09 ოქტომბერი 2017 - 22:44

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი შესაძლებელია? მგონი - არა

ფოტო: Twitter@CBSNews

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის მოწოდებით გიგანტური ბანერი განათავსეს. ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია Courage Campaign-ს ეკუთვნის, რომლის წევრებსაც იმედი აქვთ, რომ კონგრესზე გავლენას მოახდენენ.

იმპიჩმენტი რა არის?

აშშ-ის კონსტიტუციით გათვალისწინებულია მაღალი რანგის თანამდებობის პირების (გუბერნატორების, ვიცეპრეზიდენტების და პრეზიდენტების) ხელისუფლებიდან ჩამოშორების პროცედურა. კონსტიტუციის თანახმად, თუ პრეზიდენტი დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ის სასამართლოს წინაშე იოლად ვერ წარდგება - თავდაპირველად კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა ბრალდებებისთვის საკმარისი საფუძველი. თუ აღმოჩნდა, რომ არსებობს, სწორედ კონგრესმა უნდა ჩამოაშოროს სახელმწიფოს მეთაური ხელისუფლებას.

ეს საკმაოდ რთული პროცედურაა, და იმპიჩმენტი არ ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად გადააყენებენ. პროცედურის დაწყების უფლება აქვს მხოლოდ წარმომადგენლობით პალატას და მხოლოდ იურიდიული კომიტეტის რეკომენდაციით. რეკომენდაციის შემდეგ იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე გააქვთ: დეპუტატები იწყებენ მსჯელობას პრეზიდენტის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე და უბრალო უმრავლესობით წყვეტენ, არსებობს თუ არა საფუძველი მისი გადაყენებისთვის. თუ წარმომადგენლობითი პალატა იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, საქმე სენატს გადაეგზავნება, სადაც იმართება კიდეც სასამართლო - ზედა პალატის წევრები (უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის თავმჯდომარეობით) არსებითად განიხილავენ ბრალდებებს და შედეგების მიხედვით გამოაქვთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება, რისთვისაც აუცილებელია უმრავლესობის ხმათა 2/3.

რისთვის შეიძლება პრეზიდენტი გადააყენონ?

ამერიკულ კონსტიტუციაში ძალიან ზოგადად არის განსაზღვრული დანაშაულები, რომლებიც შეიძლება იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. ქვეყნის მთავარ კანონში წერია, რომ პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტი და სხვა თანამდებობის პირები იმპიჩმენტის წესით შეიძლება გადააყენონ ისეთი ბრალდებებით, როგორებიცაა სახელმწიფოს ღალატი, მექრთამეობა და სხვა სერიოზული დანაშაულები და სამართალდარღვევები. კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს "სხვა სერიოზულ დანაშაულად" - არ არსებობს. პრაქტიკაში, ეს კონგრესის განსასაზღვრია. მაგალითად, 1970 წელს, აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა, რომელიც იმ მომენტში წარმომადგენლობით პალატაში უმცირესობის ლიდერი იყო, განაცხადა, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ნებისმიერ დანაშაულზე, თუ მას მხარს დაუჭერს წარმომადგენლობითი პალატის უმრავლესობა.

რა ბრალი შეიძლება წაუყენონ დონალდ ტრამპს?

მის წინააღმდეგ მთავარი პოლიტიკური ბრალდება რუსეთთან შესაძლო კავშირებია, მაგრამ სამართლებრივად ეს დადასტურებული ჯერჯერობით არ არის. ტრამპის მოწინააღმდეგეების აზრით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თეორიული საფუძველი დღემდე ორჯერ გაჩნდა.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საიდუმლო ინფორმაციის გაზიარება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ისრაელის დაზვერვის ინფორმაციის ლავროვისთვის გაზიარებაში სახელმწიფო ღალატის ნიშნებს ხედავენ (ამაზე, მარტო Google-ის სისტემაში იმ დღეებში ყველაზე ხშირად სიტყვების Trump+treason ძიებაც მოწმობს), ძალიან საეჭვოა პრეზიდენტისთვის ასეთი სერიოზული ბრალის წაყენება. თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფოს ღალატი ამ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად გულისხმობს "აშშ-ის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას ან აშშ-ის მტრების მხარდაჭერას და დახმარებას". მართალია, ამერიკული მედია რუსეთს ხშირად უწოდებს მტერს ან მოწინააღმდეგეს, მაგრამ კონსტიტუციაში, სავარაუდოდ, ლაპარაკია მხარეებზე, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. მოკლედ, რუსი დიპლომატისთვის დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებით, დონალდ ტრამპს კანონი საერთოდ არ დაურღვევია.

- მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა. ეს კი ბევრად სერიოზული ბრალდებაა. სწორედ ასეთ შემთხვევად განიხილავენ ტრამპის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლებას. კომის მოხსნის ოფიციალურ მიზეზად - ჰილარი კლინტონის ელექტრონულ მიმოწერაზე გამოძიებაში კომის ქცევა დასახელდა, თუმცა არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ FBI-ის დირექტორი ტრამპის გარემოცვის წევრების რუსული კავშირების გამოძიებას შეეწირა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯეიმს კომი იუსტიციის სამინისტროსგან ამ გამოძიებისთვის დამატებით რესურსს ითხოვდა, ასევე გაირკვა ისიც, რომ ტრამპი მას თავისი მრჩევლის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ გამოძიებაზე უარის თქმას სთხოვდა. ფლინი იძულებული გახდა გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც რუს ელჩთან სერგეი კისლიაკთან მისი კონტაქტების შესახებ გახდა ცნობილი.

ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება რეალურია?

დღეისთვის, ფაქტობრივად არა. ყველაზე მეტად იმპიჩმენტის პერსპექტივა ამერიკულ მედიას ხიბლავს, რომლის ურთიერთობაც დონალდ ტრამპთან მართლაც ძალიან რთულია. ერთადერთი კონგრესმენი, რომელმაც ტრამპის გადაყენების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატი წევრი, ტეხასელი პოლიტიკოსი ელ გრინია (მოგვიანებით მას თანაპარტიელი კონგრესმენი ბრედ შერმანიც შეუერთდა, ასევე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატივას აშშ-ის 10-მა მუნიციპალიტეტმაც დაუჭირა მხარი).

მაგრამ, კონგრესის რესპუბლიკელ პოლიტიკოსებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც ტრამპის იმპიჩმენტი პრინციპულად შეუძლებელია (ორივე პალატაში უმრავლესობას პრეზიდენტის პარტიის წევრები ქმნიან), მისი გადაყენების სურვილი არ გამოუთქვამთ და ამა თუ იმ სკანდალის დროს, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. მაისში, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ტრამპის გადაყენებასთან დაკავშირებულ კითხვაზე განაცხადა, რომ იმპიჩმენტი კონკრეტულ მომენტში მიზანშეწონილად არ მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ახალ-ახალი სიურპრიზების მოწმეა. "არ ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი [იმპიჩმენტისკენ მოწოდებებს] სერიოზულად აღიქვამს", - თქვა მან.

ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი პროკურორის რობერტ მიულერის დანიშვნას რესპუბლიკელებმაც დაუჭირეს მხარი, თუმცა იმის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი, რომ ეს გამოძიება თავად პრეზიდენტს შეეხება, დღემდე არ არსებობს.

სხვა თემები