასაშუალებები ფაქტობრივად განადგურებულია, ასობით ჟურნალისტი და აქტიური მოღვაწე დააპატიმრებულია, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ციხეშია. მიუხედავად ამისა, პირველ ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვება გარდაუვალი არ არის, ხოლო პარლამენტში მანდატების უმრავლესობა შეიძლება ოპოზიციამ მოიპოვოს.

არჩევნები ვადაზე ადრე რატომ ტარდება?

თურქეთის ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული უცხოურ კაპიტალზე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ამის გამო, თურქული ლირა მოწყვლადია ყველა საგარეო ფინანსური რყევისათვის. ბოლო წლებში ყველა განვითარებად ეკონომიკას და არა მხოლოდ თურქეთს მსგავსი პრობლემები აქვს. იგივე ხდება, მაგალითად, ბრაზიალიასა და არგენტინაში. ამ ფონზე ერდოღანის მთავრობას არ სურს არაპოპულარული ზომების მიღება: ბიუჯეტის ხარჯების შემცირება და ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება. პირიქით, ის ერეოდა ფინანსურ პოლიტიკაში, გავლენას ახდენდა ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებზე, რომ რეფინანსირების განაკვეთი უფრო დაბალ ნიშნულზე შეენარჩუნებინა. პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა როგორც პოლიტიკური, ასევე იდეოლოგიური მოსზრებებით: მიუხედავად ინფლაციისა მას არ სურდა ეკონომიკური ზრდის შენელება, ხოლო როგორც ისლამისტი ვერ იტანს ვერაფერს რაც პროცენტებთანაა დაკავშირებული (მუსლიმურ ქვეყნებში ფინანსურ საქმიანობას შარიათის პრინციპების თანახმად აწარმოებენ. კერძოდ, ისლამური კანონები სესხის პროცენტით გაცემას კრძალავს). საბოლოო ჯამში, ერდოღანის ჩარევის შედეგად, მაისში თურქული ეკონომიკა სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდა.

არადა ერდოღანის პოპულარობის გარანტი ყოველთვის იყო ეკონომიური კეთილდღეობა. თურქეთის პრეზიდენტმა და მისმა „სამართლიანობის და განვითარების“ პარტიამ გადაწყვიტეს, რომ ამ მხრივ ვითარება შეიძლება გაუარესდეს და არჩევნები, რომელიც 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო 2018 წლის ივნისში გადმოიტანეს და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად დანიშნეს.

თურქეთში პრესა თავისუფალი აღარ არის?

24 ივნისის არჩევნები კონკრენტული არ არის. ერდოღანი თურქულ მედიას აკონტროლებს, ამასთან კენჭისყრა ფაქტობრივად საომარი ვითარების პირობებში მიმდინარეობს: დღემდე მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რომელიც გადატრიალების მცდელობის შემდეგ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დაწესდა.

2016 წლიდან ბევრი ჟურნალისტი რედაქციებიდან გააგდეს ან დააპატიმრეს. ამასთან მოქმედებს სერიოზული ცენზურა, რომელშიც ერდოღანი პირადად მონაწილეობს. ის თავად რეკავს რედაქციებში და გასცემს განკარგულებებს. მთავარ მედიასაშუალებებს საკუთრებაში გადასცემენ მთავრობისადმი ლოიალურ ადამიანებს. ახლახან კომპანია Dogan Group-ი, რომელიც ტელეკომპანია CNN Turk-ის და ავტორიტეტული გაზეთის Huriyyet-ის მფლობელია, აიძულეს, რომ ის რაც ჰოლდინგისგან დარჩა, ერდოღანის მხარდამჭერისთვის მიეყიდა. ფაქტობრივად, ყველა მსხვილ ტელეკომპანიას მთავრობა აკონტროლებს.

ერდოღანის პოლიტიკური კონკურენტები ვინ არიან?

თურქეთის პრეზიდენტის მთავარი ოპონენტი, ხალხთა დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე სელაჰატინ დემირტაში, ციხეშია. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან მესამე ადგილი დაიკავა. მას თურქი ობამაც შეარქვეს. 2016 წლის ნოემბერში ის ქურთების მუშათა პარტიასთან კავშირის გამო დააპატიმრეს. ეს ორგანიზაცია თურქეთში ქურთების პოლიტიკური უფლებებისათვის და თურქეთის შემადგენლობაში ქურთული ავტონომიის შექმნისათვის იბრძვის. მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ. დემირტაში ახლა სასამართლოს მოლოდინშია და წინასაარჩევნო კამპანიას ციხიდან ხელმძღვანელობს. მას ოფიციალურ არხებთან წვდომა არ აქვს, თუმცა ინტერნეტის საშუალებით ქურთულ რაიონებში მასშტაბური მიტინგის ორგანიზება შეძლო. აქციაზე სიტყვით მისი მეუღლე გამოვიდა.

არჩევნებში მთავარი ოპოზიციური კანდიდატი, რესპუბლიკური სახალხო პარტიის წარმომადგენელი მუხარემ ინჯეა. მედიაზე წვდომა მასაც არ აქვს. ისიც მრავალრიცხოვან აქციებს აწყობს, მაგრამ ოფიციალური მედია მას არ აშუქებს ან ცდილობს არ გააშუქოს, რაც ბოლო დროს გართულდა, რადგან ინჯეს აქციები სულ უფრო მრავალრიცხოვანი ხდება.

ოპოზიციის დევნის ფონზე მეორე ტური რეალურია?

ერდოღანს არჩევნებში სამი სერიოზული კანდიდატი უპირისპირდება. საქმე ის არის, რომ ოპოზიცია თითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენს - დაწყებულს ქურთული უმცირესობით, დასრულებულს ნაციონალისტებით და ისლამისტებით. შესაბამისად, მათ ერდოღანის პოლიტიკით უკმაყოფილოთა ხმების მაქსიმალურად მობილიზება შეუძლიათ. თუ ეს მოხერხდა, მოქმედი პრეზიდენტი პირველ ტურში ხმათა 50%-ს ვერ მოაგროვებს. მეორე ტური კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ერდოღანი მოწყვლადია, ხოლო არჩევნების შედეგები არაპროგნოზირებადი.

სავარაუდოდ, თუ მეორე ტური ჩატარდა, ერდოღანი გაიმარჯვებს, მაგრამ ძალიან მცირე უპირატესობით, რაც მისთვის ბევრად უფრო არაკომფორტულ გარემოს შექმნის, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ამასთან, გამარჯვების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური თავისთავად მიღწევაა, ერდოღანმა ქვეყანა ახალი კონსტიტუციის თანახმად უნდა მართოს. ეს კი გაფართოებულ უფლებამოსილებებს გულისხმობს: პრეზიდენტი იქნება თურქეთის არა ნომინალური, არამედ უშუალო მმართველი.       

მოულოდნელობის კიდევ ერთი ელემენტია ოპოზიციის მიერ პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მოპოვება. ახალი კონსტიტუციით, თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა ხდება და პარლამენტის მნიშვნელობა მცირდება, მაგრამ ეს ვითარება წარმოშობს ერთგვარ დაძაბულობას, ძალაუფრობეისთვის ბრძოლას, რამაც პრეზიდენტს შეიძლება პარლამენტის დაშლისკენ და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ უბიძგოს. შესაბამისად, უახლოესი 6 თვის განმავლობაში თურქეთს პოლიტიკური არასტაბილურობა ემუქრება.

არჩევნებში სირიის კამპანია რა როლს თამაშობს?

2018 წლის დასაწყისიდან თურქეთის მიერ სირიაში ჩატარებული ბოლო ორი ოპერაცია გამორჩეულად წარმატებულად მიიჩნევა, რაც ერდოღანის რეიტინგზე პოზიტიურად აისახება. ის ცდილობს სამხედრო წარმატებები სირიის ჩრდილოეთში, სადაც ქურთების მუშათა პარტია მოქმედებს, პოლიტიკურ ოპონენტებთან თავის უპირატესობად აციოს. რუსეთი ამაში ხელს უწყობს, რადგან მის გარეშე თურქეთის სამხედრო წარმატებები შეუძლებელი იქნებოდა. 2016 წელს რუსეთმა ფაქტობრივად მოიწონა თურქეთის მონაწილეობა სირიის სამოქალაქო ომში, ხოლო ამ წლის იანვარში აფრინში თურქებს დაეხმარა, როდესაც ტერიტორიიდან სამხედრო პოლიციის დანაყოფები გაიყვანა, რომლებიც იქ ქურთული შენაერთების შემადგენლობაში იყვნენ. რუსეთის თანხმობის გარეშე თურქეთი ვერ შეძლებდა ამ ტერიტორიების დაკავებას. სწორედ სირიის მოვლენები აისახა ყველაზე მეტად თურქეთის მთვრობის მისწრაფებაზე რაც შეიძლება მალე აღედგინა მოსკოვთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც 2015 წელს ანკარამ რუსული ბომბდამშენი გაანადგურა.

აშშ ამ არჩევნებში ფაქტორია?

ფეთჰულა გიულენთან და ქურთებთან კავშირის ბრალდებით დღეს თურქეთში ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრება შეიძლება. მაგრამ ერდოღანის აზრით, ორივეს ქმედებების უკან ამერიკელები დგანან: აშშ-ს არაერთხელ განუცხადებია ქურთების მხარდაჭერის შესახებ, ხოლო გიულენს თავის ტერიტორიაზე იფარავს და არ გადასცემს თურქებს 1999 წლიდან. თურქეთისთვის ანტიამერიკანიზმი დამახასიათებელია და არამხოლოდ ხელისფლების, არამედ ერდოღანის ოპონენტებისთვისაც. აფრინში სამხედრო წარმატებებს თურქული მედია წარმოაჩენს როგორც ლამის ამერიკულ ჯარზე გამარჯვებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამერიკელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამ კონფლიქტში არ ჩაებმებიან.

მთავრობის დონეზე და ოფიციალურად არა, მაგრამ ბევრი ავტორიტეტული ადამიანის პირით 2016 წლის გადატრიალების მცდელობის მთავარ სულისჩამდგმელადაც თურქეთში ამერიკას ასახელებენ. ერდოღანი ამას იყენებს, თუმცა სპეციალისტების აზრით, ამ მოდელმაც თავი ამოწურა. მუდმივად გარე მტერზე ნადირობა გარკვეულ დრომდე მუშაობს, მაგრამ ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების ფონზე ნაკლებად ეფექტიანია. თანაც იმ დროს, როდესაც ოპოზიციამ ძალა მოიკრიბა, ძლიერ კანდიდატებს ასახელებს და ერდოღანს მოსვენებას არ აძლევს.

ერდოღანს რა რაოდენობის ამომრჩეველი უჭერს მხარს?

არსებული მონაცემებით, ერდოღანს თურქეთის მოსახლეობის 45% უჭერს მხარს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ხმებს პარლამენტში უმრავლესობად გარდაქმნა სჭირდება. აქამდე ერდოღანი ამას შედარებით იოლად ახერხებდა, რადგან ოპოზიცია ძალიან დაქუცმაცებული იყო. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა: ოპოზიციონერები კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებამ კი ბევრი თურქის არჩევანი შეიძლება შეცვალოს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ერდოღანი ამ არჩევნების წინ თითქოს დასუსტდა, დაიღალა. ის აღარ გავს იმ ქარიზმატულ და ძლევამოსილ პოლიტიკოსს, როგორადაც აქამდე თავს წარმოაჩენდა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტს ავიწროებენ როგორც მარცხნიდან, ასევე მარჯვნიდან. თურქეთში ისლამისტური მოძრაობებია, რომლებიც ერდოღანს რელიგიის ინტერესების ღალატში სდებენ ბრალს. საინტერესოა, რომ ისლამისტები მზად არიან სეკულარულ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, რადგან საქმე არა რელიგიის და საერო საზოგადოების დაპირისპირებაში, არამედ ავტორიტარიზმთან და პირადად ერდოღანთან კონფლიქტშია. პრეზიდენტი ცდილობს ხმები არ დაკარგოს და თავს წარმოაჩენს ისლამის და რელიგიური ფასეულობების მთავარ დამცველად, სინამდვილეში კი მას ნებისმიერ გარემოებასთან მორგება შეუძლია.

არჩევნების შედეგები შეიძლება გაყალბდეს?

დღევანდელ არჩევნებში ნებისმიერი ხმა და საპარლამენტო მანდატი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს. ეკონომიკური ფონის გაუარესების გამო ოპოზიციას წარმატების მეტი შანსი აქვს, რაც კიდევ ერთ რისკს ქმნის, რომ ამ ფონმა ხმებისთვის მებრძოლ ერდოღანს არჩევნების გაყალბებისკენ არ უბიძგოს.

თურქეთში სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების მრავალწლიანი ტრადიციაა თუმცა ის ბოლომდე სამართლიან გარემოში არ ტარდება. ამომრჩევლების რეგისტრაცია, განსაკუთრებით ქურთულ რაიონებში, პრობლემად იქცა; მაგრამ იმიტომ, რომ ბევრისთვის საარჩევნო უბნები ხელმმისაწვდომი არ არის, რადგან ისინი სოფლებისგან და პატარა ქალაქებისგან შორს მდებარეობს და იქამდე მისვლა რთულია. სპეციალისტების თქმით, მნიშვნელოვანია ხმების დათვლის პროცესიც, თუმცა ფალსიფიკაცია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი.

სხვა თემები