01 ნოემბერი 2018 - 09:00

ამერიკელები მოქალაქეობას ანიჭებენ ყველას, ვინც აშშ-ი დაიბადა. ტრამპი ამის აკრძალვას აპირებს

აშშ მიგრანტები

ფოტო: shutterstock.com

აშშ-ის პრეზიდენტმა ცნობილ სტარტაპთან Axios ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ში დაბადებით მოქალაქეობის უფლების (Birthright Citizenship) გაუქმებაზე მუშაობს. ეს არის პრინციპი, რომლის თანახმად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბადა, ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქედ მიიჩნევა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო სისტემის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც ბოლო 150 წლის განმავლობაში მოქმედებს. მისი გაუქმება იოლი არ იქნება, მაგრამ თუ ტრამპი თავისას მიაღწევს, ის ათობით ათას ადამიანზე აისახება, მათ შორის მათზეც, ვინც აშშ-ში შვილების გასაჩენად სპეციალურად ჩადის.

ტრამპმა კონკრეტულად რა თქვა?

ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ უკვე განიხილა თავის მრჩევლებთან აშშ-ში „დაბადებით მოქალაქეობის უფლების“ გაუქმების შესაძლებლობა - პრინციპის, რომლის თანახმად აშშ-ის მოქალაქეობას იღებს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებული ნებისმიერი ადამიანი, იმ შემთხვევაშიც, თუ მშობლები მანამდე არასდროს ყოფილან ამერიკაში. ტრამპის თქმით, უახლოეს მომავალში მისი ადმინისტრაცია მოამზადებს პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის თანახმად არალეგალი მიგრანტების ან მოკლევადიანი ვიზების მფლობელთა ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს ვერ ექნებათ აშშ-ის მოქალაქეობაზე პრეტენზია.

„ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ადამიანი შვილების გასაჩენად ჩამოდის. ეს ბავშვები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები ხდებიან და შემდეგ 85 წლის განამვლობაში სარგებლობენ ყველა შესაბამისი სიკეთით... ეს უბრალოდ არაფერში ჯდება და უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

რატომ აძლევენ ამერიკელები მოქალაქეობას ყველას, ვინ აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბადა?

რადგან ამას მოითხოვს აშშ-ის კონსტიტუცია. დაბადებით მოქალაქეობის უფლება გარანტირებულია მე-14 შესწორებით: „ყველა ადამიანი, რომელიც დაბადებულია აშშ-ში ან გავლილი აქვს ნატურალიზაციის პროცედურა და აშშ-ის იურისდიქციის ქვეშაა, არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე“. შესწორება 1868 წელს, სამოქალაქო ომის დამთავრებიდან მალევე მიიღეს; მისი წყალობით მოქალაქეები გახდნენ ყოფილი მონები (1865 წელს მონობის გაუქმების შემდეგაც კი ამერიკაში შენარჩუნდა კანონები, რომლებიც მონებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას კრძალავდა).

აშშ მართლაც ერთადერთია, რომელიც ქვეყანაში დაბადებულ ყველა ადამიანს მოქალაქეობას ანიჭებს?

არა. დაბადების უფლებით მოქალაქეობის მინიჭების პრაქტიკა მხოლოდ აშშ-ში არ მოქმედებს; ეს უფლება არსებობს დასავლეთ ნახევარსფეროს რამდენიმე ათეულ სახელმწიფოში, დაწყებული არგენტინიდან დასრულებული იამაიკით. ერთ-ერთი ამერიკული კვლევის მონაცემებით, დასავლეთ ნახევარსფეროს 35 სახელმწიფოდან დაბადებით ნატურალიზაცია ავტომატურად 30 ქვეყანაშია გათვალისწინებული.

ტრამპი კონსტიტუციის შეცვლას შეძლებს?

„მე ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ [დაბადებით მოქალაქეობის უფლების] გაუქმებისთვის საჭირო იყო კონსტიტუციის შეცვლა. იცით რას გეტყვით? ეს არ არის საჭირო“, - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ შესწორების გაუქმების მიღწევა შესაძლებელია კონგრესის აქტით ან პრეზიდენტის განკარგულებით (executive order).

ბევრ ამერიკელ იურისტს მიაჩნია, რომ ასე არ არის. კერძოდ, გამოცემამ Vox სამართლის 11 ექსპერტი გამოკითხა და მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის შესწორებას ასე ხელაღებით ვერ გააუქმებს. ამასთან, ტრამპს შეუძლია უბრძანოს შესაბამის უწყებებს კონსტიტუციის მუხლის სხვაგვარად ინტერპრეტირება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. ასე მოხდა მაგალითად, შვიდი ისლამური ქვეყნიდან აშშ-ში შესვლაზე ტრამპის მიერ გამოცემულ განკარგულებასთან დაკავშირებით. სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში მოსმენების შემდეგ ადმინისტრაციას პრეზიდენტის განკარგულების საგრძნობლად შერბლება მოუწია.

ვინ დაზარალდება თუ ტრამპი თავისას მიაღწევს?

მიგრანტების შვილებისათვის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მინიჭების ოფიციალური სტატისტიკა არ ქვეყნდება, მაგრამ მათი წილი შეიძლება წელიწადში ახალი მოქალაქეების საერთო რაოდენობის 9%-ს შეადგენდეს. USA Today-ის მონაცემებით, 2014 წელს ამერიკის მოქალაქეობა არალეგალი მიგრანტების ოჯახებში დაბადებულმა 275 ათასმა ბავშვმა მიიღო (2006 წელს ასეთი შემთხვევები 300 ათასს აჭარბებდა).

გარდა ამისა, ყოველწლიურად აშშ-ის მოქალაქე ხდება კიდევ რამდენიმე ათეულ ათასი ადამიანი (ზოგიერთი შეფასებით, 40 ათასამდე), რომლებსაც ამერიკაში ტურისტული ვიზით ჩასული ქალები აჩენენ. ეგრეთ წოდებული სამშობიარო ტურიზმი განსაკუთრებით გავრცელებულია რუსეთსა და ჩინეთში. რუსეთის ფედერაციიდან ჩასულები ყველაზე ხშირად შვილებს აჩენენ ფლორიდაში, ხოლო ჩინელი ტურისტები - კალიფორნიაში.

სხვა თემები