27 ოქტომბერი 2018 - 21:25

ვინ არის კაცი, რომელმაც ობამას, კლინტონს და სოროსს „ბომბები“ გაუგზავნა

სეზარ სეიოკი

დაპატიმრებული სეზარ სეიოკი

ფოტო: კადრი ვიდეოდან, AP

26 ოქტომბერს ფლორიდაში დააკავეს 56 წლის სეზარ სეიოკი, რომელსაც დემოკრატი პოლიტიკოსებისთვის სულ ცოტა 14 ბომბის დაგზავნაში ადანაშაულებენ. სეიოკმა ბომბები გაუგზავნა ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, კონგრესის რამდენიმე მოქმედ წევრს, ასევე ფინანსისტ ჯორჯ სოროსს, მსახიობ რობერტ დენიროს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ დირექტორ ჯონ ბრენანს (მისთვის განკუთვნილი ბომბი ტელეკომპანია CNN-ის მიასამართზე მივიდა).

თითის ანაბეჭდები და გრამატიკული შეცდომები

სეზარ სეიოკი 2005 წელს დაპატიმრების შემდეგ
ფოტო: Hennepin County Sheriff''s Office

სეიოკი, რომელიც წარსულში პოლიციას არაერთხელ ჰყავს დაკავებული, კონგრესმენ მაქსინ უოტერსის ამანათზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდით გამოთვალეს. ასევე გაირკვა, რომ ორი ამანათიდან გენეტიკური ნიმუშები დაემთხვა დეენემს, რომლის ნიმუშიც მისგან ერთ-ერთი დაპატიმრების დროს აიღეს. გარდა ამისა, სოცქსელებში მის სტატუსებში დაშვებული გრამატიკული შეცდომები დაემთხვა ამანათებზე დაწერილ შეცდომებს, - იუწყება Associated Press.

გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) დაადასტურეს, რომ ბომბები მულიაჟი არ იყო, თუმცა ექსპერტებს ჯერ კიდევ გასარკვევი აქვთ, არსებობდა თუ არა აფეთქების რეალური საფრთხე. როგორც ბიუროს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ განაცხადა, თითოეული ბომბი შედგებოდა 15-სანტიმეტრიანი პლსასტმასის მილის ფრაგმენტის, ბატარეის და ასაფეთქებლისაგან. CNN-ის მონაცემებით, დაკითხვის დროს სეიოკმა თქვა, რომ ზიანის მიყენებას არავისთვის აპირებდა.

დონალდ ტრამპის თაყვანისმცემელი



სეზარ სეიოკის ფურგონი
ფოტო: Twitter@Patrick_Himself

ოფიციალურად, ბრალდებულის მოტივების შესახებ არაფერი თქმულა. როგორც ჩანს, სეიოკი დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია: 2016 წელს ის დარეგისტრირდა, როგორც რესპუბლიკელი-ამომრჩეველი, მონაწილეობდა პრეზიდენტის წინასაარჩევნო მიტინგებში, ხოლო თეთრ ფურგონს, რომელშიც ბოლო დროს სეიოკი სავარაუდოდ ცხოვრობდა, აკრული აქვს ტრამპის და ვიცეპრეზიდენტს მაიკ პენსის გამოსახულებიანი სტიკერები. ფურგონზე არის ასევე გაკრული ჰილარი კლინტონის და CNN-ის საწინააღმდეგო ლოზუნგები (ტელეკომპანია, რომელსაც ტრამპი მუდმივად აკრიტიკებს).

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სეზარ სეიოკი პოლიციამ მრავალჯერ დააკავა ქურდობისთვის; მის წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრალდება აფეთქების მოწყობის მუქარასაც ეხებოდა. ნაცნობები ახასიათებენ მას, როგორც შფოთიან და გაუწონასწორებელ ადამიანს, ხოლო ადვოკატი, რომელიც მისი ნათესავების ინტერესებს იცავს (რომლებთანაც სეიკოს დიდი ხანია კონტაქტი არ აქვს), ამტკიცებს, რომ ბრალდებული ფსიქიკურად აშლილია.

პიცის მიმტანი და სტრიპტიზის მოცეკვავე

ბოლო დრომდე სეიოკი პიცის მიმტანად მუშაობდა; Associated Press-ი მას უწოდებს ასევე „მოყვარულ-ბოდიბილდერს“ და წარსულში სტრიპტიზის მოცეკვავეს. მისმა ყოფილმა უფროსმა პიცერიიდან ჟურნალისტებს უამბო, რომ სეიოკი სამაგალითო თანამშრომელი იყო, თუმცა ყოველთვის ღიად ლანძღავდა უმცირესობებს: გეებს, აფროამერიკელებს, ებრაელებს და სხვებს; იმავდროულად, როგორც The Washington Post-ი წერს, კოლეგებთან საუბარში ის თავს ასაღებდა ინდიელების შთამომავლად, თუმცა სინამდვილეში, როგორც მისი ბიძაშვილი ამბობს, სეიოკის მამა ფილიპინელი, ხოლო დედა იტალიელია.

სეიოკს სოცქსელებში რამდენიმე ექაუნთი ჰქონდა, რომლებითაც მომხმარებლებს კონსპიროლოგიურ თეორიებს უზიარებდა, მაგალითად იმის შესახებ, რომ ჯორჯ სოროსმა ფლორიდის მასობრივი მკვლელობის შემდეგ იარაღის საწინააღმდეგო კამპანიისთვის მსახიობები დაქირავა; აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის ოპონენტებს და ღიად ემუქრებოდა მათ, მათ შორის, მის მიერ გაგზავნილი ამანათების ადრესატებს.

ამანათები

ერთ-ერთი ამანათი
ფოტო: FBI


სეზარ სეიოკისთვის ბრალის წარდგენის მომენტისთვის ცნობილი იყო 13 ამანათის შესახებ, რომლებიც მან სავარაუდოდ, 11 ადრესატს გაუგზავნა. მალე FBI-მ განაცხადა, რომ მე-14 პაკეტიც იპოვა. ბიუროში მიაჩნიათ, რომ ყველა გაგზავნილი ამანათი შეიძლება ნაპოვნი არც არის. სეიოკს 48-წლიანი პატიმრობა ემუქრება, მათ შორის ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა ასაფეთქებლის უკანონო ტრანსპორტირება და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მუქარა.

სხვა თემები