ძალაუფლების რიტუალი. რა არის ინაუგურაცია და რატომ მართავენ მას სახელმწიფოები?
ფოტო: shutterstock.com
2018 წლის 16 დეკემბერს თელავში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე და ბოლო პრეზიდენტია, რომელიც ამომრჩევლებმა პირდაპირი წესით აირჩიეს. ინაუგურაციაზე ფიცის დადების შემდეგ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი თავისი 6-წლიანი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება, იმავე წუთიდან ამოქმედდება ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციაც, რომლის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მკვეთრად იზღუდება და ის, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს მთავარი ელჩის და არბიტრის როლს შეასრულებს. პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საქართველოში მეოთხედ იმართება და ის პირველად ტარდება არა დედაქალაქში, არამედ რეგიონში.
ინაუგურაციის ისტორია
ინაუგურაცია - სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების ოფიციალური ამოქმედების საზეიმო ცერემონია-რიტუალია. სიტყვა მოდის ლათინური სიტყვიდან augures - ეს იყო რომის საპატიო ქურუმების კოლეგიის წევრი, რომელიც ოფიციალური სახელმწიფო „მკითხავი“ გახლდათ და წინასწარმეტყველებდა იმას, თუ როგორ დასრულდებოდა ესა თუ ის ღონისძიება ბუნებრივი მოვლენების და ცხოველების ქმედებების მიხედვით. თავად რიტუალი მონარქების კურთხევის ცერემონიიდანაა ნასესხები. თუმცა თანამედროვე მონარქიებში, გარდა დიდი ბრიტანეთისა, მეფედ/დედოფლად კურთხევა უფრო ფორმალური ინაუგურაციით შემოიფარგლება.
სხვადასხვა ქვეყანაში პირველი პირის უფლებამოსილების ამოქმედება სხვადასხვა სცენარის მიხედვით იწყება. ზოგჯერ პატარა „ამოვარდნებიც“ ნებადართულია, როგორც მაგალითად, 2013 წელს სამხრეთ კორეაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში ქვეყნის ისტორიაში პირველად აირჩიეს ქალი-პრეზიდენტი და ყველა სტუმარი ცნობილი ჰიტის ქვეშ ცეკვავდა.
მაგრამ ძირითადად, ქვეყნების უმრავლესობისთვის სახელმწიფოს მეთაურის არჩევა სერიოზული და მკაცრი პროტოკოლური ღონისძიებაა. ზოგიერთ ქვეყანაში წესებიდან ოდნავი გადახვევაც კი პრეზიდენტის სავარძლის დაკარგვით შეიძლება დასრულდეს.
მსოფლიოში პირველი პრეზიდენტი, რომელმაც საზეიმო ცერემონია გაიარა, ჯორჯ ვაშინგტონი იყო. მოგვიანებით ბევრმა ქვეყანამ სწორედ ამერიკული პროტოკოლი გადაიღო.
ინაუგურაციის თარიღი
სახელმწიფოების უმრავლესობაში ინაუგურაციის თარიღი გარდამავალია, თუმცა ზოგან - მუდმივიც. ეს ძირითადად ისეთ ქვეყნებს ეხება, რომლებსაც ვიცეპრეზიდენტის სისტემა აქვს და სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტა სიკვდილის ან მისი გადადგომის მიზეზით, ვადამდელ არჩევნებს არ იწვევს.
1933 წლამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინაუგურაცია (თუ არ ჩავთვლით შემთხვევებს, როდესაც პრეზიდენტი ხდებოდა ვიცეპრეზიდენტი) 4 მარტს იმართებოდა, კონსტიტუციის მე-20 შესწორების ამოქმედების შემდეგ - 20 იანვარს.
მექსიკაში ეს თარიღი 1 დეკემბერია, ბრაზილიაში - 15 მარტი, კოლუმბიაში - 7 აგვისტო, გერმანიაში - 1 ივლისი. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო რელიგია მოქმედებს (ირლანდია, იტალია და საბერძნეთი), ცერემონიას კიდევ ერთი სავალდებულო წესი ემატება - პრეზიდენტი ჯვარს ან ბიბლიას უნდა ემთხვიოს.
ინაუგურაციის ტრადიცია სხვადასხვა სახელმწიფოში
ამერიკის შეერთებული შტატები
მსოფლიოში პირველი პრეზიდენტი, რომელიც საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდა, ჯორჯ ვაშინგტონი იყო. 200 წლის განმავლობაში ტრადიციები საგრძნობლად შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ არ იცვლება: ფიცის სიტყვები, რომელსაც თეთრი სახლის ხელმძღვანელი წარმოთქვამს.
აშშ-ში ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის დასავლეთ ფლიგელში იმართება. დღე საზეიმო მეჯლისით სრულდება, სადაც, როგორც წესი, მთელი ყურადღება არა პრეზიდენტის, არამედ ახალი პირველი ლედისკენაა მიმართული.
ტრამპის ინაუგურაცია ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია - მასზე დაახლოებით 90 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ფიცის დადების შემდეგ ტრამპმა თავისი წინამორბედი ვერტმფრენამდე გააცილა, რომლითაც ბარაკ და მიშელ ობამები შვებულებაში გაფრინდნენ.
ბრაზილია
ბრაზილიაში ინაუგურაცია ნაციონალური დღესასწაულის ტოლფასია. ამ დღეს კარნავალი არა, მაგრამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კონცერტები იმართება, არჩეულ პრეზიდენტს ღია ავტომანქანა ქუჩებში ატარებს და სამხედრო აღლუმიც იმართება. სინამდვილეში, ბრაზილიის კონსტიტუციით სავალდებულო მხოლოდ საპრეზიდენტო ფიცის დადებაა, თუმცა ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში ტარდება. ასევე ამ დღეს ოფიციალურად და საჯაროდ ნიშნავენ რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის იუსტიციის მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს.
ევროპა
ევროპელები უფრო თავშეკავებულად იქცევიან, სავარაუდოდ, იმიტომაც, რომ ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს არა პრეზიდენტები, არამედ პრემიერმინისტრები მართავენ. ძველი ევროპის რესპუბლიკებში ინაუგურაციის ცერემონიები მოკრძალებული და მოკლეა. მათთვის ეტალონი ფრანგული სქემაა.
საფრანგეთი, სადაც საპრეზიდენტო მმართველობაა, ამ მხრივ გამორჩეულია. პარიზში მიმავალი პრეზიდენტი მემკვიდრეს ელისეს სასახლის კიბესთან ხვდება, რის შემდეგაც დახურულ ფორმატში გადასცემს მას ეგრეთ წოდებულ ბირთვულ კოდს, შემდეგ კი რეზიდენციას ტოვებს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტები ფიცს არ დებენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიემინისტრი ტერეზა მეი დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრით შემოიფარგლა. ხოლო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ მოკრძალებულად ფიცი დადო და სამუშაოდ გაემგზავრა.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თავის საინაუგურაციო პროტოკოლებს ახლა ქმნიან. გამორჩეულია ჩეხეთი, სადაც ტექსტის წარმოთქმისას პატარა შეფერხება ან ტექსტიდან გადახვევა - არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმების და ახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველია, თუმცა ისტორიაში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.
უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში ცერემონია ძალიან ჰგავს რუსულ მოდელს. მდიდრული ინაუგურაცია ჰქონდა ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს 2015 წელს, მეხუთე ვადით არჩევის შემდეგ. მინსკში საზეიმო ილუმინაცია ჩართეს და სახალხო სეირნობა მოაწყვეს.
რუსეთი
დღემდე რუსეთში 6 საპრეზიდენტო ინაუგურაცია გაიმართა. ორჯერ ბორის ელცინის (1991 და 1996 წლებში), ოთხჯერ ვლადიმერ პუტინის (2000, 2004, 2012, 2018) და ერთხელ დიმიტრი მედვედევის (2008). პუტინის და მედვედევის ინაუგურაციები კრემლის დიდ სასახლეში ჩატარდა, იმპერატორის ტახტის წინ და იდენტური იყო. რუსეთის პრეზიდენტები ფიცს ქვეყნის კონსტიტუციაზე დებენ, ფიცი კონსტიტუციაში გაწერილი 33 სიტყვისგან შედგება. საპრეზიდენტო ძალაუფლების ნიშნად მათ რუსეთის პრეზიდენტის სიმბოლურ ორდენს გადასცემენ, ასევე - რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის სპეციალურ ასლს და ბირთვულ ჩემოდანს.
შუა აზია
შუა აზიის რესპუბლიკებში უფრო პომპეზური რიტუალებია. 1999 წელს ყაზახეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია სავსე იყო, ერთი მხრივ, ნაციონალური და მეორე მხრივ, დასავლური ტრდიციების დეტალებით.
აზია
აზიაშიც პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია დიდწილად ამერიკული მოდელიდანაა გადაღებული. მაგალითად, ინდონეზიაში პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ფიცის დასადებად პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარეს მიჰყავს. ის მოკლე ტექსტს ამბობს ყურანზე და მას მუსლიმი მღვდელმსახური ლოცავს. ამის შემდეგ პრეზიდენტი წარმოთქვამს საინაუგურაციო სიტყვას და ცერემონიაც მთავრდება.
აფრიკა
აფრიკის ქვეყნებში ჩატარებული რიტუალები თითქმის იდენტურია - საკმაოდ მოკლე, თუმცა ფერადოვანი. მაგალითად, განის პრეზიდენტმა ჯონ კუფუორმა ინაუგურაციის დროს თავისი წინამორბედისგან განის პრეზიდენტის სიმბოლური მახვილი მიიღო. ინაუგურაციის ცერემონია მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისტორიაში მეორე შავკანიანი პრეზიდენტის, ტაბო მბეკის ინაუგურაციაზე, იმ ადამიანების ქანდაკებებს, რომლებმაც წარსულში თეთრი უმცირესობის შავკანიან უმრავლესობაზე ბატონობა დაამყარეს, მწვანე ტომრები ჩამოაცვეს.
საინაუგურაციო სიტყვა
ყველაზე მოკლე
აშშ-ის პირველი პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას 1789 წლის 4 მარტს შეუდგა, მგრამ ფიცი ორი თვის შემდეგ, 1789 წლის 30 აპრილს ნიუ-იორკში, ფედერალ-ჰოლში დადო. ვაშინგტონი სახელმწიფოს ერთადერთი მეთაურია, რომლის ინაუგურაციის ცერემონიაც ერთდროულად ორ სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. მეორე სიტყვა მან ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) 1793 წლის 4 მარტს წარმოთქვა და ის ისტორიაში ყველაზე მოკლე - 135-სიტყვიანი იყო.
ყველაზე ხანგრძლივი
რონალდ რეიგანის არჩევამდე აშშ-ის ყველაზე ხნიერ პრეზიდენტად უილიამ ჰენრი ჰარისონი მიიჩნეოდა. მან უფლებამოსილებების შესრულება 68 წლისამ, 1841 წელს დაიწყო. ჰარისონი ყველაზე ხანგრძლივი საინაუგურაციო სიტყვის ავტორია, რომლის წარმოთქმაც თითქმის 2 საათს გააგრძელა და 8445 სიტყვისაგან შედგებოდა. ყოფილმა გენერალმა სიმტკიცის დემონსტრირება გადაწყვიტა და ცუდი ამინდის მიუხედავად, თავისი ხელით დაწერილი ტექსტი ღია ცის ქვეშ წაიკითხა და უარი თქვა პალტოზე, ქუდსა და ხელთათმანზე. ინაუგურაციიდან ერთ თვეში ჰარისონი პნევმონიისგან გარდაიცვალა. ამერიკის ისტორიაში მან რეკორდი მოხსნა იმით, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მხოლოდ 32 დღეს იმუშავა.
ამინდი
ღია ცის ქვეშ საინაუგურაციო ტექსტის წარმოთქმას საფუძველი ჩაუყარა აშშ-ის მეხუთე პრეზიდენტმა ჯეიმს მონრომ 1817 წელს - მაშინ ცერემონია 4 მარტს იმართებოდა. კონსტიტუციაში მე-20 შესწორების შეტანის შემდეგ, 1933 წელს, ინაუგურაციის თარიღი 20 იანვარს გადაიტანეს, მაგრამ ტრადიცია შენარჩუნდა. 1960 წელს ჯონ კენედის უფლებამოსილების ამოქმედებამდე ვაშინგტონში ისე მოთოვა, რომ აღლუმისთვის ქუჩებს თოვლისგან ასობით ადამიანი წმენდდა.
ყველაზე ცივი საინაუგურაციო ამინდი 1985 წელს რონალდ რეიგანის ცერემონიას დაემთხვა. ამ წლის იანვარში ვაშინგტონში ტემპერატურა თითქმის მინუს 14 გრადუსი იყო. თუმცა 1981 წელს იმავე რეიგანის პირველ ინაუგურაციაზე ვაშინგტონის ქუჩებში ტემპერატურამ პლუს 13 გრადუსს მიაღწია. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღის ამინდი შეიძლება ამერიკის ისტორიაში ასევე ერთ-ერთ ყველაზე თბილ ამინდად ჩაითვალოს. ამ დღეს სითბომ 10-12 გრადუსს მიაღწია.
ბიბლია ან კონსტიტუცია
აშშ-ის პრეზიდენტებს ქვეყნის კონსტიტუცია ბიბლიაზე ფიცის დადებას არ ავალდებულებს. ეს ტრადიცია ჯორჯ ვაშინგტონმა შემოიღო. მას შემდეგ ამერიკის თითქმის ყველა პრეზიდენტი ფიცს ბიბლიაზე დებდა. მათ შორის, ვინც ბიბლია არ გამოიყენა - თეოდორ რუზველტია, რომელიც 1901 წელს თავისი უფლებამოსილების შესრულებას პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის მკვლელობის შემდეგ შეუდგა. ხოლო აშშ-ის 36-ე პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ფიცი ექსტრემალურ ვითარებაში, ჯონ კენედის მკვლელობის დღეს, Air Force One-ის ბორტზე დადო და ბიბლიის ნაცვლად კათოლიკური ლოცვების წიგნი გამოიყენა.
ბიბლიაზე ფიცის დადებაზე უარი თქვეს და კონსტიტუცია გამოიყენეს ჯონ ქუინსი ადამსმა (1797−1801) და ფრანკლინ პირსმა (1853−1857). ბარაკ ობამამ თავისი მეორე ინაუგურაციის დროს ორი ბიბლია გამოიყენა, რომლებიც მარტინ ლუთერ კინგს და აბრაამ ლინკოლნს ეკუთვნოდათ. ორ ბიბლიაზე დადო ფიცი აშშ-ის ოთხმა პრეზიდენტმა: ჰარი ტრუმენმა (1949), დუაიტ ეიზენჰაუერმა (1953), უფროსმა ჯორჯ ბუშმა (1989) და რიჩარდ ნიქსონმა (1953).
პროტესტი
დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოეწყო, მათ შორის ცნობილი „ქალთა მარში“. ცერემონიის დღეს უსაფრთხოების ზომებზე დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაიხარჯა, წესრიგს კი 3000 პოლიციელი, ნაციონალური გვარდიის დაახლოებით 8000 თანამშრომელი და 5000 სამხედრო მოსამსახურე იცავდა.
სარისკო იყო 1968 წელს რიჩარდ ნიქსონის ინაუგურაცია. მოძრაობა Mobe-ის აქტივისტებმა, რომლებიც ვიეტნამიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას ითხოვდნენ, პრეზიდენტის კორტეჟს ბოთლები და საჭმელი დაუშინეს. 1973 წელს, ნიქსონის მეორე ინაუგურაციის დროს მის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მონაწლეობდა.
კვერცხები და ჩოგბურთის ბურთები დაუშინეს უმცროსი ჯორჯ ბუშის კორტეჟს მისი პირველი ინაუგურაციის დროს. 1999-2000 წლების საპრეზიდენტო მარათონი აშშ-ის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სადავო კამპანიად მიიჩნევა. ხმების მრავალჯერადი გადათვლა და სასამართლო დავები თითქმის ერთ თვეს გაგრძელდა. საბოლოოდ, ბუშმა ამომრჩევლების საერთო რაოდენობით წააგო, თუმცა საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმებით გაიმარჯვა. 2005 წელს ბუშის მეორე ინაუგურაციის დღეს ათასობით დემონსტრატმა აქცია ერაყის კამპანიის წინააღმდეგ ანტისაომარი ლოზუნგებით მოაწყო.