29 ოქტომბერი 2018 - 21:26

ვინ არის ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი, რომელსაც მუსოლინის და ჰიტლერს ადარებენ

ჟაირ ბოლსონარუ

ჟაირ ბოლსონარუ

ფოტო: shutterstock.com

ბრაზილიამ ახალ პრეზიდენტად 63 წლის ჟაირ ბოლსონარუ აირჩია. მან არჩევნების მეორე ტურში ხმათა 55% მიიღო. ბოლსონარუს ხშირად ადანაშაულებენ მემარჯვენე პოპულიზმში, უფრო რადიკალური კრიტიკოსები კი მას ბენიტო მუსოლინის და ადოლფ ჰიტლერსაც ადარებენ. პრეზიდენტად არჩევამდე დიდი ხნით ადრე ამერიკული პრესა მას მსოფლიოს პოლიტიკოსთა შორის ყველაზე დიდ „ქალთმოძულეს“ უწოდებდა, ავსტრალიური - „ყველაზე საძულველს“, ბრიტანული კი - „რელიგიურ ნაციონალისტს“, „მემარჯვენე დემაგოგსა“ და „დიქტატურის მეხოტბეს“.

ვინ არის ჟაირ ბოლსონარუ?

ბოლსონარუს წინაპრები ბრაზილიაში საცხოვრებლად ევროპიდან მე-19 საუკუნეში გადავიდნენ. მას იტალიური ფესვები და მამის მხრიდან გერმანელი წინაპრებიც ჰყავს. ნაწილობრივ სწორედ ამის გამო ადარებენ მას იტალიელ და გერმანელ დიქტატორებს.

ბოლსონარუმ განსაკუთრებული პოპულარობა 1986 წელს მოიპოვა - ამ დროს სამხედრო ხუნტა, რომელიც ბრაზილიას 20 წელზე მეტხანს მართავდა, ერთი წლის დამხობილი იყო. მოქმედმა ოფიცერმა ბოლსონარუმ ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ის არმიაში დაბალ ხელფასებს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ხელმძღვანელობა ჯარიდან ადამიანებს ბიუჯეტის სეკვესტრის გამო აგდებს და არა იმ დარღვევებისთვის, რომლებშიც სამხედროებს ოფიციალურად ამხელდნენ. ამ ინტერვიუსთვის ბოლსონარუმ 15 დღე სამხედრო საკანში გაატარა, მაგრამ მას აქტიურად დაუჭირეს მხარი სხვა ოფიცრებმა და მათმა ცოლებმა, რომლებმაც მისი გათავისუფლების მოთხოვნით უამრავ მიმართვას მოაწერეს ხელი.

1988 წელს არმიიდან წასვლის შემდეგ ის რიო-დე-ჟანეიროს ქალაქის საბჭოში აირჩიეს, ორ წელიწადში კი - ბრაზილიის კონგრესის ქვედა პალატაში, სადაც მან 27 წელს იმუშავა.

მსოფლიოში ის პოპულარული გახდა დასავლური საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხებზე სკანდალური გამონათქვამებით. მაგალითად, „ჩვენ ბრაზილიელებს ჰომოსექსუალები არ გვიყვარს“ (2013); „ხუთი შვილიდან ოთხი ვაჟი მყავს, მეოთხეს ჩასახვის დროს სუსტად ვგრძნობდი თავს და გოგო დაიბადა (2017); „მე პატიმრების წამებას ვემხრობი“ (1999); „მთელი მსოფლიოდან ნაძირლები [მიგრანტები] ჩამობრძანდნენ ბრაზილიაში, ვითომ საკუთარი პრობლემები გვაკლდა“ (2015).

თავისი წინასაარჩევნო კამპანია ბოლსონარუმ წარმართა ლოზუნგით „ბრაზილია ყველაზე მაღლაა, ღმერთი კი ყველაზე მაღალი“. არჩეული პრეზიდენტის თქმით, „არ არსებობს ცნება საერო სახელმწიფო... ჩვენი სახელმწიფო ქრისტიანულია და უმცირესობები უნდა შეიცვალონ, თუ შეუძლიათ“.

თავად ბრაზილიაში განსაკუთრებით აშფოთებთ ის, რომ იგი საჯაროდ იწონებს სამხედრო დიქტატურას და მას ბრაზილიის ისტორიაში განვითარების და წესრიგის დიდებულ 20-წლიან პერიოდს უწოდებს. 1993 წელს ბოლსონარუ ამბობდა, რომ „ჩვენ ვერასდროს გადავწყვეტთ სერიოზულ ნაციონალურ პრობლემებს ამ უპასუხისმგებლო დემოკრატიის პირობებში“ და პირობას დებდა, რომ „გაპრეზიდენტბის პირველსავე დღეს გადატრიალებას მოაწყობდა“. ბოლსონარუს თქმით, „დიქტატურის შეცდომა ის იყო, რომ ის აწამებდა, მაგრამ არ კლავდა“.

2011 წელს ჩატარებული გამოძიების თანახმად, სამხედრო მმართველობის წლებში ბრაზილიაში მოკლეს სულ ცოტა 191 ადამიანი, 243 - უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

რატომ გაიმარჯვა?

1985 წელს სამხედრო ხუნტა დაემხო. მას შემდეგ ბრაზილიას ძირითადად მემარცხენე ძალები მართავდნენ. 2002 წლიდან, 13 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში „მშრომელთა პარტია“ იყო - თავდაპირველად პრეზიდენტ ლუის ლულა დე სილვას, შემდეგ კი - დილმა რუსეფის ხელმძღვანელობით.

2010 წლამდე ქვეყანაში აქტიური ეკონომიკური ზრდა იყო. ლულა და სილვას მეთაურობით ბრაზილიამ თავის მეზობლებზე მშვიდად გადაიტანა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისიც და 2014 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლის სტატუსიც მოიპოვა.

პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს რუსეფმა სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამა გამოაცხადა, როდესაც ეკონომიკური ზრდა აშკარად შენელდა. შედეგად, საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებთან დაკავშირებულმა მასობრივმა მშენებლობებმა არამხოლოდ შექმნა ახალი სამუშაო ადგილები, არამედ არსებული ძალები დანარჩენი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას და განვითარებას მოსწყვიტა. ეს 2013 წელს მასობრივ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, რაც 2015 და 2016 წლებში განმეორდა.

იმავდროულად, ქვეყანაში შეიქმნა სრულფასოვანი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაკავშირებული იყო ძირითადი სპორტული ობიექტების მშენებლობის შემდეგ უმუშევრობის მკვეთრ ზრდასთან. Bloomberg-ის შეფასებებით, ასეთი კრიზისი ბრაზილიას ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ახსოვს.

სიტუაცია გაუარესდა იმით, რომ მიუხედავად მრავალწლიანი პოპულარობისა, „მშრომელთა პარტიის“ ლიდერებმა ვერ შეძლეს საკმარისად სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნა. ბრაზილიის პარლამენტში უამრავი პატარა პარტიაა, რომლებიც მუდმივი კონფლიქტების და ვაჭრობის რეჟიმში არიან. შედეგად, 2016 წელს რესეფი ხელისუფლებას ჩამოაშორეს, ხოლო მისი წინამორბედი ლულა და სილვა მოგვიანებით კორუფციისთვის დააპატიმრეს.

მშრომელთა პარტია შეეცადა ამ არჩევნებზე ლულა და სილვას პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას, მაგრამ სასამართლომ ის დაბლოკა. ეს ბოლსონარუს გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია - მის მოწინააღმდეგეებში საკმარისად ქარიზმატული ფიგურა არ მოიძებნა. ბრაზილიის ფრაგმენტირებულმა პარტიულმა სისტემამ მას ისე გაამარჯვებინა, რომ მის უკან არანაირი მძლავრი პოლიტიკური მანქანა არ იდგა.

ვინ არის მისი ამომრჩეველი?

ბოლსონარუს ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი ახალგაზრდა, 24 წლამდე ახალგაზრდები არიან, რომლებსაც განსხვავებით უფროსი თაობის მემარცხენე ინტელექტუალებისაგან, სამხედრო დიქტატურაზე მინიშნებები არ აშინებთ. მისი მხარდამჭერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია - სამხედროები. მათ იმედი აქვთ, რომ საზოგადოებაში იმ სტატუსს დაიბრუნებენ, რაც დიქტატურის დამხობის შემდეგ დაკარგეს.

გარდა ამისა, ბოლსონარუმ ტექნოლოგიურად გამართულად წარმართა კამპანია, შეამცირა რა სკანდალური გამონათქვამები და აქცენტი იმაზე გააკეთა რომ ყოველთვის მმართველი ელიტის თანმიმდევრული მოწინააღმდეგე იყო. ის თავად აცხადებს ხშირად, რომ დონალდ ტრამპს ჰგავს და როგორც ტრამპს სურს ამერიკა კვლავ დიდებული გახადოს, ასეთივე დიდებას დაუბრუნებს ის ბრაზილიასაც.

ბოლსონარუს წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ექსპერტები ასახელებენ იმას, რომ ბრალიზიელ ამომრჩევლებს წინა პოლიტიკურ ელიტაზე გული აუცრუვდათ, მაგარამ იმავდროულად კრიზისის წლების გამო აღარ ეშინიათ, რომ უარესი მოხდება. სწორედ ამან გააჩინა სწრაფვა ექსპერიმენტისაკენ. მაგრამ ბოლსონარუს მრჩევლების მიერ დაგეგმილი არაერთი რეოფრმიდან ბევრი, ყოველ შემთხვევაში მოკლევადიან პერსპექტივაში, საზოგადოების კეთილდღეობას უფრო ძლიერად  დარტყამს.

ბოსონარუს გათვლა აქვს, რომ შესაძლო ეკონომიკური არეულობების ეფექტს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებით შეამცირებს. 2017 წელს ბრაზილიაში თითქმის 64 ათასი ადამიანი მოკლეს. წინასაარჩევნო პერიოდში მან პირობა დადო, რომ იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ რეჟიმს შეამსუბუქებს და პოლიციის უფლებამოსილებას გაზრდის. მაგრამ უცნობია, მოჰყვება თუ არა ამას უფრო მეტი მსხვერპლი.

არჩეული პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები არ არიან დარწმუნებულები, რომ მას წესრიგის დამყარების უნარი რეალურად აქვს, თუნდაც მკაცრი ხელით, რადგან თავისი კარიერის განმავლობაში, არაფრით, გარდა რადიკალური გამონათქვამებისა, თავისი სიმტკიცე არ გამოუვლენია.

სხვა თემები