25 ივნისი 2018 - 16:30

მიგრანტების გამო ევროპელი ლიდერები ვეღარ თანხმდებიან. რა საფრთხე ემუქრება ევროკავშირს?

სირიელი მიგრანტები საბერძნეთის სანაპიროზე

სირიელი მიგრანტები საბერძნეთის სანაპიროზე

ფოტო: shutterstock.com

იტალიის ახალი მთავრობა დუბლინის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს. ამ ხელშეკრულებით ევროპაში მიგრანტების მიღება რეგულირდება. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება ევროკავშირის შენგენის ზონას, რომელშიც გადაადგილება ვიზების გარეშე შეიძლება. დუბლინის ხელშეკრულების თანახმად, თავშესაფრის მიწოდებაზე განაცხადი უნდა განიხილოს ევროკავშირის იმ ქვეყანამ, რომელიც პირველია, სადაც მიგრანტი ან დევნილი შედის. 24 ივნისს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის (28-29 ივნისი) წინ, წევრი ქვეყნების ლიდერთა არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ისინი არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავდნენ, მაგრამ ვერაფერზე შეთანხმდნენ. მხოლოდ ბოლო მომენტში დათანხმდა შეხვედრაზე დასწრებას იტალიის პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების - ჩეხეთის, პოლონეთის და უნგრეთის - ხელმძღვანელებმა მიწვევა დემონსტრაციულად არ შეიმჩნიეს.  

იტალია ითხოვს მიგრანტებთან დაკავშირებული ვალდებულებები ბლოკის სხვა ქვეყნებმაც შეასრულონ

იტალია ის მთავარი ქვეყანაა, რომლის გავლითაც ევროპაში სამხრეთაფრიკელი დევნილების უმრავლესობა ხვდება. ბოლო არჩევნების დროს მემარჯვენე პარტია „ჩრდილოეთის ლიგა“ თავის ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებით მისი პოზიცია მკაცრი იქნებოდა და არალეგალებს ქვეყნიდან გააძევებდა. 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იტალიამ არ მიიღო ორი გემი, რომლის ბორტზეც ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები იყვნენ.

ბრიუსელის შეხვედრაზე, პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ ევროკავშირის ქვეყნებს მიგრაციის პრობლემის ერთობლივი გადაწყვეტისკენ და იმ ქვეყნების დასჯისკენ მოუწოდა, რომლებიც მიგრანტებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებენ. მან წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის თანახმად მიგრანტების „დაცვის ცენტრები“ ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც უნდა შეიქმნას, რაც დაეხმარება იტალიას, რომელმაც ბოლო 4 წლის განამავლობაში 600 ათასს მიგრანტზე მეტი მიიღო. ამ დოკუმენტში დუბლინის შეთანხმების რეფორმის წინადადებაცაა.

2018 წელს იტალიაში ჩავიდა 14,330 ათასი მიგრანტი, საბერძეთში - 11,763 და ესპანეთში 9,315.

ანგელა მერკელმა აღიარა, რომ შეთანხმება შეუძლებელია

ბრიუსელის შეხვედრის მთავარმა ორგანიზატორმა ანგელა მერკელმა, ფაქტობრივად აღიარა, რომ არსებული განხეთქილების გადალახვა შეუძლებელია. ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის კანცლერი აცხადებდა, რომ სერიოზულ გარღვევას არ ელოდა, მაგრამ მოსაზრებების კონსტრუქციული გაცვლის იმედი ჰქონდა. მოლაპარაკებების შემდეგ მან განაცხადა: „ჩვენ ერთიანნი ვართ იმაში, რომ არალეგალური იმიგრაცია უნდა შევამციროთ და ჩვენი საზღვრები დავიცვათ“ და დასძინა, რომ იქ სადაც საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა შეუძლებელია, უნდა „გავაერთიანოთ ისინი, ვინც მზადაა გადადგას ნაბიჯები წინ ურთიერთთანამშრომლობის ჩარჩოთა ძიებისაკენ“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მერკელმა აღიარა, რომ მოლაპარაკებას ყველა ვერ შეძლებდა.

ბოლო წლებში ახალი მიგრანტების რაოდენობა ევროპაში შემცირდა

ევროსტატის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში თავშესაფარი ითხოვა 130 ათასზე ოდნავ მეტმა ადამიანმა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით ნაკლებია და მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2015 (190 ათასი) და 2016 წლების (287 ათასი) პიკურ მაჩვენებლებს. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ხმელთაშუაზღვისპირეთში სიტუაციის მონიტორინგს ცალკე ატარებს. მისი შედეგებიც მსგავსია: წლის დასაწყისიდან ევროპულ ქვეყნებში ჩავიდა 41 ათასზე ოდნავ მეტი დევნლი, ხოლო 2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში - 136 ათასი.

ევროკავშირისთვის კიდევ უფრო დიდი საფრთხეა გერმანიის სამთავრობო კრიზისი

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის თავისი საგზაო რუკა წარადგინა, რომელიც 64 პუნქტისაგან შედგება. კანლერმა მერკელმა მათგან მხოლოდ 63 მიიღო და ერთზე უარი თქვა. ამ ერთში ლაპარაკია გერმანული პოლიციისთვის იმ დევნილების გაძევების უფლების მინიჭებაზე, რომლებმაც თავშესაფარი ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც მოითხოვეს. მერკელმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება გერმანიის ევროპულ ვალდებულებებს. პირველ დღეებში ჩანდა, რომ უთანხმოება მალე მოგვარდებოდა, მაგრამ მოგვიანებით ის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა.

მერკელი შიშობს, რომ ზეეჰოფერის ინიციატივა ევროპას გახლეჩს. კერძოდ, დევნილების დიდი მასა თავს მოიყრის ევროპის სამხრეთ საზღვრებთან მდებარე ქვეყნებში: საბერძნეთში, ბულგარეთსა და იტალიაში, რომლებიც პირველები არიან, ვინც მათ იღებს და აღრიცხავს. გარდა ამისა, ზეეჰოფერის წინადადების გაზიარება ნიშნავს გერმანიის საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას, რაც ხელს შეუშლის შენგენის ზონაში თავისუფალ გადაადგილებას. 

ზეეჰოფერი ამტკიცებს, რომ მისი წინადადება სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას, რომელიც ქვეყნებს აძლევს უფლებას, გააძევონ სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებული მიგრანტები. ამასთან, არსებობს უამრავი იურიდიული გამონაკლისი, რომლის გაუქმებასაც ითხოვს შს მინისტრი და იმუქრება, რომ თავის საგზაო რუკას ბუნდესტაგს დასამტკიცებლად მერკელის თანხმობის გარეშე წარუდგენს. კულუარული აზრის თანახმად, მან თითქოს ისიც კი თქვა, რომ „ამ ქალთან მუშაობა აღარ“ შეუძლია.

თუ მერკელი და ზეეჰოფერი ვერ შეთანხმდნენ, გერმანიას ვადამდელი არჩევნები ელოდება

ზეეჰოფერი ქრისტიანულ-სოციალურ კავშირს წარმოადგენს. ეს არის რეგიონული ბავარიული პარტია, რომელიც 1950-იანი წლებიდან მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის მუდმივი პარტნიორია. ამგვარად, პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება საფრთხეს უქმნის გერმანიის მთელ ომისშემდგომ პოლიტიკურ სისტემას. ზეეჰოფერი თავისი გეგმის მიღების გადავადებას ივნისის ბოლომდე დათანხმდა, რითაც მერკელს ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკების დრო მისცა. უკანასკნელი კვლევების თანახმად, გერმანელების 43% ანგელა მერკელის ვადაზე ადრე გადადგომას ემხრობა, 42% - წინააღმდეგია.

2018 წლის შემოდგომაზე ბავარიაში ადგილობრივი პარლამენტის არჩევნებია. ბევრი ექსპერტი ზეეჰოფერის პარტიის ხისტ პოზიციას იმით ხსნის, რომ ქრისტიან-სოციალურ კავშირს სურს დღის წესრიგი წაართვას პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება სწორედ ანტიიმიგრაციული განწყობების მუდმივი გაღვივების ხარჯზე.

მიგრანტების და არასამთავრობოების წინააღმდეგ ივნისში რამდენიმე კანონი მიიღო უნგრეთმა

უნგრეთის მიერ ივნისში მიღებული კანონების თანახმად, სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან არაკომერციული ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც არალეგალურ მიგრანტებს თავშესაფრის მიღებაში ეხმარებიან. გარდა ამისა, უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომელიც ქვეყანაში „უცხოური მოსახლეობის“ გადაადგილებას კრძალავს. ეს არის ევროკავშირისთვის გაცემული პასუხი, რადგან ევროპელი ჩინოსნები მუშაობენ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე მიგრანტების უფრო თანაბარი გადანაწილების გეგმაზე. აპრილის მონაცემებით, უნგრეთში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 მილიონია, 3 ათასზე ოდნავ მეტი დევნილი ცხოვრობს; წელს ამ ქვეყანას თავშესაფრის თხოვნით ოფიციალურად 345-მა ადამიანმა მიმართა.

ევროპულ ქვეყნებში იმარჯვებენ პარტიები, რომლებსაც ანტიმიგრაციული პროგრამა აქვთ

ასეთები, გარდა უნგრეთისა, არიან პოლონეთი, იტალია, ავსტრია. ავსტრიის ახალმა კანცლერმა სებასტიან კურცმა, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერთან დაპირისპირებულ ჰორსტ ზეეჰოფერს. მსგავსმა პარტიებმა სერიოზულად გაიმყარეს პოზიციები სხვა ქვეყნებში: გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში. იმ ფონზეც, როდესაც მიგრანტების ნაკადი სინამდვილეში შესუსტდა, ეს პოლიტიკური პარტიები ითხოვენ მკაცრი საერთოევროპული გადაწყვეტილების მიღებას ან თითოეული ქვეყნისთვის დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობას. პირველი ვარიანტი მიუღებელია მერკელისა და მაკრონისათვის, მეორე კი, ფაქტობრივად, ევროკავშირის დაშლას ნიშნავს. 

ყველა ქვეყანაში ანტიმიგრაციულ ძალებს უნდათ პრობლემის სიმძიმის სხვა ქვეყნებზე გადატანა: მაგალითად, გერმანულებს იტალიაზე, ხოლო იტალიურებს - გერმანიაზე. ამასთან, ისინი დემონსტრაციულად ავლენენ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას მერკელთან და მაკრონთან ბძოლაში, რომლებიც, თავის მხრივ, კომპრომისულ გადაწყვეტილებას ეძებენ.

ტრამპი ევროპელების უთანხმოებას აღვივებს

ევროკავშირის ლიდერებს დამატებით დარტყმას აყენებს დონალდ ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტი ევროპასთან სავაჭრო ომს აწარმოებს, თავის ქვეყანაში კი - მიგრანტებს ებრძვის. მიგრანტების მიმართ ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკის მაგალითად მას გერმანიის ხელისუფლების პოზიცია მოჰყავს. მეტიც, The Hufftington Post-ი წერს, რომ მერკელის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის უკან შეიძლება ტრამპის ადმინისტრაცია იდგეს.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიგრაციის ახალი ტალღა დროის საკითხია, რადგან იმ მიზეზების უმრავლესობა რომლებმაც 2015-2016 წლების კრიზისი გამოიწვია, არსად გამქრალა. ესენია, სამოქალაქო ომები სირიასა და ლიბიაში, ასევე ზოგადი არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში.

სხვა თემები