25 იანვარი 2019 - 21:31

რა ხდება ვენესუელაში და ვინ არის პრეზიდენტად გამოცხადებული ხუან გუაიდო?

კარაკასი, ვენესუელა, 2017 წლის გამოსვლები

კარაკასი, ვენესუელა, 2017 წლის გამოსვლები

ფოტო: shutterstock.com

ბოლო რამდენიმე დღეა, ვენესუელაში სამოქალაქო კონფლიქტი და ორხელისუფლებიანობაა. ის მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურ მმართველად გამოაცხადა, ხოლო სახელმწიფოს მეთაურად პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო დანიშნა.

ვინ არის ხუან გუაიდო?

ბოლო დრომდე ხუან გუაიდო ბევრისთვის უცნობი იყო. 35 წლის პოლიტიკოსმა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა თავი და ამაში თეთრი სახლის და ლათინური ამერიკის ბევრი მთავრობის მხარდაჭერა მოიპოვა. 

ამასთანავე, ვენესუელური ოპოზიციური პარლამენტის (ნაციონალური ასამბლეის) ლიდერი ის 5 იანვარს, ფაქტობრივად, შემთხვევით გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მისი პარტიის „სახალხო ნება“ (Voluntad Popular) რამდენიმე მთავარი ფიგურა დააკავა და პარტიული სიის თანახმად, მისი ჯერი დადგა.

ერთ კვირაში გუაიდო რამდენიმე საათით ვენესუელის სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს, რადგან პოლიტიკოსმა პრეზიდენტ მადუროს ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა და დაიმუქრა, რომ კონსტიტუციურ უფლებას გამოიყენებდა და მომავალ არჩევნებამდე ხელისუფლებას საკუთარ ხელში აიღებდა, რაც გააკეთა კიდეც 23 იანვარს.

გუაიდოს რიგითი ვენესუელელის იმიჯი აქვს: ის ხელმოკლე მშრომელების ოჯახიდანაა, წარმოშობით პროვინციიდან და არა კარაკასიდან. ის ვარგასის შტატის ქალაქ ლა-გუაირაში, კარიბის სანაპიროზე, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მომავალი პოლიტიკოსის მამა პილოტი, დედა კი - მასწავლებელი იყო.

მოზარდობისას გუაიდომ ვენესუელაში ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სტიქია გადაიტანა, კერძოდ, მეწყრის ჩამოწოლა 1999 წლის დეკემბერში, რასაც ოცდაათიათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

გუაიდო ვენესუელაში ანდრეს ბელიოს სახელობის უნივერსიტეტში (UCAB) სწავლობდა, სადაც უსახსრობის გამო ძლივს ჩააბარა და 2007 წელს ინჟინრის დიპლომი მიიღო, შემდეგ კი - აშშ-ში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სახელმწიფო მმართველობის სფეროში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

2009 წელს გუაიდომ ოპოზიციის გამოჩენილ ლიდერთან და თავის პოლიტიკურ დამრიგებელთან, ლეოპოლდო ლოპესთან ერთად მემარცხენე-ცენტრისტული პარტია „სახალხო ნება“ დააფუძნა. მოგვიანებით ლოპესი დააპატიმრეს და ხანძრის გაჩენისა და ტერორიზმის ბრალდებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ლოპესს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს.

დიდ პოლიტიკაში ახალგაზრდა ინჟინერი 2011 წელს მოხვდა, როდესაც ის ნაციონალურ ასამბლეაში პარტიიდან „სახალხო ნება“ დეპუტატად აირჩიეს.

2015 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, პარტიებმა მოილაპარაკეს, რომ ასამბლეის თავმჯდომარე ყოველ წელს შეიცვლებოდა და ეს იქნებოდა ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერი. წელს „სახალხო ნების“ ჯერი დადგა. პარტიის ლიდერი ლოპესი შინაპატიმრობაშია, კიდევ ერთი პოლიტიკოსი კარლოს ვეკიო აშშ-ში გაიქცა, მისი მოადგილე ფრედი გევარა კი 2017 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ თავშესაფარს ეძებს ჩილეს საელჩოში. საბოლოოდ, პარლამენტის სპიკერი გუაიდო გახდა.  

ზოგიერთები გუაიდოს აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას ამსგავსებენ. ვენესუელელმა პოლიტიკოსმა ობამას წინასაარჩევნო ლოზუნგი „დიახ, ეს შესაძლებელია!“ (Sí, se puede) გამოიყენა.

გახდება თუ არა გუაიდო ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი, ჯერჯერობით უცნობია. ახლანდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გუაიდოს უფლებამოსილებას არ აღიარებს და ტელემიმართვის დროს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. მართალია, გუაიდო ქვეყნის პარლამენტის, ნაციონალური ასამბლეის ხელმძღვანელია, მაგრამ შარშან მადურომ დამფუძნებელი კრება შექმნა და მას პარლამენტის თითქმის ყველა უფლებამოსილება გადასცა. თავად გუაიდო ამტკიცებს, რომ მისი ქმედებები ვენესუელის კონსტიტუციას ეფუძნება და ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობაზე მშვიდობიანი გადასვლისთვის იმუშავებს.

გუაიდოს გახსნილ პოლიტიკოსად მიიჩნევენ, რომელსაც სჯერა, რომ ხელისუფლების შტოები სამართლებრივ ველში უნდა მოქმედებდნენ.

ნიკოლას მადურო დიქტატორია?

ანალიტიკოსები ერიდებიან მისთვის ცალსახა იარლიყის მიკერებას. ეს არის ჰიბრიდული რეჟიმის მსგავსი რამ, რადგან დემოკრატიას მას ნამდვილად ვერ დაარქმევ. ვენესუელაში არჩევნები ტარდება. მაგალითად, ბოლო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ, თუმცა არა აშშ-დან, ევროპიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, რომლებმაც ის არ აღიარეს, არამედ რუსეთიდან. იმავდროულად, დემოკრატია, პირველ რიგში, გულისხმობს ხელისუფლების ცვლილებას, აქ კი ძალაუფლება, ფაქტობრივად, ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული. 

რაც შეეხება ნიკოლას მადუროს რეჟიმის სისასტიკის ხარისხს, ამაზე დასკვნების გაკეთება მხოლოდ ღია წყაროებითაა შესაძლებელი. არავინ იტყვის, და მადუროც თავად არასდროს აღიარებს, რომ მან გასცა ბრძანება მშვიდობიანი მანიფესტაციის სასტიკ დარბევაზე, მაგრამ ვენესუელაში პრობლემა ამაშიც არ არის. ანალიტიკოსების თქმით, ჩავესის დროსაც არ იყო განსაკუთრებული რეპრესიები, სამაგიეროდ, მან ხელისუფლების და ძალადობის პარალელური სტრუქტურების შექმნა დაიწყო, რაც 2002 წლის წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ მოხდა, როდესაც მას შეეშინდა, რომ შეიარაღებულ ძალებს სრულად ვერ დაეყრდნობოდა.

ასე შეიქმნა „კოლექტივოსი“ - შეიარაღებული ბანდები ღარიბი რაიონებიდან, რომლებსაც ადგილებზე ზედამხედველობა დაევალათ. პრაქტიკაში, სავარაუდოდ, სწორედ „კოლექტივოსი“ გახდა დანაშაულის წარმოუდგენლად ზრდის მთავარი წყარო. მაშინვე ცხადი გახდა, რომ ვენესუელას ემუქრებოდა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ შიდაპოლიტიკური კრიზისიც. 2017 წელს „კოლექტივოსი“ ოპოზიციური გამოსვლების ჩასახშობად გამოიყენეს. მისი წევრები კი ამბობდნენ, რომ მათი ამოცანა „რევოლუციის დაცვაა“ და ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.

დღეს ბევრი რამ დამოკიდებულია არმიის პოზიციაზე. ჯერჯერობით ოპოზიცია მასთან კონტაქტს ვერ ამყარებს, მიუხედავად იმისა, რომ გუაიდო ამნისტიას დაჰპირდა მათ, ვინც მის მხარეს გადავლენ. არმიისთვის დღეს მადურო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, რაც გასაგებია, რადგან ყველა საკვანძო პოსტზე, სახელმწიფო ნავთობკომპანიის მმართველის ჩათვლით, სამხედროები არიან განაწილებულები. მიუხედავად ამისა, არმიას საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს, ის თითქოს იცდის. მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ ის ოპოზიციის მხარეს გადავა, „კოლექტივოსი“ საკმაოდ აქტიურად იცავს ნიკოლას მადუროს რეჟიმს, რადგან მისგან სერიოზული სარგებელი აქვს და მოქმედი პრეზიდენტის დასაცავად ქუჩაშიც გავა.    

ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ მადურო ძალაუფლებას ბრძოლის გარეშე არ დათმობს. 2005 წლის შემდეგ ვენესუელა სანქციების ქვეშ ცხოვრობს. მადურომ თავად აღიარა, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფაა, და ამ ფონზეც კი არ ამბობს უარს ძალაუფლებაზე. გამარჯვებულის პროგნოზირება ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია. დამკვირვებლების თქმით, პროცესი უმტკივნეულო ვერ იქნება და ძალთა ნებისმიერი განლაგება მსხვერპლის გარეშე არ ჩაივლის.

ესე იგი ვენესუელის კრიზისი შიდა ფაქტორების ბრალია?

დიახ, და სოციალისტურ პროექტში კრიზისის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ უგო ჩავესის სიცოცხლეში გაჩნდა, მაშინ, როდესაც მისი ავადმყოფობის შესახებ არავინ იცოდა. ჩავესმა ღარიბებისთვის ბევრი რამ გააკეთა, მათზე დიდ სუბსიდიებს გასცემდა, ქმნიდა სოციალურ პროგრამებს. ნავთობი მაშინ ძვირი ღირდა და მის შემოსავლებს „სოციალურ მისიებზე“ გულუხვად ხარჯავდნენ: აშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს, ადამიანებს მკურნალობდნენ. თუმცა ეს ჩიხური გზა იყო: წარმოება აღარ იქმნებოდა, იმპორტის პროცენტი მუდმივად იზრდებოდა. ის, რასაც ვენესუელა ადრე თავად აწარმოებდა, ახლა გარეთ ყიდულობს, რადგან სწორედ განსაკუთრებული „აყვავების“ პერიოდში ბევრი დარგი დაინგრა. შეიქმნა დეფიციტი.

ახლა იქ ძალიან სერიოზული პრობლემებია და თანაც - ცხოვრების ყველა სფეროში. ინფლაცია რამდენიმე ათასი პროცენტია; დანაშაულის დონე გაუტოლდა ისეთ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, სადაც სამხედრო კონფლიქტებია: 100 ათას ადამიანზე დაახლოებით 130 მოკლული; მედიკამენტების დეფიციტის გამო ჯანდაცვაში შემაშფოთებელი მდგომარეობაა; ვენესუელამ ბავშვთა სიკვდილიანობაზე სტატისტიკის გამოქვეყნებაც კი შეწყვიტა, რადგან 5-წლამდე ბავშვებში მაჩვენებელი ძალიან გაიზარდა. პროდუქტების დეფიციტს გამო ისინი ძალიან გამოიფიტნენ და ნებისმიერი ინფექცია კლავთ.

ოპოზიციამ მომენტი მოძებნა და მსოფლიოს უთხრა, რომ ჰყავს დროებითი, მადუროზე უფრო ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვენესუელაში ბოლო მასშტაბური არეულობები 2017 წელს იყო. ოპოზიცია 29 მარტიდან ივლისამდე, ყოველდღიურად მშვიდობიან გამოსვლებს აწყობდა იმ იმედით, რომ ან მადურო თავად გადადგებოდა ან მსოფლიო თანამეგობრობა აიძულებდა მას წასვლას. ამ სტრატეგიამ არ იმუშავა, ისინი დაარბიეს.

იმავდროულად, მადურომ, იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკური გათვლები გაეუმჯობესებინა, გადაწყვიტა 1999 წლის კონსტიტუციის გადაწერა. თუმცა ჩავესმა თავისი კონსტიტუცია რეფრენდუმის გზით დაამტკიცა, ანუ მოქალაქეებს თანხმობა სთხოვა, მადურომ კი ეს პრეზიდენტის ბრძანებით გააკეთა, რაც მსოფლიო თანამეგობრობას ძალიან არ მოეწონა.

მადუროს ძალიან ბევრი ქვეყანა არ აღიარებს მეორე ვადით კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად. ისინი ლეგიტიმურ ხელისუფლებად სწორედ ნაციონალურ ასამბლეას მიიჩნევენ - ძველი კონსტიტუციის თანახმად არჩეულ პარლამენტს. საპრეზიდენტო არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მასში ფორმალურად ერთი ოპოზიციური კანდიდატი და ისიც ჩავესის ყოფილი თანამებრძოლი მონაწილეობდა.

რომელი ქვეყნები უჭერენ მხარს გუაიდოს და რომლები - მადუროს?

24 იანვრის მონაცემებით, ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით მმართველად ამერიკის კონტინენტზე აღიარეს: კანადამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გვატემალამ, ჰონდურასმა, კოსტა-რიკამ, პანამამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პერუმ, ჩილემ, ბრაზილიამ, პარაგვაიმ, არგენტინამ. ევროპის კონტინენტიდან: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, უკრაინამ, საქართველომ, ალბანეთმა.

ნეიტრალური პოზიცია აქვთ: მექსიკას, ესპანეთს, პორტუგალიას, ბელარუსს.

ხუან გუაიდოს მხარს არ უჭერენ და აღიარებენ ნიკოლას მადუროს: ბოლივია, ურუგვაი, ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი.

2009 წლის 10 სექტემბერს, ვენესუელის იმდროინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვენესუელისთვის მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი სუვერენიტეტი და რუსეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ამიტომ მადუროს რეჟიმის ცვლილება, რომელიც ჩავესის კურსის მემკვიდრეა, რუსეთის მსგავსად, მის მიერ ოკუპირებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისთვისაც მიუღებელია.

ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა მადუროს რეჟიმის წინააღმდეგია. რატომ?

ბოლო წლებში, ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში მემარჯვენე ლიდერებმა მემარცხენე პოლიტიკოსები დაამარცხეს, მაგრამ ვენესუელის კონტექსტში ეს დიდი ალბათობით, მხოლოდ დროში დამთხვევაა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვენესუელა უცხოელი მემარჯვენეების ყოველგვარი დახმარების გარეშე თავად მიაბიჯებდა ამ კრიზისკენ. მეტიც, ვენესუელის პოლიტიკა უფრო აისახება მეზობელ ქვეყნებზე და აიძულებს მათ ხელისუფლების ცვლილების მხარდაჭერას. კერძოდ, ადამიანთა დიდი ნაკადები, რომლებიც ვენესუელიდან შიმშილს და ცხოვრების მძიმე პირობებს გაურბიან, ცდლობენ თავი შეაფარონ ბრაზილიას, ეკვადორს და კოლუმბიას. იქ ასევე იზრდება სოციალური დაძაბულობა და პოლიტიკური უკმაყოფილება, რადგან ამ ქვეყნების საზღვრისპირა პატარა ქალაქები ვერ უმკლავდებიან სასოწარკვეთილი, ღარიბი ადამიანების ასეთ ნაკადებს, რომლებსაც რამე უნდა მოუხერხონ, მაგრამ რა - არავინ იცის.

აშშ რა დოზით მონაწილეობს პროცესში?

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა ნიკოლას მადუროს და მიანიშნა, რომ ვენესუელის მოვლენები ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებულია. სინამდვილეში, აშშ-ის უშუალო მონაწილეობაზე ლაპარაკი რთულია. მაგრამ ის, თუ რამდენად სწრაფად აღიარეს ხუან გუაიდო ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად აშშ-მა და „ლიმის ჯგუფის“ წევრებმა (სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის 12 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმაში ვენესუელის კრიზისის გადასაჭრელად შეიქმნა) იმაზე მიუთითებს, რომ ოპოზიციამ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა. ის ძალიან დიდხანს ეძებდა მეტნაკლებად უმტკივნეულო გზებს მადუროს ხელისუფლების შესაცვლელად, შესაბამისად, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გარკვეული მოლაპარაკები გაიმართა. მათი აზრით, ლაპარაკია არა გავლენაზე, არამედ კოორდინირებულ ქმედებებზე და დიდი ალბათობით, ეს ინიციატივა შიგნიდან გაჩნდა და არა გარედან.

მიუხედავად ამისა, რუსეთმა და ჩინეთმა ვაშინგტონს მოუწოდეს, რომ ვენესუელაში სამხედრო ჩარევისგან თავი შეიკავოს, რაც ამ ქვეყნებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების დემონსტრირება უფროა, რადგან ვენესუელელი ოპოზიციონერები ქვეყანაში უცხოური ძალების შეყვანის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. მათ მკაფიოდ სურთ, რომ ხელისუფლების გადაცემა დიპლომატიური გზებით მოხდეს. ოპოზიციას გარედან მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ არა ხისტი ფორმით. მათ სხვა ქვეყნის ჯარის დახმარება ალბათ მხოლოდ ექსტრაორდინარულ სიტუაციაში შეიძლება მოითხოვონ.

ამ ფონზე რუსეთი, რომელიც ვენესუელის კონფლიქტში ჩარევის წინააღმდეგ ვაშინგტონს აფრთხილებდა, სავარაუდოდ, თავად გეგმავს მადუროს სამხედროებით მომარაგებას. Reuters-ის ცნობით, ვენესუელაში პრეზიდენტ მადუროს დასაცავად გაემგზავრნენ დაქირავებული კერძო სამხედროები, რომლებიც რუსეთისთვის საიდუმლო მისიებში მონაწილეობენ.

რუსეთს რა ინტერესები აქვს?

რუსეთის ინტერესები ვენესუელაში მრავალგვარია: ეს არის ნავთობი, იარაღთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, კრედიტები, რომელიც მოსკოვმა ვენესუელის მთავრობას გამოუყო. ერთი მხრივ, ამ ყველაფერს შეიძლება საფრთხე შეექმნას, თუ იქ ხელისუფლება შეიცვლება. მეორე მხრივ, თუ კონტრაქტი გაფორმებულია, ცალმხრივად მისი გაწყვეტა ძალიან რთულია.

ამასთან, ვენესუელა რუსეთს პოტენციურ შესაძლებლობებს უხსნის ლათინურ ამერიკაში. თუმცა ის უფრო პოლიტიკური პროექტია, ამიტომ მადუროს დამარცხება მოსკოვისთვის იმიჯის თვალსაზრისით იქნება მტკივნეული, რადგან ანალიტიკოსების თქმით, სინამდვილეში ვენესუელასთან თანამშრომლობით რუსეთს დიდი სარგებელი არ აქვს: გაცილებით მეტს გასცემს, ვიდრე იღებს; ქვეყნები ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულია და ეს მანძილი რუსეთისთვის ვენესუელის ამბებში ჩარევას უპერსპექტივოს ხდის. ანალიტიკოსების აზრით, მოსკოვს კარაკასის მოვლენებში აქტიური მონაწილეობისთვის სერიოზული პოლიტიკური ნება სჭირდება.

ვენესუელის ოპოზიციას მკაფიო გეგმა აქვს?

ოპოზიციის ერთადერთი დეკლარირებული ამოცანა დემოკრატიის აღდგენაა. მათი თქმით, „იქნება დემოკრატია - იქნება ინვესტიციები და ვიცხოვრებთ ძველებურად“. ამასთანავე, ვენესუელის ოპოზიციის კლასიფიკაცია საკმაოდ რთულია, რადგან ოპოზიცია ამ ქვეყანაში არის ძალიან დიდი და ფართო კოალიცია, რომელიც აერთიანებს ყველას, ვინც მადუროს წინააღმდეგია. მათ შორის ბევრი პროამერიკელი პოლიტიკოსია. ისინი ემხრობიან აშშ-სთან დაახლოებას, საბაზრო მექანიზმების დანერგვას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ანუ ყველაფერს, რაც დღევანდელ ვენესუელაში არ არის და ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას აყენებს.

სხვა თემები