ტრამპს 2020 წლამდე ვეღარ გადააყენებენ. რა შეცვალა მიულერის გამოძიების შედეგებმა?

დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა წარადგინა მოკლე ანგარიში სპეცპროკურორის, რობერტ მულერის გამოძიების შესახებ, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას სწავლობდა, რასაც, როგორც ფაქტს, დიდი ხანია არავინ აყენებს ეჭქვეშ აშშ-ში, მათ შორის, თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპიც კი. თუმცა, გამომძებლებმა ვერ იპოვეს იმის მტკიცებულებები, რომ ტრამპი ან მისი თანაშემწეები არჩევნებში გამარჯვების მიზნით, რუსეთს გაურიგდნენ. მათ ვერ დაასკვნეს საბოლოოდ, შეეცადა თუ არა ტრამპი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას, როდესაც გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან მოხსნა.
რა მოხდა?
აშშ-ის გენერლურმა პროკურორმა უილიამ ბარმა 24 მარტს კონგრესს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეაჯამა სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების შედეგები ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.
გამოძიება აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის მაისში დაიწყო იმ მიზნით, რომ დაედასტურებინა ან უარეყო ინფორმაცია რუსეთის მიერ დონალდ ტრამპის შესაძლო მხარდაჭერაზე. ოფიციალურად გამოძიება დაიწყო FBI-ის დირექტორის, ჯეიმს კომის მოულოდნელი მოხსნიდან ერთ კვირაში. კომმა პირველმა დაიწყო ტრამპის რუსეთის ფედერაციასთან კავშირების შესწავლა.
რობერტ მიულერის ჯგუფმა თითქმის ორ წელს იმუშავა, შემაჯამებელი დასკვნა 445-გვერდიანია, ბარმა მასზე წვდომა 22 მარტს მიიღო და ორ დღეში ოთხგვერდიანი მოკლე შეფასება მოამზადა. გენერალური პროკურორი ამტკიცებს, რომ საბოლოო ჯამში გამომძიებლებმა ვერ იპოვეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ტრამპი ან მისი საარჩევნო კამპანიის რომელიმე ორიგანიზატორი საიდუმლოდ გაურიგდნენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს, რათა გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე.
ამავდროულად, მთლიანობაში რუსეთის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში სპეცპროკურორ მიულერს და მის თანაშემწეებს დადასტურებულ ფაქტად მიაჩნიათ. ბარის სიტყვების თანახმად, გამოძიების დროს დადგინდა, რომ ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე შეტევა ორი მიმართულებით ხორციელდებოდა. ერთი ეს იყო ის, რომ „საზოგადოებაში შუღლის ჩამოგდებას“ ცდილობდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით, რასაც თითქოს აკეთებდნენ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული სტრუქტურები, და მეორე - წარმატებულად ახორციელებდნენ ჰაკერულ თავდასხმებს დემოკრატიული პარტიის და ჰილარი კლინტონის შტაბის სერვერებზე და ამ გზით მოპოვებული მასალების ნაწილს აქვეყნდებდნენ. ბარი აღნიშნავს, რომ მონაცემების მოპარვა, რაც რუსული სპეცსამსახურების დავალებით ხდებოდა, სისხლის სამართლის საქმეების საფუძვლად იქცა, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში გამოძიებამ ვერ შეძლო ამ ადამიანების კავშირის დადასტურება ტრამპის გარემოცვის წევრებთან.
ტრამპი უდანაშაულო აღმოჩნდა?
ნაკლებად კატეგორიულია გენერალური პროკურორი აშშ-ის პრეზიდენტის მეორე მთავარი ბრალის შეფასებისას - მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, როდესაც FBI-ის დირექტორს, ჯეიმს კომის თანამდებობიდან ხსნიდა. ბარის თქმით, სპეცპროკურორი ვერ მივიდა ერთიან აზრამდე იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა ამგვარი სამართლებრივი შეფასება მიეცა ტრამპის რაიმე ქმედებისთვის. შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „არ შეიძლება იმის მტკიება, რომ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მისი გამართლებაც არ შეიძლება“.
ბარი წერს, რომ საბოლოო შეფასების პრეროგატივა მიულერმა გენერალურ პროკურორს დაუტოვა. ბარმა და მისმა მოადგილე როდ როზენშტაინმა „კონსულტაციები გამართეს იუსტიციის სამინისტროს ჩინოსნებთან და იხელმძღვანელეს რა ფედერალური სარჩელების წარდგენის პრინციპებით“ ვერ იპოვეს ტრამპისთვის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში ოფიციალური ბრალის წაყენების საფუძველი. ამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას, ბარი აღნიშნავს, რომ ანგარიშში არ არის საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ტრამპს ჰქონდა ბოროტი განზრახვა გავლენა მოეხდინა რაიმე უკვე დაწყებულ ან დასაწყებ სასამართლო განხილვაზე.
და ბოლოს ბარი წერს, რომ გამოძიების შედეგების თანახმად, ტრამპს არანაირ ბრალს არ წაუყენებენ, ხოლო იმ ადამიანთა სახელები, რომლებმაც ამ გამოძიების პროცესში ეჭვები გააჩინეს, არ გამოქვეყნდება, რათა მათი რეპუტაცია არ დაზიანდეს.
ტრამპს რა რეაქცია ჰქონდა?
დონალდ ტრამპმა ბარის წერილს „ტვიტით“ უპასუხა, რომელშიც მას „სრული გამართლება“ უწოდა. თავის მხრივ, პრეზიდენტის შვილმა გაზეთ The Guardian-სთვის გაგზავნილ წერილში, განაცხადა, რომ „ყველა ჯანსაღმა ადამიანმა მთელი ამ ხნის განმავლობაში იცოდა, რომ არანაირი შეთქმულება არ იყო“. თუმცა დარწმუნებულია, რომ ნაცვლად ბოდიშის მოხდისა ქვეყნის დესტაბილიზაციის და 2016 წლის არჩევნების დელეგიტიმაციის გამო, მედიის წარმომადგენლები და დემოკრატიული პარტიის წევრები, რომლებმაც შეთქმულების შესახებ დაიჯერეს, მხოლოდ გააორმაგებენ ძალისხმევას, რათა კვლავ თავს მოახვიონ საზოგადოებას თავისი ავადმყოფური კონსპიროლოგიური თეორიები.
კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯერი ნადლერმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ბარს მოსმენებზე დაიბარებს. მისი აზრით, მიულერის გამოძიება ტრამპს არ ამართლებს, ხოლო გენერალური პროკურორის დასკვნების ზედმეტად ნაჩქარევია იმისთვის, რომ საკმარისად კომპეტენტურად ჩაითვალოს. ნადლერს გამოძიების სრული ტექსტის გამოქვეყნება პირველად არ მოუთხოვია - ამას მანამდე ერთხმად დაუჭირა მხარი წარმომადგენლობითმა პალატამ. ამასთან, სრული ტექსტის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გენერალურ პროკურორს შეუძლია, თუ რა თქმა უნდა ეს სასამართლომ არ მოითხოვა.
The Guardian წერს, რომ გენერალურ პროკურორად დანიშვნამდე ერთი წლით ადრე, ბარმა იუსტიციის სამინისტროში პირადი შეტყობინება გაგზავნა, რომელშიც მკაცრად აკრიტიკებდა უწყებას ტრამპის მხრიდან მართლმსაჯულებისთვის შესაძლო ხელის შეშლის გამოძიებას. ბარი ფიქრობდა, რომ სპეცპროკურორი მიულერი თავის კომპეტენციის ფარგლებს გაცდა, როდესაც კომის მოხსნის შესახებ პრეზიდენტს ჩვენება ჩამოართვა. კონგრესში დემოკრატების ლიდერებმა ჩარლზ შუმერმა და ნენსი პელოსიმ განაცხადეს, რომ ბარი არ არის ნეიტრალური ფიგურა, რომელსაც ანგარიშის ობიექტურად შეფასება შეუძლია. გარდა ამისა, ბარმა გენპროკურორის თანამდებობაზე ჯეფ სეშნსი შეცვალა, რომელის ტრამპის ერთ-ერთ ახლო მოკავშირედ მიიჩნეოდა, მაგრამ უარი თქვა მიულერის გამოძიებაში ჩარევაზე, რითაც პრეზიდენტი უკიდურესად გაანაწყენა და საბოლოო ჯამში ის მოხსნეს კიდეც.
ჯერ კიდევ მიულერის გამოძიების დასრულებამდე, ბევრი ამერიკული მედიასაშუალება ტრამპის (ან, ყველაზე ცოტა, მისი გარემოცვის ადამიანების) რუსეთთან კავშირს დადასტურებულ ფაქტად მიიჩნევდა. ასე მაგალითად, 22 მარტს, იმ დღეს როდესაც ბარმა გამოძიებაზე წვდომა მიიღო, გაზეთმა The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ჩვენ მიულერის ანგარიშის წაკითხვა არ გვჭირდება“, რომელშიც კაროლინ ფრედრიქსონი ამტკიცებს, რომ მანამდე აღძრული სისხლის სამართლის საქმეები საკმარისია იმისთვის, რომ ტრამპის გამარჯვებაში „რუსული კვალის“ არსებობაზე ეჭვი.
რა შეიცვლება ამით ამერიკულ პოლიტიკაში?
ტრამპის იმპიჩმენტის ალბათობა მკვეთრად შემცირდა
ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერმა ნენსი პელოსიმ, რომელიც ბოლო თვეებში დონალდ ტრამპის მთავარი საჯარო ოპონენტია, განაცხადა, რომ იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს. მაშინ მიულერის გამოძიების ანგარიში ჯერ მზად არ იყო, მაგრამ უკვე ვრცელდებოდა ხმები, რომ მთავარი დასკვნები არ იქნებოდა ისეთი სენსაციური, როგორსაც პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები იმედოვნებდნენ. პელოსიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურამ შეიძლება ქვეყანა გახლიჩოს, ამიტომ ამის გაკეთება არ ღირს, თუ რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგები არ იქნება შოკისმომგვრელი და ორივე პარტიისთვის დამაჯერებელი.
„ახლა უკვე ბოლომდე ცხადი გახდა, რომ ტრამპის პოლიტიკური ბედი 2020 წლის არჩევნებზე გადაწყდება და არა მანამდე“, - წერს გამოცემა The Hill-ი.
ტრამპმა შეიძინა მძლავრი პროპაგანდისტული იარაღი
ცხადია, რომ ტრამპს გაუჩნდა პროპაგანდისტული იარაღი, რომელსაც ის დიდი ალბათობით აქტიურად გამოიყენებს 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში. ის მიულერის გამოძიებას გამოიყენებს როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ მას მატყუარების და ცილისმწამებლები აკრიტიკებენ. პრეზიდენტის მომხრეებმა უკვე გმოაქვეყნეს ვიდეო რეფრენით „მტკიცებულებები არ არის“ და ცნობილი დემოკრატი პოლიტიკოსების გამონათქვამებით, რომლებიც მანამდე ტრამპს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ.
დემოკრატებმა სწრაფად უნდა მოიფიქრონ ტრამპთან ბრძოლის ახალი გზა
ახლა საინტერესოა, თავად დემოკრატები როგორ გამოვლენ მათთვის უხერხული მდგომარეობიდან. პირველი ვარიანტია - ამტკიცონ, რომ გენპროკურორ ბარის წერილი არ ასახავს სრულად მიულერის მუშაობის შედეგებს, და თუ ტრამპის რუსეთთან კავშირი ვერ დამტკიცდა, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით - სერიოზული კითხვებია. და მოსთხოვონ ბარს გამოძიების შინაარსის სრულად გამოქვეყნება. თუ პროკურორი ამას გააკეთებს და იქ არაფერი შოკიმომგვრელი არ აღმოჩნდება, ეს ტრამპის მოწინააღმდეგეებს კიდევ უფრო სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
მეორე გზა - პრეზიდენტის და მისი გარემოცვის მიმართ არსებულ სხვა გამოძიებებზე გათვლაა. მათი უმრავლესობა საარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა ფინანსურ დარღვევებს ეხება. მაგრამ ამ ტაქტიკის მინუსი ის არის, რომ თითოეული გამოძიება შეიძლება თვეების და წლების განმალობაშიც შეიძლება გაგრძელდეს, შესაბამისად, 2020 წლის არჩევნებისთვის შედეგი შეიძლება არც დადგეს.
მესამე ვარიანტია - უიღბლო გამოძიების დავიწყება და ტრადიციულ პოლიტიკურ ბრძოლაზე კონცენტრირება. სწორედ ამისკენ მოუწოდებს ტრამპის მოწინააღმდეგე ზოგიერთი კომენტატორი. მათი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ ლაპარაკობს არა მისი დაუდასტურებელი კავშირები მოსკოვთან, არამედ მისი პოლიტიკა: რომ ეკონომიკური სიტუაცია უარესდება და საერთაშორისო არენაზე სერიოზული წარმატებებისთვის არ მიუღწევია. მაგრამ ეს ტრადიციული პარტიათაშორისი ბრძოლაც აუცილებლად ვერ უზრუნველყოფს დემოკრატების გამარჯვებას 2020 წელს.
ვინ დამარცხდა მიულერის გამოძიების შედეგებით?
კონსერვატიული გამოცემის National Review-ის მთავარმა რედაქტორმა მიულერის გამოძიების შედეგად სამი მთავარი დამარცხებული დაასახელა - „მედია, მედია, მედია“, - თქვა მან.
ანალოგიურად ფიქრობს ზოგიერთი ლიბერალური ჟურნალისტიც. გამოცემა The Intercept-ის მთავარმა რედაქტორმა გლენ გრინვალდმა კოლეგებს მოუწოდა სერიოზულად გააანალიზონ საკუთარი სამუშაო და აღარ დაიჩივლონ, როდესაც ამერიკელები ყალბ „ახალ ამბებზე“ ილაპარაკებენ ან მედიას საზოგადოების ყველაზე ტოქსიკურ და დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებენ.
ჟურნალ Rolling Stone-ის ვეტერანი ჟურნალისტი მეტ ტაიბი მედიის წარმომადგენლებს იმისთვის საყვედურობს, რომ მათ ტრამპი „რუსეთის ჯაუშად“ გამოაცხადეს მანამ, სანამ ამას ვინმე დაამტკიცებდა. მას მოჰყავს უამრავი სტატია ყველაზე მსხვილი ამერიკული გამოცემებიდან, სადაც ავტორები ამას ამტკიცებდნენ როგორც დადასტურებულ ფაქტს, რითაც ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიის მიმართ ნდობა შეარყიეს.
ტაიბის ბოლო დროს გამოქვყნებული სოციოლოგიური კვლევა მოჰყავს, რომლის მონაწილეთა თითქმის ნახევარი მიულერის გამოძიებას ჟურნალისტების და ოპოზიციის მიერ ინიცირებულ „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს. იმავდროულად, რესპონდენტების ნახევარი დარწმუნებული იყო, რომ ტრამპი რუსეთს გაურიგდა - ცხადია ეს აზრი მედიის პუბლიკაციებმა ჩამოაყალიბა. ახლა ბევრი სავარაუდოდ იფიქრებს, რომ ისინი შეგნებულად მოატყუეს.