30 მარტი 2019 - 02:00

რა უნდა იცოდეთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. მთავარი

უკრაინის არჩევნები

კიევი, უკრაინა. 2014 წელი

ფოტო: Shutterstock

31 მარტს უკრაინა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. თუმცა თუ ხმების 50%-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, 21 აპრილს ქვეყანაში მეორე ტური ჩატარდება. საინტერესოა, ვის შეუძლია საარჩევნო მარათონში მონაწილეობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატი?

ვის შეუძლია იყოს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი?

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ იმართება და რეგულირდება ქვეყნის კონსტიტუციის 103-ე მუხლით, ასევე კანონით „უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ“.

ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა რომ წარადგინოს, ადამიანი უნდა იყოს 35 წლის ან უფროსი ასაკის, ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება და რა თქმა უნდა, უკრაინის მოქალაქეობა; არჩევნების დანიშვნამდე სულ ცოტა 10 წელი უნდა ცხოვრობდეს უკრაინაში და იცოდეს სახელმწიფო ენა ანუ უკრაინული.

ყველა კანდიდატმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2.5 მილიონი გრივნის ოდენობის „საარჩევნო დეპოზიტი“  (დაახლოებით 84 000 ევრო) უნდა შეიტანოს. სწორედ ეს მოთხოვნა ზღუდავს არსებითად ქვეყნის მმართველის თანამდებობის პოტენციურ პრეტენდენტთა რაოდენობას. ცენტრალური საარჩევნო კომისია თანხას მხოლოდ იმ ადამიანებს უბრუნებს, ვინც არჩევნების მეორე ტურს გაივლის.

უკრაინის პრეზიდენტს ამ თანამდებობის დაკავება ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეუძლია. კანდიდატს შეუძლია არჩევნებზე დამოუკიდებლად წარდგეს ან მონაწილეობა მიიღოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის სახელით.

თითოეულმა კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარადგინოს არჩევნების წინა წლის შემოსავლების დეკლარაცია. საარჩევნო კამპანიის ხანგრძლივობა 90 დღეა.

ვინ მონაწილეობს 2019 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში?

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების  კანდიდატთა რეგისტრაცია 8 თებერვალს დასრულდა და ამ დღისთვის ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 44 პრეტენდენტი იყო დარეგისტრირებული. 7 მარტამდე კანდიდატებს შეეძლოთ საარჩევნო მარათონში მონაწილეობაზე უარის თქმა და ამ უფლებით 5-მა ისარგებლა. შესაბამისად, უკრაინის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 39 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან 35 კაცია და 4 ქალი.

საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ, შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ, გაერთიანების „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე იური ბოიკომ, „სამოქალაქო ოპოზიციის“ ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ, რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ და სხვებმა.

უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების სურვილი სულ 91-მა ადამიანმა გამოთქვა, 47-ს - რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო მარათონში ჩართვის უფლება არ მისცა, იყვნენ უკრაინის კომუნისტური პარტიის ლიდერი პეტრე სიმონენკო და რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული, აწ უკვე უკრაინის უმაღლესი რადას წევრი ნადეჟდა სავჩენკო.

რა თანხა იხარჯება არჩევნებზე?

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 იანვარს დაამტკიცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 2 354 მილიონ გრივნაზე მეტი (დაახლოებით 79 მილიონი ევრო) დაიხარჯება. ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის მუშაობისთვის 223 მილიონ გრივნაზე მეტია გამოყოფილი, რაც დაახლოებით 7.5 მილიონ ევროს შეადგენს. თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის ხარჯთაღრიცხვა კი 282 მილიონ გრივნას აღემატება (9.4 მილიონი ევრო).

როგორ წარიმართება ხმის მიცემის პროცესი?

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბითა და საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო ოლქებში. ხმის მიცემა დაიწყება დილის 08:00 საათზე და საღამოს 20:00 საათზე დასრულდება.

უკრაინის მოქალაქეები, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი არის საზღვარგარეთ ან არჩევნების დღეს უცხოეთში იქნებიან, ხმის მიცემა საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე შეუძლიათ. ამისათვის აუცილებელია პირი ირიცხებოდეს საარჩევნო სიაში და არჩევნების დღეს პირადად გამოცხადდეს უბანზე უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

როგორ უნდა მისცენ ხმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა?

უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის ოქტომბრისთვის დონეცკისა და ლუგანის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ანექსირებული ყირიმიდან 1.5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაჟორიტარი დეპუტატების გარკვეული ნაწილის არჩევაში მიიღონ მონაწილეობა, რადგან ეს ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ხდება. თუმცა იძულებით გადადგილებული პირები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს პროცედურა გაამარტივა. იძულებით გადაადგილებული პირები  არ არიან ვალდებულნი რეგისტრაციის ადგილზე არყოფნის მიზეზები განმარტონ. საკმარისია მათ მხოლოდ წარადგინონ პასპორტი, რომელშიც იურიდიულ მისამართად უკრაინის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორია, ყირიმი ან დონბასი იქნება მითითებული.

ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი?

ბოლო კვლევების თანახმად, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში პირველი ტურით არ დასრულდება. მეორე ტურში გასვლას კი იულია ტიმოშენკოს და ვლადიმერ ზელენსკის უწინასწარმეტყველბენ. კომიკოსი მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი, თითქმის ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვის ლიდერია.

რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ის რეიტინგით იულია ტიმოშენკოსაც ჩამორჩება და რეიტინგებში მესამე პოზიციაზეა. უკრაინელების რეალური არჩევანის პირველი შედეგები 31 მარტს, გვიან ღამით გახდება ცნობილი.

სხვა თემები