რატომ არის აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი. თემა
ფოტო: shutterstock.com
6 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ტარდება - წყდება წარმომადგენლობითი პალატის და სენატში 33 სავარძლის მფლობელის ბედი. გარდა ამისა, 36 შტატში აირჩევენ გუბერნატორებს; ბევრ ადგილას მოქალაქეები კენჭს უყრიან ადგილობრივ პოლიტიკოსებსაც. მთლიანობაში, The New York Times-ის გათვლით, ამერიკელები შეძლებენ შტატების დონეზე ხმა მისცენ 6665 პოლიტიკოსს.
შუალედური არჩევნები რა არის?
თუ პრეზიდენტის არჩევნებს არ ჩავთვლით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ამერიკის ელექტორალურ ციკლში. ინგლისურად მას midterm elections-ს უწოდებენ, რადგან დროში საპრეზიდენტო ვადის შუა პერიოდს ემთხვევა. ამ არჩევნების დროს, ისევე როგორც საყოველთაო არჩევნებისას, ხელახლა ირჩევენ წარმომადგენლობით პალატას (კონგრესის ქვედა პალატაში 435 კანონმდებელია, მათ ორი წლით ირჩევენ) და სენატში დეპუტატების მესამედს (ზედა პალატაში მუშაობის ვადა 6 წელია, ამიტომ ორ წელიწადში ერთხელ 33 ან 34 დეპუტატს ხელახლა ირჩევენ). გარდა ამისა, შუალედურ არჩევნებში გუბერნატორთა უმრავლესობის ბედიც წყდება.
კონგრესის შუალედური არჩევნების დროს აშშ-ის ამომრჩევლები შეიძლება დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკას. მაგალითად, თუ მოსახლეობის უმრავლესობას მოსწონს დემოკრატი-პრეზიდენტის მუშაობა, მაშინ შუალედური არჩევნების დროს მანდატების უმრავლესობას იგებენ დემოკრატიული პარტიის კანდიდატები - ანუ პრეზიდენტი მიიღებს კოგრესის უფრო ლოიალურ შემადგენლობას. მაგრამ ხშირად პირიქით ხდება და შუალედური არჩევნები გადაიქცევა ხოლმე მოწინააღმდეგე პარტიისთვის კონგრესში პოზიციების განმტკიცების საშუალებად.
რატომ არის დღევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანი?
შუალედურ არჩევნებში მთავარ ფაქტორად ტრადიციულად ამომრჩევლის აქტივობა რჩება, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ყოველთვის დაბალია. ამერიკული გამოცემების უმრავლესობის აზრით, 2018 წლის არჩევნებს ქვეყანა მაქსიმალურად გაყოფილი ხვდება ორ ბანაკად. ეს ნიშნავს იმას, რომ წარმატება როგორც არასდროს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი პარტია შეძლებს საარჩევნო უბნებზე მეტი მხარდამჭერის მიყვანას.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ არსებობდა განცდა, რომ ტრადიციული სცენარი გამეორდებოდა: 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის დამარცხებით შეწუხებული დემოკრატიული პარტიის მომხრეები კონგრესიდან რესპუბლიკელების გასაძევებლად უბნებზე მასობრივად მივიდოდნენ. მაგრამ ოქტომბრის დასაწყისში კვლევებში რესპუბლიკელი ამომრჩევლების აქტივობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა - გავრცელებული ვერსიით, ამაზე გავლენა მოახდინა ბრეტ კავანოსთან დაკავშირებულმა ისტორიამ, რომელიც აშშ-ის უზენაეს სასამართლოში კანდიდატად წარდგენის წინ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. კავანოს დანიშვნას დემოკრატიული პარტიის ბევრი მომხრე შეეწინააღმდეგა. როგორც ჩანს მათმა ოპონენტებმა მიიჩნიეს, რომ კავანოს ირგვლივ დაწყებული სკანდალი პოლიტიკური იყო.
რა თემები იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე?
შულედური არჩევნების წინ, რომლის დროსაც შტატების წარმომადგენლებს ირჩევენ, ფედერალურ თემებს იშვიათად განიხილავენ. თუმცა ეს არჩევნები აშკარად გამონაკლისია. როგორც ვებგვერდი FiveThirtyEight აღნიშნავს, რომელიც წინასაარჩევნო პროგნოზების შესახებ წერს, ამომრჩევლებზე არა ადგილობრივი, არამედ ფედერალური თემების გავლენა ამ არჩევნებს საპრეზიდენტოს უტოლებს.
ბრეტ კავანოს შემთხვევა - ერთადერთი საკითხი არ არის. ტრამპის ადმინისტრაციამ არჩევნების წინ ისეთ თემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც საზოგადოებრივი აზრი ისედაც გაყოფილია - მაგალითად, მიგრანტების პრობლემაზე (არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ-ში დაბადებული არალეგალების შვილებს მოქალაქეობას აღარ მიანიჭებს).
მეორე მხრივ, ტრამპის აგრესიული რიტორიკა (ასევე მისი ზოგიერთი ისეთი თაყვანისმცემლის ქცევა, როგორიც სეზარ სეიოკია, რომელმაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დემოკრატების ცნობილ მომხრეებს ყუმბარებიანი ამანათები დაუგზავნა), დიდი ალბათობით მისი მოწინააღმდეგეების მობილიზებას გამოიწვევს.
რომელ ოლქებში გადაწყდება კონგრესის ბედი?
როგორც ყოველთვის, ამერიკულ არჩევნებში ყველაზე საინტერესო ეგრეთ წოდებული ჩამოუყალიბებელი ოლქებია: განსხვავებით მათგან, სადაც ამომრჩევლები ტრადიციულად უპირატესობას ანიჭებენ ორი მსხვილი პარტიიდან ერთ-ერთის კანდიდატს, აქ კენჭისყრის შედეგების წინასწარ გათვლა შეუძლებელია და დიდწილად სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგები, თუ ვის მხარეს დადგება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. The New York Times-ის შეფასებით, 75 სადავო ოლქში დაახლოებით 50 მილიონი ამერიკელი ამომრჩეველი ცხოვრობს.
ვინ გაიმარჯვებს?
პრესაში ამ არჩევნებს ზოგჯერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას ადარებენ, და ფიქრობენ რომ დემოკრატიულ პარტიას პოზიციების განმტკიცების მეტი შანსი აქვს, ვიდრე რესპუბლიკელებს - შენარჩუნების. ახლა დემოკრატებს პალატაში 193 ადგილი აქვთ, რესპუბლიკელებს - 235. გამარჯვებისთვის დემოკრატებმა არცერთი ადგილი არ უნდა დაკარგონ და მიიღონ დამატებით 23 ადგილი. წარმატების შანსი საკმაოდ მაღალია; FiveThirtyEight-ის 1 ნოემბრის მონაცემებით, იმის ალბათობა, რომ დემოკრატები წარმომადგენლობით პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, 85% იყო.
ამასთან, კვლევების თანახმად, შტატების უმრავლესობაში დემოკრატებს და რესპუბლიკელებს თანაბარი შანსები აქვთ და ვერცერთი ვერ ახერხებს საგრძნობლად გაუსწროს მოწინააღმდეგეს. რაც შეეხება სენატს, აქ ძალთა თანაფარდობა დემოკრატების სასარგებლოდ ნამდვილად არ არის: აქ მათი შანსები მოიპოვონ კონტროლი პალატაზე 15%-ით ფასდება. The New York Times-ი ვარაუდობს, რომ ორიდან აუცილებლად ერთი პარტია გაიმარჯვებს: ან რეპუბლიკური ან დემოკრატიული.
რა მოხდება დემოკრატების ან რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში?
თუკი წარმომადგენლობით პალატაში ისევ რესპუბლიკელების გავლენა შენარჩუნდა, ეს დონალდ ტრამპის პოზიციებს მნიშვნელოვნად განამტკიცებს. პრეზიდენტი შეძლებს განაგრძოს ეკონომიკური დერეგულაციის და გადასახადების შემცირებისაკენ მიმართული რეფორმები, ასევე შეიძლება შეეცადოს სამედიცინო დაზღვევაზე კანონის შეცვლას, ხოლო იმპიჩმენტზე ლაპარაკი საერთოდ წარსულს ჩაბარდება.
თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, შედეგები დიდწილად პოლიტიკური იქნება: მოწოდებები სხვადასხვა ბრალდების გამოძიებისა და იმპიჩმენტისკენ კიდევ უფრო გააქტიურდება, თუმცა საკუთარი საკანონმდებლო დღის წესრიგის კარნახს დემოკრატიული პარტია კვლავ ვერ შეძლებს - მათთვის გამარჯვება გაყოფილი კონგრესი იქნება.


