17 მარტი 2019 - 10:22

ქერტლი მაქვს. როგორ ვიმკურნალო?

ქერტლი

ფოტო: shutterstock.com

ქერტლი არის პრობლემა, რომელიც ადამიანების 50%-ს ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც ჰქონია. თავის ქავილი, თეთრი ან მოყვითალო ნაწილაკები თმაში თუ მხრებზე ფიზიკურთან ერთად ემოციურ დისკომფორტს ქმნის.

ქერტლი ჰიგიენის ნორმების დაუცველობის შედეგად ჩნდება?

არა, ეს მითია. თუმცა თუ ადამიანი თავს რეგულარულად არ იბანს და მას ქერტლი მაინც აქვს, პრობლემა, შესაძლოა, უფრო თვალშისაცემი გახდეს. ქერტლის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის სებორეული დერმატიტი. ქერტლი კანის ანთებითი დაავადების ამ ფორმის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი და გავრცელებული სახეობაა. ამ დროს ადამიანის თავის კანი წითლდება და ქავილი იწყება. უფრო რთულ შემთხვევაში კი ქერტლი მსხვილ ფანტელებად ყალიბდება, მთელ სხეულზე ქავილი იწყება და კანის ზედაპირზე ქერქოვანი სიმაგრეები ჩნდება.

არსებობს ქერქის წარმოშობის სხვა მიზეზებიც. ეს შეიძლება იყოს თმის საღებავზე ალერგიული რეაქცია, კონტაქტური დერმატიტი და კანის ისეთი დაავადებები, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი. ქერტლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს კანის სიმშრალეც. ასეთ შემთხვევაში კანი მშრალია არა მარტო თავზე, არამედ ხელებსა და ფეხებზეც.

სებორეული დერმატიტი რისგან ჩნდება?

ამაზე ზუსტი პასუხი უცნობია. მიჩნეულია, რომ სებორეული დერმატიტი Malassezia-ს ტიპის სოკოებისადმი ადამიანის იმუნური სისტემის მაღალი მგრძნობელობით არის გამოწვეული. ეს მიკროორგანიზმები ადამიანთა უმრავლესობის კანზეა. მათ განსაკუთრებით იზიდავს ისეთი ადგილები, როგორიცაა თავის თმით დაფარული ნაწილი, სახე, მკერდი და ზურგი. ამასთანავე, სებორეული დერმატიტის სიმპტომები სტრესის გამო ან წლის ცივ პერიოდში შესაძლოა გამძაფრდეს.

ქერტლი მაქვს. როგორ მოვიქცე?

ეს დამოკიდებულია ქერტლის გამომწვევ მიზეზზე. სებორეული დერმატიტი ზრდასრულებში ძირითადად ქრონიკული დაავადებაა. იმისათვის რომ მისი სიმპტომები ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს, აუცილებელია სტაბილური მკურნალობა. სებორეული დერმატიტის მსუბუქი ფორმის დროს ქერტლთან გამკლავებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი სამკურნალო შამპუნები, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა. ამ კატეგორიას მიეკუთვნება სელენის სულფიდის, თუთიის პირიტიონისა და კეტოკონაზოლის შემცველი პროდუქცია.

ამ შამპუნებს რაც უფრო ხშირად ვიხმარ, მით უკეთესია?

როგორც წესი, შამპუნს ყოველ დღე ან კვირაში 2-3-ჯერ ხმარობენ. შამპუნის თმაში შეზელვის შემდეგ, აუცილებელია რამდენიმე წუთს მოიცადოთ და მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიბანოთ. გაითვალისწინეთ, რომ სამკურნალო შამპუნის ეფექტიანობა მხოლოდ 4-5 კვირის შემდეგ არის შესამჩნევი.

შამპუნები წარწერით „ქერტლის საწინააღმდეგო“ ეფექტიანია?

ეფექტიანია თუ არა ქერტლის საწინააღმდეგოდ ასეთი შამპუნები, დანამდვილებით უცნობია. თუმცა თუ პრობლემა ახალი წარმოქმნილია, შესაძლებელია მკურნალობის მსუბუქი შამპუნით დაწყება. ის დაგეხმარებათ თავის კანის გასუფთავებაში და ქერტლის ფანტელების წარმოქმნას შეუშლის ხელს. ეს კი თავის მხრივ სოკოს გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს აღმოფხვრის.

ქერტლის სამკურნალოდ ძმარი ეფექტიანი არ არის?

ჩატარებული კვლევების შედეგად ძმრის ან გულყვითელას ნაყენის ეფექტიანობა ქერტლის წინააღმდეგ, არ დადასტურდა. თუმცა მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი პატარა ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ჩაის ხის ზეთს ქერტლის შემცირება შეუძლია. მაგრამ ამავე კვლევის ავტორების განმარტებით, ამ ფაქტის დადასტურებისთვის, უფრო მასშტაბური კვლევის ჩატარებაა საჭირო.

როგორ უნდა მივხვდე, რომ დროა ექიმს მივმართო?

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ სამკურნალო შამპუნის მოხმარების შემდეგ 4 კვირაზე მეტი გავიდა, თქვენ კი შედეგს მაინც ვერ ამჩნევთ ან თუ კანი შეწითლებულია და ძალიან გექავებათ. ექიმის კონსულტაცია დაგჭირდებათ, თუ იმუნური სისტემა შესუსტებული გაქვთ დაავადების (მაგალითად, შიდსის) ან წამლების მიღების შედეგად (ქიმიოთერაპია).

სხვა თემები