05 ნოემბერი 2018 - 23:00

როგორ მუშაობენ რუსი პოლიტტექნოლოგები და რა კავშირი აქვთ მათ კრემლთან

გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე

ფოტო: Facebook@GregoryVashadze

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია წარმოშობით ბელარუსმა პოლიტტექნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა და რუსეთის მოქალაქეებმა წარმართეს. 7 კაციანი PR-ჯგუფი არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ვაშაძის შტაბში რუსული შეძახილებით ზეიმობდა. რუსეთის ყოფილი მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე და მისი პოლიტიკური ჯგუფი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის პროექტს არა ისინი, არამედ მათი მთავარი ოპონენტი წარმოადგენს.

ვინ არის პოლიტტექნოლოგი?

ეს არის ტაქტიკოსი, რომელიც თავისი კლიენტისგან ქმნის პოლიტიკურ ხატ-სურათს, ლობირებს კანდიდატებს არჩევნებში, მუშაობს მათი კამპანიის PR-ზე და მათი პოზიციების განმტკიცებაზე არჩევნებიდან არჩევნებამდე.

პოლიტტექნოლოგებისთვის ყველაზე ცხელი დრო წინასაარჩევნო პერიოდია, როდესაც მათ ერთი-მეორის მიყოლებით ქირაობენ კანდიდატების კამპანიების მხარდასაჭერად. რუსეთში შტატიანი პოლიტტექნოლოგები ყოველთვის მუშაობენ პოლიტიკურ პარტიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.

ზოგიერთ ცნობილ პოლიტტექნლოგს აქვს პოლიტოლოგის განათლება, მაგრამ ამ დარგში კარიერული წარმატებისთვის ეს აუცილებელი არ არის.

რუსი სპეციალისტები ამბობენ, რომ პოლიტოლოგიასა და პოლიტტექნოლოგიაში მნიშვნელოვანია იყო ერუდირებული და კულტურული ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა ფილოსოფიაში, მარკეტინგსა და რეკლამაში, ასევე საჭიროა იცოდე დამაჯერებელი PR-ტექსტების შექმნა.

რა კავშირი აქვთ რუს პოლიტტექნოლოგებს კრემლთან?

პოლიტტექნოლოგის და პოლიტიკური კონსულტანტის პროფესია რუსეთში 1980-იანი და 1990-იანი წლების მიჯნაზე გაჩნდა, იმ დროს, როდესაც ამ ქვეყანაში კონკურენტული არჩევნების ჩატარება დაიწყეს. პოლიტტექნოლოგის პროფესია იბადებოდა დიდი ფულის გვერდით - მსხვილი კორპორაციების ხელშეწყობით, რომლებსაც რეგიონებში გუბერნატორების და მერების თანამდებობებზე საკუთარი ხალხის გაყვანა სურდათ. ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფებს რუსეთის რეგიონებში თავისი ინტერესები ჰქონდათ და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა სწორედ ქალაქის ან რეგიონის ხელმძღვანელებზე იყო დამოკიდებული.

მალევე სიტყვა „პოლიტტექნოლოგი“ გაიგივდა „შავ პიართან“. რუსული არჩევნები სპეციფიკური იყო და ძალიან განსხვავდებოდა დასავლური ქვეყნების არჩევნებისაგან. ევროპელი და ამერიკელი სპეციალისტების დაქირავება ბევრ ფულს მოითხოვდა, ამიტომ დარგში გაჩდნენ და საქმიანობა დაიწყეს ადგილობრივმა ტექნოლოგებმა. ისინი ამომრჩევლის დასაბნევად თავისი კლიენტის მოწინააღმდეგეს ერთ-ერთ კონკურენტად მოგვარეს უყენებდნენ, პრესაში ყალბ ცნობებს აქვეყნებდნენ, ოპონენტების დისკრედიტაციაზე მუშაობდნენ და ა.შ. ერთ რეგიონში აპრობირებულ ტექნოლოგიებს, უმალ იყენებდნენ სხვა რეგიონებში. ბევრ მათგანს დღემდე იყენებენ.

დღეს რუსეთში კონკურენტულ არჩევნებთან და საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია, მაგრამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტტექნოლოგების კლასი არსად გამქრალა. ეს ათასობით ადამიანია, რომლებიც ქმნიან სტრატეგიებს, მუშაობენ კამპანიებზე, ატარებენ მონიტორინგებს, აანალიზებენ და საბოლოო ჯამში დიდწილად განსაზღვრავენ იმას, თუ რას ფიქრობს სახელმწიფო საკუთარ თავზე და როგორ წარადგენს ის თავს მოქალაქეებთან.

რუსეთის ბოლო წლების პოლიტიკური ცხოვრების სპეციფიკიდან გამომდინარე რუსი პოლიტტექნოლოგები დღეს ძირითადად დაკავშირებულნი არიან ვლადიმერ პუტინის მმართველ პარტიასთან „ერთიანი რუსეთი“ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდაპოლიტიკურ ბლოკთან, რომელსაც სხვადასხვა წლებში კურირებდნენ ვლადისლავ სურკოვი, ვიაჩესლავ ვოლოდინი და სერგეი კირიენკო, - წერს გამოცემა Meduza, რომელმაც 2017 წელს რუსი პოლიტტექნოლოგების მუშაობის თავისებურებებსა და შემოსავლებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

„დღეს თამაშის წესები ასეთია: ეძებეთ დაკვეთა „ერთიანი რუსეთის“ წიაღში... ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი რა თქმა უნდა [რუსეთის] ხელისუფლებაა. ნორმალური შეკვეთების 90%-ზე მეტი მისგან მოდის“, - ადასტურებს პოლიტიკური კონსულტანტი ვლადიმერ პერევოზჩიკოვი და დასძენს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიღების ერთიანი ცენტრია. „იქ ბევრი ჯგუფია, რომელსაც [ტექნოლოგის] გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია“, - ამბობს ის.

რუსი პოლიტტექნოლოგები ხშირად იყენებენ თავის უნარებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის სეპარატისტულ რეგიონებშიც.

როგორ მუშაობენ პოლიტტექნოლოგები?

რუსეთში და დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეში „კომუნიკაციურ მენეჯმენტს“ თავისი თავისებურებები აქვს, თუმცა მან შეიძლება ისეთივე წარმატებით იმუშაოს, როგორც დასავლეთის ქვეყნებში. 

იარლიყების მიწებება ერთ-ერთი ეფექტიანი ხერხია. პოლიტტექნოლოგები კანდიდატს მხოლოდ ზოგად მახასიათებელს არ სძენენ. იმის თქმა, რომ კანდიდატი ჭკვიანი ან წესიერია, ხოლო მისი მოწინააღმდეგე ცუდი და უწესო - ამით არჩევნებს ვერ მოიგებ. ელექტორატს სჭირდება საბაზო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ის თავადაც იოლად მიაწებებს კანდიდატს იარლიყს.

რაც უფრო მკვეთრია ემოციური ელფერი, მით უკეთესია. შეიძლება აქციაზე გასულ ხალხს გააფთრებული ბრობო უწოდო, რის შემდეგაც მაყურებელი შესაბამის ცნობას დადებით ჭრილში ვეღარ აღიქვამს. ასეთი მეთოდი უპირობოდ იზიდავს ტელევიზიებსაც.

პოლიტტექნოლოგებს უყვართ პიარ-კამპანიებში იმ ადამიანების გამოყენება, რომლებსაც ხალხი ენდობა. კანდიდატს შეიძლება ხმა მისცენ მხოლოდ იმისთვის, რომ მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, მაგალითად, კინოს, მუსიკის ან სპორტის ცნობილი წარმომადგენელი. კანდიდატის გვერდით ასეთი ვარსკვლავების გამოჩენას აქცენტის გადატანის ხერხსაც უწოდებენ, როდესაც ერთის ცნობადობა მეორეზე გადადის.

ხალხთან სიახლოვე - ყველაზე პოპულარული მეთოდია. მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ კანდიდატი არ უფრთხის ამომრჩევლებთან კონტაქტს და არ ემალება მათ კაბინეტებში. ის რიგითი ადამიანების მსგავსად დადის კინოთეტრში, სადილობს მათ გვერდით. ის ისეთია, როგორც ყველა, ესე იგი ის „ჩვენიანიანია“ - ფიქრობენ ასეთ დროს ამომრჩევლები.

სხვა თემები