რა ხდება ჩვენს თავში როდესაც ვინმე გვიყვარდება?
ფოტო: shutterstock.com
ადამიანი სიყვარულს გამუდმებით ეძებს და ამ გრძნობის შესანარჩუნებლად ხშირად მსხვერპლზეც მიდის. აქ თითქოს ერთი ნაბიჯია ექსტაზიდან სასოწარკვეთამდე. საინტერესოა, რა ხდება ჩვენს თავში, როდესაც ვინმე გვიყვარდება - ამის გარკვევას ბრიტანული The Guardian-ი შეეცადა.
რა აჩვენა შეყვარებულებზე ჩატარებულმა კვლევამ?
ამერიკელი მეცნიერები იმ მიჯაჭვულობას, რომელიც სიყვარულს ახლავს, უწოდებენ „ვიღაცას, ვინც ჩვენს თავშია ჩასახლებული“. ნიუ-იორკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მკვლევრებმა ნოვატორული ექსპერიმენტის ფარგლებში 37 ყურებამდე შეყვარებული ადამიანი მაგნიტორეზონანსულ სკანერში მოათავსეს. კვლევამ აჩვენა, რომ სიყვარული ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც მდიდარია ნივთიერება დოპამინით და ის, თავის მხრივ, ტვინის „გაბედნიერებას“ უწყობს ხელს. სწორედ ტვინის ეს ბირთვია პასუხისმგებელი ადამიანის სურვილებზე, მოტივაციაზე, კონცენტრაციასა და ვნებებზე. საინტერესოა, რომ სწორედ აქ წარმოიქმნება ეიფორიული განწყობა, რომელიც ადამიანს კოკაინის მიღების შედეგად ეუფლება.
სიყვარულის ადრეული ეტაპისთვის დამახასიათებელი ემოციური აღგზნებადობა (შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს სტრესიც იყოს) ორგანიზმში კორტიზოლის, იმავე სტრესის ჰორმონის დონეს ზრდის. ეს კი გულისცემის გახშირებას, მუცელში „პეპლების“ შეგრძნებასა და ხელისგულების არასასურველ სისველეს იწვევს. ამ თამაშში თავის როლს სხვა ქიმიური ნივთიერებებიც ასრულებენ. ეს არის ოქსიტოცინი, რომელიც მიჯაჭვულობის შეგრძნებას ზრდის და ვასოპრესინი, რომელიც ნდობასთან, ემპათიასა და სექსუალურ მონოგამიასთან არის დაკავშირებული.
ესე იგი, ეს გონების სრული დაბინდვაა და გული არაფერ შუაშია?
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინი და გული ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სიახლე არავისთვის არის ის, რომ როდესაც ადამიანი თავისი სიყვარულის ობიექტს ხედავს, გულისცემა უხშირდება. მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აქამდე დამკვიდრებული მოსაზრებები თავდაყირა დააყენეს და განაცხადეს, რომ გულის უკუკავშირი ტვინთან ასევე ახდენს გავლენას იმაზე, თუ რას გრძნობს ადამიანი.
ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კარდიოვასკულარულ აღგზნებადობას, რაც გულის დიდი დატვირთვით მუშაობას გულისხმობს, შიშისა და განგაშის შეგრძნების გაძლიერება შეუძლია. ამ ექსპერიმენტში ადამიანებს სთხოვდნენ დაეთვალიერებინათ ნეიტრალური და საშიში ფოტოები, ამ დროს კი მათ გულისცემას სპეციალისტები აკვირდებოდნენ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ექსპერიმენტის მონაწილეები საშიშ გამოსახულებებზე უფრო სწრაფად რეაგირებდნენ, მათი გული იკუმშებოდა და სისხლის მიმოქცევაც უფრო ინტენსიური იყო. ნეიტრალური ფოტოების შემთხვევაში კი - გული სიმშვიდეს ინარჩუნებდა. კვლევის ავტორთა ვარაუდით, სისხლძარღვების ელექტრონული სიგნალები, რომლებიც გულის ირგვლივ წარმოიქნება, ტვინში ბრუნდება, ემოციურად მუშავდება და მოქმედებს იმაზე, თუ რამდენად ინტენსიურად ფიქრობს ადამიანი თავის შეგრძნებებზე.
არის თუ არა სიყვარული სიგიჟე?
შექსპირი წერდა, რომ სიყვარული სიგიჟეა, მაგრამ მეცნიერებმა მხოლოდ ახლახან წარმოადგინეს იმის ახსნა, თუ რატომ შეუძლია სიყვარულს უჩვეულო ქცევის პროვოცირება.
პიზის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანების ტვინი და სისხლი შედარებით ნაკლებ სეროტონინს შეიცავს. მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ასეთი დისბალანსის მიზეზი შეიძლება რომანტიკული გატაცება იყოს. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს, ერთი მხრივ, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე პირებმა და მეორე მხრივ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში აქტიური სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ექსპერიმენტის წინაპირობად მითითებული იყო, რომ შეყვარებულთა კატეგორიის წარმომადგენლებს პარტნიორთან სქესობრივი კავშირი არ უნდა ჰქონოდათ და დღეში, სულ ცოტა, 4 საათი მათი პირადი ურთიერთობის განხილვას დაეთმობოდა. ორივე ჯგუფში სეროტონინის დონე იყო ძალიან დაბალი და ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ „ფაქტობრივად, სიყვარული იწვევს იმ მდგომარეობას, რომელიც არ არის ნორმალური“.
მეცნიერთა მეორე ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც შეყვარებული ადამიანები თავინთ პარტნიორზე ფიქრობენ, მათი ტვინის ის ნაწილი, რომელიც რაციონალიზმსა და ანალიტიკურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი, საგრძნობლად დაბალი აქტივობით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ჩატარებული კვლევის თნახმად, ტვინის ის ნაწილი, რომელიც სიყვარულს არეგულირებს, ჰომო და ჰეტეროსექსუალებს განსხვავებული არ აქვთ.
ღალატს რა განსაზღვრავს?
სადაც სიყვარულია, იქ ზოგჯერ ღალატიცაა და არცთუ ისე იშვიათად. ჩიკაგოს უნივერსიტეტის საერთო ეროვნული კვლევის მიხედვით, კაცები უფრო მიდრეკილები არიან ღალატისკენ, ვიდრე ქალები. მამრობითი სქესის წარმომადგენელთა 20% და ქალების 13% აცხადებს, რომ ქორწინების დროს პარალელური ურთიერთობა ჰქონდა. საინტერესო სტატისტიკაა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვითაც. 80 წელს გადაცილებული კაცების 24% ამბობს, რომ პარტნიორს უღალატა; ამავე ასაკობრივ კატეგორიაში ეს მაჩვენებელი ქალებში მხოლოდ 6%-ია.
ბოლო დროს ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მეცნიერები აცხადებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ღალატი გენეტიკურია. ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, რომლის დროსაც თითქმის 7400 ფინელი ტყუპი გამოიკვლიეს, დედმამიშვილებში აღმოაჩინეს ვასოპრესინის გენი, რაც მათ ღალატისკენ უბიძგებდა. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა სხვა კვლევამ კი ცხადყო, რომ დოპამინის გენების გარკვეული სახეობები ღალატისკენ არის მიდრეკილი და მეტიც, სისტემატური ღალატისკენ.


