16 სექტემბერი 2018 - 20:45

უკრაინის გამო მართლმადიდებელი სამყარო განხეთქილების ზღვარზეა. რა ხდება?

ბართლომეოს პირველი

ბართლომეოს პირველი

ფოტო: shutterstock.com

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო მოიწვიეს.

რა მოხდა?

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაიმუქრა, რომ გაწყვეტს კავშირს კონსტანტინოპოლის პატრიარქატთან, თუ ეს უკანასკნელი ახალ უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს. ამის შესახებ 8 სექტემბერს მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რომელიც რუსეთის ეკლესიაში საგარეო საეკლესიო კავშირებს ხელმძღვანელობს (ფაქტობრივად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა მინისტრია). მან დასძინა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „თავისი ქმედებებით მთელ მართლმადიდებელ სამყაროს გახლეჩს“, რადგან „მართლმადიდებლების ნახევარი მას საერთოდ აღარ აღიარებს“.

და ეს რას ნიშნავს?

მართლმადიდებელ სამყაროში არის 15 ადგილობრივი ეკლესია, პატრიარქატი, რომლებიც ერთმანეთს კანონიკურ, ანუ ნამდვილ ეკლესიებად აღიარებენ. მათ შორის არიან რუსული, იერუსალიმის, ბერძნული (ელადური), ქართული და სხვ. არსებობს ასევე კონსტანტინოპოლის პატრიარქატი; პატრიარქ ბართლომეოსის რეზიდენცია სტამბოლშია. მართლმადიდებელი ეკლესიები თანასწორნი არიან, მაგრამ კონსტანტინოპოლისას, ისტორიული მიზეზებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სტატუსი აქვს (ერთგვარად „თანასწორებს შორის პირველია“) და ცდილობს ეკლესიათაშორის არბიტრის როლის შესრულებას, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებს.

უკრაინა რა შუაშია?

ახლა უკრაინაში სამრევლოების უმრავლესობა (დაახლოებით 12 ათასი) მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის. ის ავტონომიურად ფუნქციონირებს, თუმცა მაინც მოსკოვს ექვემდებარება. უკრაინაში სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიცაა - კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (დაახლოებით 5 ათასი სამრევლო) და უფრო მცირე მასშტაბის უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (დაახლოებით ათასი სამრევლო). მაგრამ ამ ეკლესიებს მართლმადიდებელი სამყარო არაკანონიკურად მიიჩნევს (ისინი არ არიან იმ ზემოთ ნახსენებ თხუთმეტ ადგილობრივ ეკლესიას შორის).

უკრაინის რევოლუციისა და რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, უკრაინაში დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეს ორი ეკლესია შეიძლება გაერთიანდეს, გადავიდეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მფარველობის ქვეშ და მიიღოს მისგან ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებლობა და კანონიკური სტატუსის აღიარება. ასეთ შემთხვევაში უკრაინას ეყოლება თავისი ადგილობრივი ეკლესია, აბსოლუტურად დამოუკიდებელი მოსკოვისგან და აღიარებული სულ ცოტა ერთი კანონიკური პატრიარქატის მხრიდან.

უკრაინაში ახალი ეკლესია როდის გაჩნდება?

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში. 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკვე დანიშნა თავისი ორი ეპისკოპოსი ეგზარხოსებად (წარმომადგენლებად) უკრაინაში.

ოქტომბერში კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდი შეიკრიბება და ძალიან რეალურია, რომ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ახალი უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსის (ბრძანების) სახით სწორედ ამ დროს გამოსცემს.

პრობლემა ის არის, რომ თავად ეკლესია ჯერ არ არსებობს - ის უნდა გაჩნდეს გამაერთიანებელი კრების შემდეგ, რომელშიც, როგორც ვარაუდობენ მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მათ შორის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები, რომლებიც მხარს უჭერენ ავტოკეფალიას (ასეთებიც არსებობენ, მაგრამ ამ ეკლესიაში ისინი უმცირესობაში არიან). ამის შემდეგ ახალი ეკლესია აირჩევს პატრიარქატს და მიიღებს ტომოსს კონსტანტინოპოლის წარმომადგენლისაგან. ეს კრება სავარაუდოდ სექტემბერშივე ჩატარდება, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

რუსეთის ეკლესია რა ნაბიჯებს დგამს?

14 სექტემბერს რუსეთის პატრიარქმა კირილმა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო მოიწვიეს.

ამასთან, მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქიასთან თანამსახურებას შეაჩერებენ. რუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, ეკლესიებს შორის ევქარისტული კავშირი ჯერ არ წყდება, თუმცა, ეს მოხდება, თუ კონსტანტინოპოლი არ შეწყვეტს „ანტიკანონიკურ ქმედებებს“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიებზე.

რუსეთის ეკლესიამ ასევე შეაჩერა მონაწილეობა იმ სტრუქტურებში, რომლებშიც თავმჯდომარე, ან თანათავმჯდომარე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელია.

ევქარისტული ურთიერთობა - ადგილობრივ ეკლესიებს შორის კომუნიკაციის ფორმაა, რომლის დროსაც ორი სხვადასხვა საპატრიარქოს მღვდლებს შეუძლიათ ლიტურგიის ერთობლივად ჩატარება, ხოლო მრევლს - ერთად ზიარების მიღება. როდესაც პატრიარქატებს შორის ურთიერთდამოკიდებულება ფუჭდება, ისინი ამ ურთიერთობებს წყვეტენ. რიგითი მრევლის ცხოვრებაზე ეს განსაკუთრებულად არ აისახება.

მაგრამ მოსკოვის და კონსტანტინოპოლის ურთიერთობის უახლეს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. 1996 წლის 20 თებერვალს იმავე პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა, რომ თავის იურისდიქციაში შეჰყავს ესტონური მართლმადიდებელი ეკლესია. ამ განცხადებიდან სამ დღეში რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ ევქარისტული ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა და პატრიარქის ღვთისმსახურებებში ბართლომეოსის ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა. იმავე წლის მაისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ურთიერთობა აღდგა. მას შემდეგ ესტონეთში ორი მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს - ერთს ავტონომია მოსკოვის საპატრიარქომ მიანიჭა, მეორეს - კონსტანტინოპოლმა.

რატომ აქვს რუსეთის ეკლესიას ასეთი რეაქცია?

თუ უკრაინაში საკუთარი დამოუკიდებელი და ამასთან კანონიკური ადგილობრივი ეკლესია გაჩნდება, არაერთი სამრევლო და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთი ეპარქია შეიძლება მას შეუერთდეს. მაშინ მოსკოვის საპატრიარქო უკრაინაში მთავარი მართლმადიდებლური იურისდიქცია აღარ იქნება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, იმავდროულად, როგორც პოლიტიკურ სფეროში, წარმოიქმნება „ალტერნატიული რუსეთის“ სიტუაცია: კანონიკური მართლმადიდებლური იურისდიქცია იმავე წარსულით და იმავე მორწმუნეებით, რომელიც შეიძლება ოდნავ სხვა გზით წავიდეს, ვიდრე მოსკოვის საპატრიარქო, რადგან მოსკოვის საპატრიარქოს დღეს დამკვიდრებული მმართველობის ფორმა ყველას არ მოსწონს და ზოგჯერ მას ავტორიტარიზმსა და სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ ლოიალურობაში სდებენ ბრალს.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის სამრევლოები ახალ ეკლესიას შეუერთდებიან?

დღეს, როდესაც ავტოკეფალიის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება არ არსებობს, ისევე როგორც ეკლესია, რომელიც ამ ავტოკეფალიას მიიღებს, რთულია იმის თქმა, თუ როგორ წარიმართება გადასვლის პროცესი. თუმცა ის დაწყებულია და სტატუსის შეცვლის შემდეგ პროცესი სავარაუდოდ, გააქტიურდება.

როგორც ჩანს კონფლიქტებიც გარდაუვალია. აუცილებლად დადგება დღის წესრიგში მთავარი სიწმინდეების - კიევო-პეჩორსკის და პოჩაევსკის ლავრების კუთვნილების საკითხი, რომლებსაც ახლა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესია იყენებს. კიევის საპატრიარქოს წინამძღვარმა ფილარეტმა 2018 წლის ივლისში ინტერვიუში განაცხადა, რომ ავტოკეფალიის მიღების შემდეგ ისინი ერთიან უკრაინულ მართმადიდებელ ეკლესიას შეუერთდებიან, მიტროპოლიტი ილარიონი ივლისში აცხადებდა, რომ „თუ გამთიშველები ლავრების დაპყრობას დაიწყებენ, ათასობით ადამიანი შეიკრიბება მათ დასაცავად და სისხლი დაიღვრება“.

უკრაინული სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ მიერ შარშან ზაფხულში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის 42% ახალი ადგილობრივი ეკლესიის შექმნის წინააღმდეგია, 23% - მომხრეა, ხოლო 36% ამ საკითხის მიმართ გულგრილია ან პასუხის გაცემა უჭირს.

სხვა ადგილობრივი ეკლესიები ვის უჭერენ მხარს - რუსეთის ეკლესიას თუ კონსტანტინოპოლს?

რუსული საეკლესიო და სახელმწიფო მედია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ თითქმის ყველა ადგილობრივი ეკლესია მხარს უჭერს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას. მაგრამ ასეთ ცნობებში ხშირად ზუსტი ციტატები არ მოჰყავთ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი პატრიარქატი აღიარებს მომავალში უკრაინაში ახალ ავტოკეფალურ ეკლესიას, მაგრამ უდავოა ის, რომ პროცესი სულ ცოტა ერთ წელს გაჭიანურდება.

1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს უწყებათა სამსახურის წარმომადგენელმა იღუმენმა მიქაელ ბრეგვაძემ განაცხადა. მისი თქმით ქართული მხარე ჯერ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას დაელოდება, რათა ყველა ეკლესიასთან კონსესუსი შედგეს.

წყარო: Meduza

კომენტარები ()

სხვა თემები