20 ოქტომბერი 2018 - 03:05

როგორ მოკლეს The Whashington Post-ის ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში? ვერსიები

საუდის არაბეთის საკონსულო

საუდის არაბეთის საკონსულო, სტამბოლი

ფოტო: shutterstock.com

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში კონფლიქტის დროს დაიღუპა. „ჰაშაღის და იმ ადამიანებს შორის საუბარი, რომლებსაც ის სამეფოს საკონსულოში შეხვდა, კამათი და შემდეგ ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რომლის დროსაც ჟურნალისტი დაიღუპა“, - განაცხადეს ტელევიზიით საუდის არაბეთის პროკურატურაზე დაყრდნობით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოფიციალურმა ერ-რიადმა აღიარა 2 ოქტომბერს დაკარგული ჟურნალისტის სიკვდილის ფაქტი. გამოძიების ინფორმაციით, ამ საქმის გამო დაკავებულია 18 ადამიანი; საუდის არაბეთის მეფემ თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე აჰმედ ალ-ასარი და მეფის მრჩეველი საუდ ალ-კაჰტანი.

რა მოხდა?

2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში ვიზიტის დროს დაიკარგა ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღი. მედია საშუალებები თურქეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ჟურნალისტი საუდის არაბეთის სპეცსამსახურების თანმშრომლებმა აწამეს და მოკლეს. თავიდან ერ-რიადი ამტკიცებდა, რომ ჰაშაღიმ თავისუფლად დატოვა საკონსულო, მაგრამ მოგვიანებით ჟურნალისტის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. CNN-ი იუწყებოდა, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლება ოფიციალურად აპირებდა ჯამალ ჰაშაღის დაღუპვის აღიარებას და მიზეზად დაასახელებდა დაკითხვას, რომელიც „არასწორად წარიმართა“. The New York Times-ის ინფორმაციით, ჰაშაღის მკვლელობაში ბრალს სავარაუდოდ ქვეყნის დაზვერვის მაღალჩინოსანს, გენერალ აჰმედ ასარის წაუყენებდნენ, რომელიც პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მრჩეველია.

ვინ იყო ჯამალ ჰაშაღი?

ჯამალ ჰაშაღი ამერიკულ გაზეთ The Washington Post-თან თანამშრომლობდა და ღიად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის მმართველ პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

ჰაშაღის გაქრობის საქმე ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა. ის არ იყო საუდის არაბეთში დაპატიმრებული რიგითი უფლებადამცველი, არამედ მსოფლიოში განთქმული ჟურნალისტი გახლდათ. მას შემდეგ რაც ბოლო წლის განმავლობაში საკუთარი სურვილით, სინამდვილეში კი იძულებით, საუდის არაბეთი დატოვა, ის The Washington Post-ისთვის წერდა და ჰყავდა გავლენიანი მეგობრები და მფარველები - მედიამაგნატები, პოლიტიკოსები და სეპცსამსახურების თანამშრომლები.

თავად ჰაშაღი თავს ოპოზიციურ ჟურნალისტად არ მიიჩნევდა. მთელი მისი კარიერა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთანაა დაკავშირებული. ჟურნალისტს სახელი გაუთქვა ინტერვიუმ ოსამა ბინ ლადენთან. კარიერის დასაწყისში ის აშუქებდა კონფლიქტებს ავღანეთში, სუდანსა და ალჟირში. მას ვერ ექნებოდა კავშირები „ალ- ქაიდასთან“ და თალიბებთან რომ არა საუდის არაბეთის დაზვერვის თანხმობა და მფარველობა, რომელსაც პრინცი თურქ იბნ ფეისალი ხელმძღვანელობდა.

ათწლეულების შემდეგ, 2005-2007 წლებში, როდესაც პრინცი ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩი გახდა, ჰაშაღი მის მედია-მრჩევლად დანიშნეს. ჟურნალისტი ასევე მუშაობდა ინგლისურენოვანი საუდური გაზეთის Arab News-ის მთავარი რედაქტორის მოადგილედ, ორჯერ ხელმძღვანელობდა გაზეთს „ალ-ვატანი“, ამასთან ორჯერ გადააყენეს თანამდებობიდან ლიბერალური შეხედულებების გამო. თუმცა, როგორც ჟურნალისტის დიდი ხნის მეგობარი, გამოცემა The Middle East Eye-ის მთავარი რედაქტორი დევიდ ჰერსტი წერს, ჰაშაღის კრიტიკა სამეფოს ხელისუფლების მიმართ, ყოველთვის „ნიუანსირებული“ იყო.

პრინციპში, ჰაშაღი საუდური ელიტების „გამხმოვანებელი“ გახლდათ, რომლებსაც თავად სურდათ ცვლილებები. და დიდწილად ეს ცვლილებები ტახტის მემკვიდრედ პრინც მუჰამედ ბინ სალმანის დანიშვნით დაიწყო. მაგრამ ჰაშაღის პრინცის ავტორიტარული სტილი არ მოსწონდა, ის მას ავანტიურისტად მიიჩნევდა, რომელიც ქვეყანას ქაოსამდე და გაკოტრებამდე მიიყვანდა. შედეგად, ჰაშაღი ყველა მედიარესურსს ჩამოაშორეს და საინფორმაციო საშუალებებში სამეფოს პოლიტიკაზე კომენტარების გაკეთება აუკრძალეს.

ეს ყველაფერი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას და ვაშინგტონის და ერ-რიადის დაახლოებას დაემთხვა. ჟურნალისტი ღიად აკრიტიკებდა ტრამპის პოლიტიკასაც. გარდა ამისა, ის დაახლოებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრ მუჰამედ ბინ ნაიფ ალ საუდთან, რომელიც 2017 წლის ივნისამდე საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე იყო, შემდეგ კი, რაც მეფე სალმანმა მემკვიდრედ თავისი შვილი გამოაცხადა, იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.

მაშინ ჰაშაღმა ქვეყანა დატოვა, და როგორც მისი მეგობრები ამტკიცებენ უარს ამბობდა იქ დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადეგნლები მას კარგ თანამდებობას ჰპირდებოდნენ. ჰაშაღის დაბრუნება, რომელსაც დასავლურ მედია საშუალებებსა და ელიტებში ძალიან დიდი გავლენები ჰქონდა, ახალგაზრდა პრინცის იმიჯისთვის შეიძლება ძალიან სასარგებლო ყოფილიყო. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

ვინმემ იცის ზუსტად რა მოხდა საკონსულოს შენობაში?

ჟურნალისტის გაუჩინარების დღიდან პრესაში უამრავი ვერსიის შესახებ დაიწერა.

პუბლიკაციებიდან ცნობილია, რომ 2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღი სტამბულში საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაფორმებლად მივიდა. მისი საცოლე, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ჰაშაღის საკონსულოს შენობასთან ელოდებოდა. მას შემდეგ ჟურნალისტი არავის უნახავს.

ჯამალ ჰაშაღი საცოლესთან ერთად
ფოტო: middleeasteye.net

ერ-რიადი ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტმა საკონსულოს ტერიტორია დატოვა და ამის შემდეგ გაუჩინარდა. მაგრამ ამ ფაქტს არაფერი ადასტურებდა. სამაგიეროდ, თურქული და ამერიკული მედიის პუბლიკაციები, რომლებშიც ისინი პოლიციის და სპეცსამსახურების ინფორმაციას ეყრდობოდნენ, მოწმობდა, რომ ჟურნალისტი გენერალური საკონსულოს შენობაში აწამეს და მოკლეს.

ასევე პრესის ცნობით, იმავე დღეს სტამბოლში ჩავიდა საუდის არაბეთის 15 მოქალაქე, რომლებიც ქალაქში ერთ დღეზე მეტხანს არ გაჩერდნენ, მაგრამ გენერალურ საკონსულოში მისვლა მოასწრეს. გამოქვეყნებულია ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ შენობას მიუახლოვდნენ ავტომობილები, რომლებშიც შეიძლება სწორედ ეს ადამიანები ისხდნენ. ცნობილია მათი სახელებიც. მათ შორის ჟურნალისტებმა საუდის არაბეთის შსს-ს უსაფრთხოების სასამართლო ექსპეტიზის დეპარტამენტის თანამშრომლის სახელი აღმოაჩინეს.

თურქულ სინფორმაციო საშუალებებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 15 საუდელი ჟურნალისტის მკვლელობასთან არის დაკავშირებული. სტატიებში ნათქვამია, რომ ჰაშაღი აწამეს, ხოლო მკვლელობის შემდეგ მისი სხეული დაანაწევრეს იმისთვის რომ შენობიდან შეუმჩნევლად გაეტანათ და დაემალათ. წამების თაობაზე ვერსიას მკვლელობის ჩანაწერის არსებობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ამყარებს, რომელიც თითქოს თავად ჟურნალისტის Apple Watch-მა ჩაწერა.

თურქული გაზეთი Sabah-ი ამტკიცებს, რომ საკონსულოში შესვლის წინ ჰაშაღიმ „ჭკვიან საათზე“ მიკროფონი ჩართო, რითაც ის თავის iPhone-ს დაუკავშირა, რომელიც ჟურნალისტმა შენობის გარეთ დარჩენილ საცოლეს დაუტოვა. პუბლიკაციის სანდოობა საეჭვოა, რადგან iPhone-თან საათის სინქრონიზაცია Bluetooth-ით ხდება, რაც მხოლოდ ახლო მანძილზეა შესაძლებელი და არა დიპლომატიური მისიის კედლების მიღმა. თუმცა თურქულ სპეცსამსახურებს შეეძლოთ საელჩოსთვის მოესმინათ ან ინფორმაცია სხვა წყაროებიდან მიეღოთ, რომლებსაც არ ამჟღავნებენ და მოიგონეს Apple Watch-ის ვერსია. ის რომ ჩანაწერები რეალურია და ისინი ვაშინგტონშიც აჩვენეს, ამის შესახებ ამერიკული მედიაც წერს.

რატომ შეიძლება მოეკლათ ჰაშაღი?

ჰაშაღის გაუჩინარებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს. ვერსიები ბევრია დაწყებული სპეცსამსახურების შესაძლო  შეთქმულებებით, დასრულებული ყოფითი მიზეზებით.

- რატომ გაემგზავრა ვაშინგტონში მცხოვრები ჟურნალისტი ქორწილის დოკუმენტების გასაფორმებლად სტამბოლის გენერალურ საკონსულოში?

ერთ-ერთი ვერსიით ჟურნალისტის გატაცება წინასწარ იყო დაგეგემილი, ამის შესახებ იცოდნენ ამერიკის სპეცსასმახურებმა და მათ არ სურდათ, რომ ინციდენტი აშშ-ის ტერიტორიაზე მომხდარიყო. ჟურნალისტი არ გააფრთხილეს, რადგან არ უფიქრიათ რომ გატაცების მცდელობა მკვლელობით დასრულდებოდა.

მეორე ვერსიით, მას თავად არ სურდა ვაშინგტონის დიპლომატიურ მისიაში მისვლა, რადგან აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩი, პრინცი ჰალედ ბენ სალმანი - ტახტის მემკვიდრის ღვიძლი ძმაა. არსებობს ბანალური ვერსიაც - ქორწილის შემდეგ ჟურნალისტი სტამბოლში აპირებდა ცხოვრებას.

- თუ ერ-რიადი ჟურნალისტის მოტაცებას ან მოკვლას გეგმავდა, რა საჭირო იყო ამის გაკეთება თურქეთის ტერიტორიაზე, რომელსაც საუდის არაბეთთან ისედაც რთული ურთიერთობა აქვს?

ორი ქვეყანა მუდმივად იბრძვის ისლამურ სამყაროში გავლენისა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსისთვის. ბოლო დროს საუდელები ამ მხრივ უფრო წარმატებულები არიან. ამასთან საჯაროდ თურქეთი და საუდის არაბეთი ინარჩუნებენ თანაბარი პარტნიორების და დაახლოებული ქვეყნების იმიჯს; თურქეთის ეკონომიკაში საუდის არაბეთის ინვესტიციები იზრდება და ეს როგორც ჩანს, დიპლომატიურ კონკურენციაზე მნიშვნელოვანია.

შეიძლება ყველაფერი ძალიან მარტივად არის: საუდის არაბეთის ხელისუფლებას სხვა შანსი არ ჰქონდა, ხოლო თურქეთი ქვეყანაა, რომელიც ჟურნალისტის, თუნდაც ძალიან ცნობილის, უფლებების დარღვევაზე დიდად არ ინერვიულებს. მაგრამ თუ საბოლოო ჯამში, მკვლელობა დადასტურდებოდა, საუდის არაბეთის სპეცსამსახურები ამით თურქ კოლეგებს მათი შანტაჟისა და ერ-რიადისა და ვაშინგტონის წაჩხუბებისთვის სერიოზულ საფუძველს მისცემდნენ. ამასთან, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მეგობრობის დემონსტრირება გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ანკარას და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა ისედაც მკვეთრად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ამერიკელი პასტორი ციხიდან გაათავისუფლა.

- იმ შემთხვევაშიც თუ ერ-რიადმა ჰაშაღთან ანგარიშსწორება გადაწყვიტა, რა საჭირო იყო 15 საუდელის ასეთი დემონსტრაციული ჩასვლა სტამბოლში? იმიტომ რომ მკვლელობა არ იგეგმებოდა და პროცესი უკონტროლო გახდა? თუ ეს საკუთარი დაუსჯელობის რწმენა და დაშინების აქტია? რა დაკითხვას სჭირდებოდა 15 მოწმის დასწრება, რისი გაგება სურდათ ჰაშაღისგან და ვის წინააღმდეგ ეძებდნენ კომპრომატს?

არ არის გამორიცხული, რომ ისტორია საუდის არაბეთში შიდა წმენდების და სამეფო კლანის შიდა ინტრიგების გაგრძელებაა. არაბ ექსპერტებში პოპულარულია ვერსია, რომ ჰაშაღის მოკვლით საუდის სამეფო ოჯახს მიაყენეს დარტყმა, რადგან ჟურნალისტს და ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრეს შორის კონფლიქტი ძალიან ცხადი იყო. მუჰამედ ბინ სალმანის ჩამოშორების მსურველთა რიცხვი ძალიან დიდია. ესენი შეიძლება იყვნენ დაპატიმრებებით და გავლენის დაკარგვით განაწყენებული კლანები სამეფო ოჯახსა და საუდის ელიტაში.

მუჰამედ ბინ სალმანის დასუსტებით შეიძლება დაინტერესებული იყოს ვაშინგტონიც, რომელიც მიხვდა, რომ ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრის კონტროლი რთულია - ის ზედმეტად ამბიციური და არაპროგნოზირებადია. ამას მოწმობს ტრამპის და პრინცის პოლემიკაც. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჰაშაღის გაუჩინარებიდან მალევე ერ-რიადს მინიშნებით უთხრა, რომ საუდის არაბეთი თავისი უსაფრთხოებით ვაშინგტონთან ვალშია და სხვაგვარად დღევანდელი მეფე ხელისუფლებას ორ კვირაზე მეტხანს ვერ შეინარჩუნებს, პრინცის პასუხმა არ დააყოვნა.

რამდენიმე დღეში Bloomberg-თან ინტერვიუში პრინცმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებულ შტატებზე ბევრად დიდი ხანია არსებობს, ხოლო იარაღში, რომელსაც ვაშინგტონისგან ყიდულობს, საკმაოდ დიდ თანხებს იხდის, რომელიც აშშ-ს ასე სჭირდება. იმავდროულად, პრინცმა პასუხი შეარბილა, როდესაც თქვა, რომ მეგობრებს შორის ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ტრამპის სიტყვებს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ გაუფუჭებია.

აშშ რას აპირებს?

თურქეთში საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარებისა და სავარაუდო მკვლელობის საქმე აშშ-ის და საუდის არაბეთის ურთიერთობებისათვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. ეს არის გამოცდა პრინც მუჰამედ ბინ სალმანისთვისაც, რომელიც თავს რეფორმატორად წარმოაჩენს და ცდილობს სამეფო შუა საუკუნეებიდან 21-ე საუკუნეში გადაიყვანოს. ეს იმიჯი არანაირად არ შეესაბამება საშინელ ისტორიას ჟურნალისტის მკვლელობასა და დანაწევრების შესახებ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

თუ აქამდე აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაში საუდელი უფლებადამცველების დაპატიმრებების შესახებ ცნობებზე თვალს ხუჭავდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ რა სამეფოში დაწყებულ გლობალურ ცვლილებებზე (რეფორმებზე ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში), The Washington Post-ის ჟურნალისტის ისტორიაზე თვალის დახუჭვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ერ-რიადთან თანამშრომლობენ, უკიდურესად რთულია.

დასავლურმა კომპანიებმა და მედიაკორპორაციებმა ერთი მეორის მიყოლებით უარი თქვეს საუდის არაბეთის მასშტაბურ საინვესტიციო ფორუმში Future Investment Initiative მონაწილეობაზე. ეს ფორუმი ცნობილია სახელწოდებით „დავოსი უდაბნოში“; ამერიკელმა სენატორებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამს მოსთხოვეს 120 დღის განმავლობაში „მაგნიტსკის გლობალური აქტის“ თანახმად, საუდის არაბეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შესაძლებლობა განიხილოს. სანქციებს შეიძლება დიდი ბრიტანეთიც შეუერთდეს. სანქციების მუქარის ფონზე ნავთობის ფასები იზრდება, ხოლო საუდის არაბეთთან დაკავშირებული კომპანიების აქციების ფასი მცირდება.

კომენტარები ()

სხვა თემები