21 მარტი 2019 - 23:47

მსოფლიოში ყოველ მეოთხე ადამიანს ტუბერკულოზის ფარული ფორმა აქვს. როგორ დავიცვა მისგან თავი?

ტუბერკულოზი

ფოტო: shutterstock.com

ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება. მას იწვევს ის მიკრობაქტერიები, რომლებსაც მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში შეუძლიათ ცხოვრება. ეს დაავადება ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს, თუმცა შეიძლება ის სხვა ორგანოებსაც „მიწვდეს“. იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა დაზიანდეს ხერხემალი, თირკმელი ან ტვინი.

შეიძლება თუ არა ჯანმრთელი ადამიანი ტუბერკულოზის მატარებელი იყოს?

ამ დაავადების ფარული ფორმა, შესაძლოა, ბევრს ჰქონდეს, მაგრამ ის გარშემომყოფთათვის საშიში არ იყოს. ზოგიერთი ადამიანის იმუნური სისტემა ინფექციას სრულად უმკლავდება და ყველაფერი ამით მთავრდება. სხვას შეიძლება უცებ დაეწყოს ტუბერკულოზის აქტიური ფორმა, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება. თუმცა უმრავლესობას ამ დაავადების ლატენტური ვერსია უვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არც თვითონ არის ავად და ტუბერკულოზს არც სხვას გადასდებს. თუმცა მსგავსი კატეგორიისთვის მიკრობაქტერიებთან ხელახალი შემხებლობა, შესაძლოა, საშიში იყოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტუბერკულოზის ფარული ფორმა ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს. 2017 წელს ტუბერკულოზით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 10 მილიონი ადამიანი დაავადდა, აქედან 1.6 ამ დაავადებით გარდაიცვალა. 

საქართველოში კი 2017 წელს ტუბერკულოზის 2 927 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით კლების ტენდენციას ასახავს.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს?

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინა მეცნიერებმა დღემდე ვერ გამოიგონეს. თუმცა მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ მიმართულებით შედეგი უახლოეს მომავალში იქნება. დღესდღეობით კი არსებობს მხოლოდ ვაქცინა „ბეცეჟე“ (Bacillus Calmette–Guérin), რომელიც 1920-იანი წლებიდან  გამოიყენება. მას ახალდაბადებულ ბავშვებს უკეთებენ, რათა ტუბერკულოზის მძიმე ფორმებისგან დაიცვან. რაც შეეხება ტუბერკულოზის მედიკამენტოზურ მკურნალობას, ის ძირითადად ანტიბიოტიკებით მიმდინარეობს. როგორც წესი, ავადმყოფობა ამ პრეპარატებს ექვემდებარება, მაგრამ ამავდროულად ბაქტერიები ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობას გამოიმუშავებს, რაც მკურნალობას არაეფექტიანს ხდის.

ტუბერკულოზით გარდაცვალების ფაქტების 95%-ი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ფიქსირდება. The Lancet Global Health-ის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მთელ მსოფლიოში ტუბერკულოზით სიკვდილის შემთხვევების ნახევარზე მეტის თავიდან აცილება შეიძლება ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებითა და პირველად სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მედიკამენტებისადმი მგრძნობელობის დაქვეითება ხშირია იქ, სადაც სკრინინგის პროგრამა ცუდად მუშაობს, ადამიანებისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის და პაციენტები წამლებს სპეციალისტების ზედამხედველობის გარეშე იღებენ.

ტუბერკულოზი იკურნება?

უმრავლეს შემთხვევაში, კი. ჩვეულებისამებრ, ტუბერკულოზის მკურნალობა პირველი რიგის პრეპარატებით (იზონიაზიდი, ეტამბუტოლი, პირაზინამიდი) მიმდინარეობს. ცალკეული კურსი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ბაქტერია წამალს არ ექვემდებარება. მკურნალობა, როგორც წესი, ექვს თვეს გრძელდება, მაგრამ ორი-სამი კვირის შემდეგ პაციენტი მიკრობაქტერიების აქტიურ გავრცელებას წყვეტს.

მაშინ რატომ კვდებიან ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები?

ძირითადად, მკურნალობის კურსის არ ჩატარების გამო. ტუბერკულოზის აქტიური ფორმის დროს მიკრობაქტერიები ფილტვებს აზიანებენ. ამ დროს თუ დაავადებულს მკურნალობის კურსი არ უტარდება, შემთხვევების 80%-ი სიკვდილით სრულდება. ამიტომაც ნახევარზე მეტ შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ პაციენტები ექიმს არ მიმართავენ. დააბადებულთა სიკვდილიანობა დაბალი ხარისხისა და შეზღუდული სამედიცინო დახმარებითაც არის გამოწვეული.

შეიძლება ქუჩაში ტუბერკულოზი გადამედოს?

არა. ტუბერკულოზი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებაა. ბაქტერიები ხვდებიან ჰაერში, როდესაც დაავადებული ახველებს ან საუბრობს. ამიტომაც ის, ვინც ახლომახლო იმყოფება, ბაქტერიას ჩაისუნთქავს. ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად ვრცელდება სწორედ იმ ადამიანებში, რომლებიც დაავადებულთან დახურულ სივრცეში დიდ დროს ატარებენ. იქნება ეს სახლი, ბარი თუ საავადმყოფო. ქუჩა კი ნაკლებად სახიფათოა, რადგან ექიმები ტუბერკულოზის ბაქტერიებს ღია სივრცეში ნაკლებად სარისკოდ მიიჩნევენ.

და შეხებით?

არც შეხებით. ტუბერკულოზი ხელის ჩამორთმევით ან კოცნით არ გადადის. თქვენ შეგიძლიათ ამ დაავადების მქონე ნაცნობს მშვიდად ათხოვოთ წიგნი ან მისი ჯოისტიკი მოიხმაროთ. არც ის არის კატასტროფა, თუ თქვენ და ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი შემთხვევით წყალს ერთი და იმავე ჭიქიდან დალევთ.

ტუბერკულოზი იმუნური დეფიციტის ფონზე ვითარდება?

არამხოლოდ, არის სხვა ფაქტორებიც. ტუბერკულოზის რისკის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად არასაკმარისი კვება ითვლება. ეს კავშირი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ რკინისა და D ვიტამინის ნაკლებობა, როგორც ჩანს, რიკს ზრდის.

ტუბერკულოზის რისკი უფრო მაღალია მათთვის, ვინც ეწევა სიგარეტს და დღეში 40 გრამზე მეტ ალკოჰოლს იღებს. მაღალი რისკის ჯგუფში შედიან იმუნური დეფიციტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. ასეთია დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა. ტუბერკულოზით დაავადების რისკი 9-16-ჯერ მეტია იმ ადამიანებში, რომლებიც აივ ინფექციის მატარებლები არიან.

როგორ დავიცვა ოჯახის წევრები, თუ მე ტუბერკულოზის აქტიური ფორმა მაქვს?

დაიძინეთ ცალკე, ხშირად მოწმინდეთ იატაკი და სისტემატურად გაანიავეთ ოთახი. თუ თქვენ დაავადდით, ყველა იმ ადამიანმა, ვინც თქვენთან ერთად დახურულ სივრცეში დროს ხშირად ატარებდა, ტუბერკულოზზე გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს.

ტუბერკულოზის ძირითადი ნიშანი სისხლიანი ნახველია?

დიახ, მაგრამ არის სხვა სიმპტომებიც. სკრინინგის პირველი ეტაპი სწორედ ამ სიმპტომების გამოვლენას ითვალისწინებს. ეს არის უმიზეზო ხველა, რომელიც 3 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, წონაში უმიზეზო კლება, ციებ-ცხელება (38 გრადუსს ზემოთ ტემპერატურა), ღამით ოფლიანობა და სისხლიანი ნახველი.

თუ მანტუ დადებითია, ესე იგი ავად ვარ?

არა. მანტუს სინჯი ტუბერკულოზის ლატენტური ფორმის სკრინინგის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი არ არის, მაგრამ მისი დახმარებით დაავადების განვითარების რისკის ერთგვარი შეფასება შესაძლებელია. მანტუს მეშვეობით ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. სკრინინგისთვის მანტუზე ბევრად ეფექტიანი მეთოდია სისხლის სპეციალური ანალიზი.

როგორ გამოვავლინოთ ტუბერკულოზი ადრეულ ეტაპზე?

დააკვირდით სიმპტომებს და დროულად მიმართეთ ექიმს.

სხვა თემები