06 მარტი 2019 - 19:27

რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების?

შეთქმულების თეორია

ფოტო: shutterstock.com

შეთქმულების თეორია, იგივე კონსპირაციული თეორია, ჰიპოთეზების ერთობლიობაა, რომელიც ამა თუ მნიშვნელოვან მოვლენას ადამიანთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულების შედეგად წარმოაჩენს. ამ თეორიის მიხედვით, მიმდინარე პროცესებს „კულისებიდან“ სწორედ ეს „ძლევამოსილი ადამიანები“ მართავენ. 

შეთქმულების თეორიები როდის გაჩნდა?

შეთქმულების თეორია იმ სახით, როგორითაც დღეს ვიცნობთ, მე-18 საუკუნეში გაჩნდა, როდესაც საკრალური რელიგიური ცოდნა რაციონალურმა, სამეცნიერო ცოდნამ ჩაანაცვლა. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ შეთქმულების თეორიებს არ უნდა მივუდგეთ, როგორც პარანოიდულ ცოდნას. ასეთი თეორიები მოიცავს მოსაზრებას არა მხოლოდ მოვლენის, არამედ სამყაროს, საზოგადოების და სახელმწიფოს მოწყობის შესახებაც, ამიტომ ისინი უნდა აღვიქვათ, როგორც მხოლოდ მოსაზრება, რომელიც მსოფლიოში რაღაც მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ გვამცნობს. შეიძლება ითქვას, რომ შეთქმულების თეორია - ფსევდომეცნიერული ცოდნაა.

შეთქმულების თეორიების ბევრ ადამიანს სჯერა?

ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ ყოველ მეორე ადამიანს, სულ ცოტა, ერთი შეთქმულების თეორიის მაინც სჯერა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები სხვა თეორიებსაც წარმატებით იჯერებენ.

ერთი მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ The Beatles-ის ყოფილი წევრი პოლ მაკარტნი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და მომღერლის ნაცვლად სცენაზე მისი ორეული გამოდის. მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომელთა თეორიებიც ნაკლებად უწყინარია. მაგალითად, სკეპტიკოსთა ამ ჯგუფს გლობალური დათბობის არ სჯერა. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ მეცნიერები ამ მხრივ არსებულ მძიმე სტატისტიკას, კვლევითი გრანტების მოსაპოვებლად აყალბებენ.

რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების?

თანამედროვე საზოგადოებაში უზარმაზარი ინსტიტუციების - სახელმწიფოების ან სპეცსამსახურების ქმედებები - გაუმჭვირვალეა. ადამიანებს უჭირთ იმის გაგება, თუ როგორ მუშაობენ ისინი. ამიტომ, როდესაც რაღაც ტრაგიკული ან მასშტაბური ხდება, ბევრი ცდილობს ამ მოვლენას მარტივი ახსნა მოუძებნოს. პრინციპში, შეთქმულების თეორია არის კიდეც დრამატული მოვლენების მარტივი ახსნა. ეს შეიძლება იყოს ადამიანების რეაქცია იმაზე, რომ საზოგადოებაში ძალაუფლება არაპროპორციულად არის განაწილებული. ასეთ დროს ისინი თავის განწყობას შეთქმულების თეორიის სახით გამოხატავენ და მას სხვადასხვა „მტკიცებულებით“ ამყარებენ.

ყველაზე გავრცელებული კონსპირაციული თეორიების ათეულში შედის შეხედულება იმის შესახებ, რომ არსებობს საიდუმლო ჯგუფი, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარე მთავარ მოვლენებს აკონტროლებს.

კონსპირაციული თეორიების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციაზეა ის აზრიც, რომ აშშ-სა და ევროპაში მუსლიმთა მიგრაციის მიზეზი ქრისტიანი მოსახლეობის არაევროპული წარმომავლობის ადამიანებით ჩანაცვლებაა. ამ თეორიას ბევრი პოლიტიკოსი და ბლოგერი უჭერს მხარს. თუმცა, როგორც მეცნიერები განმარტავენ, ნებისმიერი კონსპირაციული თეორიის დაჯერება ან არდაჯერება ადამიანების პოლიტიკურ შეხედულებებზეა დამოკიდებული.

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ შეთქმულების თეორიას არ აქვს არც ეროვნება, არც სოციალური კლასი, არც სქესი და არც ასაკი. ბრიტანელ მკვლევართა ჯგუფმა ცხრა ქვეყნის 11 500 მოქალაქე გამოკითხა და დაასკვნა, რომ ამ მხრივ ყველაზე სკეპტიკური ქვეყანაა შვედეთი. გამოკითხული შვედების 48%-ს შეთქმულების არცერთი თეორიის არ სჯერა, აშშ-ში ეს მაჩვენებელი - 36%-ა, ბრიტანეთში კი 40%.

ფსიქოლოგები კონსპიროლოგიისადმი მიდრეკილებას რით ხსნიან?

ფსიქოლოგები ერთ-ერთ ფაქტორად ადამიანის ნარცისიზმსაც ასახელებენ, რომელსაც ჰგონია, რომ აქვს წვდომა „დაკარგულ“ ინფორმაციაზე ან მსოფლიო მოვლენების ალტერნატიული შეფასების განსაკუთრებული უნარი აქვს. ასეთ ადამიანს სჯერა, რომ ის თავად არის ექსპერტი და ისეთ ინფორმაციას ფლობს, რომელიც მეცნიერებისთვისაც კი მიუწვდომელია.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ხშირად ადამიანი მიმდინარე პროცესს ვერ აკონტროლებს, მას ეშინია ან გრძნობს, რომ უსუსურია. შეთქმულების თეორია მას ერთგვარად „ეხმარება“. ადამიანებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ ცოცხალ სამყაროში მასობრივი ძალადობის ფაქტი შეიძლება შეთხვევით მოხდეს, მათთვის ხელსაყრელია იმის დაჯერება, რომ ამ მოვლენების უკან „ძლევამოსილი პერსონები” დგანან და პასუხისმგებლობასაც „მათ“ აკისრებენ.

„საბოლოო ჯამში, ადამიანებს სურთ კომფორტულად ყოფნა, თუნდაც არ იყვნენ მართლები“, - ასკვნიან ფსიქოლოგები.

სხვა თემები